„მხოლოდ უარესი გააკეთეს“: სამედიცინო შეცდომები აზერბაიჯანში
COVID-19-ის პანდემიამ ნათლად აჩვენა აზერბაიჯანში ჯანდაცვის სისტემის ყველა ნაკლოვანება. საკმარისია ვთქვათ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ უარი უთხრეს ჰოსპიტალიზაციაზე.
მაგრამ აზერბაიჯანის მცხოვრებლები ადგილობრივი მედიცინით უკმაყოფილოები „უვირუსო“ პერიოდშიც იყვნენ. სამედიცინო შეცდომები და უბრალოდ დაუდევრობა, აზერბაიჯანელების მიერ უკვე ბუნებრივ რამედ აღიქმება – ყველამ, ვისთანაც ამ მასალის მომზადების პერიოდში ვისაუბრეთ, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისგან ყველაზე უარესი მოლოდინის შესახებ ილაპარაკა. კომპეტენტური ექიმის შარლატანისგან გარჩევას მოქალაქეები საკუთარ ამოცანად მიიჩნევენ და ამაში სხვა არც ერთი ინსტანციის იმედი არ აქვთ.
რა ხდება აზერბაიჯანის ჯანდაცვის სისტემაში და როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს თავდაცვა?
„არც მე და არც ჩემი ოჯახი ამ ქვეყანაში დაცული არ ვართ“
ფიდანის დედას ღვიძლის კიბო ჰქონდა. ოპერაცია გაუკეთეს, სიმსივნე ამოაჭრეს, მაგრამ ყოველ თვე-ნახევარში შემოწმებაზე უნდა ევლო, რათა რეციდივი არ დაეშვათ.
„დედა ონკოლოგიის ცენტრში დადიოდა, მოწმდებოდა, ეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი წესრიგში იყო. შემდეგ კი უცებ, პირდაპირ ლექციაზე გახდა ცუდად – მასწავლებელი იყო. კერძო კლინიკას მივმართეთ და აღმოჩნდა, რომ კიბო არა უბრალოდ დაბრუნდა, არამედ უკვე ღვიძლის 95%-ის მოცვა მოასწრო. მაგრამ ეს ხომ ერთ და ორ დღეში არ ვითარდება. ანუ, მას ყოველთვიურად ამოწმებდნენ და ვერაფერი შეამჩნიეს, რითაც სიმსივნეს გაზრდის საშუალება მისცეს“.
შემდეგ, ონკოლოგიის ცენტრში, მათთვის პრეპარატ გერცეპტინის მიყიდვას ცდილობდნენ ღვიძლის აღსადგენად, რომელიც უფასოდ უნდა გაიცემოდეს. საბოლოოდ, წამლის თურქეთში ყიდვა მოუწიათ. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, უკვე დაგვიანებული იყო – სიმსივნის მეტასტაზები ტვინში გავრცელდა და აღარაფრის გაკეთება აღარ შეიძლებოდა.
დედის სიკვდილის გადატანის შემდეგ, ფიდანმა გადაწყვიტა, რომ აღარასოდეს აღარ ანდობს თავისი და თავისი ახლობლების ჯანმრთელობას ადგილობრივ მედიცინას:
„ახლა აქტიურად ვეძებ სამსახურს, რათა აზერბაიჯანიდან წავიდე. და ყველაზე მეტად ამისკენ სწორედ იმან მიბიძგა, რაც დედაჩემს შეემთხვა. მივხვდი, რომ ამ ქვეყანაში არც მე და არც ჩემი ოჯახი დაცული არ ვართ. იმედია, პანდემია მალე დასრულდება, საზღვრები გაიხსნება და საცხოვრებლად სხვაგან გადასვლას შევძლებ“.
დანაშაული, რომელიც „არ ყოფილა“
აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსში მედიცინასთან დაკავშირებით, რამდენიმე მუხლია. „დაუდევრობის“ მუხლით, მაქსიმალური სასჯელი 5-დან 7 წლამდე პატიმრობაა, თუკი დაუდევრობამ ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.
