Flydubai-ს თვითმფრინავის კატასტროფა
19 მარტს, ღამით დონის როსტოვში თვითმფრინავი Boeing 737-800 ჩამოვარდა, რომელიც ავიაკომპანია Flydubai-ს ეკუთვნოდა. ავიაკატასტროფის შედეგად 62 ადამიანი დაიღუპა.
მომხდარის მთავარ მიზეზად მაშინვე რთული მეტეოროლოგიური პირობები დასახელდა, თუმცა, ექსპერტების უმრავლესობის აზრით, ლაინერის ჩამოვარდნა მხოლოდ ცუდი ამინდით ვერ აიხსნება.
‘მედუზამ‘ ერთად მოუყარა თავი ლაინერის კატასტროფასთან დაკავშირებულ ყველა ძირითად შეკითხვას, რომლებსაც მომავალში პასუხი უნდა გაეცეს.
რატომ არ დაეშვა თვითმფრინავი სათადარიგო აეროდრომზე?
რიგითი მოქალაქესთვის ალბათ ძალიან ლოგიკური გადაწყვეტილებაა,რომ თუკი თვითმფრინავს ერთ აეროპორტში ცუდი ამინდის გამო არ იღებენ, პილოტმა სხვა აეროპორტს მიმართოს. როსტოვის შემთხვევაში, ეს კიდევ უფრო ლოგიკურად გამოიყურება,რადგან გარშემო ბევრი აეროპორტია და მათ შორის სულ რამდენიმე ათეული წუთის საფრენი მანძილია. მაგალითად, მინვოდსა და კრასნოდარში ჩასაფრენად თითო საათზე ნაკლებია საჭირო. ბოინგი კი როსტოვის თავზე დაახლოებით ორი საათის განმავლობაში დაფრინავდა.
თვითფრინავის დაფრენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ყოველთვის პილოტი იღებს. 10 წუთით ადრე, დონის როსტოვის აეროპორტში ‘ბოინგის’ დაშვების პირველ მცდელობამდე, ბილიკზე პირველივე ცდის შემდეგ დაფრინდა ავიაკომპანია ‘Уральские авиалинии’-ს კუთვნილი თვითმფრინავი Airbus A320.
‘აეროფლოტის’ ბორტმა კი, რომელიც ზუსტად მაშინ დაეშვა, როდესაც როსტოვის თავზე ‘ბოინგი’ დაფრინავდა, დაფრენის მესამე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ სათადარიგო აეროდრომს მიაშურა.
ავიაკომპანია ‘Глобус’-ის პილოტ-ინსტრუქტორმა, დენის ოკანმა, რომელიც თავადაც ბოინგ 737-ის მოდელის თვითმფრინავს მართავს, თავის ბლოგზე დაწერა, რომ პილოტებს სათადარიგო აეროდრომების გამოყენება, როგორც წესი, დიდად არ უყვართ. ‘მფრინავს ყოველთვის უნდა,რომ დანიშნულების ადგილას ჩაფრინდეს. ასე გაცილებით ნაკლებ პრობლემა ექმნებათ ამ რეისით ჩამოსულ მგზავრებსაც და მომდევნო რეისით ფრენის მსურველებსაც’, _ ამბობს ის.
ოკანი იმასაც აღნიშნავს, რომ ბოინგის პილოტის გადაწყვეტილება, არ გამოეყენებინა სათადარიგო აეროდრომი, სულაც არ უკავშირდება ეკონომიას.ოკანის თქმით, დაფრენის დროს პილოტები ამაზე არასდროს ფიქრობენ _ მათთვის მთავარია, რომ დაშვება უსაფრთხოდ დასრულდეს.
შეკითხვას, თუ რატომ გადაწყვიტა პილოტმა კიდევ ერთხელ ეცადა როსტოვის აეროდრომის დასაფრენ ბილიკზე დაშვება, შეიძლება შავი ყუთის გაშიფრვის შემდეგ გაეცეს პასუხი.
რა მოხდა უკანასკნელ წუთებში?
Flightradar-ის მონაცემების მიხედვით, 3:40:54-ზე ლაინერი 243 კმ/სთ სიჩქარით ქვემოთ დაეშვა და დედამიწის ზედაპირიდან 480 მეტრის სიმაღლეზე გაჩერდა, რის შემდეგაც სიჩქარეს მოუმატა და 3:41:37-ზე 1,2 კილომეტრის სიმაღლეზე აფრინდა. ამ მომენტში მისი სიჩქარე 343 კმ/სთ-ს უდრიდა.
