აფეთქების შემდეგ ბეირუთი აჯანყდა
პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა ბეირუთში მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც სამთავრობო შენობებს იკავებენ. დემონსტრანტებმა მათ ქვებით და მოლოტოვის კოქტეილებით უპასუხეს.
შეტაკებების შედეგად, ტელეკომპანია Aljazeera- ს ცნობით, დაიღუპა ერთი პოლიციელი, დაშავდა 700-ზე მეტი ადამიანი. 20 ადამიანი დაკავებულია.
რა გახდა მიზეზი?
არეულობის მიზეზი თითქმის 3 ათასი ტონა გვარჯილას აფეთქება გახდა, რომლის შედეგადაც მთლიანად განადგურდა ბეირუთის ნავსადგური, დაინგრა ქალაქის შენობების მესამედი, დაიღუპა 130-ზე მეტი ადამიანი, ასობით დაშავდა ან დაკარგულად ითვლება, ათეულობით ათასმა საკუთარი სახლი დაკარგა.
• ბეირუთი ნახევრად განადგურებულია პორტში მომხდარი აფეთქების გამო. ფოტო და ვიდეო
• რუსეთში, მასშტაბურ აქციაზე, ჟურნალისტები და აქტივისტები დააპატიმრეს
• ფეისბუკ-ტროლები და ყალბი მედია-გვერდები. როგორ ებრძვის საქართველოს ხელისუფლება მომიტინგეებს
საშიში გვარჯილა ბეირუთის ნავსადგურში 7 წლის წინ აღმოჩნდა, როდესაც ის ჩამოართვეს გემს, რომელიც ბათუმიდან მოზამბიკში მიდიოდა. კონფისკაციის მიზეზი გემთმფლობელის დავალიანება იყო.
ლიბანის და ბეირუთის ხელისუფლებამ არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება ნავსადგურში გვარჯილას შენახვასთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ, მაგრამ გაფრთხილებები ყურად არავინ იღო.
აფეთქების პოლიტიკური შედეგები
მომხდარის შემდეგ, დაახლოებით 7 ათასი ადამიანი ბეირუთის ქუჩებში გამოვიდა.
მომიტინგეები ტრაგედიაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ, რომლის უპასუხისმგებლობამ, არაკომპეტენტურობამ და კორუფციამ აფეთქება გამოიწვია.
ამ დრომდე 16 მოხელეა დაკავებული, რომლებიც მომხდართან კავშირში ეჭვმიტანილები არიან.
მომიტინგეებმა დაიკავეს საგარეო და ეკონომიკური განვითარების სამინისტროების შენობები.
მოგვიანებით, ლიბანის არმიამ მომიტინგეების ჯგუფი საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობიდან განდევნა.
პოლიცია და ჯარი ცრემლსადენ გაზს და რეზინის ტყვიებს იყენებს.
არსებობს დაუდასტურებელი ცნობები საბრძოლო იარაღის გამოყენების შესახებ.
პროტესტი დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა
ლიბანი დიდი ხანია პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისშია.
ქვეყანას იმართება პოლიტიკური კვოტების სისტემით ძირითადი ეთნიკური ჯგუფებისთვის – ქრისტიანები, სუნიტი მუსლიმები, შიიტი მუსლიმები და დრუზები. ამ ჯგუფების წარმომადგენლები ქვეყანას რიგრიგობით მართავენ. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ისინი იძულებულნი არიან დაიცვან მათი ინტერესები, ვინც ისინი წამოაყენა – საერთო ინტერესების საზიანოდ.
შედეგი სახელმწიფოს მართვის სისტემის კოლაფსი და ღრმა ეკონომიკური კრიზისია.
დამატებითი გარემოებები
დამატებითი ფაქტორი გახდა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ვიზიტი ბეირუთში. საფრანგეთი ისტორიულად განსაკუთრებულ როლს ასრულებდა ლიბანისთვის, რომელიც მისი კოლონია იყო.
მაკრონმა ქვეყნის ხელისუფლებაში ცვლილებების აუცილებლობის შესახებ განაცხადა, საერთაშორისო დახმარების სპეციალურ პროგრამის დაწყების პირობა დადო და აფეთქების საერთაშორისო გამოძიება მოითხოვა.
ბეირუთში მომიტინგეების ერთ-ერთი ლოზუნგი იყო “გაუმარჯოს საფრანგეთს!”
სიტუაცია ლიბანში შეიძლება მალე კიდევ უფრო დაიძაბოს. ქვეყანა ლიბანის პრემიერ-მინისტრის რაფიკ ჰარირის მკვლელობის საქმეზე საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ განაჩენის გამოტანას ელოდება. ამ დანაშაულში პროირანული სამხედრო ჯგუფის – “ჰეზბოლას” 4 აქტივისტია ბრალდებული.
ლიბანისთვის, სადაც ქრისტიანები და მუსლიმები ერთად ცხოვრობენ, ეს შეიძლება არასტაბილურობის დამატებითი ფაქტორი გახდეს.