"გამარჯობა, თქვენ დაწერეთ სტატუსი კორონავირუსზე?"- სუს-ი ფეისბუკ-პოსტების გამო პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს იბარებს
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რამდენიმე ჟურნალისტი დაიბარეს. იბარებენ ასევე პოლიტიკოსებს და რიგით მოქალაქეებს კონკრეტული ფეისბუკ-პოსტების და კომენტარები გამო.
საქმე ეხება “მთავარი არხის” მიერ კორონავირუსზე მომზადებულ სიუჟეტს.
პოლიტიკოსები და ექსპერტები ამბობენ, რომ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ჟურნალისტური, თუნდაც გადაუმოწმებელი სიუჟეტის გამო, სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით სახიფათო ტენდენციაზე მიანიშნებს.
საბოტაჟი თუ ჟურნალისტური არაპროფესიონალიზმი?
მარნეულელები არკინაზ გულიევა და ზანურა თალიბოვა ტელეკომპანია “მთავარი არხის” მიერ მომზადებული სატელევიზიო სიუჟეტის გმირები არიან.
ამ სიუჟეტის გამო მათ დიდი პრობლემები შეექმნათ – ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს.
20 ივნისს, შაბათის შემაჯამებელ გადაცემაში გასული სიუჟეტი სახელწოდებით “10 ათას ლარად ნაყიდი დიაგნოზი – ხელისუფლება კოვიდით გარდაცვლილთა სტატისტიკას ხელოვნურად ზრდის” კორონავირუსის სტატისტიკის გაყალბებას ეხებოდა. სიუჟეტის ავტორი ამტკიცებდა, რომ გარდაცვლილისთვის კოვიდდადებითი სტატუსის ჩაწერის სანაცვლოდ მარნეულში ოჯახებს 10 ათას ლარს სთავაზობდნენ.
● ფეისბუკმა გამოავლინა საქართველოს ხელისუფლების კავშირი ასობით ყალბ გვერდთან და ანგარიშთან
“მთავარი არხის” მომზადებულ სიუჟეტში რესპონდენტები ამბობენ, რომ მათი ოჯახის წევრები დაიღუპნენ სხვა დაავადებით, თუმცა მათ შესთავაზეს, რომ თუ გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსით ინფიცირების ჩაწერას დათანხმდებოდნენ, სანაცვლოდ 10 ათას ლარს მიიღებდნენ.
ხელისუფლებამ ამ ისტორიას სიცრუე და დეზინფორმაცია უწოდა და დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საბოტაჟს – ანუ სახელმწიფო ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს. თუ ამ საქმეში დანაშაული დამტკიცდა, დამნაშავეს ორიდან ოთხ წლამდე ციხე ემუქრება.
სიუჟეტში მონაწილე რესპონდენტები, რომლებიც 10 000-ლარიანი ქრთამის ამბავს ჰყვებოდნენ, უკვე იყვნენ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე. სუს-ში არ გამორიცხავენ “მთავარი არხის” ჟურნალისტების დაბარებასაც.
სუს-ის განცხადებით, გამოძიებისას გამოიკვეთა, რომ სიუჟეტი დეზინფორმაციული იყო და არხმა რესპონდენტების აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები შეგნებულად “არასწორად თარგმნა”.
სუს-ის განცხადებაში წერია, რომ “მთავარი არხის” მიზანი ხელისუფლების დისკრედიტაცია და საზოგადოებაში დაუცველობის განცდის დათესვა იყო:
“ეს უარყოფით ზემოქმედებას მოახდენდა მოქალაქეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რაც თავის მხრივ გამოიწვევდა მათ სამართლიან პროტესტს და ხელს შეუშლიდა სახელმწიფო დაწესებულებების და ორგანიზაციების შეუფერხებელ ფუნქციონირებას”, – წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც უწყებაში განმარტეს, რესპონდენტებმა თვითონ “მოითხოვეს ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება.”
“გამარჯობა, თქვენ დაწერეთ სტატუსი კორონავირუსზე?”
სუს-ი დაინტერესდა არა მხოლოდ სიუჟეტით, არამედ კორონავირუსის შესახებ მსგავსი შინაარსის ფეისბუკპოსტებითაც.
რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ მას სუს-იდან დაურეკეს და კითხეს, მან დაწერა თუ არა პოსტი კორონავირუსზე. როგორც პოლიტიკოსი ამბობს, გამოძიება მასაც საბოტაჟს ედავება სწორედ ფეისბუკპოსტის გამო.
