მევენახეების ტანჯვა გრძელდება
ფასები და მოცულობა შემცირებულია, ახსნა-განმარტებებს კი არავინ იძლევა
სარდარაპატის მკვიდრი ალიკ ოზმანიანი ვარაუდობს, რომ წელს 80 ტონა რქაწითელს მოკრეფს, მაგრამ არ აქვს იმის იმედი, რომ მოსავალს ბოლომდე გაყიდის. ამბობს, რომ ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოსავალს კონიაკის ქარხანა “არარატის” არმავირის ფილიალში აბარებდა. წელს ქარხანამ ჩაბარების პირობები შეცვალა.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ფასი 20 დრამით (დაახლოებით 4 ცენტი) შემცირდა და 130 დრამი (30 ცენტი) გახდა. ამავდროულად, შესყიდვების მოცულობა 15%-ით შემცირდა. ოზმანიანს განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულებებში ცვლილებები ფერმერების აზრის გათვალისწინების გარეშე შეაქვთ და არავის აღელვებს, თუ როგორ გაყიდიან მევენახეები დარჩენილ ყურძენს.
თუკი წინა წლებში პატარა გადამამუშავებელი საწარმოები ფერმერებს შეღავათს აძლევდნენ და ყურძენს ხელშეკრულების გარეშე იბარებდნენ, ბოლო ორი წელია, ყურძენს ან მხოლოდ ხელშეკრულებით ყიდულობენ, ან ფიქსირებული ფასის მხოლოდ 50$-ს იხდიან.
ყურძნის ჩაბარება 15 სექტემბრიდან დაიწყო
ყურძნის შესყიდვის სეზონი კონიაკის ქარხანა “არარატმა” დაიწყო. გასული წლებისგან განსხვავებით, ჩაბარების პირველ დღესთან დაკავშირებული საზეიმო ცერემონია არ გამართულა. არც პრემიერმინისტრი მოსულა, და არც სოფლის მეურნეობის მინისტრი. ქარხნის დირექტორიც კი არ გამოცხადებულა. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი არმავირის გუბერნატორმა, აშოტ კაგრამანიანმა უზრუნველყო. იგი თავადაც გაოცდა იმის გამო, რომ მარტო დარჩა.
მან რამდენჯერმე გადადო პირველი მანქანის ქარხნის ტერიტორიაზე შესვლის რიტუალი. იმედი ჰქონდა, რომ ქარხნის ხელმძღვანელი მაინც მოვიდოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში არავინ მისულა. საბოლოოდ, გუბერნატორმა ყურძნის ჩაბარების პროცესი გახსნილად გამოაცხადა.
რატომ ჩაიარა ყველაფერმა ოფიციალური პირების გარეშე და რატომ შემცირდა ფასები
როგორც წესი, სოფლის მეურნეობის მინისტრს, სერგო კარაპეტიანს [მასალის გამოქვეყნების მომენტში სერგო კარაპეტიანი უკვე გათავისუფლებულია თანამდებობიდან] ყურძნის მიღების დაწყების საზეიმო ცერემონიებში მონაწილეობის მიღება და ქარხნის ფონზე ფოტოების გადაღება უყვარდა. “მაგრამ, როგორც ჩანს, ამჯერად არაფერი ჰქონდა სათქმელი“, – ამბობს სარდარაპატელი მევენახე მამიკონ ალექსანიანი. მისი აზრით, მინისტრმა ამ ღონისძიებაზე მოსვლას თავი იმიტომ აარიდა, რომ არ სურდა პასუხი გაეცა ფერმერების შეკითხვებზე იმის შესახებ, თუ რატომ შემცირდა ყურძნის ფასი და შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მასშტაბები. მევენახეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა იმ თანხებს შეეხება, რომლებიც საწარმოებმა გასულ წელს მიღებული ყურძნისთვის უნდა გადაიხადონ.
მამიკონი ამბობს, რომ დიდი ზარალი ნახა. წელს სეტყვის გამო, მან მოსავლის 30-40% დაკარგა. ამის შემდეგ კონიაკის ქარხანა არარატმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნა (80 ტონა ყურძნის სახით) 15%-ით შეამცირა და ახლა სხვა ქარხნები უარს ამბობენ მასთან ხელშეკრულების დადებაზე.
