უსახლკარო ცხოველები საქართველოში. რატომ არ მცირდება მათი რიცხვი
საქართველოში უსახლკარო ცხოველების რაოდენობა თვალშისაცემად დიდია. ამას განსაკუთრებით ტურისტები აღნიშნავენ ხოლმე, რომლებიც პირველად ჩამოდიან ქვეყანაში.
2015 წლის მონაცემებით, მხოლოდ თბილისში 43 ათასამდე ძაღლი ცხოვრობდა ქუჩაში. მთელი საქართველოს მასშტაბით კი, ეს ციფრი ნახევარი მილიონი შეიძლება იყოს.
ეს ციფრები წლიდან წლამდე იზრდება, ქვეყანა წლებია ვერ ახერხებს ქუჩაში მცხოვრები ცხოველების პოპულაციის შემცირებას.
საქართველოში მათ შეხვდებით ყველგან – ქალაქებში, სოფლებში, საავტომობილო ტრასებზე და უკაცრიელ ადგილებშიც, სადაც ადამიანები ტოვებენ საკუთარ ცხოველებს მოცილების მიზნით.
ზოგი მათგანი საქვეყნოდ პოპულარულიც ხდება. მაგალითად, კუპატა ბათუმიდან, რომლის ამბავი საერთაშორისო მედიაშიც მოხვდა. შავთეთრი მაწანწალა ბათუმიდან გიჟდება ბავშვებზე და ყოველთვის, როდესაც ისინი ზებრა-გადასასვლელზე გადადიან, გვერდით უდგას, მანქანებს აჩერებს და აკონტროლებს, რომ ბავშვები მეორე მხარეს უსაფრთხოდ გადავიდნენ.
ახლა კუპატასთვის საკვებს მთელი ქალაქი ეზიდება. მასთან ფოტოების გადაღებას ცდილობენ ბათუმის სტუმრებიც. ბათუმის მერიამ კი, კუპატას მწვანე ლამაზი სახლი აჩუქა, წარწერით „ხალხის რჩეული“, და ასევე უპატრონო ძაღლების მუნიციპალურ პროგრამასაც სიმბოლურად „კუპატას პროგრამით“ მოიხსენიებენ.
თუმცა, კუპატას ისტორია ერთეული შემთხვევაა. საქართველოში ქუჩის ძაღლების ცხოვრება ბევრად უფრო რთული და პროზაულია, ვიდრე ვარსკვლავი კუპატასი.
როგორ და ვინ მართავს საქართველოში ქუჩის ცხოველებს?
საქართველოში ქუჩის ცხოველების პოპულაციას რამდენიმე დიდი ქალაქის მუნიციპალიტეტი მართავს, თუმცა მათ ერთიანი სისტემა არ გააჩნიათ და სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ.
მაგალითად, თბილისის ქუჩის ცხოველებზე თბილისის ცხოველთა მონიტორინგი სააგენტო ზრუნავს, რომელიც 2015 წლიდან ფუნქციონირებს. ზოგ ქალაქში კი, მაგალითად, ბათუმში,მუნიციპალიტეტი აცხადებს ტენდერს და ქირაობს კერძო კომპანიას, რომელსაც მთლიანად გადააბარებს უპატრონო ცხოველების მოვლა-პატრონობის პროცესს.
კერძო კომპანიის ჩართულობას ამ პროცესში ბევრი ცხოველის უფლებათა დამცველი უარყოფითად აფასებს, რადგან კერძო მომსახურების ხარისხის კონტროლი უფრო რთულია. ტენდერში კი, როგორც წესი, არა კარგად აღჭურვილი და კვალიფიციური ორგანიზაციები, არამედ ისინი იმარჯვებენ, ვინც უფრო ნაკლებ თანხადაა მზად სერვისების შესასრულებლად.
მაგალითად, ერთხელ ისეთი აბსურდული სიტუაციაც შეიქმნა, რომ ოზურგეთში გამოცხადებულ ტენდერში თელავის კომპანიამ მოიგო. შედეგად, ამ კომპანიას ოზურგეთელი ძაღლები კახეთში დაჰყავდა სასტერილიზაციოდ და შემდეგ დაბრუნების დროს მათ სხვა ადგილას ტოვებდა არა იმ ტერიტორიაზე და ქუჩაზე, სადაც ეს ძაღლები ბინადრობდნენ.
