უკვე ყველა სტუდენტი თანასწორია
არცთუ დიდი ხნის წინ აზერბაიჯანულმა მედიამ სტუდენტებს სტიპენდიის მატების შესახებ ახარა. თუმცა, მოგვიანებით გარკვა, რომ სტიპენდია არ გაზრდილა _ ხელისუფლებამ, უბრალოდ, აკადემიური მოსწრების შესაბამისი სტიპენდიის თანხის განმსაზღვრელ წესებს გადახედა. ბაკალავრის სტიპენდია 50, 80, ან 95 მანათს შეადგენს, და იმ ქულების მიხედვით დგინდება, რასაც სტუდენტი სემესტრის მანძილზე „გამოიმუშავებს“. ბუნებრივია, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტიპენდიის თანხა ოდნავ მეტია.
კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ მალევე გახდა ცნობილი, რომ 2016 წლის თებერვლიდან სტიპენდიას ფასიანი განყოფილებების სტუდენტებიც მიიღებენ. საქმე ისაა, რომ სწავლის საფასურს აზერბაიჯანის სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებშიც იხდიან. სწავლის გადასახადისგან მხოლოდ ის სტუდენტები თავისუფლდებიან, რომლებიც მისაღებ გამოცდებზე ქულების მაქსიმალურ რაოდენობას აგროვებენ. სტუდენტების სტიპენდიების თაობაზე პრეზიდენტის მიერ გაცემული განკარგულების შესახებ აზერბაიჯანის განათლების სამინისტროს მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების განყოფილების გამგემ, სულხადინ გეზალოვმა ისაუბრა. ახალი კანონი ვრცელდება როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტების,ასევე კერძო უმაღლესი სასწავლებლების პირველი კურსის სტუდენტებზე.
ამ სიახლემ ძლიერ გაახარა „ფასიანები“. ეროვნული აკადემიის მეორე კურსის სტუდენტი ნიგიარ ალიევა იღბლიანებს შორის მოხვდა და ახლა ახალ სპორტულ ფეხსაცმელზე ოცნებობს.
ბაქოს სლავური უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი, დაწყებითი კლასების მომავალი პედაგოგი, ვიქტორია სოროკინა ფიქრობს, რომ სტიპენდია ერთმნიშვნელოვნად სტიმულის მიმცემი მოვლენაა.
ფიზკულტურისა და სპორტის აკადემიის მეოთხე კურსის სტუდენტის რაშად ზეინალოვის აზრით კი, სტიპენდია კიდევ უნდა გაიზარდოს, რომ სწავლის რეალურ სტიმულად იქცეს.
საავიაციო აკადემიის სტუდენტები, ამბობენ, რომ სტიპენდია მნიშვნელოვნად ახალისებს სწავლის სურვილს. მათ სტიპენდიის დაკარგვის ეშინიათ, რა მცირეც უნდა იყოს მათი წამახალისებელი თანხა.
ჩვენ მიერ გამოკითხული სტუდენტებიდან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა ფრიადოსანი, რომელიც თავის სტიპენდიას, 95 მანათს, კოსმეტიკასა და ტრანსპორტში ხარჯავს. საავიაციო აკადემია ქალაქის ცენტრიდან 25 კილომეტრითაა დაშორებული, და ამიტომ ამ სასწავლებლის სტუდენტებს სატრანსპორტო ხარჯი სხვა სტუდენტებისას აღემატება.
რამინ ოსმანოვი, რომელიც წარმოშობით აზერბაიჯანის ერთ-ერთი რეგიონიდანაა, სტიპენდიის თანხას (80 მანათს) საკვებში ხარჯავს. ბინის ქირის ფულს რამინს მშობლები უგზავნიან.
სტუდენტი ადამ აბიევი ტოტალიზატორმა „ჩაითრია“ და, იმ იმედით, რომ მეტს იშოვის, სტიპენდიის მთელ თანხას საფეხბურთო მატჩებზე ფსონების დადებაში ხარჯავს.
გამოკითხულთა შორის ისეთებიც აღმოჩნდნენ, რომლებიც გამოცდებში ჩაიჭრნენ და სტიპენდია მოეხსნათ. ყველა მათგანი ცდილობს, წინა სემესტრის შეცდომები მომდევნო სემესტრში გამოასწოროს და სტიპენდიის თუნდაც მინიმალური თანხა საკუთრ ბიუჯეტს ისევ შემატოს.