14 წელი მას შემდეგ, რაც მოსკოვში მომხდარი ტერაქტის შედეგად 130 ადამიანი დაიღუპა
ამ დღეებში რუსეთში ტრაგიკულ თარიღს აღნიშნავენ. მოსკოვში, დუბროვკის თეატრალურ ცენტრში მომხდარი ტერაქტიდან 14 წელი გავიდა. ტერორისტული აქტი, რომელიც ცნობილია სახელით „ნორდ-ოსტი“, 2002წლის 23-26 ოქტომბერს მოხდა.
„კავკაზსკი უზელის“ ცნობების მიხედვით, მოვსარ ბარაევის ხელმძღვანელობით მოქმედი შეიარაღებული ბოევიკების ჯგუფმა 916 ადამიანი აიყვანა მევლად. მათი სიცოცხლის სანაცვლოდ დაჯგუფება მოითხოვდა, დაუყოვნებლივ დასრულებულიყო სამხედრო მოქმედებები ჩეჩნეთში და ფედერალურ არმიას რესპუბლიკის ტერიტორია დაეტოვებინა.
ბოევიკების მოთხოვნები არ დაუკმაყოფილებიათ. თითქმის სამი დღის შემდეგ ძალოვანებმა ჩაატარეს განთავისუფლების ოპერაცია, რომლის შედეგადაც, ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 130 და დაშავდა 700-ზე მეტი მძევალი. ოპერაციის მიმდინარეობისას მოკლულ იქნა 40 ბოევიკი.
დუბროვკაში, „თეატრალური ცენტრის“ პირდაპირ გაიმართა სამახსოვრო აქცია, რომელიც „ნორდ-ოსტის“ ტერაქტებით დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების რეგიონულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ჩაატარა. დაახლოებით სამასი ადამიანი შეიკრიბა. აქცია წუთიერი დუმილით დაიწყო. მეტრონომის ხმის ფონზე ყველა გარდაცვლილის სახელი ამოიკითხეს. თეატრალური კომპლექსის კიბეების საფეხურებზე გარდაცვლილების პორტრეტები და მინის ლამპადებში მოთავსებული სანთლები განალაგეს. „კავკაზსკი უზელის“ ვიდეორეპორტაჟი.
დაზარალებული მძევლების ნათესავები და ახლობლები უკვე 14 წელია, რაც ხელისუფლებისგან ითხოვენ პასუხს კითხვაზე, რომელი გაზი გამოიყენეს მძევლებით სავსე შენობის შტურმის დროს და ვინ გასცა ამის ბრძანება. უპასუხოდ რჩება კითხვები, თუ რატომ ვერ მოხერხდა მძევლების გონივრული ევაკუაცია და დაზარალებულთათვის სამედიცინო დახმარების გაწევა .
მათ შორის, ვინც ის საშინელი დღეები რედაქციაში გაატარა და მაყურებლებს მომხდარი მოვლენების შესახებ უამბო, იყო ტელეწამყვანი ოლგა რომანოვაც, რომელმაც „ღრომადსკი ნა რუსკომისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ახსენდება „ნორდ-ოსტი“.
“ აღიზარდა თაობა, რომელმაც არაფერი იცის ამის შესახებ
– რა თქმა უნდა. ძნელია ასეთი შემთხვევების დავიწყება, იმიტომ რომ არასდროს დაგავიწყდება.
ძალიან ჩვეულებრივი ეთერი მქონდა. ახალი ამბების გამოშვებას ვუძღვებოდი. როდესაც ახალი ამბების გამოშვებას უძღვები, გვერდით კომპიუტერი გიდგას, რომელშიც „ცხელი ლენტი“ მოძრაობს. და უცებ დავინახე მოკლე შეტყობინება თეატრალური ცენტრის დაკავების შესახებ. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, თუ რომელ ცენტრზე იყო საუბარი. ამის შემდეგ ცხოვრება მთლიანად შეიცვალა.
მოვლენებს მთელი ეთერის მანძილზე ვადევნებდით თვალყურს და ეთერის დასრულების შემდეგაც გავაგრძელეთ მუშაობა. სამი დღის მანძილზე ვმაუწყებლობდით. წამყვანები მორიგეობით ვმუშაობდით პირდაპირ ეთერში. სამი დღის მანძილზე სახლში არ მივსულვარ.
ყველაზე საზარელი იყო ცნობა პირველიგარდაცვლილის შესახებ. მე ოლგა რომანოვა მქვია და პირველ დაღუპულსაც ოლგა რომანოვა ერქვა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სამსახურეობრივი მდგომარეობით ვისარგებლე და ეთერში მოვითხოვე, დედაჩემისთვის დაერეკათ და ეთქვათ, რომ იქ ვიყავი. წარმოიდგინეთ, რომ ეთერში ხართ და გარდაცვლილთა სიაში საკუთარ სახელსაც კითხულობთ.
და მთელი ამ დროის მანძილზე უამრავი კადრი ვნახეთ – როგორც შტურმის მოწყობის დაპირებამდე, ისე მის შემდეგ. კადრები, რომლებიც არსად გამოქვეყნებულა, იმიტომ რომ ძალიან მძიმე, უკიდურესად უარყოფით ემოციებს იწვევს.
ამ ყველაფერს დიდი რეზონანსი მოჰყვა. „ნორდ ოსტის პირდაპირ შედეგად იქცა მორიგი იერიში, რომელიც ტელეარხ „ენტევეზე“ მიიტანეს.
