არმენ სარგსიანი, ერევანი
არც ისე დიდი ხნის წინათ სომხურ მედიაში გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ მენდელეევის ტაბულას ოთხი ახალი ელემენტი ემატება, რომლებიც რუსეთში, ფლეროვის სახელობის ატომური გამოკვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში, აშშ-სა და იაპონიასთან თანამშრომლობით აღმოაჩინეს.
ელემენტებს პირობითი სახელები აშშ-ს შტატ ტენესის (Tn – tennessine), იაპონიის (Nh – nihonium), მოსკოვისა (Ms – moscovium ) და ერთი აკადემიკოსის გვარის (Og – oganesson) მიხედვით დაერქვა.
სომხების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ელემენტმა Og (ოგანესონი), რომელსაც სახელი ლაბორატორიის ხელმძღვანელის, აკადემიკოს იური ოგანესიანის პატივსაცემად ეწოდა.
იური ცოლაკოვიჩ ოგანესიანი, ფოტო: Итар-Тасс
ოგანესონი რომ არა, სავარაუდოდ, არც დავინტერესდებოდით ამ ინფორმაციით. პერიოდული სისტემის ცხრილის ახალი “ბინადრები” ყველაზე მეტად სკოლის მოსწავლეებს “დააღონებენ” – თითქოს დასაზუთხი აკლდათ! ნაკლებად გვაღელვებს, თუ კიდევ ვის შეიძლება გამოადგეს ეს ელემენტები.
და, სიმართლე ითქვას, თავს დამნაშავედ არც ვგრძნობთ. წარმოიდგინეთ, რომ ვიღაც მეცნიერი გიყვებათ, თუ როგორ ინახავს და გადასცემს ინფორმაციას სინათლე ატომური ორთქლის საშუალებით. და რა მერე? ვის აინტერესებს ეს ყველაფერი? ალბათ მხოლოდ სხვა მეცნიერს.
მაგრამ თუკი ამ ცდის შემდეგ 35 წელიწადში LCD ტელევიზორს შექმნიან (და სინამდვილეში სწორედ ასე მოხდა), ჩვენ სუფთა სინდისით დავტკბებით ამ დანადგარის კარგი გამოსახულებით. და თუ იმავე მეცნიერს დღეს ჰკითხავთ, ამჯერად ის გიპასუხებთ, – რა მოხდა მერეო. მეცნიერისთვის ეს ყველაფერი ილუზიონისტის ზურგსუკან დგომასა და დაკვირვებასავითაა.
მაგალითად, ჩვენთვის ქინოლინისა და ქინიდინის სინთეზი განსაკუთრებულ ემოციებს არ იწვევს
1886 წელს ეს ექსპერიმენტი პირველად ჯაკომო ლუიჯი ჩამიჩიანმა ჩაატარა. ასე იქცა ის ფოტოქიმიის მამად, განახლებადი ენერგიის ნათლიად და მზის ენერგიის პაპად. ახლა ჩვენ ეს საკითხი ძალიან გვაინტერესებს, რადგან 1912 წელს სწორედ სომხური წარმოშობის მეცნიერმა, ჯაკომო ჩამიჩიანმა მოახდინა რევოლუცია მსოფლიო მეცნიერებასა და ეკონომიკაში.
ჩამიჩიანმა დაამტკიცა, რომ მომავალში (ანუ ახლა) მზის ენერგიის გამოყენება იქნება შესაძლებელი. ბოლონიის უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი, რომელიც “მწვანე ქიმიის” მსოფლიო ცენტრად არის მიჩნეული, დღეს მსოფლიო დონის მეცნიერის, ჯაკომო ლუიჯი ჩამიჩიანის სახელს ატარებს.
როდესაც ჩამიჩიანი გარდაიცვალა, სტუდენტებმა და უნივერსიტეტის პედაგოგებმა მეცნიერის ნეშტი მთელი ქალაქის გავლით მხრებით ატარეს. ერთ-ერთი ქუჩა, რომელზეც პროცესიამ ჩაიარა, ჩამიჩიანის სახელობისაა. ჩამიჩიანის ქუჩას 4 იტალიურ ქალაქში – პადუში, ტრიესტში, რომსა და ბოლონიაში შეხვდებით.
