რას ვსუნთქავთ?
საქართველოს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ქალაქებში პირველად გაზომა აზოტის დიოქსიდის, გოგირდის დიოქსიდის, ოზონისა და ბენზოლის დონე. ეს ის ნივთიერებებია, რომელთა რაოდენობითაც ქალაქის ჰაერის დაბინძურების ხარისხი განისაზღვრება. საქართველოში ეს კვლევა პირველად ჩატარდა.
რა გასაკვირია, რომ ყველაზე მეტად სუნთქვა თბილისელებს უჭირთ. საქართველოში დარეგისტრირებული მილიონი ავტომობილის დაახლოებით ნახევარი თბილისში მოძრაობს.
საქართველოს დედაქალაქში ჰაერი 24 ადგილას (ცენტრში და გარეუბნებში) შეამოწმეს. გარემოს სახელმწიფო სააგენტოს სპეციალისტები აღიარებენ, რომ ზოგიერთ ცენტრალურ რაიონში აზოტის დიოქსიდის საგრძნობლად მაღალი (80 მიკროგრამზე მეტი 1 კუბურ სანტიმეტრ ჰაერში) შემცველობა აღინიშნა. 41-დან 54 მიკროგრამი დაბალ მაჩვენებლადაა მიჩნეული, 107-დან 120 მიკროგრამამდე კი მაღალ ნიშნულად ითვლება.
ამიტომ გარემოს სააგენტოში ფიქრობენ, რომ თბილისში არსებული მდგომარეობა ნამდვილად არ არის საგანგაშო. აქ ჯერ კიდევ შეიძლება ცხოვრება. თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩის მცხოვრები, გიული ჩაჩავა ცდილობს, ფანჯარა არ გამოაღოს, თუკი ამის აუცილებლობა არ არის. უნდა ითქვას, რომ მავნე ნივთიერებების შედარებით მაღალი მაჩვენებელი ამ უბანშიც აღინიშნა.
‘მართლაც, ვცდილობთ, ზედმეტად არ გავაღოთ ფანჯრები. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ზაფხულში, როდესაც ცხელა და ღია ფანჯრიდან ცხელი მტვერი და გამონაბოლქვი შემოდის’, _ თქვა მან.
მიუხედავად აშკარა ეკოლოგიური პრობლემებისა, უძრავი ქონება ქალაქის ცენტრალურ უბნებში, გარეუბნებთან შედარებით, რამდენჯერმე უფრო ძვირია. არადა, გარეუბნებში ეკოლოგიის მხრივ ბევრად უკეთესი მდგომარეობაა.
ეკოლოგები ქალაქებში ჰაერის დაბინძურების მთავარ ფაქტორად მანქანების სიმრავლეს ასახელებენ. პრობლემას ართულებს ის, რომ საქართველოს ქალაქებში მოძრავი ავტომობილების უმრავლესობა ამორტიზებულია და ახალ მანქანებზე უფრო მეტად აბინძურებს გარემოს. ამასთან, ბევრი მძღოლი გარემოსათვის განსაკუთრებულად მავნებელ საწვავს იყენებს.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველომ აიღო ვალდებულება, რომ ქალაქებში ჰაერის მდგომარეობა ევროპულ სტანდარტებს შეესაბამებოდეს. ერთ-ერთი უმთავრესი ნაბიჯი, რომელიც ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის უნდა გადაიდგას, საწვავში გოგირდის შემცველობის შემცირებაა. პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის კანონი, რომელიც 1 კილოგრამში 10 და მეტი მილიგრამის ოდენობის გოგირდის შემცველი საწვავის გამოყენებას კრძალავს.
საქართველოს ბუნების დაცვის ორგანიზაციები აცხადებენ, რომ აუცილებელია, ბენზინგასამართ სადგურებში არსებული გასაყიდი ბენზინის ხარისხზე სისტემატური კონტროლი დამყარდეს. ამჟამად ბენზინის ხარისხი, ფაქტობრივად, არ კონტროლდება,ხოლო მონიტორინგის შემთხვევაში, შედეგები არ საჯაროვდება.