„დილამდე ვიცეკვებ. და ტატუს გავიკეთებ“, - ბაქოელები კარანტინის შემდგომი ცხოვრების გეგმებს გვიზიარებენ
აზერბაიჯანში, კარანტინი 31 მაისამდე გაგრძელდა და დაიწყებს თუ არა ამის შემდეგ ქვეყანა აღნიშნული რეჟიმიდან გამოსვლის პროცესს, ჯერჯერობით უცნობია. მაგრამ ბაქოელები უკვე ოცნებობენ და მომავლის გეგმებს აწყობენ. ზოგიერთებს, უბრალოდ ძველი ცხოვრების დაბრუნება სურთ, ზოგიერთები კი საკუთარი თავისთვის იმაზე მეტის უფლების მიცემას აპირებენ, ვიდრე ადრე.
ლეილა ახუნდოვა, 41 წლის, ჰუმანიტარული ორგანიზაციის კურატორი:
„კარანტინის შემდეგ სახლიდან გავალ და დიდი ხნის განმავლობაში, უბრალოდ, ბევრ საათს, წინ ვივლი. გიჟურ ტანსაცმელს ვიყიდი. ტუჩებს მკვეთრი ალისფერი პომადით შევიღებავ. მეგობრებთან ერთად ყავის დასალევად წავალ. ბარებს „შემოვირბენ“. დილამდე ვიცეკვებ. და ტატუს გავიკეთებ“.
ვაგიფ აბასოვი, 38 წლის, ისტორიის მასწავლებელი:
„არის რაღაცები, რასაც ყოველთვის მომავლისთვის დებ. მაგალითად, „ყოველთვის მოვასწრებ“ ან „უმჯობესია სახლში დავჯდე“. მაგრამ შემდეგ, შეიძლება არც გამოგივიდეს.
კარანტინის შემდეგ კინოში წავალ ადამიანთან ერთად, რომელთან ერთადაც დიდი ხნის წინ უნდა წავსულიყავი. უფრო სწორად, საკუთარ თავს ამის საშუალებას მივცემ. უფრო ხშირად გამოვძვრები ჩემი „ბუნაგიდან“.
ნატავან ვახაბოვა, 38 წლის, ფოტოგრაფი:
„სიმართლე გითხრათ, „წესების დარღვევის მოყვარული“ ვარ, ასე რომ, კარანტინს ჩემს ცხოვრებაზე განსაკუთრებული გავლენა არ მოუხდენია – მაინც ვსეირნობდი, დავდიოდი სტუმრად მეგობრებთან და ბარიერების მიუხედავად, შევდიოდი პარკებში.
მაგრამ მოსკოვში ჩემი მეგობარი ცხოვრობს, რომელიც დიდი ხანია შვილზე ოცნებობდა და აი, როგორც იქნა, დაორსულდა. ამიტომ, როდესაც ფრენები აღდგება, პირველ რიგში, მასთან გავფრინდები.
და კიდევ, ძალიან მიყვარს ცურვა და კარანტინამდე დიდი ხნით ადრე ჩავეწერე აუზზე. ძალიან დამწყდა გული, როდესაც ის დახურეს. მოუთმენლად ველი, როდის შევძლებ ისევ ცურვას“.
ქამრან ისმაილოვი, 55 წლის, ჟურნალისტი:
„ჩემი ერთ-ერთი „კარანტინის შემდგომი სურვილი“ უკვე ავისრულე – როგორც იქნა, თმა შევიჭერი. მადლობა ღმერთს, თორემ აღარ მახსოვს, როდის ვიყავი ასეთი გაბურძგნული. კარგია, რომ 4 მაისიდან ისევ ამუშავდა საპარიკმახეროები, თორემ, კიდევ ცოტა და ნამდვილად გეუბნებით, ნულზე გადავიპარსავდი.
და როდესაც საზღვრები გაიხსნება, თბილისში წავალ. თითქმის ყოველთვიურად მიწევდა იქ სამსახურიდან ჩასვლა და ძალიან მომენატრა. წავალ ჩემს საყვარელ პაბში, სადაც კარგი ლუდი და მუსიკალური ავტომატი აქვთ. ასეთ ავტომატებს ახლა იშვიათად თუ შეხვდები სადმე. აგდებ ერთლარიან მონეტას და ირჩევ სიმღერას. პირველ რიგში, The Doors-ის Spanish Caravan-ს ჩავრთავ“.
ზემფირა ალიევა, 65 წლის, პენსიონერი:
ძალიან მინდა აგარაკზე წასვლა, ჩემს ბაღში მუშაობა. ძალიან მაკლია ეს ყველაფერი. ხანდაზმულ ადამიანებს ახლა ხომ საერთოდ აკრძალული გვაქვს ქუჩაში გასვლა.
ადრე, დღეში ორი საათი ვსეირნობდი ხოლმე. ახლა მხოლოდ ფანჯრიდან ვუყურებ ზღვასა და ხეებს, რომლებიც თანდათან მწვანდება. თავს პატიმრად ვგრძნობ.
ეზოში კი გაზაფხულია. ძალიან საწყენია. მინდა მალე დაბრუნდეს ის ყველაფერი, რასაც მივეჩვიე და რაც ჩემთვის ასე მნიშვნელოვანია – აგარაკი, ბაღი, ბუნება, სეირნობა, მოძრაობა, თავისუფლება“.
ცოლ-ქმარი ფარიდ აბდულოვი (28 წლის, მასწავლებელი) და საბინა აბასოვა (28 წლის, არქიტექტორი):
კარანტინის დასრულების შემდეგ, რამდენიმე თვით, ქვეყნის ჩრდილოეთში, ზაქათალაში გამგზავრებაზე ვოცნებობთ, სადაც სახლის აშენებას და ჩვენი პირველი ერთობლივი ბაღის გაშენებას დავიწყებთ. სიმართლე გითხრათ, მშენებლობისთვის ფული პრაქტიკულად არ გვაქვს, მაგრამ მზად ვართ, თვითონ შევასრულოთ მუშის როლი.
გაზაფხულზე ვაპირებდით დაწყებას, მაგრამ პანდემიამ ჩვენი გეგმები გადაწია და, ამასთან, საშუალება მოგვცა სხვანაირად შეგვეხედა ქალაქში ცხოვრებისთვის, ჩვენი ყოფისთვის, სამსახურისა და სახლისთვის.
გაგვიჩნდა სურვილი, რომ კარანტინის შემდეგ ცხოვრება იმავე რიტმში განვაგრძოთ, რომელშიც ახლა – არ ვიჩქაროთ, დავუთმოთ დრო როგორც სამსახურს, ისე სახლსა და დასვენებას. უფრო ხშირად ვიყოთ შინ და ნაკლები დრო გავატაროთ ქალაქის ცენტრში, ერთი კაფედან მეორე კაფეში სიარულში, კონცენტრირება მოვახდინოთ თვითგანვითარებაზე“.