ISFED: „ალტ-ინფოს“ კოორდინირებული ანტიდასავლური ოპერაცია Facebook-ზე
„სამართლიანმა არჩევნებმა” ( ISFED ) ფეისბუქზე გამოავლინა 34 გვერდი, რომელიც ულტრამემარჯვენე, რადიკალურ ჯგუფ „ალტ-ინფოსთანაა“ დაკავშირებული.
ალტ-ინფოს გვერდზე მომუშავე ადამიანები ცდილობენ, რომ თავი დაბალანსებულ, მეინსტრიმულ მედია გამოცემად წარმოადგინონ, სინამდვილეში კი ისინი ხშირად ავრცელებენ ყალბ ამბებს, რომელთა მთავარი მიზანიც პრორუსული მესიჯების გავრცელება და დასავლეთის მიმართ ნდობის შერყევაა.
როგორ მუშაობს „ალტ-ინფო“
ალტ-ინფოს ამჟამინდელი ფეისბუქგვერდი 2019 წლის ივნისშია შექმნილი. გვერდის წინა ვერსია სხვა რადიკალურ და ულტრანაციონალისტურ გვერდებთან ერთად ფეისბუქმა თავისი პლატფორმიდან 2019 წლის მაისში წაშალა. ალტ-ინფოს გვერდის ადმინისტრატორებმა ახალი ფეისბუქგვერდი მალევე შექმნეს.
ეს გვერდი გამუდმებით ესხმის თავს დასავლურ ღირებულებებს და საქართველოში მცხოვრებ ლგბტ თემს. ალტ-ინფოზე აქტიურად ზიარდება სტატიები, რომლებიც აშშ-ს და ევროკავშირის ქვეყნებს არასტაბილურ ქვეყნებად წარმოაჩენს. ჯგუფი ამ გზით ცდილობს, საქართველოს მოქალაქეების შეხედულებებსა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე გავლენა მოახდინოს.
„ალტ-ინფოს“ პროპაგანდა უმეტეს შემთხვევაში სიცრუეზე და ინფორმაციის მანიპულირებაზეა დაფუძნებული.
„ალტ-ინფო“ საკუთარი მასალების მასობრივი გავრცელებისთვის შენიღბულად მოქმედებს და ამისთვის ფეისბუქის 34 გვერდს იყენებს. აქედან 12 გვერდი ღიად, ხოლო 22 გვერდი ფარულად არის აფილირებული „ალტ-ინფოსთან.“
34 გვერდის გარდა, „ალტ-ინფო“ იყენებს 25 საჯარო ჯგუფსაც, სადაც ისინი თავიანთ სიახლეებს, ვიდეოებს და სხვა სახის მასალებს აზიარებენ. 25 საჯარო ჯგუფიდან 7 შენიღბულად ეწევა „ალტ-ინფოს“ პროპაგანდას.
„ალტ-ინფოს“ ფარულად გამავრცელებელ 22 გვერდს, ჯამში, 365 549 გამომწერი ჰყავს, ხოლო ოფიციალურად მოქმედ 12 გვერდს – 157 640.
მჭიდროდ კოორდინირებულ 7 ჯგუფში სულ 169 734 მომხმარებელია გაწევრიანებული, დანარჩენ 18 ჯგუფს კი, ჯამურად 777 679 წევრი ჰყავს.
ISFED-ის კვლევის თანახმად, „ალტ-ინფოს“ ასევე უკავშირდებიან გვერდებიც, რომლის სახელწოდებებიც გასართობი ან შემეცნებითი ხასიათისაა.
„შესწავლილ 22 გვერდზე ერთდროულად ზიარდება ყველა ვიდეო-გადაცემა, რომელიც თავდაპირველად „ალტ-ინფოს“ ოფიციალურ გვერდზე ქვეყნდება, რაც მათ კოორდინირებულობას ადასტურებს.
ამ გვერდების უმრავლესობა, „ალტ-ინფოს“ სიახლეების გარდა, სხვა პოსტებს არ აქვეყნებს. გამონაკლისია მხოლოდ 3 ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული რელიგიური შინაარსის გვერდი, რომლებიც „ალტ-ინფოს“ ვიდეოებთან ერთად, მართლმადიდებლური შინაარსის პოსტებსაც ავრცელებს. ესენია: თაობა ქრისტესთვის, ახალგაზრდული ერთობა, და პატრიოტული სულისკვეთება“, – წერია კვლევაში.
• გამოავლინა საქართველოს ხელისუფლების კავშირი ასობით ყალბ გვერდთან და ანგარიშთანდიდი Facebook-წმენდა –
• ფეისბუკმა “ქართული ოცნების” PR-კონსულტანტთან, კოკა ყანდიაშვილთან და “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული ასეულობით გვერდი და ანგარიში გააუქმა.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ აღმოაჩინა 25 ფეისბუქ ჯგუფი, რომლებშიც ერთი და იგივე ავთენტური თუ ყალბი ანგარიშები ორგანიზებულად აზიარებენ ვიდეოებს „ალტ-ინფოს“ ოფიციალური გვერდიდან. აქედან ერთი გვერდის, მემატიანე.გეს ადმინისტრატორი ალტ-ინფოს დამფუძნებელი შოთა მარტინენკოა.
ვინ დგას “ალტ-ინფოს” უკან?
შპს „ალტ-ინფო“ 2019 წლის 28 იანვარს დარეგისტრირდა და მისი დირექტორი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიხედვით, შოთა მარტინენკოა. კომპანიის 50-50%-იან წილებს შოთა მარტინენკო და ციალა მორგოშია ფლობენ. „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული კიდევ ერთი ორგანიზაცია ა(ა)იპ „ალტერნატივა საქართველოსთვის“ 2019 წლის 30 იანვარს დარეგისტრირდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ორგანიზაციის გამგეობის წევრები არიან კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო, ირაკლი ყიზილაშვილი და რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე გიორგი ქარდავა.
ISFED-ის კვლევას გამოეხმაურა “ალტ-ინფოს” და „ალტერნატივა საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი კონსტანტინე მორგოშია.
“დიდი ალბათობით ალბათ უკვე მერამდენეჯერ წაგვშლიან ფეისბუქიდან, რადგან ყველა საშუალებები და ფინანსები მათ ხელშია … მაგრამ არაუშავს ისევ ავკრიფავთ მილიონობით აუდიტორიას,” – წერს მორგოშია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.