ნაძვის ხის აღების დროა
თუ აფხაზური სათამაშოების მოყვარული ხართ, ნაძვის ხის აღებისას დიდი სიფრთხილე გმართებთ. ეს საახალწლო მოსართავები ისეთივე ჯადოსნურია, როგორიც ჩვენს ბავშვობაში, თუმცა ისეთივე მსხვრევადი. მათ მინისგან ამზადებენ,და როგორც შორეულ წარსულში _ ისევ ხელით.
ნაძვის ხის სათამაშოების დამამზადებელი საამქრო სოხუმში ხუთი წლის წინათ გაიხსნა და მას შემდეგ ყოჩაღად ვაჭრობს. ახალი წლის დღესასწაულზე საამქროში გაცხოველებული მუშაობაა გაჩაღებული, რადგან ამ დროს ბევრ შეკვეთას იღებენ. თითოეულ სათამაშოს მაღაზიაში 150 რუბლად (დაახლოებით 2 დოლარი) აბარებენ.
და მათზე მოთხოვნაც დიდია. მხოლოდ ამ საახალწლო დღესასწაულზე საამქრომ, რომელშიც სულ 5 ადამიანი მუშაობს, დამკვეთებს დაახლოებით 3 ათასი სათამაშო ჩააბარა.
როდესაც დღესასწაულები სრულდება, საამქრო რუტინას უბრუნდება: ნაბეჭდგამოსახულებიანი ბალიშების, მაისურები, სანთლები და ბევრი სხვა რამ.
‘სოხუმელებს შორის ეს პროდუქციაც პოპულარობით სარგებლობს’, _ ამბობს საამქროს დირექტორი, დაურ გუმბა. დაურთან 4 ადამიანი მუშაობს, მათ შორის _ პროფესიონალი მინამბერები და მხატვრები. ნიჭიერი თვითნასწავლი მხატვარი ასიდაც დაურის გუნდშია. ადრე ის სკოლის მასწავლებლად მუშაობდა და საამქროში შემთხვევით აღმოჩნდა. ერთხელ ასიდა სკოლისთვის სათამაშოების შესაძენად მაღაზიაში შევიდა და ამ ნივთებით ისე მოინუსხა, რომ სკოლას თავი დაანება და მხატვარი გახდა.
„თვითნასწავლი ვარ. ყველაფერი მუშაობის პროცესში ვისწავლე. რადგან ორი შვილის დედა და მასწავლებელი ვარ, გარკვეული უნარ-ჩვევები უკვე მქონდა _ ბავშვებთან ერთად ხშირად სხვადასხვა ნაკეთობებს ვამზადებდი ხოლმე. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია! ჩემი საქმის ერთადერთი ნაკლი ის არის, რომ საახალწლოდ სამსახურიდან თავიდან ფეხებამდე ბრჭყვიალა საღებავებით მოსვრილები ვბრუნდებით შინ,’ _ ამბობს ასიდა.
მინა, რომლითაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთებს ამზადებენ, ჩვეულებრივი შუშა არაა. ბურთულების დასამზადებელი მინა განსაკუთრებულად სუფთაა და მისგან ფაქიზ საიუველირო და მხატვრულ ნაკეთობებს ქმნიან. ბურთულებს სამედიცინო ჭურჭლითაც (კოლბები, სინჯარები და ა.შ.) ამზადებენ. სათამაშოს ზომას ჭურჭლის დიამეტრი განსაზღვრავს.
მინამბერის მიერ დამზადებული ნაძვის ხის სათამაშოები სხვა საამქროში გადააქვთ, სადაც ეს ბურთულები ცივდება და იღებება.
თავიდან ყველა სათამაშოს ასეთი კუდი აქვს, რომელსაც მხოლოდ მას შემდეგ აჭრიან, რაც სათამაშოს მომზადების ყველა ეტაპი დასრულდება. ბურთულების დიამეტრი 50-150 მილიმეტრია. თითო ცვლაში ოსტატები 100-150 ბურთულას ამზადებენ.
ამ პროცედურის შემდეგ ბურთულები მხატვრებთან (ასიდასთან, რომელსაც უკვე ვიცნობთ და დმიტრისთან) მიდის. თითო ასეთი სათამაშოს დასამზადებლად მთლიანობაში 24 საათია საჭირო.
სფეროსებრ ზედაპირზე გამოსახულებების დადება ბრტყელ ტილოზე ხატვას არ ჰგავს. ამ შემთხვევაში, ყველაფერი არა ნიჭზე, არამედ ხელმარჯვეობაზეა დამოკიდებული. ყველაზე უბრალო ბურთულებს ოქროსფერი საღებავით მფლობელების სახელებსა და დამდეგი წლის აღმნიშვნელ შესაბამის ციფრებს აწერენ. ასეთი სათამაშოები 150 რუბლი (დაახლოებით 2 დოლარი) ღირს.
აფხაზური დროშისა და გერბის გამოსახულებით ბურთულების დამზადება მეტ დროს მოითხოვს და ამიტომ უფრო ძვირი _ 700 რუბლი (დაახლოებით 9 დოლარი) და მეტი ღირს.
ბურთულა, რომელზეც აფხაზური თოვლის პაპაა გამოსახული, ოსტატების სავიზიტო ბარათად ითვლება.
‘ხშირად ჩვენი წარმატების შემხედვარე ნაცნობები მოდიან და რჩევას გვთხოვენ, რომ საკუთარი საამქრო გახსნან. დაახლოებით ნახევარი წლის შემდეგ ისევ ჩვენთან მოდიან და თავიანთი დანადგარების შეძენას გვთავაზობენ. მოკლედ, საწარმოებს ხურავენ, რადგან მთავარი დანადგარი არაა. ჩარხის ყიდვა ყველას შეუძლია! ჩარხი უბრალო რკინაა და სხვა არაფერი, თუ მასთან მუშაობა არ იცი. საჭიროა სწავლა, და ეს სწრაფად და იაფად არ ხდება’, _ ამბობს დაური.