ანინა ტეფნაძე, თბილისი
“ცოტა რამ თუ უწყობს ფიქრს ხელს ისე, როგორც თვითმფრინავი, მატარებელი და გემი. ჩვენი ფიქრები და თვალწინ გადაშლილი ხედი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. დიდ აზრებს გაშლილი ჰორიზონტი სჭირდებათ, ახალ აზრებს კი – ახალი ადგილები”.
ფილმი “მოგზაურობის ხელოვნება”, 2008 წელი
საჩუქრები ამოლაგებულია, ტანსაცმელი, რომელიც დღეების განმავლობაში მეცვა უცხო ქვეყანაში, სარეცხ მანქანაში ირეცხება, პასპორტი – შევინახე, მობილურზე კი დრო ჯერაც არ შემიცვლია. დაინტერესებულ ადამიანებს ერთსა და იმავეს ვპასუხობ: ვეუბნები, რომ ბარსელონაში თბილი და ხმაურიანი ხალხი ცხოვრობს, ქალებსაც და კაცებსაც დიდი სვირინგები აქვთ, ამინდი – გადასარევია. არა, ქართველებს დიდად არ ჰგვანან. ვუხსნი, რომ პლაჟზე მაინცდამაინც დიდი დრო არ გამიტარებია და ძირითადად ფესტივალზე ვიყავი. ტანსაცმელი კი იმიტომ ვერ ვიყიდე, რომ ფული არ მეყო.
“საგრადა ფამილია” ღამის ბინდბუნდში ვნახე, “პარკ დე ლა ციტადელაში” კი სიამოვნებით დავრჩებოდი უსახლკარო ადამიანად. სანამ თბილისში გადაუღებლად წვიმდა, ბარსელონას ყველა პატარა ქუჩა და შესახვევი მოვიარე, ფეხები უამრავჯერ დამეღალა და გამიცოცხლდა, მოვისმინე რედიოჰედი, ეარი და პიჯეი ჰარვი, თუმცა მათზე მეტად არც ისე ცნობილი დიჯეი, მასეო პლექსი მომეწონა. გაზონზეც მეძინა და როცა რაიმე არაჩვეულებრივს ვხედავდი ქუჩაში, საყვარელ ადამიანს ხელს მაგრად ვუჭერდი. თუმცა, ამ მოგზაურობიდან სუვენირების, ფოტოებისა და დასვენებული გამომეტყველების გარდა, კიდევ ბევრი რამ ჩამოვიტანე, რასაც ყველას არ ვუყვები, თუმცა თქვენ გეტყვით. მით უმეტეს, რომ სტანდარტული ტექსტი უკვე წაიკითხეთ.
მაშ ასე, 5 რამ, რაც მასწავლა ამ მოგზაურობამ:
1. კომფორტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის
ყველაფერს თან ვერ წაიღებ და ამაში ცუდი არაფერია. თმა ფენის გარეშეც ლამაზად შრება, საყვარელი სერიალები კი მოიცდიან. ღუნღულა ხალათიც არსად წავა. ფოტოაპარატი პირველ მოგზაურობაში ხალისით მიგაქვს, მეორე მოგზაურობის დროს კი გახსენდება, როგორ გეზარებოდა მისი თრევა და მობილურის კამერას სჯერდები. რაც მეტს მოგზაურობ, მით ნაკლები ნივთი გჭირდება; თანაც, მთელი სახლი თუ თან ატარე, რაღა აზრი აქვს ნაცნობი გარემოდან გაქცევას?
2. მოგზაურობა ნაკლებად პრეტენზიულს გხდის
მშობლიურ ქალაქში ზუსტად იცი, სად ღირს ჭამა და სად – არა. გულწრფელად გეტყვით, ბევრჯერ მითქვამს თბილისში რომელიმე იაფ კაფეში წასვლაზე უარი იმ მოტივით, რომ არ მომემსახურებოდნენ კარგად ან გადაჭედილი იქნებოდა. ამის საპირისპიროდ, ბარსელონაში იაფ საჭმელსა და ლუდზე ნადირობა მქონდა გამოცხადებული. მართალია, კაფეში, რომელშიც შევეხეტე, მიმტანმა, შეკვეთილის ნაცვლად, სხვა და თანაც უგემური კერძი მომიტანა, მაგრამ არ მიწუწუნია. სავარაუდოდ, ჩემი დამტვრეული ესპანურის ბრალი იყო.
3. კომფორტული ფეხსაცმელი არ არსებობს
ყველა ფეხსაცმელი არაკომფორტული ხდება 10 საათს ფეხზე დგომისა და 14 საათიანი სიარულის შემდეგ. ფეხსაცმელების უმრავლესობა უბრალოდ არ არის გათვლილი მოგზაურობაზე.
4. არც დრო არ არსებობს
ორშაბათი მძიმე დღე არ არის, თუ არ გახსოვს, რომ ორშაბათია. რა ბედნიერებაა, როცა მაღვიძარის დაყენება არ გჭირდება ძილის წინ. რა ბედნიერებაა, როცა მესიჯები არ მოგდის სარეკლამო შეთავაზებებით, საცობებზე არ დარდობ… ამის გამოსაცდელად ღირს უამრავი კილომეტრის გადაფრენა. არ არსებობს გეგმები და მკაცრად განსაზღვრული შესვენების დრო. საკუთარი თავისადმი მიცემული პირობების დარღვევაც ძალიან ადვილია. სანახავი ადგილების სია ხომ პირობითია. მერე რა, რომ დიდხანს ინებივრე საწოლში და ამის გამო მთელი დღე გამოტოვე. ეს საწოლი ხომ სხვა ქვეყანაში იდგა. ეგეც საქმეა.
5. ცხოვრების გადაფასება მოგზაურობის თანმდევი პროცესია
ერთი ჩემი მეგობარი მოგზაურობის შემდეგ შეყვარებულს დაშორდა, მეორე – სამსახურიდან წამოვიდა. იქნებ ქართული კომპანიები (და პრინციპში ქართველი შეყვარებულებიც) ასე რთულად იმიტომ გვიშვებენ შვებულებაში, რომ იციან მოგზაურობის ძალა? სხვა ქვეყანაში გაღვიძებისას გახსენდება, რა კარგი შეგრძნებაა საკუთარ თავზე ზრუნვა. შედეგად კი, სახლში დაბრუნებული ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლი. უეცრად უფრო გამბედავი და რისკიანი ხდები: თუკი თვითმფრინავში ძილს გაუძელი, უარესი რაღა უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში?
გარდა ამ ჩამოთვლილი პუნქტებისა, ვისწავლე, რომ “გუგლ მეფი” ფასდაუდებელი აპლიკაციაა, გამყიდველები ხშირად გატყუებენ ხურდის დაბრუნებისას, და ბარსელონაში ყველაზე ლამაზი მეტროსადგურია – Liceu.
რაკი ჩემი სია უკვე დასრულდა, ამას დავამატებდი: ნუ მოუსმენთ თქვენს სერიოზულ შინაგან ხმას, რომელიც გეუბნებათ, რომ მოგზაურობა ძვირია და ვიზის აღება თავის ტკივილია. ნუ წახვალთ ამ ზაფხულს ბათუმში, რომელსაც უკვე ისე კარგად იცნობთ, რომ აჭარული ხაჭაპურების რეიტინგს სულ ადვილად შეადგენდით. წადით იქ, სადაც ჯერ არ ყოფილხართ – კომფორტის ზონის მიღმა.
გამოქვეყნებულია: 14.06.06.2016