იბრაჰიმ ჭკადუა, სოხუმი
სამყარო სულ უფრო ვიწრო და ურთიერთდამოკიდებული ხდება. როდესაც საჰარის ქვიშიანი ქარიშხალი აფხაზეთისკენ მოემართება და დილით სოხუმი ოდნავ ყვითლდება, ხვდები, რომ შორეული აფრიკა არც ისე შორეულია. აღარაფერს ვამბობ სირიაზე. ამ ქვეყანაში მიმდინარე ომმა სამშობლოში დააბრუნა მუჰაჯირები და ამით კავკასიის ომის ისტორიული ციკლი დახურა.
31 ივლისს ფაზილ ისკანდერის გარდაცვალების ცნობა მსოფლიო მედიასაშუალებებმა რამდენიმე წუთში გაავრცელეს და, ამის გამო, აფხაზეთს შეერთებულ შტატებზე, რუსეთსა და თურქეთზე არანაკლები სიხშირით ახსენებდნენ მორიგად.
ჩვენთვის, აფხაზებისთვის, ეს სამწუხარო, მაგრამ ერთობ ყურადსაღები მიზეზია. თავისი ისტორიის განმავლობაში აფხაზეთი ხშირად რომელიმე იმპერიის განაპირა რეგიონს წარმოადგენდა, შუა საუკუნეებში კი აფხაზეთის სამეფო არსებობდა. საბჭოთა იმპერიაში ჩვენი სტატუსი განუწყვეტლივ მცირდებოდა, და ბოლოს მოკავშირე რესპუბლიკიდან იქცა ავტონომიად, სადაც ძირძველი მოსახლეობა მთლიანი პოპულაციის ჩვიდმეტ პროცენტს შეადგენდა.
სწორედ მაშინ შეიქმნა ისკანდერის აფხაზეთი. ფაზილის გენიის წყალობით, სანდრო ბიძიამ, რომელიც ქვემო ჩეგემის გზაზე სტალინს შეხვდა, არამხოლოდ მსოფლიო ისტორია, არამედ აფხაზეთის მომავალიც შეცვალა. აფხაზეთი სრულფასოვან ლიტერატურულ სუბიექტად იქცა. მსოფლიო ლიტერატურამ ეს ქვეყანა მყისვე და უპირობოდ, ბლოკადებისა და სანქციების გარეშე აღიარა.
60-70-იან წლებში არც ისე ბევრი აფხაზი წარმოიდგენდა, რომ ოდესმე საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა და ჩვენ დილემის წინაშე აღმოვჩნდებოდით – ან უნდა გავმქრალიყავით, ან უნდა გაგვემარჯვა ომში და სახელმწიფო გავმხდარიყავით. ისკანდერის აფხაზეთი კი უკვე მაშინ არსებობდა ჰარმონიის ერთგვარ კუნძულად – თავისი ზნეობრივი კანონებითა და პატრიარქალური წესწყობილებით.
ეს ქვეყანა უტოპიას, თითქოს არარსებულ სამყაროს ჰგავდა. მაგრამ დამოუკიდებელი და თვითკმარი აფხაზეთის მოდელი სრულად 92-93 წლებში წარმოჩინდა. ომის შედეგად, შესაძლოა, არამხოლოდ აფხაზების აფხაზეთი, არამედ ისკანდერის აფხაზეთიც გამქრალიყო, ეს კი სამყაროსთვის ორმაგად აუნაზღაურებელი დანაკარგი იქნებოდა.
ისკანდერი ნაწარმოებებს რუსულ ენაზე თხზავდა, მაგრამ აფხაზურ ენაზე ფიქრობდა. ეს გარემოებაც დღევანდელ მდგომარეობას ასახავს – როგორც პოლიტიკის, ისე კულტურული კუთვნილების საკითხთან მიმართებით. ფაზილმა მთელი თავისი ცხოვრებითა და შემოქმედებით (ახლა კი თავისი სამწუხარო გარდაცვალებით) დაამტკიცა, რომ შესაძლებელია, ერთდროულად სხვადასხვა კულტურასა და ერს მიეკუთვნებოდე და თან თითოეულს ამდიდრებდე. აღმოჩნდა, რომ შეიძლება დაიბადო აფხაზად, წერო რუსულად და მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის საყვარელი და გასაგები იყო.
მან დაგვიტოვა აფხაზეთი, რომელიც ცოცხალი იქნება, ვიდრე მსოფლიოს ლიტერატურული რუკა იარსებებს. ჩვენ კი რეალური აფხაზეთი დაგვრჩა, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ მსოფლიო რუკაზე და ჩვენი შთამომავლებისთვის.
დღეს ყველა მულტიკულურულობის კრიზისსა და გლობალიზაციის დამღუპველობაზე საუბრობს, მაგრამ არსებობს ისკანდერის მაგალითი, რომელიც უნივერსალურიცაა, და თან უკიდურესად ეროვნულიც. მისი რეცეპტები ზოგჯერ გულუბრყვილოდ გამოიყურება, მაგრამ ამავდროულად ძალიან ბრძნულია.
ერთ-ერთ ინტერვიუში ფაზილ აბდულოვიჩმა განაცხადა:
“ბოროტებას ვერ ამოძირკვავ… მხოლოდ რელიგიური მნიშვნელობით შეიძლება განადგურდეს – საშინელი სამსჯავროს დღეს… მაგრამ ჩვეულებრივ, ადამიანურ ცხოვრებაში ბოროტებას უნდა ვებრძოლოთ… ბოროტების შევიწროვება ყველა ეპოქისა და დროის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ჩვენ კი იმიტომ ვართ ბედნიერები, რომ ბოროტებასთან ბრძოლის დაუსრულებელი ჯაჭვის რგოლებს წარმოვადგენთ.”
ფაზილ ისკანდერი, ალბათ, თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო რგოლი იყო ამ ჯაჭვში.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.
გამოქვეყნებულია: 05.08.2016