„დიახ, შემოდგომაზე უარესი იქნება“ - აზერბაიჯანში ჟურნალისტის წერილს პანდემიის შესახებ სკანდალი მოჰყვა
ტელეწამყვანმა და ბლოგერმა, აზერ გარიბმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ღია წერილი, რომელშიც აზერბაიჯანის ხელისუფლება კორონავირუსის პანდემიისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაში დაადანაშაულა, მათ შორის, მედიცინის სავალალო მდგომარეობის გამო.
გარიბი აღშფოთებულია იმით, რომ ხელისუფლებას მოსახლეობა მიაჩნია კორონავირუსის შემთხვევების მუდმივ ზრდაზე პასუხისმგებლად – რადგან ადამიანები სათანადოდ არ იცავენ კარანტინის მოთხოვნებს.
„უკვე მეოთხე თვეა კარანტინის რეჟიმში ვართ და პროგრესი არ გვაქვს. ადამიანებს არ სჯერათ ვირუსის არსებობის იმიტომ, რომ არ სჯერათ ხელისუფლების“.
პოსტმა საზოგადოებაში უზარმაზარი მხარდაჭერა მოიპოვა – გამოქვეყნებიდან 24 საათში, მას 16 ათასზე მეტი მოწონება და 8 ათასზე მეტი გაზიარება ჰქონდა.
8 ივლისის მონაცემებით, აზერბაიჯანში, კორონავირუსით დაინფიცირდა 21 374 ადამიანი. მათგან 265 გარდაიცვალა, 12 635 – გამოჯანმრთელდა. უკვე რამდენიმე თვეა, მცირედი შესვენებებით, ქვეყანაში მკაცრი კარანტინი მოქმედებს. დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, დაკეტილია მეტრო. შაბათ-კვირას არ მუშაობს ტრანსპორტი, გაჩერებულია ბიზნესების დიდი ნაწილი. ერთ-ერთი ძირითადი შეზღუდვა გადაადგილებაზეა დაწესებული. ადამიანებისგან სახლში დარჩენას მოითხოვენ, გამოსვლა შეიძლება მხოლოდ ორი საათით და ისიც ხელისუფლებისგან სპეციალური SMS-ნებართვის მიღების შემდეგ.
შემოდგომაზე უარესი იქნება
აზერ გარიბის ღია წერილის საფუძველი გახდა განცხადებები, რომელიც TƏBİB-ში გამართულ ბოლო ბრიფინგზე გაკეთდა. ეს არის ოფიციალური სტრუქტურა, რომელიც პასუხისმგებელია აზერბაიჯანში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაზე.
კერძოდ, იქ განაცხადეს, რომ სხვა ქვეყნებშიც და არა მხოლოდ აზერბაიჯანში, სიტუაცია უარესდება და კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა იზრდება. ამიტომ, მკაცრი კარანტინი, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს, გამართლებულია. უფრო მეტიც, როგორც ბრიფინგზე ითქვა, შემოდგომაზე, სიტუაცია, შესაძლოა, კიდევ უფრო გაუარესდეს.
„რას ნიშნავს ეს გაფრთხილება, რომ სიტუაცია გაუარესდება? მაშინ, რატომ ვეწამებით, რა აზრი აქვს ამ კარანტინს?“, – წერს გარიბი.
„მთელი მსოფლიოს მეცნიერები პირდაპირ ყვირიან, რომ ადამიანებს სჭირდებათ ვიტამინი D. ჩვენ კი, ზღვისპირა ქალაქის მცხოვრებლები, საკუთარ სახლებში ვართ ჩაკეტილები. დიახ, ექიმები მართლები არიან – შემოდგომაზე კიდევ უფრო ცუდად იქნება საქმე, რადგან დღეს ადამიანები მოკლებული არიან მზეს, ზღვის ჰაერს, არ აქვთ შესაძლებლობა, გაიძლიერონ იმუნიტეტი და შემოდგომაზე, მასობრივად დაავადდებიან“.
- „ჭამა გვინდა“. სოციალური ქსელების რეაქცია აფხაზეთში ტურისტული სეზონის გადადებაზე
- საქართველო საზღვრებს ხსნის ევროკავშირის ხუთი ქვეყნისთვის. ოღონდ ფრენები არ არის
გარიბმა კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბს წინადადებით მიმართა, ისაუბრონ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ ერთი, წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების შესახებაც.
„რატომ არ გვიყვებით საქართველოს შესახებ? რატომ არ ამბობთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა, რომელმაც უფრო გვიან გამოაცხადა კარანტინი, ვიდრე სხვა ქვეყნებმა, უკვე მოხსნა მკაცრი შეზღუდვები? რატომ არ გააკეთეთ კომენტარი ბელარუსის მაგალითზე?“.
აზერ გარიბმა „რულეტკა“ უწოდა კარანტინის რეჟიმს, რომელიც აზერბაიჯანში უკვე მეოთხე თვეა გრძელდება.
„მოდით, დავხუროთ მეტრო. არა, მოდი, გავხსნათ მეტრო. მოდი, დავდგათ პოლიციის პოსტები. არა, მოდი, ახლა მოვხსნათ ეს პოსტები. გამოვუშვათ ადამიანები სახლიდან. არა, ჩავკეტოთ ადამიანები სახლში. რატომ არის შეუძლებელი ოთხი თვის განმავლობაში სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაციის შექმნა, ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკის ფორმირება“, – წერს ჟურნალისტი.
„ექიმებმა უნდა განუმარტონ ადამიანებს, უნდა აუხსნან, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი კორონავირუსით დაავადდები – ეს არ ნიშნავს, რომ გარდაიცვლები“, – წერს ჟურნალისტი.
ადამიანების კარანტინის ნორმების დარღვევაში დადანაშაულების ნაცვლად – უმჯობესია. მათ იმედი მისცეთ, რომ ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები სიტუაციის გაუმჯობესებამდე მიგვიყვანს და სწორედ ამიტომ არის ის დაწესებული, ნათქვამია წერილში.