ჩამიჩიანის ქუჩა და ქიმიის ფაკულტეტი ბოლონიაში. ფოტო: google map
ჩვენ, რა თქმა უნდა, ვამაყობთ მზის ენერგიის ნათლიის სომხური წარმოშობით, მაგრამ ვაგრძელებთ რუსული გაზის იმპორტს (ცეცხლის ფასად), ყურადღებას ვაქცევთ ნავთობის ფასს და ვალუტის კურსის მერყეობას განვიცდით. განვიცდით, ვოხრავთ და გზას ვაგრძელებთ.
მსოფლიო დონის მეცნიერები თავიანთ ბიოგრაფიებში ყოველთვის უთითებენ ხოლმე იმ მეცნიერების სახელებს, რომლებიც მათი შთაგონების წყაროდ იქცნენ. დროის, დიდი აფეთქებისა და კოსმოსის საკითხების ცნობილი თეორეტიკოსი, სტივენ ჰოკინგი ასეთ ადამიანად თავისი სკოლის მათემატიკის მასწავლებელს, დიკრან ტატას – ტიგრან ტატაბრუნიანს მიიჩნევს.
“დიკრან ტატას წყალობით კემბრიჯის უნივერსიტეტის მათემატიკის პროფესორი გავხდი. ამ ადგილს ოდესღაც ისააკ ნიუტონი იკავებდა.”
1958 წელს დიკრან ტატამ თავისი მოსწავლისათვის დამტვრეული საათებისა და ძველი ტელეფონის ცივფერბლატისგან კომპიუტერი ააწყო. ჰოკინგმა მაშინ პირველად გაიფიქრა, რომ დროის “დაშლა და აწყობაც” შეიძლება იმის სანახავად, თუ როგორ შეიქმნა სამყარო. ნუ ჩავუღრმავდებით. როგორც ხედავთ, პირობები დიდ როლს არ თამაშობდა – ფიზიკური კოსმოლოგიის სწავლა დაზიანებული ტელეფონითაც შეიძლებოდა.
აშტარაკის ფიზიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა, არამ პაპოიანმა ერთხელ მიამბო, თუ როგორ ჩაატარა ბნელ და ცივ 90-იან წლებში ( მაშინ, როდესაც სომხეთში ენერგოკრიზისი მძვინვარებდა) ოთახის ტემპერატურის პირობებში ნივთიერების შთანთქმის ექსპერიმენტები. აღნიშნული ცდების შედეგები მან პარიზში წარადგინა.
მისი ექსპერიმენტების შედეგები არავინ დაიჯერა. ევროპელმა მეცნიერებმა შეუძლებლად მიიჩნიეს ის, რომ ოთახში, იმ პირობებში, როდესაც ჰაერის ტემპერატურა 21 გრადუსს აღწევს, ასე ნელა შეიძლება მიმდინარეობდეს შთანთქმა. არამს ფიზიკის გვერდზე გადადება და ჩვენთვის “ისტორიული ექსკურსის” ჩატარება მოუხდა. მისი თქმით, ჩვენთან კრიზისი მძვინვარებს – ბინებსა და ოფისებში არც შუქია, და არც გაზი და ჩვენს ოთახებში 0 გრადუსი აღინიშნება, და არა ოცდაერთი (როგორც მათთან). და ამ პირობებში გვიწევს ცხოვრება და მუშაობა. ევროპელების გაოცება ამ გარემოებამ უფრო გამოიწვია, ვიდრე საკუთრივ ექსპერიმენტის შედეგებმა.
არ ვიცი, საერთოდ შევძლებთ თუ არა ამ ცდის შედეგების მნიშვნელობის გაგებას. არამ პაპოიანი საათობით მიხსნიდა, რომ თუკი ექსპერიმენტი დადებითი შედეგით დასრულდება, რენტგენის აპარატები “უსარგებლო სათამაშოებად” იქცევა.
არამ პაპოიანი, ფოტო: boon.am
ამის შესახებ ივლისში, ინსტიტუტის ეზოში, გარგრის ბაღში მიამბობდა, სადაც ჰაერი მართლაც “კოსმოსურ არომატს” მოეცვა. წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, რომ ჩვენგან სულ რაღაც რამდენიმე ნაბიჯში, ფიზიკის კრისტალების ლაბორატორიაში სინათლის გარდატეხის ექსპერიმენტებს ატარებდნენ. და ახლა, როდესაც ოგანესონის, ქინოლინისა და მწვანე ქიმიის შესახებ მესმის, თავი ისევ აშტარაკის გარგრის ბაღში მგონია…
გამოქვეყნდა: 29.06.2016