სამნიძის თქმით, მას კორონავირუსზე პოსტი საერთოდ არ დაუწერია, თუმცა დაწერა რამდენიმე კომენტარი სხვისი პოსტის ქვეშ. ამ კომენტარებში ის აღნიშნავდა, რომ მასაც სმენია იმის შესახებ, რომ გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსით ინფიცირებას წერენ.
სამნიძე ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ საბოტაჟის მუხლით აღძრული საქმის მიზანი წინასაარჩევნოდ მედიის და ოპონენტების დაშინებაა:
„მე ამ ყველაფერს ვუკავშირებ წინასაარჩევნო პერიოდს და მცდელობას, რომ რაც შეიძლება მეტი შიში დაითესოს წინასაარჩევნო პერიოდში. ხელისუფლება ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი დაუკავშიროს ოპოზიციურ პარტიებს, ოპოზიციურად განწყობილ ტელევიზიებს, განსხვავებული აზრის მქონე ჯგუფებს და აჩვენოს საზოგადოებას, რომ მთელ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გამოიყენებენ მათ წინააღმდეგ,” – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში სამნიძე.
სამნიძემ უკვე მიიღო ოფიციალური უწყება სუს-ში დაბარებასთან დაკავშირებით:
სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდა ასევე ჟურნალისტი ნინო ჭელიძეც. ჭელიძემ ასევე თავის ფეისბუკ-გვერდზე აღნიშნა, რომ მასაც სმენია იმის შესახებ, რომ მარნეულში სხვა მიზეზით გარდაცვლილებს ფულს აძლევენ, რათა ოჯახმა თქვას, რომ მათ ახლობელს კოვიდი ჰქონდა.
ჭელიძის თქმით, მისი პოსტი მხოლოდ მეგობრებისთვის იყო განკუთვნილი და მისთვის გაუგებარია, სუს-მა როგორ ნახა იგი.
მართლა აძლევენ თუ არა მარნეულში 10 ათას ლარს გარდაცვლილის ოჯახებს კოვიდდიაგნოზის სანაცვლოდ?
თბილისის მერის მიერ დახატული სისხლიანი ლოგოები
როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ცოტა ხნის წინ ფეისბუკის ადმინისტრაციამ ოფიციალურად დაადანაშაულა ყალბი ანგარიშების შექმნასა და ყალბი ამბების გავრცელებაში, ახლა თავად ცდილობს სათავეში ჩაუდგეს “ფეიკ-ნიუსებთან” ბრძოლის ტრენდს.
თბილისის მერმა, რომელიც ამავე დროს მმართველი პარტიის – “ქართული ოცნების” გენერალური მდივანია, 25 ივნისიდან ფეისბუკზე ახალი პროექტი დაიწყო, რომელსაც “სიმართლის მუშტი” ჰქვია.
მერის თქმით, ამ გადაცემით, რომელიც პერმანენტულად გავა ფეისბუკ-ლაივში, ის ყალბი ახალი ამბების, “ფეიკნიუსების” ანუ დეზინფორმაციის წინააღმდეგ იბრძოლებს და ყველა მედიასაშუალებას ამხელს, რომელიც მისი აზრით, სიცრუეს ავრცელებს.
მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, კალაძე ცხვირ-პირში “სიმართლის მუშტის” მოხვედრით ემუქრება ყველა იმ მედიასაშუალებას, რომელიც “არასწორად იმოქმედებს” და “საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანს”.
კახა კალაძის “სიმართლის მუშტს” უკვე კონკრეტული სამიზნეები ჰყავს. ეს არის სამი ოპოზიციური ტელევიზია: “მთავარი არხი”, “ფორმულა” და “ტვ პირველი.”
კალაძემ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ბანერი, სადაც ამ სამ ტელეკომპანიას სახელი გადაარქვა; მათ ლოგოებს კი ბანერზე სისხლი ჩამოსდის:
კალაძის პირველი გადაცემა, რომელსაც დაახლოებით 3500-მდე ადამიანმა უყურა, 25 წუთს გაგრძელდა. თბილისის მერმა მთელი ეს დრო „მთავარი არხის“ სიუჟეტებში გასული “დეზინფორმაციის” მხილებას დათმო.
“ფეიკნიუსთან” საჭიროა ბრძოლა და სიცრუეზე პასუხების გაცემა”, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერის ახალი ინიციატივას პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე.
ყალბი ამბები არ არის ის სფერო, რითიც საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია იამაყოს.
