“სიტყვის თავისუფლება“ აზერბაიჯანში
ცვლილებები მასმედიაში
პრეზიდენტი ილხამ ალიევი ‘მასობრივი საინფორმაციო საშუალებების შესახებ“ კანონის გადახედვის წინადადებით გამოვიდა. 2015 წელი პრეზიდენტის წინადადების განხორციელებით დაიწყო და კანონში ცვლილებები შევიდა _ მედიასაშუალება, რომელსაც წლის განმავლობაში სასამართლო ორჯერ მაინც დააკისრებს პასუხისმგებლობას, საქმიანობას შეწყვეტს.
პირველი პოლიტპატიმარი
იანვარში „აზერბაიჯანის ეროვნული ფრონტის“ ახალგაზრდული კომიტეტის წევრს, ელვინ აბდულაევს სასამართლომ ნარკოტიკებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააკისრა _ პირველ მაისს მას ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ელვინი აღნიშნავს, რომ მისი დაკავება ფეისბუკში მისსავე პოსტებს უკავშირდება,რომლებშიც ის ხელისუფლების საწინააღმდეგო მოსაზრებებს გამოთქვამს.
ხადიჯა ისმაილის ჯილდოები
2015 წლის 13 თებერვალს თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ ჟურნალისტ ხაჯიდა ისმაილს დამატებითი ბრალი წაუყენეს მუხლებით _ ‘გაფლანგვა’, ‘გადასახადებისთვის თავის არიდება’, ‘უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება’ და ‘უკანონო სამეწარმეო საქმიანობა’.
პირველ სექტემბერს ხადიჯა ისმაილს 7.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
აქვე უნდა ითქვას,რომ შვედეთის ეროვნული პრესკლუბის ანა პოლიტკოვსკაიას სახელობის პრემია „თავისუფალი პრესა“ (2015 წ.), ბარბარა გოლდსმითისა და პენკლუბის ერთობლივი „შემოქმედებითი თავისუფლების პრემია“ და უფლებადამცველი ორგანიზაციის, „ჰიუმან რაითს უოჩის“ ელისონ დეს ფორჯესის სახელობის პრესტიჟული პრემია იმ ჯილდოების მხოლოდ ნაწილია, რომლებიც ხადიჯას პატიმრობისას მიენიჭა.
რადიო ‘თავისუფლება’ და ‘მეიდან TV’ სამიზნედ
28 სექტემბერს რადიო ‘თავისუფლების’ თანამშრომელი ისლამ შიხალი მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურაში დაკითხეს. შიხალიმ აღნიშნა, რომ ‘მეიდან TV’-ის საქმეზე მისცა ჩვენება. 26 სექტემბერს სამართალდამცვავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა ისლამ შუხალის ნაქირავები ბინა გაჩხრიკეს.
2015 წელს თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა ‘მეიდან TV’-საც შეეხო. 23 ივლისს მისი დირექტორის, ემინ მილის ცოლისძმას, ნაზიმ აგაბეკოვს ნარკოტიკებით ვაჭრობა დასდეს ბრალად. მილიმ აღნიშნა, რომ ეს შემთხვევა პოლიტიკურ დაკვეთის შედეგია და მის საქმიანობას უკავშირდება.
იგივე სცენარი განმეორდა იმავე ტელევიზიის კიდევ ერთი თანამშრომლის, გიუნელ მოვლუდის შემთხვევაშიც.
13 ოქტომბერს მისი ორი ძმა, რაჯი და ვექილ იმანოვები დააკავეს. მათ მარიხუანა აღმოუჩინეს. ამჟამად ძმებს სამთვიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი.
თავის მხრივ, გიუნელ მოვლუდმაც აღნიშნა, რომ მისი ძმების დაპატიმრება მეიდან TV-ში მის მუშაობას უკავშირდება.