მაგრამ ადვოკატ სამირა აგიევას თქმით, ყველაზე ხშირად ამ მუხლით საქმე არ აღიძვრება ხოლმე.
„ორმა ქალმა მომმართა, რომელთა მამაც საავადმყოფოში გარდაიცვალა, რადგან მას დროული დახმარება არ აღმოუჩინეს. თავიდან, მათთან დიდხანს არ მიდიოდა სასწრაფო დახმარება, შემდეგ, როდესაც საბოლოოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათთან უბრალოდ არავინ მიდიოდა. პოლიციის გამოძახება დასჭირდათ, რათა მასთან ექიმი მისულიყო. ამასთან, ექიმი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და არაფრის გაკეთება არ შეეძლო. ბოლოს, ისინი იძულებულები შეიქნენ, საერთოდ სხვა ექიმი გამოეძახათ სხვა კლინიკიდან, მაგრამ იმ დროისთვის უკვე დაგვიანებული იყო და ადამიანი ნაწლავის გახეთქვით გარდაიცვალა“.
ადვოკატი ამბობს, რომ მათ პროკურატურაში შეიტანეს სარჩელი და ყველა აუცილებელი მტკიცებულება წარადგინეს, მაგრამ იქ უარი თქვეს სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე, თითქოს დანაშაულის შემადგენელი ვერ ნახეს.
„და ასე ხდება პრაქტიკულად ყოველთვის. ჩემს მახსოვრობაში ჯერ არასოდეს მომხდარა, რომ ექიმის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაეწყოთ პაციენტისთვის დახმარების არგაწევის გამო. მაქსიმუმ, ისინი შეიძლება სამსახურიდან გაათავისუფლონ. უკეთესი ვითარებაა სამოქალაქო სარჩელებთან დაკავშირებით. ანუ, თუკი პაციენტი ექიმისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, მას საქმის მოგების შანსი აქვს“.
უფლებადამცველი ელდარ ზეინალოვი ამბობს, რომ ექიმებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ხანდახან მაინც ეკისრებათ, მაგრამ, როგორც წესი, მხოლოდ პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში. თუკი ასეთი რამ ხდება, ამის შესახებ, როგორც წესი, მედია იტყობინება – ისინი აცხადებენ, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ თვითონ პროცესს ჟურნალისტები არ აკონტროლებენ და საზოგადოებაც არ ინტერესდება, როგორ დასრულდა ეს ყველაფერი. საზოგადოების მხრიდან ზეწოლის გარეშე, პროცესი არაფრამდე არ მიდის და დამნაშავისთვის უფრო მარტივია თავიდან აირიდოს სასჯელი.
ასე მოხდა, მაგალითად, 2018 წლის დეკემბერში. კერძო სამედიცინო ცენტრის ქირურგს ბრალი სწორედ ამ 314-ე – დაუდევრობის – მუხლით წარუდგინეს – მას შემდეგ, რაც მის მიერ ნაოპერაციები პაციენტი გარდაიცვალა. საქმე სასამართლოს გადაეცა, მაგრამ საბოლოოდ როგორ დასრულდა ყველაფერი, აღარავის უთქვამს.
„მაგრამ, თუკი ექიმი არ ჩასვეს, ეს არ ნიშნავს, რომ ის სასჯელს გადაურჩა. თავისუფლების აღკვეთა შეიძლება იყოს პირობითი, შეიძლება ასევე გამოყენებული იყოს დამატებითი სასჯელი – საექიმო პრაქტიკის უფლების ჩამორთმევა. პლუს, რა თქმა უნდა, კანონის ასეთი სირბილე არ არის დამნაშავისათვის უფასო“, – განმარტავს ზეინალოვი.
