როგორ გავუმკლავდეთ ყალბ ამბებს, ანუ რატომ გვჭირდება ფაქტჩეკინგი
ფაქტჩენგიგი, ანუ ინფორმაციის სიზუსტის, მათ შორის პოლიტიკოსების განცხადებებისა და დაპირებების გადამოწმება, 21-ე საუკუნის ჟურნალისტიკის ტრენდია. ფაქტჩეკინგი ბევრ ქვეყანაში მუშაობს და საზოგადოებას ეხმარება სიცრუის, ყალბი ამბების და პოპულიზმის სიმართლისგან გარჩევაში. Coda Story-მ სხვადასხვა ქვეყნის ფაქტჩეკერების შესახებ ამბები შეაგროვა – იმაზე, თუ როგორ მუშაობენ ისინი და რა პრობლემებს აწყდებიან თავიანთ ქვეყნებში.
აშშ-ს პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა, 1981 წელს ერთ-ერთ საჯარო განცხადებაში თქვა, რომ ხეები ოთხჯერ მეტ ჰაერის დაბინძურებას იწვევს, ვიდრე მანქანები. ამან ხალხში დაცინვის ტალღა გამოიწვია, მეცნიერებმა კი მისი სიტყვები შეამოწმეს და უარყვეს.
ფაქტჩეკინგი სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო. 2000-იანი წლების დასაწყისში შეერთებულ შტატებში რამდენიმე ფაქტჩეკ-პროექტი ამუშავდა – PolitiFact, Factcheck.org და ფაქტჩეკინგი The Washington Post– ში. მოგვიანებით, პოლიტიკოსების განცხადებების და ფაქტების გადამოწმების ტენდენცია მთელ მსოფლიოში გავრცელდა. მაგრამ ფაქტჩეკინგმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა 2016 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების დროს.
აშშ-ში, პოინტერის სახელობის მედიის კვლევის ინსტიტუტში ფაქტჩეკერების საერთაშორისო ქსელი (IFCN) შეიქმნა, რომელიც აერთიანებს ჟურნალისტებს მთელი მსოფლიოდან – იტალიიდან და ბრაზილიიდან დაწყებული ზიმბაბვესა და ავსტრალიით დამთავრებული. Reporter’s Lab- ის თანახმად, ფაქტჩეკინგის პლატფორმები 150 ქვეყანაში მოქმედებს.
მაგრამ არა ავტორიტარული რეჟიმების მქონე ქვეყნებში. რუსეთში, იგივე Reporter’s Lab- ის თანახმად, ასეთი პლატფორმა არ არსებობს. ისევე, როგორც ჩრდილოეთ კორეაში. ჩინეთში არსებობს ერთი პროექტი, რომელიც ჯანდაცვის შესახებ დეზინფორმაციას ეძღვნება, თუმცა პოლიტიკის თემა ქვეყანაში ტაბუდადებულია.
The Bellingcat
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროექტი The Bellingcat გახდა, რომელიც ბრიტანელმა ჟურნალისტმა ელიოტ ჰიგინსმა დააფუძნა, მან საქმიანობა 2014 წელს რუსული მხარის ყალბი ამბების გამოვლენით დაიწყო, აღმოსავლეთ უკრაინაში მალაიზიური Boeing- ის ჩამოგდების შემდეგ.
The Bellingcat-ის მიერ გამოძიებული ფაქტების უმეტესობა რუსეთს ეხება. ჰიგინსი ამბობს, რომ ეს მიზანმიმართულად არ მომხდარა – ყალბი ამბები ხომ სწორედ რუსეთის სახელმწიფოს საკომუნიკაციო სტრატეგიის ნაწილი გახდა.