ზოგადად, ქუჩის ცხოველების მიმართ მიდგომა საქართველოში ევროპულ, ჰუმანურ გამოცდილებას ეფუძნება და გულისხმობს სტერილიზაციას.
სქემა ასეთია – უმეთვალყურეოდ დარჩენილ კატებსა და ძაღლებს ჯერ იჭერენ, მიჰყავთ თავშესაფარში, უკეთებენ სტერილიზაციას, ვაქცინაციას, მათ ათვალიერებს ვეტერინარი და ამ პროცედურების შემდეგ, თუ ყველაფერი წესრიგშია, ცხოველს უშვებენ ქუჩაში იქ, საიდანაც აიყვანეს.
ძაღლების შემთხვევაში აუცილებლად ხდება მათთვის ყურზე სარჭის ე.წ. ბირკის გაკეთება, სადაც დატანილია სპეციალური საიდენტიფიკაციო ნომერი.
ყველა უსახლკარო ძაღლს საქართველოში ყურზე მსგავსი სარჭი აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ ძაღლი სტერილიზებულია, ვაქცინირებულია და შესაბამისად არ არის საშიში გარშემომყოფებისთვის.
საიდენტიფიკაციო ნომრის გარდა, თუკი ძაღლს ჰყავს მიმკედლებელი (ადამიანი, რომელიც ოფიციალურად არის გაფორმებული ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში კონკრეტული ნომრის მქონე ძაღლის მეურვედ), მაშინ სარჭზე მიმკედლებლის ნომერსაც აწერენ. მარკირება გავლილი ცხოველები აღრიცხულები არიან საერთო ელექტრონულ ბაზაში, რაც მათზე კონტროლს აიოლებს. ყოველწლიურად ბაზაში მოწმდება მარკირებული ცხოველის ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია, ასევე ამ ბაზაში მისი მოხვედრა ნიშნავს იმას, რომ ის არ გამრავლდება.
თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ დიდ ქალაქებში ხდება, რაც საერთო სურათს ვერ ცვლის.
პრობლემა იმაშია, ქვეყანას შინაური ცხოველების შესახებ კანონი მიღებული არ აქვს და ყველა ეს წესი მუნიციპალიტეტების დონეზე მოქმედებს. მუნიციპალური სამსახურები იღებენ დადგენილებას და თავიანთი დადგენილების საფუძველზე მოქმედებენ და არა ქვეყანაში არსებული საერთო პოლიტიკისა და სტრატეგიის გათვალისწინებით.
საქართველოს წვრილი ცხოველების ვეტერინართა ასოციაციის ხელმძღვანელი, მარიკა ჩხიკვიშვილი ამბობს, რომ სწორედ ერთიანი სტრატეგიის არარსებობაა მთავარი პრობლემა.
მისი ორგანიზაცია პირველი იყო, რომელმაც ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის Mayhew International-ის ხელშეწყობით, თბილისის ძაღლების სტერილიზაცია, ვაქცინაცია და მარკირება დაიწყო.
„ჩვენ გვქონდა სახელმწიფოსთან შეთანხმება, რომ მარკირებულ ძაღლებს არ დაიჭერდნენ და არ წაიყვანდნენ. დროთა განმავლობაში, თბილისის მერიას მოეწონა სტერილიზაციის მეთოდი და უკვე მუნიციპალურმა სამსახურმაც დანერგა. ასე ხდება ახლაც,“ – ამბობს მარიკა ჩხიკვიშვილი.
პროცესი რომ მხოლოდ რამდენიმე დიდ ქალაქში მიდის, რეგიონები კი კონტროლს მიღმა რჩებიან, თბილისში გაწეულ შრომასაც წყალში ყრის, მიიჩნევენ ექსპერტები.
