მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა - ვინ რა დახმარებას მიიღებს
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა.
გეგმის თანახმად, სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებენ სამსახურის გარეშე დარჩენილები, სოციალურად დაუცველები, მრავალშვილიანი ოჯახები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.
ანტიკრიზისულ გეგმაზე მთავრობა 3,5 მლრდ ლარს დახარჯავს.
24 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 431 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 5126 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 578 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 114 გამოჯანმრთელდა და 5 გარდაიცვალა.
რა წერია გეგმაში და რატომ აკრიტიკებს მას ოპოზიცია.
რა ზარალი ნახა ქვეყანამ კორონავირუსის პანდემიის გამო. ციფრები
● პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე, საქართველოში ეკონომიკური ზრდა მინუს 4 პროცენტი იქნება, დაგეგმილი 4.3 პროცენტიანი ზრდის ნაცვლად.
● ქვეყნის ბიუჯეტი შემოსავლების სახით 1.8 მილიარდ ლარს დაკარგავს.
● მიმდინარე ხარჯები 300 მლნ ლარით შემცირდა.
●გიორგი გახარია ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო სამუშაოს 350 ათასი ადამიანი დაკარგავს.
ვინ მიიღებს დახმარებას
დასაქმებულები
მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში თვეში 200 ლარს (ჯამში 1200 ლარს) მიიღებენ დაქირავებით დასაქმებული ადამიანები, რომლებმაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ საერთოდ დაკარგეს სამსახური ან უხელფასო შვებულებაში არიან გაშვებული.
ასეთია 350 ათასი მოქალაქე, ამბობს პრემიერი. მათი დახმარება ბიუჯეტს 460 მილიონი ლარი დაუჯდება.
თვითდასაქმებულები
ერთჯერად, 300 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ თვითდასაქმებულებიც. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობას დაუსაბუთებენ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო მათ შემოსავალი დაკარგეს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თვითდასაქმებულების დახმარება ბიუჯეტს 75 მილიონი ლარი დაუჯდება.
სოციალურად დაუცველები
● სოციალურად დაუცველი ის მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 ათასიდან -100 ათასამდეა, ექვსი თვის განმავლობაში ყოველთვიურად სახელმწიფოსგან 100 ლარს მიიღებენ.
ასეთი საქართველოში 70 ათასი ოჯახია.
● ის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 100 ათასამდეა და ჰყავთ სამი ან მეტი, 16 წლამდე ასაკის შვილი, ასევე ექვსი თვის განმავლობაში ყოველთვიურად 100 ლარს მიიღებენ.
ასეთი 21 ათასი ოჯახია.
● ექვსი თვის განმავლობაში ყოველთვიურად 100 ლარს მიიღებენ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები.
ექვსი თვის ათვლა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღიდან – 21 მარტიდან მოხდება.
დახმარებეის გაცემა მაისიდან დაიწყება. ანუ მაისში მარტის დახმარებას მიიღებენ, ივნისში აპრილისას და ა.შ.
პენსიონერები
2021 წლიდან ყველა პენსიონერის პენსია 20 ლარით, ხოლო 70 წელს გადაცილებული პენსიონერების პენსია 25 ლარით გაიზრდება
დამსაქმებლები
დამსაქმებლები, რომლებიც სამსახურიდან არ გაათავისუფლებენ თანამშრომლებს და შეუნარჩუნებენ მათ სამუშაო ადგილებსა და ხელფასებს, სახელმწიფოსგან ექვსთვიან შეღავათს მიიღებენ.
შეღავათი ასეთია: მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში 750 ლარამდე ხელფასი სრულად, ხოლო 750 ლარს ზემოთ ხელფასი ნახევრად გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან.
ამისათვის ბიუჯეტიდან 250 მილიონი ლარი გამოიყოფა.
მეწარმეები
● მთავრობის ანატიკრიზისული გეგმით, ამოქმედდება დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმი და წელს ბიზნესი დამატებით 600 მილიონ ლარს მიიღებს.
● 600 მლნ ლარს მიიღებენ მთავრობისგან ასევე კომერციულ ბანკები. ამ ფულით მათ ბიზნესი უნდა დააკრედიტონ.
● მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდასაჭერად ბიუჯეტიდან დამატებით 500 მლნ ლარი გამოიყოფა. ეს ფული ბიზნესის ბანკებთან ურთიერთობას მოხმარდება – სახელმწიფო იქნება სესხის 90 პროცენტის გარანტორი, თუკი მეწარმე ახალი ბიზნესის დაწყებას და ახალი სესხის აღებას გადაწყვეტს. ხოლო იმ კომპანიებს, რომელთაც ძველი სესხები აქვთ, სახელმწიფო რესტრუქტურიზაციაში დაეხმარება და სესხის 30 პროცენტს დაუფინანსებს.
● ცვლილებები შედის ეკონომიკის სამინისტროს პროგრამაში – “აწარმოე საქართველოში”, რომელიც ქვეყანაში საექსპორტო საქონლის წარმოებას უწყობს ხელს. ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, ამ პროგრამის ფარგლებში მეწარმეებისთვის სესხის თანადაფინანსების პერიოდი 24-დან 36 თვემდე იზრდება. იცვლება საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების მექანიზმიც.
სოფლის მეურნეობა
● ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ფიზიკური და იურიდიული პირები წელს სარწყავი წყლის გადასახადისგან სრულად თავისუფლდებიან. დღემდე არსებული დავალიანება კი მთლიანად ჩამოეწერებათ.
