ქვები როგორც არგუმენტი
378 ხმა 307-ის წინააღმდეგ. ამ ანგარიშით ოპოზიციური პარტიის, “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატმა ახმედ იმამყულიევმა მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში 22 ოქტომბერს გამართულ ხელმეორე არჩევნებში ხელისუფლების კანდიდატი დაამარცხა.იმამკულიევს რამდენიმე ხმა დააკლდა, რომ პირველივე ტურში გამარჯვება მოეპოვებინა.
წინ მეორე ტურია, რომელიც 30 ოქტომბერს გაიმართება.თუმცა, პრეცედენტი უკვე შეიქმნა.
რეგიონში, სადაც 25 წელია, არჩევნების უპირობო გამარჯვებული ყოველთვის ხელისუფლება ან სახელისუფლებო კანდიდატია, პირველად ოპოზიციის კანდიდატმა ხელისუფლების წარმომადგენელზე მეტი ხმა დააგროვა.
რა მოხდა? ცვლილებების დროა?
ქვების სროლა არჩევნების ნაცვლად
მარნეულის რაიონის სოფელი ყიზილაჯლო თბილისიდან 45 კილომეტრითაა დაშორებული. ორ კვირაზე მეტია, იგი ქართული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ყველაზე ცხელ წერტილად იქცა.
8 ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნებზე აქ საარჩევნო პროცესი ქვების სროლის ფონზე მიმდინარეობდა. მოვლენები ისე დაიძაბა, რომ სოფელში სპეცრაზმის გამოძახება გახდა საჭირო. არჩევნები ჩაშლილად გამოცხადდა. მოგვიანებით კი, სამართალდამცავებმა არეულობაში მონაწილე ექვსი პირი დააკავეს. ექვსივე ოპოზიციური პარტიის “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტია.
ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული ამ რეგიონისგან, სადაც მოსახლეობა, ტრადიციულად, პოლიტიკურად საკმაოდ პასიურია, ასეთ წინააღმდეგობას არავინ ელოდა.
თავად აკმამედ იმამკულიევი საკუთარ წარმატებას სწორად დაგეგმილ წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირებს, თუმცა მარნეულელებთან საუბრის შემდეგ ირკვევა, რომ მიზეზები უფრო ღრმაა.
აზერბაიჯანელები პოლიტიკაში სამართლიან წარმომადგენლობას ითხოვენ
აბბას აბასოვი, უკვე 5 წელია, მარნეულში ტაქსის მძღოლად მუშაობს. რაიონს დღეში რამდენიმე წრეს ურტყამს და ყოველდღიურად 10-15 მგზავრი ჰყავს.როგორც ყველა ტაქსის მძღოლი, აბბასსიც ენთუზიაზმით საუბრობს პოლიტიკაზე.
მისი თქმის, გარდა საყოფაცხოვრებო პრობლემებისა, რომლებიც ბოლო წლებში რეგიონში დაგროვდა, ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება იმანაც გამოიწვია, რომ მმართველმა ძალამ რაიონში არა აზერბაიჯანელი, არამედ ქართველი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა. მისი თქმით, სწორედ ეს გახდა იმამკულიევის მხარდაჭერის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.
“აქ 80 პროცენტზე მეტი აზერბაიჯანელია. ჰოდა, ერთი ჩვენებური კაცი არ გვეკუთვნოდა კანდიდატად? რამეს არასწორს ვითხოვთ? თან იმამკულიევი კარგი ბიჭია, რაიონში პატივს სცემენ. ჩვენი ენა იცის. ამიტომ მოსწონს ხალხს,” – ამბობს აბბასი.
აზერბაიჯანელებს ქართულად ლაპარაკი სურთ
აბას აბბასოვი დამტვრეული რუსულით მელაპარაკება და ძალიან განიცდის, ქართული რომ არ იცის:
“ნეტა, ვიცოდე ქართული. ჩემს ცხოვრებას უფრო კარგად ავაწყობდი, სამსახურსაც ვიშოვიდი, ტელევიზორში ქართულ არხებსაც ვუყურებდი. როცა საჯარო დაწესებულებებში მივდივარ, რუსულად ვსაუბრობ. ქართველმა ახალგაზრდებმა რუსული უკვე აღარ იციან და ხშირად თარჯიმანი მჭირდება, რომ საკუთარ ქვეყანაში რაღაც პატარა საქმე მოვაგვარო. თუ ენის პრობლემას დროზე არ მიხედეს, მალე საერთოდ ვეღარ გავიგებთ ერთმანეთის ნათქვამს,” – ამბობს ის.
აბბასი მართალია. მიუხედავად იმისა, რომ მარნეული თბილისთან საკმაოდ ახლოსაა ამ ქალაქში მოხვედრის პირველივე წუთებიდან თავს ნამდვილ ტურისტად იგრძნობთ – არავისი გესმის და არავის ესმის შენი პირდაპირი მნიშვნელობით.
“სოფლის გამგეობასთან როგორ მივიდე,” – ვეკითხები გამვლელს, რომელმაც სიტყვა “გამგეობა” იცის და ეგრევე ახსნას იწყებს, თუმცა ვერაფერს მაგებინებს.
