მოლდოვას მოჭადრაკე უხელმძღვანელებს?
30 ოქტომბერს მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. საარჩევნო რბოლის ლიდერია იგორ დოდონი, რომელსაც სოციალისტების პარტია უჭერს მხარს და რომელიც ან პირველივე ტურში გაიმარჯვებს, ან – მეორე ტურში.
ვინ არის ის და საით წაიყვანს ქვეყანას, თუკი პრეზიდენტად აირჩევენ?
ცვალებადი მოსაზრებები
იგორ დოდონი, რომელიც სოციალისტების ლიდერია, პოლიტიკური მოქნილობით გამოირჩევა. 2008 წლის ივლისში, როდესაც პრემიერ მინისტრის პირველი მოადგილისა და ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრის პოსტებს იკავებდა, იგი აცხადებდა, რომ “მოლდოვასთვის, რა თქმა უნდა, პრიორიტეტულია ევროპული ინტეგრაცია.” თუმცა, მისი თქმით, ევროკავშირში შესვლამდე საჭიროა ევროპული სტანდარტებისა და რეფორმების იმპლემენტაცია.
როდესაც კანონმდებელი გახდა, პოზიცია შეიცვალა. 2011 წლის აპრილში შეკითხვას, თუ რატომ გადაწყვიტა კიშინიოვის მერის პოსტზე ეყარა კენჭი, დოდონმა ასეთი პასუხი გასცა: “პარლამენტში არაკომფორტულად ვგრძნობ თავს. პოლიტიკა საჩემო საქმე არ არის. მე კონკრეტულ მიზნებს ვისახავ და მათი შესრულებისთვის ვმუშაობ.”
“საერთო საზღვრების არმქონე საბაჟო კავშირის წევრობაზე საუბარი უტოპიაა,” – განაცხადა დოდონმა 2011 წელს. ორი წლის შემდეგ რუსეთის, ბელარუსისა და ყაზახეთის საბაჟო კავშირთან მიერთების იდეას უწევს პროპაგანდას: “ევროპული ინტეგრაცია კარგად ჟღერს, მაგრამ ცუდად გამოიყურება. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება გამოიწვევს ქაოსს, ურთიერთგათიშულობასა და სახელმწიფოებრიობის დაკარგვას. მოლდოვას სხვა გზა სჭირდება. საბაჟო კავშირი მოლდოვას რესპუბლიკის სტაბილურ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას უზრუნველყოფს.”
2014 წლის 30 ნოემბრის არჩევნების შემდეგ დოდონმა განაცხადა: “ჩვენ შევძლებთ დნესტრისპირეთთან და გაგაუზიასთან მოლაპარაკებას და შევქმნით ფედერაციულ სახელმწიფოს, რომელიც საბაჟო კავშირში შევა.”
წინასაარჩევნო პროგრამის ფარგლებში დოდონი აღნიშნავს, რომ აღადგენს სტრატეგიულ პარტნიორობას რუსეთთან და პრეზიდენტის რანგში პირველ ვიზიტს მოსკოვში განახორციელებს. თუმცა, საბაჟო კავშირში გაწევრიანებაზე აღარ საუბრობს ხოლმე.
შეკითხვაზე, თუ რამდენ სვლას ითვალისწინებს წინასწარ, საპრეზიდენტო რბოლის ფავორიტი ასეთ პასუხს იძლევა: “მე მოლდოვას ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი ვარ.”
ოპოზიციაში გამდიდრება
სოციალისტების პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, იგორ დოდონი ოჯახის თვიური შემოსავლის ნახევარზე მეტს 1,47 მილიონი ლეის ოდენობის კრედიტის დასაფარად ხარჯავს. ეს სესხი მან 2013 წელს აიღო დედაქალაქში, ბუიუკანის რაიონში ფეშენებელური სახლის შესაძენად.
მიუხედავად იმისა, რომ არც ის, და არც მისი მეუღლე კომერციულ კომპანიებს არ ფლობენ, კანდიდატ დოდონის სახელი მაინც ფიგურირებს (სხვადასხვა შუამავლის – მათ შორის ახლო ნათესავების საშუალებით) მრავალმილიონიანი
ბიზნესის მფლობელთა შორის. მაგალითად მისი ცოლისდა ფლობს შპს-ს, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში მოიგო 50 სახელმწიფო აუქციონი, რომელთა საერთო ღირებულებაც 1,5 მილიონ ლეიზე მეტია. მისი ნათესავები, მეგობრები და პარტიული თანამებრძოლები, ერთი შეხედვით, ღარიბები არიან, მაგრამ თითოეულ მათგანს აყვავებული, განვითარებადი ბიზნესი აქვს.
მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, დოდონის ოჯახის შემოსავლები მკვეთრად ზრდა შეინიშნება არა სახელისუფლებო პოსტებზე მისი ყოფნის დროს, არამედ მაშინ, როდესაც ოპოზიციაში გადავიდა.
ვისია ყირიმი?
ყველაზე დიდი ყურადღება მიიპყრო იგორ დოდონის მიერ მცირე ხნის წინათ გაკეთებულმა განცხადებამ იმის შესახებ, თუ ვის ეკუთვნის ყირიმი. RTR Moldova-ს ეთერში მან დაბეჯითებით განაცხადა: “რუსეთის ფედერაციას”. “კომერსანტისთვის” მიცემულ ინტერვიუში კი ყირიმის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის იურიდიული აღიარების პროცედურის ინიცირებაზე უარის თქმა ასე ახსნა: “თუკი ყირიმს ვაღიარებთ, შეიცვლება თუ არა რაიმე დნესტრისპირეთთან დაკავშირებით? მე ეს მაღელვებს. არ მინდა, იგივე განმეორდეს დნესტრისპირეთთან მიმართებით. მოდით, ასე გიპასუხებთ – პოლიტიკოსი იგორ დოდონი მიიჩნევს, რომ ყირიმი რუსეთის დეფაქტო რეგიონია. დანარჩენზე 31 ოქტომბრის შემდეგ ვისაუბროთ.”
გამოქვეყნებულია:29.10.2016