სერბეთიდან სომხეთისთვის საქართველოს გავლით იარაღის მიწოდების შესახებ - რას ამბობენ ბაქოსა და თბილისში
სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე, ცოტა ხნის წინანდელი მკვეთრი ესკალაციის დროს, სერბეთიდან სომხეთისთვის იარაღის შესაძლო მიწოდებამ, ოფიციალური ბაქოს პროტესტი გამოიწვია. სკანდალში ჩართული აღმოჩნდა საქართველოც, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანულმა გამოცემა haqqin.az-მა განაცხადა, რომ იარაღი მისი ტერიტორიის გავლით ჩავიდა ადგილზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, მაგრამ ოპოზიციას საქართველოში კითხვები რჩება.
ინფორმაცია ბაქოდან
აზერბაიჯანის მხრიდან, ინფორმაციის ორი ვარიანტია სერბეთიდან სომხეთისთვის, საქართველოს გავლით იარაღის მიწოდების შესახებ – ოფიციალური და პოპულარული გამოცემა haqqin.az-ის მიერ გავრცელებული, რომელსაც ბევრი პროსახელისუფლებოდ მიიჩნევს.
ოფიციალური ინფორმაცია
ოფიციალურ დონეზე, აზერბაიჯანს კითხვები მხოლოდ სერბეთთან აქვს. საქართველო ნახსენები არ არის.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზში იტყობინებიან, რომ არსებობს „საიმედო და დადასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სერბეთიდან სომხეთში სხვადასხვა კალიბრის ნაღმტყორცნების ჭურვები და სხვა საბრძოლო მასალა ჩავიდა“.
სერბეთის საკითხებში უფლებამოსილმა პირმა, დანიცა ვეინოვიჩმა, რომელიც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში გასაუბრებაზე დაიბარეს, განაცხადა, რომ არ ფლობს ინფორმაციას ამ საკითხზე და ოფიციალური ბაქოს კითხვების სერბეთის ხელისუფლებისთვის გადაცემის პირობა დადო.
ამავდროულად, სერბულ გამოცემა Nova.rs-ში გაჩნდა იმის მტკიცებულება, რომ სომხეთს იარაღი მიაწოდეს, თუმცა, არა ოფიციალურ დონეზე.
„2020 წელს, სომხეთს იარაღს აწვდიდა ერთი კერძო კომპანია, სახელმწიფო კომპანიები ამაში არ მონაწილეობდნენ. არ შემიძლია ვთქვა, რომელ კომპანიაზეა საუბარი. ცნობილია, რომ ის მაისსა და ივნისში, ძირითადად, მილიონ ევროზე ნაკლები ღირებულების შაშხანებსა და პისტოლეტებს აწვდიდა“, – განუცხადა Nova.rs-ს ქვეყნის ვაჭრობის, ტურიზმისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრმა, რასიმ ლიაიჩმა (სერბული კანონმდებლობის თანახმად, ეს სამინისტრო გასცემს ნებართვას იარაღის ექსპორტზე).
ლიაიჩმა თქვა, რომ სომხეთის წინააღმდეგ არანაირი სანქცია არ არსებობს და ასეთ შემთხვევაში, ძნელია უარი უთხრა მყიდველს.
მან ასევე გაიხსენა, რომ იარაღის ექსპორტზე ნებართვა გაიცემა კიდევ ოთხი სახელმწიფო სტრუქტურის მხრიდან თანხმობის შემთხვევაში: საგარეო საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროსა და საინფორმაციო უსაფრთხოების სააგენტოს.
„მიმაჩნია, რომ არ უნდა დავუშვათ რაიმე მსგავსის განმეორება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს თავიდან ავიცილოთ“, – თქვა ლიაიჩმა.
არც ერთ ოფიციალურ განცხადებაში არც აზერბაიჯანსა და არც სერბეთში არ უხსენებიათ, რომ იარაღის მიწოდება საქართველოს ტერიტორიის გავლით განხორციელდა.
აზერბაიჯანული საინფორმაციო პორტალ haqqin.az-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია
19 ივლისს, haqqin.az-ში გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიაში ნათქვამია, რომ უშუალოდ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, 2020 წლის 12-16 ივლისს მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, სერბეთმა სომხეთში გადაგზავნა სხვადასხვა კალიბრის ნაღმტყორცნებისთვის საჭირო საბრძოლო მასალა.
სტატიის ავტორებმა განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას აქვს უტყუარი მონაცემები იარაღის სწორედ საქართველოს გავლით მიწოდების შესახებ.
მოგვიანებით, გამოცემამ მეორე სტატია გამოაქვეყნა, სადაც საუბარია კონკრეტულ ბიზნესმენებზე, რომლებიც იარაღს აწვდიან, მათ შორის, იტყობინებიან, რომ მათთან თანამშრომლობა აკრძალულია საერთაშორისო სანქციებით.
იქვე გამოქვეყნებულია სამხედრო კოლონის ფოტო, რომელსაც, თითქოს, ტექნიკა მიაქვს სომხეთში და გამოცემის მტკიცებით, ის საქართველოშია გადაღებული.
ინფორმაცია საქართველოდან
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ haqqin.az-ის ცნობებს დეზინფორმაცია უწოდა. მედიისთვის გამოქვეყნებულ პრესრელიზში საუბარია იმაზე, რომ გამოცემას „შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და ხელოვნურად ქმნის პრობლემას ორი სტრატეგიული მოკავშირე ქვეყნის ურთიერთობებში“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან უფრო დეტალური ინფორმაცია გამოითხოვა ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა.
„ვიცით, რომ რუსეთის პოლიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენს რეგიონში არასტაბილური მდგომარეობა შეინარჩუნოს. რუსეთი აწვდის იარაღს კონფლიქტის ორივე მხარეს – სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაცია შეიძლება ნიშნავდეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო უარი ეთქვა რუსეთის მოთხოვნაზე“.
სამადაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, საქართველოს არ აქვს უფლება, დაუშვას კონფლიქტის რომელიმე მხარისთვის თავისი ტერიტორიის გავლით სამხედრო ტვირთის მიწოდება.
ამ თემაზე დასმულ კითხვაზე პასუხისას, მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გია ვოლსკიმ გამორიცხა საქართველოს ტერიტორიის გავლით სამხედრო კოლონის გადაადგილება, რომელსაც დაპირისპირებული მხარეებისთვის იარაღი მიაქვს.
„საომარი მოქმედებები ჩვენი ქვეყნის საზღვართან ახლოს, საქართველოს ინტერესებში არ შედის“, – განაცხადა ვოლსკიმ და აზერბაიჯანელ და სომეხ ხალხს დამატებითი პროვოკაციების თავის არიდებისაკენ მოუწოდა.
ოპოზიციური პარტიის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, საქართველოს მხრიდან, ასევე, არასაკმარისად სერიოზულ რეაგირებად მიიჩნევს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას.
„თუკი ინფორმაცია (აზერბაიჯანული მედიის) სიმართლეა – ეს არა მხოლოდ ორი მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ, აზერბაიჯანის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ასევე, ეს არის ნაბიჯი, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს.
და თუკი ეს სიმართლე არ არის – საჭიროა სწრაფი და კონკრეტული რეაქცია აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საზოგადოების მხრიდან, რომელიც დაამტკიცებს, რომ ეს ინფორმაცია – ტყუილია“.