როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება სოფლის მეურნეობის გადარჩენას
ტურიზმის შემდეგ სოფლის მეურნეობა მეორე სექტორია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს – 300 მილიონით დააფინანსებს, რაც 100 მილიონი ლარით მეტია, ვიდრე ტურიზმის სექტორზე გამოყოფილი დახმარება. მთავრობის გათვლებით ამ დახმარებით 200 ათასი ფერმერი ისარგებლებს.
მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა, რომელმაც სოფლის მეურნეობას კორონავირუსით გამოწვეული ზარალი უნდა შეუმსუბუქოს.
პროგრამის მთავარი მიზანი პრემიერმა გიორგი გახარიამ ასე ჩამოაყალიბა: “არ დარჩეს დაუმუშავებელი მიწა ქვეყანაში”.
რას გულისხმობს ეს გეგმა:
ანტიკრიზისულ პროგრამის მთავარი ციფრები მოკლედ:
● ჯამში სოფლის მეურნეობის სუბსიდირებაზე 300 მილიონი ლარი დაიხარჯება.
● 17 პროცენტიანი თანადაფინანსება სესხებზე;
● 70 პროცენტიანი თანადაფინანსება აგროდაზღვევაზე;
● ფერმერები ყოველ 1ჰექტარ მიწაზე 200 ლარს მიიღებენ;
● საირიგაციო გადასახადი იქნება 0;
● ყოველი 1 ლიტრი დიზელიდან 1 ლარს სახელმწიფო დააფინანსებს.
ვინ მიიღებს დახმარებას
● ყველა ფერმერი, რომელსაც მიწა ოფიციალურად აქვს დარეგისტრირებული, ყოველ ერთ ჰექტარზე სახელმწიფოსგან 200 ლარს მიიღებს ( რაც აგრობარათზე დარიცხულ 200 ქულას უდრის ).
● თუ ფერმერი 10 ჰა მიწას ამუშავებს, სახელმწიფოსგან მიღებული დახმარება 2 ათასი ლარი იქნება.
● დახმარების მისაღებად აუცილებელი პირობაა ის, რომ მიწა საჯარო რეესტრში უნდა იყოს გაფორმებული. მათ, ვისაც მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული არ აქვს, დრო წლის ბოლომდე მისცეს – როგორც პრემიერმა აღნიშნა, 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ ის ფერმერებიც, რომლებიც მიწის ნაკვეთს წლის ბოლომდე დაარეგისტრირებენ.
● დახმარებას მიიღებენ ის ფერმერებიც, რომლებსაც 1 ჰექტარზე ნაკლები მიწა აქვთ. დახმარება არ ეკუთვნით მხოლოდ მათ, ვინც 0,25 ჰა-ზე ნაკლები ფართის მიწას ამუშავებენ.
● ფერმერები, რომლებიც 0,25-დან 100 ჰექტრამდე ფართობის მიწის ნაკვეთებს ამუშავებენ, დიზელის საწვავს საბაზრო ფასზე 1 ლარით იაფად შეიძენენ. საწვავის ლიმიტი განსაზღვრულია: ფერმერები ერთი ჰექტარის დასამუშავებლად 150 ლიტრ დიზელის საწვავს მიიღებენ.
● ფერმერები, რომლებიც 10 ჰა-მდე მიწის ნაკვეთს ამუშავებენ, 2020 წელს სარწყავი წყლის გადასახადს აღარ გადაიხდიან. (აღმოსავლეთ საქართველოში სარწყავი წყლის გადასახადი ერთ ჰექტარზე 75 ლარია, ხოლო დასავლეთ საქართველოში – 45 ლარი). ხოლო ფერმერი, რომელსაც 10 ჰექტარზე მეტი ფართობის მიწა აქვს, გადაიხდის მხოლოდ სხვაობის საფასურს. ამ შეღავათით სარგებლობისთვის ფერმერებმა სამელიორაციო სამსახურს უნდა მიმართონ, შეავსონ განაცხადი – რამდენი ჰექტარი მიწა გაქვთ და რა პერიოდში (თვეების და თარიღების მითითებით) სჭირდებათ სარწყავი წყალი.
● ასევე, ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში ფერმერებს ჩამოეწერებათ 2012-2019 წლებში დაგროვილი სარწყავი წყლის გადასახადის დავალიანება, რაც ჯამში ეს თანხა 8 მილიონი ლარია.
● სოფლის მეურნეობის მინისტრმა ფერმერებს დაზღვევის პროგრამით ჩართულობისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, მცირე მეურნეობებისთვის სადაზღვევო პრემიის თანადაფინანსება დაახლოებით 70 პროცენტიანი იქნება.
- მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა – ვინ რა დახმარებას მიიღებს
- პანდემიის ეკონომიკა – სად არის გამოსავალი კრიზისიდან? საუბარი ბესო ნამჩავაძესთან და ანდრია გვიდიანთან
- პანდემია – შანსი მმართველი პარტიისთვის? საუბარი თორნიკე შარაშენიძესთან და კორნელი კაკაჩიასთან
სახელმწიფო გრანტები
გარდა ამისა, ფერმერებს აგროწარმოებისთვის შეეძლებათ 50-პროცენტიანი სახელმწიფო გრანტის აღება.
გრანტი შეიძლება გაიცეს სამი მიმართულებით:
- სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად;
- ახალი სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად ან/და არსებული სასათბურე მეურნეობის მოდერნიზაციისთვის;
- ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვა/მონტაჟისთვის;
სახელმწიფო გრანტის 50 პროცენტს ( არაუმეტეს 50 ათასი ლარისა) დააფინანსებს.
ჯამში ამ პროექტის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარია.
მიწის უფასო რეგისტრაცია
20 მაისიდან დაიწყება სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული პროგრამის კიდევ ერთი ნაწილი – ყველა ფერმერს, რომელიც ლეგალურად ფლობს მიწის ნაკვეთს და გარკვეული ტიპის დამადასტურებელი საბუთი აქვს, 2020 წლის ბოლომდე მიწის რეგისტრაცია უფასოდ შეეძლება.
როგორ მივიღოთ დახმარება
დახმარების მისაღებად საჭიროა სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ფერმერთა სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირება.
გარდა ამისა, ფერმერს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ლიბერთი ბანკის “აგრობარათი”, სადაც თანხა დაირიცხება.
ის ადამიანები, რომლებსაც უკვე აქვთ აგრობარათი, მყისიერად შეძლებენ სერვისით სარგებლობას, ხოლო ვისაც ეს ბარათი არ აქვს, მაგრამ აქვს რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, ერთი თვის განმავლობაში მიიღებენ ბარათს.
აგრობარათზე დარიცხული თანხის გამოყენება მხოლოდ სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესაძენად შეიძლება – სასუქების და მცენარეთა დაცვის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებების, მცენარეთა მოვლის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებების და სათესლე და სარგავი მასალების შესაძენად.