მოლდოვა: “ცრუ” ლტოლვილთა საბადო ევროპაში
ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის მიხედვით მოლდოვა მხოლოდ იმ ქვეყნებს ჩამორჩება, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. დამოუკიდებელი მოლდოვური გამოცემის ZdG-ს ჟურნალისტები ნიდერლანდებში გაემგზავრნენ, რათა ენახათ, რა გზას გადიან მოლდოვიდან ევროპაში არალეგალური მიგრანტები და გაეგოთ, მათი მოლოდინები რატომ არ მართლდება.
Ziarul de Gardă-ს მასალის მიხედვით.
“უკაცრავად, მაგრამ შანსი არ გაქვთ”
უზრუნველ ცხოვრებაზე ევროპაში ათობით ათასი მოლდოველი ოცნებობს. ბევრი მათგანი ევროპაში მთელი ოჯახით მიდის იმ იმედით, რომ იქ „ჩაბარდებიან“ და ლტოლვილის სტატუსს მიიღებენ.
ეს ხალხი სიღარიბეს, უმუშევრობასა და არასტაბილურობას გაურბის, მაგრამ ევროპელი მოხელეები სამართლიანად მიიჩნევენ, რომ ეს საკმარისი არ არის ლტოლვილის სტატუსის მისაღებად.
”ჩვეულებრივ, ჩვენ გასაგებად ვეუბნებით, რომ მათ არ აქვთ შანსი, რადგან ისინი კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ,” – განმარტავს ჰენკ ვოლტოფი, თავშესაფრის მაძიებელთა უდიდესი ცენტრის ხელმძღვანელი ნიდერლანდების ქალაქ ტერ აპელში.
- თავისუფალი მიმოსვლა შეზღუდვებით. ვინ და რატომ არ უშვებს საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში
- თავშესაფრისთვის ევროპაში – რა ემუქრება უვიზო რეჟიმს
მოლდოველები ტერ აპელში ხშირად „ორგანიზებულად“ ჩამოდიან: ხალხით გატენილი ავტობუსით ერთად ნათესავები, მეზობლები და თანასოფლელები მგზავრობენ. უკეთესი ცხოვრების მაძიებლებს შორის, ჩვეულებრივ, მოხუცები, ბავშვები და ორსული ქალებიც არიან. მტანჯველი მოგზაურობა რამდენიმე დღე გრძელდება.
”ჩვენ, რა თქმა უნდა, ვწუხვართ, რომ ამ ხალხმა ასეთი გრძელი გზა გაიარა. ვწუხვართ, რომ ისინი თავის ოცნებას ვერ აისრულებენ – ამბობს ჰენკ ვოლტოფი – მათ სახეებზე იმედგაცრუებას ვხედავდი, როდესაც იგებდნენ, რომ თავშესაფრის მოთხოვნას აზრი არ ჰქონდა.”
ცენტრი დღე და ღამე ღიაა – აქ მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან ადამიანები, რომლებსაც ევროპაში დამკვიდრება სურთ. ბევრი ომებსა ან ტოტალიტარულ რეჟიმებს გაურბის, მაგრამ მათ შორის, ვინც თავშესაფარს ითხოვს, უამრავი ადამიანია იმ ქვეყნებიდან, რომელსაც ნიდერლანდები უსაფრთხოდ მიიჩნევს. ასეთებს მოლდოვაც მიეკუთვნება, ამიტომ გასულ წელს ნიდერლანდების სამეფომ ამ ქვეყნის მოქალაქეთა არცერთი თხოვნა თავშესაფრის თაობაზე არ დააკმაყოფილა. საერთო ჯამში, 2019 წელს ასეთი ადამიანი 900-მდე იყო იყო.
კრიმინალური სქემები
არსებობს საფუძველი ეჭვი, რომ ადამიანები, რომლებიც მოლდოველების ევროპაში გამგზავრების ორგანიზებას აკეთებენ, საერთაშორისო კრიმინალური სქემის ნაწილს წარმოადგენენ.
2019 წლის ნოემბერში ნიდერლანდების პოლიციამ მოლდოვას რამდენიმე მოქალაქე დააკავა, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან უკანონო მიგრაციისა და ადამიანებით ვაჭრობის ორგანიზებაში. გამოძიება გრძელდება, დაკავებულია ორი ავტობუსის მძღოლი, რომლებმაც მოლდოველები ნიდერლანდებში ჩაიყვანეს.
ბევრი მათგანი, ვინც ნიდერლანდებისგან უარს იღებს, ბედს ევროკავშირის სხვა ქვეყნებში ცდის. მოლდოვის ელჩი ნიდერლანდში ტატიანა პირვუ ამბობს, რომ ამ ადამიანების 70 პროცენტი თავშესაფრის მიღებას საფრანგეთში ან გერმანიაში ცდილობს. ამას აზრი არ აქვს, რადგან ყველა განაცხადი ევროკავშირის საერთო ბაზაში ხვდება.
გასულ წლებში, თავშესაფრის ყველა მაძიებელს, სანამ მისი განაცხადები იხილებოდა, გარკვეულ შემწეობას უხდიდნენ. მაგრამ ახლახანს წესები გამკაცრდა და მათ ფულს აღარ უხდიან და მხოლოდ ღამის გასათევით უზრუნველყოფენ. მოლდოვის ელჩის თქმით, ამ ცვლილებამ სხვა ქვეყნებში “ჩაბარების” მსურველთა რიცხვი ძალიან შეამცირა.
რისკის ჯგუფი
უკანონო მიგრანტების უმრავლესობა, რომლებსაც ტრეფიკინგის ხაფანგში მოხვედრა ემუქრებათ, მოლდოვის ბოშების თემის წარმომადგენელია. ყოველ შემთხვევაში, ისინი მოლდოვიდან ტერ აპელამდე ავტობუსებში მგზავრების უმრავლესობას შეადგენენ.
ბევრი ბოშა, მათ შორის ქალები მცირეწლოვანი ბავშვებით და 70 წელს გადაცილებულებიც, მოლდოვას ერთი ქალაქიდან – ოტაკიდან გაემგზავრა. ცნობილია, რომ ამ ადამიანებმა შეიტანეს შუამდგომლობა ნიდერლანდებში ლტოლვილის სტატუსის მისაღებად, უარი მიიღეს, მაგრამ სამშობლოში არ დაბრუნებულან.
დენის პრეიდა ნიდერლანდებიდან ერთი თვის წინ გამოუშვეს.
”ვარშავა-კიშინიოვის თვითმფრინავით ჩამოვედით, – ჰყვება დენისი, “8 ადამიანი გამოგვაყოლეს, რომ დარწმუნებულიყვნენ, რომ სახლში ჩავიდოდით და უკან არ გამოვბრუნდებოდით”.
დენისი შეძენილ ცოდნას ხალისით გვიზიარებს: ევროპაში ლტოლვილის სტატუსს იმ შემთხვევაში მიგანიჭებენ, თუ დარწმუნდებიან, რომ გდევნიან ან გემუქრებიან. ”მე ავუხსენი, რომ ფინანსური პრობლემები მაქვს, მაგრამ მათ ეს არ გაითვალისწინეს,” – ამბობს ის.