სექტემბერში, ქუჩაში სეირნობისას დააპატიმრეს აითაჯ ახმედოვა. რამდენიმე დღის შემდეგ კიდევ რამდენიმე ჟურნალისტი დააკავეს, მათ შორის _ სევინჯ ვაგიფგიზი, აითენ ფარხადოვა და იზოლდა აგაევა, რომლებიც კიევიდან დაბრუნებულები აეროპორტიდანვე გადაიყვანეს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ სამმართველოში და ‘მეიდან TV’-ის შესახებ დაუსვეს კითხვები; თუმცა, მათი დაკავების მთავარი მიზეზი მინგეჩაურის საქმესთან დაკავშირებით ჩვენების მიცემა იყო. დილით სამივე მათგანი გაათავისუფლეს.
16 სექტემბერს ‘მეიდან TV’-ს კიდევ ერთი თანამშრომელი, შურინ აბასოვი გაუჩინარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ჟურნალისტი ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარმა სამმართველომ რეკეტის ბრალდებით დააკავა. შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევისთვის შირინ აბასოვს ოცდაათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს.
ლეილა და არიფ იუნუსები
13 აგვისტოს ბაქოს უმძიმეს დანაშაულთა სასამართლომ ლეილა და არიფ იუნუსებს განაჩენი გამოუტანა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლეილ იუნუსს რვა-ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. არიფს კი შვიდწლიანი პატიმრობა შეუფარდეს.
ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, არიფ იუნუსი 12 ნოემბერს, ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით, გაათავისუფლეს. არიფმა გამოსვლისვთანავე განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ლეილა იუნუსს ყოველდღიურად სცემდნენ და არაადამიანურ პირობებში ამყოფებდნენ. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი და ლეილას დაპატიმრება პოლიტიკური დაკვეთა იყო, რომელიც ლეილა იუნუსის უფლებადამცველობით საქმიანობას უკავშირდებოდა.
9 დეკემბერს ბაქოს სააპელაციო სასამართლომ საპატიმროდან გაათავისუფლა ლეილა იუნუსი და რვა-ნახევარი წლით პირობითი სასჯელი მიუსაჯა. პირობითი სასჯელის პირველი ხუთი წელი გამოსაცდელ ვადას წარმოადგენს. ლეილა იუნუსს ბრალად „სახელმწიფო ღალატი“, „გადასახადებისგან თავის არიდება“, „უკანონო მეწარმეობა“ და „თაღლითობა“ ედებოდა.
ჟურნალისტის მკვლელობა
2015 წლის 8 აგვისტოს ფეხბურთელ ჯავიდ ჰუსეინოვის ნათესავებმა ჟურნალისტი რასიმ ასლიევი ცემით მოკლეს. იგი საავადმყოფოში ფარული სისხლდენით გარდაიცვალა.
ჯავიდ ჰუსეინოვი დააპატიმრეს. ჟურნალისტის კოლეგების თქმით, ალიევის სიკვდილში ფეხბურთელზე არანაკლები ბრალი მიუძღვით ექიმებს. მათ მოითხოვეს, რომ გამოძიებაში ჯანდაცვის მუშაკებიც ჩართულიყვნენ.
არსებობს ვერსია, რომ ალიევის ცემის მიზეზი მის მიერ ჯავიდ ჰუსეინოვის მიმართ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები გახდა.
ახლახან, რასიმ ალიევის საქმის გამოძიების მიზნით, საზოგადოებრივი ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც ცნობილი ჟურნალისტები და უფლებადამცველები გაწევრიანდნენ.ჯგუფის წევრები შიშობენ,რომ დამნაშავეები სასჯელს თავს აარიდებენ.
ცენზურა
22 ივლისს აზერბაიჯანში ეროვნული პრესის შექმნის 140 წლისთავი აღინიშნა. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა 2015 წლის მოხსენებაში აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში მედიაორგანიზაციების უმრავლესობა „ან სახელმწიფოს კუთვნილებაშია, ან ხელისუფლებს მხარდამჭერ პოლიტიკას ატარებს“. დეფამაციის შესახებ კანონის არმიღების, თანამგზავრული არხების ჩახშობისა და ჟურნალისტების დაპატიმრების გამო, აზერბაიჯანი იმ ქვეყნების ხუთეულშია,რომლებშიც ცენზურაა გაბატონებული.