„ბაქოში არც მე და არც ჩემი ახლობლები ხეირიანად ჯერ არაფრისგან არ მოვურჩენივართ“
10 წლის წინ, აიდას აბაზანაში ფეხი აუსრიალდა, გადმოვარდა და კაფელის იატაკზე დაეცა, ორ ადგილას მოიტეხა მარცხენა ხელი. მრავალსაათიანი ოპერაციის შემდეგ, დამტვრეული ძვლები სპეციალური საშუალებებით ერთმანეთს „მიამაგრეს“, მაგრამ ხელს ფაქტობრივად ვერ შლიდა. ექიმი მას ფიზიოთერაპიაზე სიარულს აიძულებდა.
„პროცედურა იმაში მდგომარეობდა, რომ ფიზიოთერაპევტი მიხრიდა და მიშლიდა ხელს, ასე ამუშავებდა მას. ჯოჯოხეთური ტკივილი მქონდა. ამიტომ, იქ მხოლოდ რამდენჯერმე მივედი და თავი დავანებე – ამის გაძლება უბრალოდ აღარ შემეძლო. და ამაში პატიოსნად გამოვუტყდი ჩემს ექიმს. მან განმეორებით რენტგენზე გამგზავნა და აღმოჩნდა, რომ ფიზიოთერაპევტმა ამ მოხრა-გაშლაში, ხელში კიდევ რაღაც ძვალი მომტეხა. ექიმმა თავი გადაიქნია და თქვა, ვერაფერს ვიზამთ – დაე, ეს მოტეხილობა შეხორცდეს და შეეგუე, რომ ხელს ვეღარ გაშლიო“.
აიდა ამას არ შეურიგდა და თვითმკურნალობით დაკავდა. დროთა განმავლობაში ხელმა ძველებურად დაიწყო ფუნქციონირება, მაგრამ თითქმის მუდმივი ტკივილი დარჩა, რომელიც ამინდის ცვლილებისას ძლიერდება.
„ამ ტკივილს თითქმის შევეჩვიე. სანამ, რამდენიმე წლის წინ, მივლინებით ვენაში არ წავედი და იქ ტრავმატოლოგთან არ წამიყვანეს. ის დიდხანს იყო გაკვირვებული, როგორ მოვახერხე ხელის ასე დამახინჯება, მითხრა, რომ უკვე გვიანი იყო განმეორებითი ოპერაციის გაკეთება, მაგრამ ტკივილის მოხსნა შეიძლებოდა. მან რაღაც ნემსი გამიკეთა და ტკივილმა გამიარა, სრულებით გამიარა და თითქმის ერთი წელი არ დაბრუნებულა. მას შემდეგ, ყოველწლიურად, კიდევ ორჯერ ჩავედი ვენაში და იგივე ნემსი გავიკეთე. წელს, ჩაკეტილი საზღვრების გამო წასვლა ვეღარ მოვახერხე, მაგრამ, როგორც კი საზღვრები გაიხსნება, მაშინვე ვენაში წავალ“.
თეორიულად, აიდას შეეძლო პრეპარატის დასახელების გაგება და ნემსის ბაქოში გაკეთება, მაგრამ ის უკვე დიდი ხანია არ ენდობა ადგილობრივ ექიმებს ასეთ მარტივ საკითხებშიც.
„ჩემს ხელთან დაკავშირებული ეპოპეა – ეს ხომ ერთადერთი შემთხვევა არ არის. არის კიდევ ზურგი, რომელიც უკვე მრავალი წელია მტკივა და არც ერთ ექიმს არ შეუძლია მითხრას, რატომ. გინეკოლოგიური პრობლემები მქონდა, რომლის გამოც ერთხელ „ბევრი სიარული“ მირჩიეს. ფეხებთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს დედაჩემს, რომლის წაყვანაც თავდაპირველად სტამბოლში მომიწია, შემდეგ კი იმავე ვენაში. მოკლედ, ბაქოში, არც მე და არც ჩემი ახლობლები ხეირიანად არაფრისგან არ მოვურჩენივართ. პირიქით – თავიანთი არასწორი დიაგნოზებითა და არასწორი მკურნალობით, უარესი გააკეთეს“.