მეტიც, მსოფლიოს ყველაზე დიდმა და გავლენიანმა სოციალურმა ქსელმა “ფეისბუკმა” საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ დაადანაშაულა სიყალბის გავრცელებაში.
20 დეკემბერს ფეისბუკის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოში ასობით ყალბი ფეისბუკ-ანგარიში მოქმედებდა და ეს ანგარიშები ხელისუფლებასთან იყვნენ დაკავშირებული.
განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს ფეისბუკის კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელი ნათანიელ გლეიჰერი, ნათქვამია, რომ ფეისბუკის ადმინისტრაციამ გააუქმა საქართველოში მოქმედი გვერდები და ჯგუფები, რომლებიც „კოორდინირებული არაავთენტური (არადამაჯერებელი) ქცევით“ გამოირჩეოდნენ.
საერთო ჯამში წაიშალა 418 ქართული ფეიბუკ-პროფილი, გვერდი და ჯგუფი. მათგან 39 პროფილია, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 ინსტაგრამის ანგარიში.
როგორც ფეისბუკის განცხადებაში ვკითხულობთ, ეს იყო საგანგებოდ შექმნილი ქსელი იმისთვის, რომ ყალბი ინფორმაცია გაევრცელებინათ და შეცდომაში შეეყვანათ მომხმარებლები და ამ ქსელის უკან ხელისუფლება იდგა.
ხელისუფლებას ახალი ტაქტიკა აქვს – “ფეიკნიუსებთან ბრძოლა”
ექსპერტები და პოლიტიკოსები ამბობენ, რომ სუს-ში გამოძახებებიც და კალაძის ახალი გადაცემაც ერთმანეთთან კავშირშია და მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებამ მედიაზე ორკესტრირებული შტურმი გადაწყვიტა.
დამკვირვებლები ამბობენ, რომ ხელისუფლების ქმედებები წინასაარჩევნოდ ცენზურის და ოპონენტების დაშინების მცდელობაა. ისინი ამბობენ, რომ თუკი რეპორტაჟის ან ფეისბუკ-სტატუსის გამო, შესაძლოა, მოქალაქის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს, ეს საშიში პრეცედენტი იქნება სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით.
“ჰაერში კვლავ “კა-გე-ბე”-ს სუნი დატრიალდა!
სუს-ის მიერ გამოძიების დაწყება მედია-რეპორტაჟის საფუძველზე, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების დაკითხვაზე დაბარება, და მეორეს მხრივ – დედაქალაქის მერის და მმართველი პარტიის გენმდივნის მიერ დეზინფორმაციასთან გამოცხადებული ბრძოლა ერთი მედლის ორი მხარეა და ამ მედალს ერთადერთი სახელი აქვს: ცენზურა!,” – წერს “ლელო საქართველოსთვის” წევრი ანა ნაცვლიშვილი.
ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ თუ მედიის მიერ გავრცელებული კონკრეტული ინფორმაცია არღვევს სტანდარტს, ეს თვითრეგულირებით და მედია-ეთიკით უნდა „დაისაჯოს“ და არა სისხლის სამართლის კოდექსით.
“ეს ცენზურის მცდელობაა. იქ სადაც ცენზურაა, დემოკრატია ქუდს იხურავს და უკანა კარიდან გადის!,” – წერს ის.
ოპოზიციური პარტიის “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ სუს-ის მოქმედებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და სიტყვის თავისუფლებას:
“მაშინ, როცა რეჟიმი ბოლო წუთებს ითვლის, როცა გასაგებია რომ ოქტომბერში ივანიშვილის ვერტიკალი ჩამოიშლება და ხელისუფლებაში ვეღარ დარჩება, სუსი, ყველაზე უფრო რეპრესიული და პოლიტიზებული სამართალდამცავი უწყება, ასე დაშინებით ცდილობს მასიურად დათესოს შიში”, – ამბობს დეკანოიძე.
თბილისის მერის ინიციატივას მედიის კრიტიკისთვის ახალი პლატფორმის შექმნის თაობაზე გამოეხმაურა “კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის”.
„მიგვაჩნია, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან კრიტიკული მედიასაშუალების მისამართით მსგავსი კამპანიის წარმოება არ შეესაბამება დემოკრატიული საზოგადოების მოლოდინებს. უხეშად ეწინააღმდეგება მაღალი თანამდებობის პირთა ეთიკურ ღირებულებებს და პრინციპებს. მით უფრო, როცა არსებობს რისკი წახალისდეს ჟურნალისტების მიმართ აგრესია, სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმა,” – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.