● სოფლის მეურნეობის სამინისტრო გააგრძელებს მიკროსაგრანტო პროგრამის დაფინანსებას – ერთ ბენეფიციარზე უფრო დიდი გრანტის გაცემა იქნება შესაძლებელი – ზედა ზღვარი იქნება 30 ათასი ლარი დღეს არსებული 5000 ლარის ნაცვლად.
● ერთწლოვანი კულტურების (მაგალითად, ხორბალი, კარტოფილი, კიტრი) მოყვანისთვის მთავრობა ჯამში 50 მილიონიან აგროკრედიტს გამოყოფს. პრემიერ-მინისტრი ვარაუდობს, რომ ამ პროგრამით 5 ათასი ადამიანი ისარგებლებს. მთავრობა მათ სესხის პროცენტს სრულად დაუფინანსებს.
● სამი წლის განმავლობაში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის რეგისტრაცია ჩატარდება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სწორედ ამ ფართის მიწაა დარჩენილი საქართველოში რეგისტრაციის გარეშე.
______________________________________________
ოპოზიციის შეფასებები
თითქმის ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა მწვავედ გააკრიტიკა.
პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ დახმარება, რომელსაც ხელისუფლება მოსახლეობას სთავაზობს, არ არის ადექვატური იმ გამოწვევების, რაც ამ ეტაპზე ქვეყნის წინაშე დგას. იგი არასაკმარისია და ვერ შეუმსუბუქებს ხალხს მძიმე ეკონიმიკურ კრიზისს, აღნიშნავენ ხელისუფლების ოპონენტები.
პარტია “ევროპული საქართველო” მიიჩნევს, რომ სიტუაციდან გამოსავალი იქნებოდა გადასახადების შემცირება და არა ერთჯერადი დახმარებების გაცემა.
“დაგვიანებული, ზედაპირული, მავნებლური ინსტიქტებით და არაადეკვატური კრიტერიუმებით სავსე ბუნდოვანი პრეზენტაცია მოვისმინეთ გახარიასგან”, – ასე შეაფასა “ევროპული საქართველოს”ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მთავრობის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმა.
ბოკერია ამბობს, რომ დახმარება, რომელსაც მთავრობა მოქალაქეებს სთავაზობს, მიზერულია და სახელმწიფომ არც მოქალაქეებს და არც მეწარმეებს არ შესთავაზა გადასახადების შემცირება, “რაც ამ ვითარებაში წარმოუდგენელი რამეა”.
- ვის და რა შემთხვევაში შეუძლია მანქანით გადაადგილება – გამონაკლისების სია
- საქართველო პიკს უახლოვდება. მზად არის თუ არა ქვეყანა
- “დედამთილი სულ მითითებებს მაძლევს. შეპასუხება არ შეიძლება,” – ექვსი მარნეულელი ქალი ჰყვება, როგორ შეცვალა კარანტინმა მათი ცხოვრება
პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელი, ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ვერ წარმოადგინა ეკონომიკის სტიმულირების სისტემური გეგმა, რომელიც უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს სამსახურში დაბრუნების შესაძლებლობას მისცემდა. ფულადი დახმარება კი, რასაც სამუშაოს გარეშე დარჩენილი ადამიანები მიიღებენ, ძალიან მცირეა, ამბობს ის.
ჯაფარიძე ფიქრობს, რომ ეს უფრო წინასაარჩევნო გეგმაა, ვიდრე კრიზისიდან გამოსავალი:
“ასევე ეჭვს იწვევს გრაფიკის გაწერა ექვს თვეზე. მეექვსე თვე არჩევნებს ემთხვევა. ჩნდება კითხვა, რატომ არ შეიძლება ამ დახმარების სამი თვის განმავლობაში გაცემა?” – ამბობს ჯაფარიძე.
„სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას ჰქონდა შანსი, რომ ოპოზიციასთან ერთად ემუშავა და ეროვნული თანხმობის ანტიკრიზისული გეგმა შეემუშავებინა, თუმცა, მთავრობამ ეს შანსი არ გამოიყენა.
“ამ გეგმის არსი უნდა იყოს, რომ სახლში გამოკეტილი ადამიანები ფიზიკურად გადარჩენენ… ხომ არიან ღირსები ეს მინისტრები და პარლამენტის თავმჯდომარე, იქ გაბღენძილები რომ სხედან, ოჯახებით მთელი თვე 200 ლარზე აცხოვრო,” – ამბობს ელისაშვილი.
ელისაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობას უფრო მეტის გაკეთება შეეძლო.
“საპენსიო ფონდში აკუმულირებულია 600 მლნ ლარი. ჩვენი ბიუჯეტი 10 მილიარდია. ბიუჯეტის 30 პროცენტის დაზოგვა შეიძლება, თუ მიმდინარე ხარჯებს – მივლინებებს, პრემიებს და აქეთ-იქეთ გულაობებს შეამცირებენ. ეს 3 მლრდ ლარია. ასევე გვაქვს უცხოური დახმარება – 3 მლრდ ლარი. ეს თანხა სწორად რომ გაანაწილო, მართლა შეგიძლია მხარში დაუდგე ადამიანს და თვეში 1200 -1500 ლარი მისცე. ამის შესაძლებლობა არის,” – ამბობს ელისაშვილი.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.