ქინძს ევროპაში მოეწონებოდა
იმერეთში ახლა მწვანილის სეზონია, ქართულ მწვანილს კი ისევ არ აქვს სტაბილური ბაზარი.
ტრადიციულ საექსპორტო ბაზრებზე – რუსეთსა და უკრაინაში, ეკონომიკური პრობლემების გამო, უკვე მესამე წელია, ქართული მწვანილის ფასი რეკორდულად მცირდება. ევროკავშირის ბაზარი კი, რომელიც ქართული პროდუქციისთვის ოფიციალურად გაიხსნილია, ფერმერებისთვის კვლავ მიუწვდომელი რჩება.
2014 წლის 27 ივნისს საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. ამ შეთანხმების ეკონომიკური ნაწილი – ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულება (DCFTA) ქართველ ფერმერებსა და მეწარმეებს ევროკავშირის 580-მილიონიან ბაზარზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის საბაჟო გადასახადის გარეშე შეტანის უფლებას აძლევს.
ამ შეღავათებით კი საქართველოში ცოტა ფერმერი თუ სარგებლობს.
ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი მზარდია, თუმცა თუ სტატისტიკას დააკვირდებით, ნახავთ, რომ ევროპის ქვეყნებში ძირითადად ისევ თხილი და ღვინო გადის. ეს პროდუქტები კი ევროპის ბაზარზე ასოცირების შეთანხმებამდეც გადიოდა.
ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:
მიზეზი 1: სტანდარტი და ხარისხი
იმისთვის, რომ ქართული ბოსტნეული და ხილი ევროკავშირის ქვეყნების სუპერმარკეტების და მსხვილი სავაჭრო ქსელის დახლებზე მოხვდეს, მეწარმეს მეურნეობაში GLOBAL GAP-ის სტანდარტი უნდა ჰქონდეს.
GLOBAL GAP-ის სტანდარტი იმის გარანტიაა, რომ პროდუქტის წარმოება მართლზომიერად ხდება და საზიანო ეკოლოგიური გავლენა და ქიმიკატების გამოყენება მინიმუმამდეა დაყვანილი.
შპს ‘ჰერბია’ მწვანილის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში, რომელსაც GLOBAL GAP-ის სტანდარტი აქვს. ეს კომპანია თავიდანვე პროდუქციის ევროპის ქვეყნებში გატანის მიზნით შეიქმნა. იმისთვის, რომ GLOBAL GAP-ის სტანდარტი მიეღო, ‘ჰერბიამ’ რთული და ძვირად ღირებული პროცესი გაიარა: ესპანური საკონსულტაციო კომპანია მოიწვია და მეურნეობა მათი რჩევით მოაწყო, შემდეგ აუდიტი გაიარა, რომელმაც GLOBAL GAP-ის წარმოების სტანდარტებთან შესაბამისობა შეამოწმა და კომპანიას სათანადო სერტიფიკატიც მისცა. ეს პროცედურები ‘ჰერბიას’ 50 ათასი ევრო დაუჯდა. გლეხებისა და იმ ფერმერებისთვის, რომლებსაც მცირე მეურნეობა აქვთ, ამ თანხის გადახდა არარეალურია.
მიზეზი 2: რაოდენობა
GLOBAL GAP-ის მიღების შემდეგ ‘ჰერბია’ უკვე სხვა დაბრკოლებას გადააწყდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ კომპანიის პროდუქცია მაღალი ხარისხისაც არის და მოთხოვნადიც, ამ ეტაპზე ევროკავშირის ბაზარზე მაინც შეზღუდულად – მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და ბულგარეთში შედის, ისიც ძალიან მცირე რაოდენობით. საქმე ისაა, რომ ევროპული მარკეტები ბოსტნეულის დიდი და გარანტირებული მოცულობების სტაბილურ მიწოდებას ითხოვენ, ‘ჰერბია’ კი ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.
‘ჰერბიას’ გენერალური დირექტორი, ზურაბ ჯანელიძე ამბობს, რომ მისი პროდუქცია რომელიმე ევროპული ქვეყნის სუპერმარკეტების ქსელში რომ მოხვდეს, ამისთვის ის ამ ქსელს ყოველ მეორე დღეს, სულ მცირე, 20 ტონა მწვანილით უნდა ამარაგებდეს. ამ რაოდენობის პროდუქციას კი ის ჯერჯერობით ვერ აწარმოებს.
რჩევა 1. კოოპერატივები
ამ ვითარებიდან გამოსავლის პოვნის მიზნით, ეკონომიკის სამინისტროსთან არსებულმა ‘ინდუსტრიული განვითარების ჯგუფმა’ ჰოლანდიური კომპანია ‘bilancia’ დაიქირავა.
‘bilancia’-ს პირველი რჩევა ასეთი იყო – მწვანილის წარმოება 50 პროცენტით რომ გაიზარდოს, სასათბურე მეურნეობებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვაა საჭირო, რაც ასევე დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ამიტომ, ‘bilancia’ ქართველ ფერმერებს ურჩევს, კოოპერატივები დააფუძნონ, რაც ახალი ტექნოლოგიებისა და GLOBAL GAP-ის სტანდარტის დანერგვის ხარჯებს შეამცირებს და წარმოებასაც გაზრდის.