მაშინ ტელეკომპანია НТВ ძალიან პოპულარული იყო და ამას თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა. მაშინ საერთოდ არ ჩანდა ის ნაგავი რომელიც აჟამად იღვრება ამ არხიდან. იქ იყო ლეონიდ პარფიონოვი. იქ ძალიან ბევრი ბრწყინვალე ადამიანი მუშაობდა და არხს სავსებით ადამიანური ეთერი ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ შედეგად ძალიან დიდი დასკვნები იქნა გამოტანილი იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა ტელეარხ НТВ-ზე.
სპეციალური უწყებების (რომლებიც მოგვიანებით ბეჭდვითი საქმის სამინისტროდ ჩამოყალიბდა) წარმომადგენლებმა სხვადასხვა „ჟურნალისტურ ხელმძღვანელობებს“ განუცხადეს, რომ НТВ-მ პირდაპირ ეთერში აჩვენა შტურმის მოსამზადებელი სამუშაოები. სინამდვილეში სპეცოპერაციის კადრები „პირველმა არხმა“ გაავრცელა, რომელმაც, იმის ნაცვლად, რომ განეცხადებინა, უკაცრაცად, ეს ჩვენ ვაჩვენეთ, და არა НТВ-მ, ჩვენ დაგვსაჯეთო, მომხდარი უკომენტაროდ დატოვა.
НТВ-ს წარმომადგენლებმა ეთერის ჩანაწერები მოიტანეს და წარმოადგინეს, მაგრამ ამაოდ – სურდათ, გაენადგურებინათ და გაანადგურეს.
ამას გარდა, მაშინ მოხდა ის, რასაც ახლა უკვე შევეჩვიეთ და ბუნებრივად მივიჩნებთ. გახსოვთ ის კადრები, სადაც უკვე დახოცილი ტერორისტების გვამები ჩანს? ამ ცხედრების გვერდით ჩანს საკონცერტო დარბაზის ბუფეტიდან გამოტანილი კონიაკის ბოთლი. მოწმეთა მტკიცებით, ეს ბოთლი ჟურნალისტმა (მაშინ მიიჩნევდნენ, რომ ის ჟურნალისტი იყო) არკადი მამონტოვმა მიიტანა.
მაშინ ეს პირველი შოკი იყო. არავისა სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი ასე დასრულდებოდა და ამის გამო არავინ დაისჯებოდა.
და, რა თქმა უნდა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ოფიციალური პირები მასობრივად ტყუოდნენ. სრული უნიათობა და უკანონობა სუფევდა – აკრძალვის მცდელობები და იმის განსაზღვრა, თუ რისი თქმა შეიძლება და რისი – არა. ვერ ვიტყვით იმას, რომ მსგავს მცდელობებს მანამდე არ ჰქონია ადგილი, მაგრამ მოგვიანებით, ბესლანის ტერაქტების დროს ადგილი ჰქონდა პირდაპირ აკრძალვას, რაც მოგვიანებით სერიოზულ შეზღუდვებად იქცა იმ ჟურნალისტებისათვის, რომლებიც ფორსმაჟორულ სიტუაციებში მუშაობენ.
ისე გამოვიდა, რომ ბოლო წლების მანძილზე სულ უფრო მეტ ნაცნობსა და მეგობარს ვიჩენ მათ შორის ვინც მაშინ იქ იყო. ბავშვები,რომლებიც იქ იყვნენ, გაიზარდნენ; რაღაც ხდება მათ ცხოვრებაში, რომელსაც ამ ტრაგედიამ დიდი დაღი დაასვა.
ვიღაცამ ახლო მეგობარი დაკარგა, ვიღაცამ – შვილი. აი, მცირე ხნის წინ გარდაიცვალა ტატიანა კარპოვა, რომელიც „ნორდ-ოსტის“ საბჭოს ხელმძღვანელობდა. იგი იმ ადამიანების უფლებების დასაცავად იბრძოდა, რომლებიც ზემოარნიშნული ტერაქტის შედეგად დაზარალდნენ.
რა თქმა უნდა, ახლა სხვაგვარად ვხედავთ ბორის ნემცოვის როლსაც. არც ისე დიდი ხნის წინ ამ როლის შესახებ ჟურნალისტებს ვესაუბრეთ და, როგორც გაირკვა, ბევრმა ახალგაზრდა ჟურნალისტმა არ იცის, რომ პუტინმა ნემცოვს მკაცრად აუკრძალა დარბაზში შესვლა, მიუხედავად იმისა, რომ ტერორისტები ნემცოვის მისვლასაც ითხოვდნენ. ბორის ნემცოვი ამას იმით ხსნიდა, რომ პუტინს მისი პოპულარობის ზრდა აწუხებდა.
ზოგიერთი გარემოება დღეს სრულიად სხვანაირად ჩანს
სამწუხაროდ, სულ უფრო მცირდება ინტერესი ამ თემის მიმართ. აღიზარდა მთელი თაობა, რომელმაც არაფერი იცის ამ ამბის შესახებ. ეს ამბავი ომივითაა – რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მეტად იმოსება ლეგენდებით. სულ უფრო მცირდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც სიმართლის გაგება სურთ და იზრდება იმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც სურთ, ლეგენდა შეთხზან.
გამოქვეყნდა 27.10.2016