„მხოლოდ ვარდები - მოსაწყენია“. ფოტოისტორია ბაქოს დასახლებაში, ყვავილების ბიზნესის შესახებ
„როდესაც ფული გიჩნდება, დაძინებას ვერ ახერხებ. მისი ბრუნვაში გაშვება გინდა. სხვანაირად ის უბრალოდ დაიკარგება. და ყოველი შემდეგი დღე, შენ თუნდაც ცოტა, მაგრამ მაინც მეტი უნდა გამოიმუშაო, ვიდრე წინა დღეს. თუკი ეს არ ხდება, უმჯობესია საერთოდ არ დაკავდე ბიზნესით“.
გაჯი შახბალა მეყვავილეობით 70-იანი წლებიდან არის დაკავებული. ეს ბიზნესი ძალიან პოპულარულია მაშთაღაში – ბაქოს ახლოს მდებარე დასახლებაში. გაჯი შახბალა მაშინ კალებითა და მიხაკებით ვაჭრობდა.
ბიზნესი კარგად მიდიოდა, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 90-იანების დასაწყისში მას საქმიანობისგან ჩამოშორება მოუწია – გაურკვეველი დრო იყო და, როგორც მეწარმე ამბობს, ხელისუფლებას „დიდად არ მოეწონა მისი კარგი შემოსავალი“. ამიტომ გაცილებით უფრო მოკრძალებული რაღაცის – პომიდვრის მოყვანა დაიწყო.
შემდეგ, როდესაც ქვეყანაში სიტუაცია დასტაბილურდა, გაჯი შახბალა კვლავ დაუბრუნდა თავის ყვავილებს და ასორტიმენტი გააფართოვა. ახლა მას, რამდენიმე სათბური აქვს დიდ ტერიტორიაზე.
როგორ არის ბიზნესი მოწყობილი?
გაჯი, ძირითადად, აგარაკებისთვის საჭირო და ქოთნის ყვავილებს ყიდის. მისი თქმით, მათ, ვინც დღესასწაულებისთვის ყიდის ყვავილებს, გაცილებით მეტი ფულის შოვნა შეუძლიათ.
„მაგრამ, აი, რაშია საქმე – ისინი წელიწადში ორჯერ იღებენ შემოსავალს, მე კი – მთელი წელი! ოჯახი უნდა გამოვკვებო, თანამშრომლებს ხელფასი გადავუხადო. ადამიანები, რომლებიც ყვავილებს დღესასწაულებისთვის ყიდიან, სხვა ბიზნესსაც ფლობენ, რაც მათ ცხოვრებაში ეხმარება“.
მაგრამ გაჯისაც აქვს დღესასწაულებისთვის რაღაც – ლევკოიონი. „მხოლოდ ვარდები – მოსაწყენია და ადამიანებს გაცილებით მეტი უნდათ, განსაკუთრებით, თუ ისინი უცხოელები არიან“.
ამ ქოთანში პიონებია. ისინი წელიწადში ერთხელ ყვავის, მაგრამ გაჯი მათ ატყუებს – საკმარისია, ჭკნობა შეეპაროთ, რომ ის მაშინვე იღებს ბოლქვებს და სპეციალურ მაცივარში ათავსებს. პიონები „ფიქრობენ“, რომ ზამთარი დადგა. შემდეგ კი ახლიდან რგავს. ასე, მოსავალი წელიწადში ორჯერ შეიძლება აიღო.
„იმისათვის, რომ ყვავილები დარგო, საჭიროა 6-7 ადამიანი, შემდეგ კი ერთიც საკმარისია. მორწყვა კი ავტომატურად ხდება“.
„ჩემს ყვავილებს რაიონებიდან ყიდულობენ. დიახ, იქ კარგი მიწაა. აი, ტექნოლოგიები და გამოცდილება – არა. დიახ, და გაზის პრობლემებიც ჩვენზე უარესია“.
ყვავილების ბიზნესის საფრთხეები და სირთულეები
„აქ ძირითადი პრობლემა გაზია. ნებისმიერ მომენტში შეიძლება გათიშონ, ყინვა დაარტყამს და ყველაფერი დაიკარგება. ეს სოფელია და აქ ასეთები ხდება. ეს კი ცოტა ფული არ არის, თუკი მხოლოდ ერთ სათბურში 60 ათასი ბეგონიაა“.
„ერთხელ ცუდი წელი მქონდა, როდესაც ყვავილები თურქეთიდან შევუკვეთე და გზაში სატვირთო გაფუჭდა. ხუთი დღით გაჩერება – ცოტა არ არის. უჰაერობაში ყვავილები დაჭკნა და გაფუჭდა. შედეგად, რამდენიმე ათასი, რომელიც ყვავილებსა და მათ განბაჟებაზე დაიხარჯა, უბრალოდ დაიკარგა“.
2020 წელიც წარუმატებელი გამოდგა – კორონავირუსის პანდემია გაზაფხულის დღესასწაულებს დაემთხვა. ყვავილების მაღაზიებმა, რომლებიც ქალთა დღეს, 8 მარტს, დიდი რაოდენობით იმპორტირებულ ვარდებს ყიდიან სკოლის მოსწავლეებზე, დიდი თანხები დაკარგეს. კარანტინის დროს გაჯი შახბალისაც ჰქონდა სირთულეები.
გაჯი შახბალის ბიზნესოცნება
სრული ბედნიერებისთვის გაჯის ორი რამ აკლია: ნაკლები გადასახადები და ბიზნესის დიდ კომპანიად გადაქცევა.
„მაგალითად, 2019 წელს, ლევკოიონის თესლი შევუკვეთე ჰოლანდიაში. სხვა ყვავილებისაც. ხუთი ყვავილი შევუკვეთე – ჩამოვიდა მხოლოდ ოთხი. შემდეგ ისე გამოვიდა, რომ ორი ყვავილი კარგი იყო, ორი კი არც ისე. ფოტოზე ერთია და რეალობაში სულ სხვა. მე რომ კომპანია მქონოდა, კონტრაქტს გავაფორმებდით და მათ ისეთ ამბავს მოვუწყობდი!“.