‘bilancia’-ში ფიქრობენ, რომ მწვანილის ქართველ მწარმოებლებს აქვთ გარკვეული უპირატესობა, რომელიც უნდა გამოიყენონ: საქართველოში მწვანილი სექტემბრიდან მაისამდე პერიოდში მოდის, ეს კი ის დროა, როდესაც ევროპაში მწვანილზე მოთხოვნა მატულობს. გარდა ამისა, საქართველოში კარგი კლიმატი და წყალია, რაც ფერმერებს საშუალებას მისცემს, აქცენტი ორგანული სასუქის გამოყენებაზე გააკეთონ და ბიოპროდუქტი აწარმოონ. ბოლო წლების განმავლობაში ბიოპროდუქტებზე ფასიც და მოთხოვნაც მთელ მსოფლიოში მატულობს.
რჩევა 2. თანამედროვე ტრანსპორტირება
ჰოლანდიური კომპანია ქართველ ფერმერებს ურჩევს, მწვანილის კონდიცირებული ტრანსპორტით გადატანის გეგმაც შეიმუშავონ, რაც ასევე ძვირია, მაგრამ აუცილებელი იმისთვის, რომ საქართველოდან ევროპის ქვეყნებისკენ მიმავალ გზაზე პროდუქტმა ხარიხსი არ დაკარგოს.
***
ჰოლანდიელი სპეციალისტების რჩევა ქართველი ფერმერების ნაწილმა უკვე გაითვალისწინა. 11-მა ფერმერმა კოოპერატივი – ‘ქართული მწვანილი’ დააფუძნა. მათ შორისაა ‘ჰერბიაც.’
‘ამ კოოპერატივში დიდი სათბურების მფლობელები გავერთიანდით, მაგრამ ამ ეტაპზე მწვანილი ევროკავშირის ქვეყნებში ჯერ კიდევ ვერ გაგვაქვს – GLOBAL GAP-ის სტანდარტი ჩვენს შორის მხოლოდ ‘ჰერბიას’ აქვს,’ -ამბობს ბადრი კილაძე, რომელსაც, მე-8 წელია, წყალტუბოს რაიონში, 3 ათას კვადრატულ მეტრზე მოწყობილ სათბურში სალათი, კამა, ოხრახუში და ქინძი მოჰყავს.
‘ქართული მწვანილის’ მეპაიეებს GLOBAL GAP-ის სტანდარტის მიღება წლის ბოლომდე აქვთ დაგეგმილი და ამ საქმეში სახელმწიფოსა და დონორი ორგანიზაციების დახმარების იმედი აქვთ.
‘სახელმწიფო ითხოვს, რომ GLOBAL GAP-ის სტანდარტის მისაღებად თანხის გარკვეული ნაწილი ჩვენ თვითონ – კოოპერატივის წევრებმა დავფაროთ. თითოეულ მეპაიეს დაახლოებით 2500 აშშ დოლარის დადება მოუწევს. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში შემოსავალი თითქმის არ გვქონია, ამ თანხის მოძიება ადვილი არ არის,’ – ამბობს კილაძე.
‘ევროკავშირში ექსპორტი რომ გაიზარდოს, ამისთვის კომპლექსური ღონისძიებების გატარებაა საჭირო: აუცილებელია ევროკავშირის ბაზრის დეტალური შესწავლა, ამათუიმ პროდუქციაზე მოთხოვნის განსაზღვრა და იმ ნიშების გამოვლენა, სადაც საქართველოს კონკურენტული უპირატესობა აქვს. რადგან პატარა ქვეყანა ვართ, აქცენტი ქვეყნის ბრენდირებაზე უნდა გაკეთდეს და საქართველოსა და ქართული პროდუქციის ცნობადობა გაიზარდოს. ამისთვის აგრესიული მარკეტინგია საჭირო. სამწუხაროდ, არც ხელისუფლების და არც ბიზნესის მუშაობა ამ მიმართულებით საკმარისი არ არის,’ – ამბობს თბილისის საერთაშორისო ეკონომიკური სკოლის- ISET მკვლევარი, რატი კოჭლამაზაშვილი
- ‘ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის’ ინფორმაციით, იმერეთის 1000-მდე სასათბურე მეურნეობაში 550 მცირე მეწარმეს და 10 მსხვილ კომპანიას წელიწადში დაახლოებით 25 000 ტონამდე მწვანილი მოჰყავს. ქართული მწვანილი ექსპორტზე ძირითადად უკრაინაში, ბელარუსში, აზერბაიჯანში, ლატვიასა და მოლდოვაში გადის.
- ‘ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის’ პროგნოზით, ევროკავშირის ბაზარზე შესვლის შემთხვევაში, ქართული მწვანილი ევროპის ბაზრის 0,2%-ს დაიკავებს. 1 კგ ქართული მწვანილის მინიმალური ფასი კი 2-3, მაქსიმალური კი 6 ევრო იქნება. ამ ეტაპზე საუბარია ოხრახუშის, კამის, ქინძის და რუკოლას წარმოებაზე.
- საქსტატის მონაცემებით, 2015 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან, წინა წელთან შედარებით, 6%-ით, 3165 მლნ. აშშ დოლარამდე გაიზარდა. ამ მონაცემების მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებში გასულ წელს 646 მლნ. აშშ დოლარის საქონელი გავიდა (წინა წელთან შედარებით, 4 პროცენტით მეტი). ევროპის ქვეყნებში ექსპორტზე სოფლის მეურნეობის პროდუქტებიდან ძირითადად ღვინო და თხილი შედის. ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ ამ ჩამონათვალს მხოლოდ ლურჯი მოცვი და კივი დაემატა.
გამოქვეყნებულია:18.04.2016