აიდა დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანული მედიცინა სავალალო მდგომარეობაშია და ამას უამრავი მიზეზი აქვს – კორუფციიდან დაწყებული, აზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტში, სადაც ქვეყნის მომავალი მედიკოსები სწავლობენ, დასრულებული სუსტი სასამართლო სისტემით.
პაციენტი პისტოლეტით
თავად ექიმები ამბობენ, რომ აზერბაიჯანელი მედიკოსების არაკომპეტენტურობის მასშტაბები გაზვიადებულია და საზოგადოება მათ მიმართ გადაჭარბებულ წინასწარ განწყობებს იჩენს.
პედიატრი ემილია რაგიმოვა ათი წელი მუშაობდა უბნის ექიმად და კიდევ ოცდაათი – ბავშვთა პოლიკლინიკის განყოფილების გამგედ. და, მისი სიტყვებით, საექიმო შეცდომები თავად ექიმებსაც საკმაოდ ძვირად უჯდებათ.
„ჯერ ერთი, ჩვენ მართლა მხეცები ხომ არ ვართ, სხვების სიცოცხლე რომ შეგნებულად ჩავაგდოთ საფრთხეში, მით უმეტეს – თუ ბავშვებზეა ლაპარაკი. და მეორეც, თუ რამე ხდება, ჩვენ ტყავს გვაძრობენ – სამინისტროც და მშობლებიც. ჩემს პრაქტიკაში, ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა პოლიკლინიკაში ბავშვის გამძვინვარებული მამა მოსულა მტკიცე განზრახვით, მოეკლა ექიმი, რომელსაც რაღაც შეეშალა. ერთი პისტოლეტითაც კი მოგვივარდა“.
პედიატრის თქმით, შეცდომების უმეტესობა, რომელსაც მის სფეროში უშვებენ, დაგვიანებულ დიაგნოსტირებასთან ან აცრების გვერდით ეფექტებთანაა დაკავშირებული.
შედარებით „განზრახ“ ჩადენილი სამედიცინო შეცდომის ერთადერთ მაგალითად, ემილია რაგიმოვა ანტიბიოტიკების ბოროტად სარგებლობას ასახელებს: „მათ იმისათვის უწერენ, რომ მუშაობის შთაბეჭდილება შექმნან, მშობლები დაამშვიდონ ან ავადმყოფს ტემპერატურა დაუგდონ, რაც არ უნდა გააკეთონ – ის რამდენიმე დღის შემდეგ ისედაც დაიკლებს“.
ერთ-ერთი სახელმწიფო კლინიკის ქირურგი, რომელმაც ანონიმურობის დაცვა ისურვა, ასევე მოგვიწოდებს, ექიმებს მეტი გაგებით მოვეპყროთ და, როგორც მინიმუმ, ვინმე ერთის შეცდომის გამო ყველა არ განვსაჯოთ.
„რა თქმა უნდა, არც ერთ ექიმს არ სურს, განზრახ ავნოს პაციენტს, როგორც პაციენტებს ხშირად ჰგონიათ. შეცდომების მიზეზი შეიძლება გამოუცდელობა ან დაუდევრობა იყოს, ზოგჯერ კი შემთხვევითობა, რაშიც ექიმი დამნაშავე არაა. მაგალითად, ერთხელ მე თვითონ ვიჩქარე დიაგნოზის დასმისას. თანაც, ჩემი მეგობრის შემთხვევაში. დაეცა, მე გავსინჯე და ვთქვი, ყველაფერი წესრიგშია-მეთქი. შემდეგ კი მივხვდი, რომ ძვალი გაბზარული ჰქონდა . დღემდე ამ გაბზარულ ძვალს მსაყვედურობს“.