მოსახლეობის 2014 წლის აღწერის მიხედვით, საქართველოში 233 ათასი აზერბაიჯანელი ცხოვრობს, და მათი უმრავლესობა – სწორედ ქვემო ქართლის რეგიონში, რომლის ცენტრი მარნეულია.
ქართული ენის არცოდნის გამო, ინფორმაციას ისინი ძირითადად აზერბაიჯანული ან რუსული არხებიდან იღებენ. აქ თითქმის ყველას სატელიტური თეფში და ინდივიდუალური ანტენა აქვს დაყენებული.
ენის პრობლემა ერთ-ერთი მთავარი ბარიერია რეგიონის მოსახლეობისთვის, რათა უფრო აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
თბილისში რეგიონის რეალური ცხოვრების შესახებ არაფერი იციან
18 წლის ელენე აბესაძე მარნეულში ცხოვრობს. ის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია და ყოველდღე თბილისში უწევს ჩამოსვლა. ელენე იხსენებს, რომ ჯგუფელების პირველი ასოციაცია მისი ქალაქის შესახებ – კარტოფილი, პომიდორი და ხახვი იყო.
“მიუხედავად იმისა,რომ ჩვენი ქალაქი დედაქალაქთან საკმაოდ ახლოსაა, ერთმანეთის შესახებ არაფერი ვიცით. როგორც კი ვახსენებ, რომ მარნეულიდან ვარ, ყველას ბოსტნეული ახსენდება. არავის აზრადაც არ მოსვლია არასდროს, რომ ჩამოსულიყო და ენახა მარნეული. არადა, რეალურად ჩვენს რეგიონში ბევრი საინტერესო კულტურული ძეგლია.”
ხელისუფლება რეგიონის პრობლემებს ყურადღებას არ აქცევს
გარდა ამ გაუცხოებისა, ადგილობრივები “ქართული ოცნების” ოთხწლიანი მუშაობითაც არიან უკმაყოფილოები. მათი თქმით, რეგიონში თითქოს დრო გაიყინა და წინ არაფერი მიდის. მოლოდინის მიუხედავად, ბევრი პრობლემა კვლავაც მოუგვარებელი რჩება.
ადგილობრივები ჩივიან, რომ ხელისუფლება ნაკლებ ყურადღებას უთმობს სოფლის მაცხოვრებლებს. ასევე, ახალგაზრდებს, რომლებსაც არც კინოთეატრი აქვთ და არც სხვა რაიმე გასართობი.
ვალეფ მუსტაფაევი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილარში ცხოვრობს. მისი თქმით, წლებია, სოფელს წყლის პრობლემა უდგას და არავინ ცდილობს მათ დახმარებას.
“არც დასალევი წყალი გვყოფნის და არც სარწყავი. უნდა ნახოთ, როგორ ვწვალობთ და საიდან რას ვეზიდებით, – ჰყვება მუსტაფა, – უყწლობა მოსავალს გვინადგურებს და ხშირად ოჯახებს შემოსავალიც არ აქვთ. ამას ემატება სოფელში ნაგვის ყუთების არქონაც, რამდენჯერ მოვითხოვოთ ? ამიტომ, ხალხი ნაგავს მდიანრეში ყრის, რომელიც მარნეულში გადის. მდინარის წყალი არ ჩანს, იმდენი ნაგავი ყრია.”
ტრანსპორტი- უშველებელი პრობლემა
საღამოა. მარნეულის ცენტრში გადავსებული “მარშრუტკა” დგას და კიდევ მგზავრებს ელოდება. ვინც დაიგვიანებს, ტაქსით მოუწევს მგზავრობა – მარნეულში საზოგადოებრივი ტრანსპორტი საღამოს 6 საათის შემდეგ აღარ დადის. ქალაქის ცენტრიდან ტრანსპორტი სხვადასხვა სოფელში ასრულებს რეისს.
18 წლის ვლადიმერ ჩხიტუნიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პირველკურსელია. ის მარნეულიდან 6 კილომეტრში, სოფელ საიმერლოში ცხოვრობს.
ვლადს თითქმის ყოველდღე ლექციები აქვს. სწავლას საღამოს 7-8 საათზეც ასრულებს. მისთვის მთავარ პრობლემაა სახლში დაბრუნება. ვლადის თქმით, ტრანსპორტის გრაფიკის გამო, სწავლაში ხელი ეშლება, რადგან ხშირად სახლში დაბრუნება ტაქსით უწევს.
“რა ინტეგრაციაზეა საუბარი, რეგიონში ელემენტარული სატრანსპორტო კომუნიკაციის პრობლემები ვერ მოგვარდა. ჩემს სოფლამდე 6 საათის შემდეგ ტრანსპორტი აღარ დადის და ამიტომ ლექციების გაცდენა მიწევს. ამ პრობლემის გამო, ბევრმა, სამწუხაროდ, სწავლის გაგრძელებაზე უარი თქვა. ეს ნორმალურია, როგორ ფიქრობთ?”
მარნეულის ცენტრში დღის განმავლობაში ხალხმრავლობაა:
გამოქვეყნებულია:24.10.2016.