სააგენტო ТАСС-ის წყაროს ცნობით, „ბოინგის“ პილოტი მესამე წრეზე აპირებდა წასვლას. ამ მომენტში რაღაც მოხდა და თვითმფრინავი ჩამოვარდა. განსაკუთრებულ შემთხვევათა სამინისტროს მიერ გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ თვითმფრინავმა დასაფრენ ბილიკს ფრთა გაჰკრა, სიმართლეს არ შეესაბამება.
‘მცირე რადიუსზე გაბნეული ნამსხვრევები,ასევე თავად ნამსხვრევების მცირე ზომა იმაზე მეტყველებს, რომ ვარდნისას თვითმფრინავის სიჩქარე ძალიან მაღალი (400 კმ/სთ-ზე მეტი) იყო. თვითმფრინავის ყველაზე გამძლე ნაწილებიც (შასის ურიკა, მაგნიუმის დისკები) კი დაიმსხვრა და ფრაგმენტებად დაიშალა’, _ განაცხადა სააგენტოს რესპოდენტმა. სისწრაფის ეს შეფასება დაახლოებით ემთხვევა Flightradar-ის მონაცემებს.
რატომ დაეცა თვითმფრინავი თითქმის ვერტიკალურად?
თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ რამდენიმე საათში კატასტროფის ერთ-ერთ ძირითად ვერსიად ცუდი ამინდი დასახელდა. მეტეოროლოგ ევგენი ტიშკოვეცის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ პილოტმა თვითმფრინავის მართვის სადავეები ძლიერი ქარის გამო დაკარგა.
‘როგორც ჩანს, ჰორიზონტალურ დინებაში მოყვა, რომელსაც ჩვეულებრივ სამუშაო პირობებში მფრინავები მარჯვნივ-მარცხნივ, ან ზევით-ქვევით მოძრაობებით უსხლტებიან ხოლმე. თუმცა, ჰორიზონტალური პოზიციიდან თვითმფრინავის დახრის კუთხე დასაშვებ ზღვარს თუ გადაცდა, ის უკვე კონსერვის ქილასავით ხდება და უმართავია. ასეთ დროს ქარი თვითმფრინავს ცხვირს ზემოთ აწევინებს და ფრთის მხრიდან ეჯახება;თვითმფრინავს ჰაერის მძლავრი ნაკადი აწდება და ის ვარდება’, _ განაცხადა ტიშკოვეცმა.
და მაინც, ლაინერის ჩამოვარდნის მიზაზის ასასხსნელად მხოლოდ მეტეოროლოგიური პირობები არ გამოდგება. ‘მეტეოროლოგიური პირობები რთული იყო,მაგრამ _ არა ზერთული. ასეთი ამინდში არ არის აუცილებელი, აეროპორტი დაიკეტოს. ასეთი ავდარი დაფრენისათვის დაბრკოლებას არ ქმნის’, _ ფეისბუკის, საკუთარ გვერდზე დაწერა პილოტმა ალექსეი გერვაშმა.
ავიაკომპანია Глобус-ის პილოტ-ინსტრუქტორი, დენის ოკანი ფიქრობს,რომ შესაძლოა თვითმფრინავი გარედან მოიყინა, რაც ეკიპაჟს შეიძლება ვერც კი შეენიშნა. რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში ეს პრობლემა ძალიან გააძნელებდა თვითმფრინავის მართვას.
როსტოვში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შემთხვევა ოკანს 2013 წელს ყაზანში (თათრეთის რესპუბლიკა) მომხდარ კატასტროფასაც აგონებს. მაშინ ავიაციის სახელმწიფოთაშორისი კომიტეტის ოფიციალური გამოძიების მონაცემებით, კატასტროფა მოხდა პილოტის მოუმზადებლობის მიზეზით _ მან დაბალი სიჩქარის პირობებში მკვეთრად მოწია საჭე თავისკენ, თუმცა ამის გაკეთება არ შეიძლებოდა.
ადამიანის უნებური სურვილი, თავისკენ მოქაჩოს თვითმფრინავის საჭე ,კარგად აქვს აღწერილი პილოტ ჯეფ ვაისს. ჯერჯერობით კი ერთმნიშვნელოვნად არც იმის მტკიცება შეიძლება, რომ ვერტიკალური დაცემის მიზეზი სწორედ ადამიანური ფაქტორი გახდა.
გამოქვეყნდა 2016 წლის 21 მარტს