საქართველო: ბრალდებები პარტიებთან კავშირში
FactCheck.ge — ფაქტჩეკის ერთადერთი პროექტია საქართველოში. ის 2013 წელს ანალიტიკური ცენტრის GRASS- ის მიერ დაფუძნდა. მისი მთავარი მიზანი სახელმწიფოს პასუხისმგებლობის დონის ამაღლება და ქვეყანაში უფრო გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი პოლიტიკური კლიმატის შექმნაა. FactCheck.ge- ს გუნდში არიან ექსპერტები ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, მედიცინის, განათლების სფეროში.
მარიამ წიწიკაშვილი, პროექტის მენეჯერი:
“რუსულმა პროპაგანდამ მიზანში ამოიღო პოსტსაბჭოთა ქვეყნები, რომლებიც ორიენტირებულია დასავლეთისკენ. საქართველო პროკრემლისეული მედიისთვის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი თემაა.
პანდემიის დროს, ახალი ტენდენცია შევამჩნიეთ პრორუსულ მედიაში. თუ ადრე, მათი თქმით, დასავლეთში ყველაფერი ცუდი იყო Brexit– ის ან მიგრანტების გამო, ახლა მათ დაიწყეს ყველა არსებული პრობლემის კორონავირუსისთვის გადაბრალება: ისინი ამბობენ, დააკვირდით ევროპაში კოლაფსს, გადახედეთ ციფრებს იტალიაში. ისინი ცდილობენ შექმნან ისეთი შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ ”სწორი” ქვეყნები – რუსეთი ან ჩინეთი – დაგვეხმარებიან პანდემიას გავუმკლავდეთ.
ზოგიერთ რეგიონში, აზერბაიჯანული და სომხური უმცირესობების წარმომადგენლები დღის წესრიგიდან ამოვარდნილები არიან, რადგან ხელისუფლება მხოლოდ ქართულ ენაზე საუბრობს. მათ არ აქვთ სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ დაუჯერონ რუსულენოვან არხებს, სადაც თავიდან ზოგადად უარყოფდნენ ვირუსის არსებობას, შემდეგ კი მომავალ ვაქცინაზე მხოლოდ იმ კონტექსტში დაიწყეს საუბარი, რომ ის სიცოცხლისთვის საშიშია. ამის გამო, ადამიანებმა უარი თქვეს Covid-19- ზე ტესტირებაზე, რის შედეგადაც, მთელი სოფლები მთლიანად იქნა იზოლირებული და იქ გრძელვადიანი კარანტინი შემოიღეს.
ჩვენ ხშირად გვაკრიტიკებენ და ცდილობენ რომელიმე პარტიასთან კავშირში გვამხილონ. როდესაც დამოუკიდებელ პროექტს ახორციელებ, ამ ეტაპზე არსებულ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებულის იარლიყს გაწეპებენ. მაგრამ მე მჯერა, რომ ყველა ადამიანს, ვინც ცდილობს ეს დაგვაბრალოს, სინამდვილეში ესმის, რომ ჩვენ სიმართლის გულისთვის ვმუშაობთ”.
თურქეთი: რა შეიძლება გააკეთო, როდესაც მოსახლეობის 57 პროცენტი ახალ ამბებს გაურბის
პროექტი 2016 წელს დაიწყო. Teyit ერთადერთი დამოუკიდებელი პლატფორმაა თურქეთში, რომელიც სოციალური ქსელებისა და სახელმწიფო მედიის ფაქტჩეკინგით არის დაკავებული.
გულინ ჩავუში, Teyit– ის მთავარი რედაქტორი:
“ჩვენი უმთავრესი მიღწევაა ის, რომ 2019 წლის ოქტომბრიდან, ჩვენს ვიდეოფაქტჩეკებს სტამბოლის საზოგადოებრივ ტრანსპორტში აჩვენებენ. ჩვენ ყოველდღე 4 მილიონი ნახვა გვაქვს. 2020 წლის დასაწყისიდან, Teyit– ის კონტენტი ქალაქის 8 ათასზე მეტ ეკრანზე გადის.