„დედაქალაქის ტერიტორიაზე მიუსაფარი ძაღლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდანაც დიდი რაოდენობით შემოდიან. ამიტომ, აუცილებელია მთელ ქვეყანაში ერთიანი სისტემა მოქმედებდეს არსებობა – ყველა რეგიონში თუ არ მოხდა სტერილიზაცია, პოპულაციას ვერ შევამცირებთ,“ – ამბობს თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსის ვახტანგ ლომჯარია.
ქვეყნის მასშტაბით ასევე მოქმედებს რამდენიმე მუნიციპალური და კერძო თავშესაფარი.
აქ ძირითადად ხვდებიან ის ცხოველები, რომლებსაც ყურზე არ აქვს საჭდე, ან ისეთები, რომლებიც პატრონს დაეკარგნენ.
მუნიციპალური თავშესაფრებში ცხოველები 10 დღეზე მეტ ხანს არ ჩერდებიან. აქ მათ უტარდება სტერილიზაცია/კასტრაცია. დაკარგული ცხოველის შემთხვევაში, ის თავშესაფარში ასევე 10 დღის განმავლობაში ჩერდება, შემდეგ ან ჩუქდება, ან ქუჩაში ბრუნდება.
კერძოებში კი, ძაღლები შეიძლება თვეობით ცხოვრობდნენ ვოლიერებში.
კერძო თავშესაფრებში, როგორც წესი, ცხოველები რამდენიმე მიზეზით ხვდებიან – მათ აბარებენ პატრონები, ლეკვებს ტოვებენ თავშესაფრების კართან, თავშესაფრებში მოქალაქეებს მიჰყავთ დაზიანებული ცხოველები.
ცხოველთა უფლებების დამცველები ამბობენ, რომ თავშესაფრებში, როგორც მუნიციპალურში, ისე კერძოში, ბევრი პრობლემაა, დაწყებული ცხოველებისადმი მოძველებული დამოკიდებულებით, დასრულებული ჰიგიენის ნორმებით.
„ხშირად თავშესაფრის თანამშრომლებს არ აქვთ გათავისებული რას ნიშნავს ცხოველთა კეთილდღეობა და როგორია ამ მხრივ თანამედროვე მიდგომები.
კერძო თავშესაფრებს კიდევ უფრო მეტი პრობლემა აქვთ – მუნიციპალურს ასე თუ ისე დებულებით ვთხოვთ პასუხს, კერძო არ ჯდება არანაირ რეგულაციასა და კონტროლში“ – ამბობს თინა ჭავჭანიძე, ორგანიზაცია „ცხოველთა უფლებების კომიტეტის“ თავმჯდომარე.
კანონი, რომელიც საქართველოში, ქუჩაში მოხვედრილ ცხოველებს იცავს და არეგულირებს
საქართველოში არ არსებობს სპეციალური კანონი, რომელიც შინაურ ცხოველებს სასტიკი მოპყრობისგან დაიცავდა და მათთვის შესაბამისი გარემო უზრუნველყოფდა.
„შინაურ ცხოველთა დაცვის, პოპულაციის კონტროლის და კეთილდღეობის ორგანული კანონი“ – ასე ჰქვია კანონპროექტს, რომელიც მეხუთე წელია ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში, თუმცა სხვადასხვა მიზეზით საკომიტეტო განხილვებს ვერ გასცდა.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, მისი მიღება დაახლოებით ხუთ-ექვს წელიწადში მოაგვარებდა მთავარ პრობლემას – შინაურ ცხოველთა პოპულაციის ზრდას, რადგან კანონპროექტი პირდაპირ ავალდებულებს სახელმწიფოს ქუჩაში აღმოჩენილი ყველა ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაციას.
„უსახლკარო ცხოველთა პრობლემა კომპლექსურია, თუმცა პირველი ეტაპისთვის, ქვეყნის მასშტაბით სტერილიზაციის და ვაქცინაციის პროგრამა რომ განხორციელდეს, უკვე დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება,“ – ამბობს ვახტანგ ლომჯარია.
კანონპროექტის ერთ-ერთი პუნქტი ასევე ევთანეზიის წესებსაც აწესრიგებს.