ექიმი ამტკიცებს, რომ, რაიმე შეცდომის შემთხვევაში, ექიმებს, როგორც წესი, იმაზე გაცილებით მეტად სტანჯავენ, ვიდრე ისინი ამას იმსახურებენ.
სახელმწიფო კლინიკებსა და საავადმყოფოებში ძალიან დაბალი ხელფასებია (სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის თანახმად, ექიმების ხელფასი, საშუალოდ, ორჯერ ნაკლებია ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასზე) და ისინი პაციენტების „მადლიერების“ იმედზე არიან. და ძალიან ხშირად, ეს „მადლიერება“ ღია გამოძალვაში გადაიზრდება ხოლმე – მაგალითად, როგორც მაშინ, როცა ადამიანს, რომელსაც თეძოს ღია მოტეხილობა ჰქონდა, მოუწია, ორი დღე ეცადა ოპერაციისთვის, სანამ ნათესავები ექიმისთვის გადასახდელ ფულს შეაგროვებდნენ.
როგორ არ ვიქცეთ მსხვერპლად
კითხვაზე, შესაძლებელია კი, როგორმე დავიზღვიოთ თავი საექიმო შეცდომებისგან, დაუდევრობისგან და ა.შ., სამირა აგაევა პასუხობს, რომ ეს, სამწუხაროდ, პრაქტიკულად შეუძლებელია. ერთადერთი, თუ კერძო კლინიკაზეა ლაპარაკი, მასთან, თეორიულად, შესაძლებელია კონტრაქტის გაფორმება, რომელშიც ასეთი შემთხვევები გაწერილი იქნება. მაგრამ აზერბაიჯანში ასეთი პრაქტიკა არაა.
იმისათვის, რომ როგორმე თავი დაიცვან, აზერბაიჯანის მცხოვრებლები ყველა ღონეს ხმარობენ, რათა არაკომპეტენტურ ექიმთან არ მოხვდნენ.
- არ მიმართავენ ექიმს ნაცნობების რეკომენდაციის გარეშე;
- ცდილობენ შეარჩიონ კერძო და არა სახელმწიფო კლინიკები – იქ უკეთესი პირობები და ხელფასებია და ნაკლებია შანსი, არაკეთილსინდისიერებას გადააწყდნენ;
- სამკურნალოდ სხვა ქვეყნებში მიემგზავრებიან.
ექიმებიც იზიარებენ ამ აზრს, რომ უმჯობესია, შეძლებისდაგვარად, კერძო და არა სახელმწიფო კლინიკებში მკურნალობა. სტომატოლოგ მურად იბრაგიმოვის სიტყვებით, საქმე დაფინანსებაშია – სახელმწიფო კლინიკის ექიმებს, ზოგჯერ, საჭირო აპარატურა და პრეპარატები არ აქვთ, ზოგჯერ იმის შესაძლებლობაც კი არ გააჩნიათ, რომ ინსტრუმენტები ყველა წესის დაცვით გაასტერილონ.
ექიმი რჩევას იძლევა, სპეციალისტის შერჩევისას ყურადღებით იყვნენ.
„იმაში აბსოლუტურად დასარწმუნებლად, რომ კარგი ექიმია, მასთან საუბარია საჭირო“, – ურჩევს მურად იბრაგიმოვი მათ, ვისაც არასწორი მკურნალობისთვის თავის არიდება სურს.
„თუ ის სწორად, გამართულად საუბრობს, სამედიცინო ტერმინებს იყენებს, მაგრამ თქვენ მაინც ყველაფერი გესმით, – ეს იმას ნიშნავს, რომ სწორი არჩევანი გააკეთეთ. თუ ექიმთან საუბრის შემდეგ თავი მასზე ჭკვიანად იგრძენით – ესე იგი, ეს ის ექიმია, ვინც გჭირდებათ“.
„მედიაქსელის“ მხარდაჭერით