ჩვენი თანამშრომლობა ერთ-ერთ მთავარ თურქულ ტელევიზიასთან, Habertürk TV– სთან, დაიწყო ფეიკის უარყოფით იმის შესახებ, რომ გენების გამო თურქებს ვირუსი არ ემუქრებათ. ახლა ყოველდღე ჩვენ ვუზიარებთ მათ სამ ვიდეოს პანდემიასთან დაკავშირებული ახალი ყალბი ამბების შესახებ და ვაძლევთ რჩევებს, როგორ უნდა ამოიცნონ ყალბი ინფორმაცია WhatsApp- ის ჯგუფებში.
სხვა რაღაცეებთან ერთად, ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება ფეისბუქთან – ვამოწმებთ პუბლიკაციებს და გამოგვაქვს ვერდიქტები თურქეთთან დაკავშირებულ მონაცემებზე.
თურქეთში მოსახლეობის 57 პროცენტი თავს არიდებს ახალ ამბებს. ჩვენ გვინდა შევცვალოთ ეს – შევქმნათ ახალი მედია, დავეხმაროთ ახალბედებს ჟურნალისტიკაში და ფაქტების შემოწმებაში – და შევქმნათ ჟურნალისტთა ახალი თაობა”.
უკრაინა: პოლიტიკოსები ხშირად იტყუებიან
VoxCheck არის პროექტის VoxUkraine ნაწილი, დამოუკიდებელი ანალიტიკური პლატფორმა, რომელიც შეიქმნა 2015 წლის პროტესტების შემდეგ. VoxCheck– ს საკუთარი სატელევიზიო პროგრამა აქვს, ხოლო პანდემიის დროს Voxcheck– მა წამოიწყო პროექტი “ფეიკებზე მონადირე” – ოთხწუთიანი ვიდეოების სერია კორონავირუსზე ყალბი ამბების შესახებ.
მაქსიმ სკუბენკო, პროექტ VoxCheck-ის ხელმძღვანელი:
”ჩვენ გვქონდა ბლოგი ეკონომიკის შესახებ, რადგან ქვეყანაში საბოლოოდ ყველა პრობლემა და პოლიტიკური პროცესი მას უკავშირდება. ამ პროცესში მივედით დასკვნამდე, რომ ბლოგი არასაკმარისია. გარდა ამისა, უკრაინელ პოლიტიკოსებს ტყუილი, მანიპულირება და პოპულისტური განცხადებების კეთება ძალიან უყვართ.
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა ტელევიზიებთან და რადიოსადგურებთან თანამშრომლობა. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ვთანამშრომლობთ ფეისბუქთან, სადაც ჩვენი ფაქტჩეკერები ყალბი ამბების შემოწმებით, ინფორმაციული წიგნიერების პოპულარიზაციით არიან დაკავებული და სპამერებს ხელს უშლიან ფინანსური სარგებლის მიღებაში.
კიდევ ერთი, ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ნაშრომია სიცრუის რეიტინგი პოლიტიკოსთა შორის, ასევე სიცრუის ანთოლოგია, რომელიც წარმოადგენს ყალბი ამბების მონაცემთა ბაზას და მათ უარყოფას სხვადასხვა თემებზე – მედიცინიდან კორუფციამდე.
როდესაც შეგიძლია ადამიანებამდე სიმართლე ზუსტი ფაქტებით მიიტანო, ეს დრაივია. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ყველა ცდილობს რაღაცით მანიპულირებას. და თითოეული ადამიანი, ვინც ჩვენი წყალობით შეიცვალა აზრი, გამარჯვებაა. ერთი ადამიანიც კი, რომელმაც რაღაც ისწავლა, წავა და ეტყვის სხვას – და ეს შეცვლის ქვეყანას. როდესაც ადამიანები იწყებენ ფიქრს, ისინი ქვეყანას უკეთესობისკენ ცვლიან. მცირე ნაბიჯებით, მაგრამ ჩვენ ამას მივაღწევთ”.