გასულ წელს მამიკონმა 6 ჰექტარზე გაშენებული ვენახში 130 ტონა ყურძენი მიიღო. 80 ტონა კონიაკის ქარხანა არარატს ჩააბარა, დანარჩენი 50 კი 2 სხვა საწარმოს, მიასნიკიანში მდებარე სს “შახაზარიანსა” და პროშიანის ქარხნის არმავირის ფილიალს მიჰყიდა.
“შახნაზარიანსა” და პროშიანის ქარხნის ფილიალს ჯერაც არ გადაუხდიათ მისთვის ფული – მიუხედავად იმისა, რომ ფერმერებმა სერგო კარაპეტიანს დაუჯერეს და ამ ორგანიზაციებს ყურძენი მიჰყიდეს. მინისტრი კი ირწმუნებოდა, რომ 2015 წლის მოსავლის ფასს შემსყიდველები 2016 წლის 1-ელ მარტამდე გადაიხდიდნენ.
2015 წელს არმავირში ყურძენს 5 ორგანიზაცია იბარებდა და მხოლოდ 2 მათგანი იხდიდა ნაღდ ფულს. დანარჩენ სამს დღემდე მევენახეების ვალი აქვს. ეს ფაქტი არმავირის გუბერნატორმა, აშოტ კაგრამანიანმაც დაადასტურა.
ყურძნის შემსყიდველების მიერ წელს დაწესებული პირობები გუბერნატორისთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა. მისი ვარაუდით, ფასის შემცირება, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს მწარმოებელი კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის პრობლემებთან, მიღების მასსტაბების შემცირება კი, ალბათ, რისკის შემცირების აუცილებლობით იყოს განპირობებული.
ყოველ შემთხვევაში, გუბერნატორმა იმედი გამოთვა, რომ კომპანიებთან დაწყებული მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში დასრულდება. საწარმოებს შემდეგი მოთხოვნები წაუყენეს – გადაიხადონ გასული წლის დავალიანებები, დაიწყოს მიმდინარე წლის მოსავლის ჩაბარება და ხელშეკრულების გარეშე ჩაბარებული ყურძნის ფასი 110 დრამზე (დაახლოებით 23 ცენტზე) ნაკლები არ იყოს.
აიგევანის მოსახლეობა საკუთარი ვენახების გაჩეხვას გეგმავს
2015 წლამდე სამველ სარგსიანი ქარხანას ყოველწლიურად 5 ტონა ყურძენს აბარებდა. წელს ქარხნებმა მასთან და მის მეზობლებთან ხელეკრულების გაფორმებაზე უარი თქვეს. სამველმა თავისი ვენახის ადგილას ხეხილის ბაღის გაშენება გადაწყვიტა.
მისი თქმით, პრობლემა ხელოვნურად იქმნება – არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სურთ, რომ ამ სფეროში მხოლოდ მსხვილი ფერმერები დარჩენ. სამველის თქმით, საქმეში დარჩებიან მხოლოდ ერკენიანი [სომხური წარმოშობის არგენტინელი მეწარმე, რომელიც სოფლის მეურნეობაში მსხვილ ინვესტიციებს ახორციელებს], მეორე პრეზიდენტის ვაჟი და კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომელთა ვენახებიც ასობით ჰექტარის ფართობს იკავებს.
ალიკ ოზმანიანი (მისი ნაკვეთიც არ არის დიდი – მხოლოდ 6 ჰექტარის ფართობს იკავებს) სამველის შეთავაზებას ეთანხმება. ფასების შემცირებისა და შესყიდვების მოცულობის კლებასთან ერთად მცირე ვენახების მეპატრონეებს (მხოლოდ მათ) დამატებითი მოთხოვნა წაუყენეს – შესასყიდი ყურძენი იდეალურად უნდა გამოიყურებოდეს. ამისათვის კი ფერმერებს დამატებითი ხარჯების გაწევა მოუხდათ.
წელს, სეტყვის გამო, ყურძენი სათანადოდ ვერ გამოიყურებოდა და მტევნების წესრიგში მოსაყვანად ფერმერებს დამხმარეების დაქირავებამ მოუწიათ. მამიკონ ალექსანიანმა ამისათვის დამატებით 1,5 მილიონი დრამი (3000 დოლარზე მეტი) დახარჯა.
გასულ წელს არმავირის რაიონში 137 ათასი ტონა ყურძენი აწარმოეს. წელს, ყინვისა და სეტყვის გამო, მხოლოდ 105 ათასი ტონა დაიკრიფა.
გამოქვეყნდა: 28.09.2016