აგროგანათლება ჩვეულებრივ სკოლაში
ეს ყველაფერი სკოლის გალამაზების მიზნით როდი ხდება. ამ სასწავლო დაწესებულებაში ცდილობენ, ბავშვები მშობლიურ მიწასთან დააახლოვონ – თანაც, აქვე შემუშავებული სოფლური სკოლის მოდელის დახმარებით. მოსწავლეები ამ სკოლაში, სხვა საშუალო სკოლების მსგავსად, განათლებასაც იღებენ და აგროსკოლის მეცადინეობებსაც ესწრებიან.
დირექტორი, გევორგ მუკოიანი აქტიურად არის ჩართული სასწავლო პროცესში – ბავშვებს მიწის დამუშავებასა და მის სიყვარულს ასწავლის. იგი ამბობს: ‘მომეცით სუსტფესვებიანი ხე, მე მას სიყვარულით დავრგავ და ნახეთ, როგორ გაიხარებს’.
მუკოიანი სპეციალობით აგრონომია; 3 წლის წინათ სკოლის 2-ჰექტრიანი ტერიტორიის გამწვანებასა და ბაღჩეული კულტურების მოშენებას მიჰყო ხელი. პირველ რიგში, ხეები დარგეს. გევორგ მუკოიანმა გადაწყვიტა, მხოლოდ გარგლის ხეები დაერგოთ; ამბობს: ‘ამ საკითხს სომხური ტრადიციების კუთხით მივუდექით და გადავწვიტეთ, ჩვენი, სომხური ხილი მოგვეყვანა.’
სკოლაში 300 მოსწავლეა, და სწორედ ამდენივე გარგლის ხე დაირგო. მათ გაზრდამდე მიწაზე ბაღჩეული კულტურებიც მოჰყავთ – ბოსტნეულს აკონსერვებენ და სკოლის სასადილოში იყენებენ.
ჯანსაღი საკვები სკოლის სასადილოში ყოველთვის ახალი პროდუქტებისაგან მზადდება. ჯერჯერობით სკოლაში იკვებებიან დაწყებითი კლასების (1-3 კლასის მოსწავლეები) და ხელმოკლე ოჯახების ბავშვები. მომავალში, როდესაც მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ მოყვანილი სტაფილოს, კომბოსტოს, ჭარხლის, კარტოფილის, ლობიოსა და ბარდის მოსავალი გაიზრდება, სასადილოში ისადილებს ყველა.
სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სფეროს შემსწავლელ წრეებზე დასასწრებად ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს. საქმე ყველასთვის არის – მათივე შესაძლებლობების შესაბამისად. მთელ პროცესს, თესლების გადარჩევიდან მოსავლის აღებამდე, მოსწავლეები და მასწავლებლები ერთად უძღვებიან.
მე-11 კლასის მოსწავლე ალვარდ სარქისიანი მონაწილეობდა პროცესში დარგვიდან მიწის გაფხვიერებამდე; ამბობს, რომ გარდა იმისა, რომ ეს საინტერესოა, ისინი სწავლობენ სოფლის მეურნეობის სწორად წარმართვას, რაც დაეხმარებათ მომავალში საკუთარი მეურნეობა შექმნან და სოფელში იცხოვრონ.
ისტორიის მასწავლებელი სუსანა ოვაკიმიანი დარწმუნებულია, რომ მთავარია, მოსწავლეებს მიწის სიყვარული გაუღვივდეთ, და ისინი სოფლიდან აღარ წავლენ.
სპონსორების სახსრებით აგროსკოლაში სათბური ააშენეს; უკვე შენდება ბოსელიც, სკოლის სარდაფში კი სოკოების მოსაყვანად ემზადებიან. მესაქონლეობა ასევე შევა აგროსკოლის პროგრამაში, შედეგად კი, ახალი ხორცი და რძის პროდუქტები – მოსწავლეთა მენიუში. ახლო მომავალში შემუშავდება მეფრინველეობის პროგრამაც, რათა სასადილოში ახალი კვერცხები იყოს.
სკოლის პრინციპია – არ გამოიყენონ ქიმიური სასუქები და მოიყვანონ ეკოლოგიურად სუფთა ხილი და ბოსტნეული. ამრიგად, მოსწავლეები ამ პრინციპით ცხოვრებას სწავლობენ, და მისითვე იხელმძღვანელებენ, თუკი აგრონომის პროფესიის არჩევას გადაწყვეტენ.