ევთანაზიის წესიც მხოლოდ თბილისშია რეგულირებული და მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ ცხოველების მიმართ, რომლებსაც აქვთ აგრესიული ქცევა ან რომლებსაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ და ტკივილებით იტანჯებიან.
რეგიონები აქაც რეგულაციებს მიღმაა დარჩენილი და კერძო ვეტერინარების პირად გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული.
„ევთანაზია ყოველთვის შეიძლება გახდეს ჯანმრთელი ცხოველის დაძინების მიზეზი ან ავადმყოფი ცხოველის ტანჯვით სიკვდილის მიზეზი,” – ამბობს მარიკა ჩხიკვლიშვილი, რომელმაც ორი წლის წინ ევთანაზიის შესახებ საერთაშორისო სტანდარტების გაიდლაინი ქვეყნის რეალობას მოარგო და პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს გაუგზავნა, თუმცა იგი არ დაუმტკიცებიათ.
პარლამენტში შეტანილი კანონპროექტის ერთ-ერთი სადავო მუხლია რაოდენობის შესახებ რეგულაცია, რომლის მიხედვით, ერთ საკადასტრო ერთეულზე არ უნდა იყოს დარეგისტრირებული ხუთ ცხოველზე მეტი.
ეს ის პუნქტია, რომელსაც მოწინააღმდეგეები ჰყავს ცხოველთა უფლებების დამცველებს შორისაც.
5-ზე მეტი ცხოველის შემთხვევაში, მფლობელი უნდა დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში იურიდიულ პირად. ეს პროცედურა უფასოა, თუმცა იურიდიულ პირად რეგისტრაციის შემდეგ სახელმწიფო მას უფრო მეტად გააკონტროლებს – მაგალითად, არ მისცემს უფლებას ათ კვადრატულ ოთახში შვიდი კატა და სამი ძაღლი ჰყავდეს, რომლებსაც არ ასეირნებს და არ უვლის.
„ასეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანები ცხოველებს შემგროვებლურად ექცევიან, სამწუხაროდ, ბევრია. პირველ რიგში სწორედ მათ წინააღმდეგაა მიმართული ეს პუნქტი,“ – ამბობს თინა ჭავჭანიძე, კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი.
კანონპროექტი ასევე ცხოველის მეპატრონეს მის აუცილებელ ჩიპირებას/ტატუირებას და რეგისტრაციას ავალდებულებს.
ამ წესის ამოქმედება თბილისში სცადეს, თუმცა ჯერჯერობით წარუმატებლად –
ცხოველების უმრავლესობა დედაქალაქშიც რეგისტრირებული არ არის.
ჩიპირების დროს ცხოველის კანქვეშ შეყავთ მიკროჩიპი, ან კეთდება ტატუ, რომლის სკანირების შემთხვევაშიც, იკითხება პატრონის მონაცემები.
როგორც ექსპერტები ამბობენ, აღნიშნული კანონის მიღებას ხელისუფლება იმიტომ არ ჩქარობს, რომ ამ კანონის აღსრულების რესურსი არ აქვს.
„კანონის მიღების შემთხვევაში, სახელმწიფოს მართლაც დიდი შრომის გაწევა მოუწევს. პროექტის მიხედვით, შინაურ ცხოველთა პოპულაციის მართვა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფუნქციებში უნდა შევიდეს, თუმცა ეს სამინისტრო ამ პასუხისმგებლობის გაზიარებას აშკარად გაურბის,“ – აღნიშნავს თინათინ ჭავჭანიძე.
„ეს პროცესი საკმაოდ შრომატევადია, მაგრამ ამის გარეშე არაფერი გამოვა. თუკი ეს შევძელით თბილისში, შევძლებთ რეგიონებშიც,“ – ამბობს ვახტანგ ლომჯარია.
გარდა ამისა, ეს კანონპროექტი არის ცოფის სერიოზული პრევენციაც, რადგან სტერილიზაციასთან ერთად, იგი სახელმწიფოს ავალდებულებს ცხოველს ანტირაბიული აცრაც გაუკეთდეს.
საქართველო დღემდე ცოფის გავრცელების რისკის მქონე ქვეყნად მიიჩნევა.
მაგალითად, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) საქართველოში მოგზაურობის მსურველი ამერიკის მოქალაქეების გარკვეულ ჯგუფს პირდაპირ აძლევს რეკომენდაციას, რომ ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრა გაიკეთონ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით,1997-2014 წლებში საქართველოში 138 შემთხვევა დაფიქსირდა.
2015 წელს პირველად მოხდა, რომ ადამიანის ცოფით დაავადების შემთხვევა არ ყოფილა. ნულოვანი მაჩვენებელი, 2016- 2017 წლებშიც შენარჩუნდა. 2018 წელს კი საქართველოში ცოფის 2 შემთხვევა დაფიქსირდა. 2019 წელს თბილისში ცოფის ვირუსის ექვსი, ხოლო 2020 წელს ორი შემთხვევა გამოვლინდა.
„ქუჩიდან კნუტის აყვანა კარგი ტონი გახდა“
თინა ჭავჭანიძე, რომელიც ამ სფეროში 2000 წლიდან მუშაობს, ამბობს, რომ მიუხედავად ბევრი პრობლემისა, სფერო წლიდან წლამდე მაინც ვითარდება და იცვლება ყველაზე მთავარი – საზოგადოებრივი აზრი და დამოკიდებულება ცხოველების მიმათ.
“ამ წლების განმავლობაში, ყველაზე ძნელი მენტალობის შეცვლა იყო. ადრე უჯიშო ძაღლის ყოლა სრულიად მარგინალური მოვლენა იყო. ჯიშიანი ძაღლის ყიდვა დღემდე პოპულარული, მაგრამ, მაინც მივაღწიეთ იმას, რომ ქუჩიდან კნუტის ან მეტისის აყვანა კარგი ტონია,“– ამბობს ის.
საქართველოს ამ მიმართულებით მართლაც არც თუ სახარბიელო წარსული აქვს.
სულ რაღაც რამდენიმე ათეული წლის წინ, 90-იან წლებსა და 2000-იანების დასაწყისში, ქუჩის ძაღლების პრობლემას სახელმწიფო მათი თოფიდან მოკვლით აგვარებდა და ეს ნორმალურად ითვლებოდა.
მაშინ ცხოველთა დამცველები ძალიან ცოტანი იყვნენ. ღატაკ და ენერგოკრიზისში ჩაფლულ ქვეყანაში მათ უყურებდნენ როგორც “უსაქმურებს” და “უცნაურებს”, რომლებიც “უმნიშვნელო” პრობლემებზე ამახვილებდნენ ყურადღებას.
“მაშინ ჟურნალისტები არც გვაქცევდნენ ყურადღებას, რომ მივმართავდით. ახლა კი ტელევიზიებს სპეციალური გადაცემები აქვთ ცხოველებზე, რაზეც ათი წლის წინ ვერც ვიოცნებებდით… საბჭოთა კავშირის გამოცდილება მოგვყვებოდა. ის რომ, დაჭერა სტერილიზაცია-ვაქცინაცია ერთადერთი მისაღები მეთოდია, სახელმძღვანელოდან გავიგეთ, რომელიც უცხოელებმა მოგვაწოდეს,“ – იხსენებს ჭავჭანიძე.
როგორ ცხოვრობდნენ ძაღლები საგანგებო მდგომარეობის დროს
ალფა რუსთაველზე ცხოვრობს, ირანულ კაფესთან, რომლის მეპატრონეებს ძაღლი პირველი დღიდან შეუყვარდათ – მასზე ზრუნავენ და კარგადაც კვებავენ.
როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ეს ირანული კაფეც დაიკეტა.
თავდაპირველად რესტორნის მფლობელები ახერხებდნენ კვირაში რამდენჯერმე მისთვის საკვების და წყლის მიტანას.
თუმცა შემდეგ, როცა ქალაქში გადაადგილება შეიზღუდა, ალფაზე მეურვეობა მთლიანად მეზობლებმა აიღეს საკუთარ თავზე.
თუმცა, ალფასავით არ გაუმართლა ყველა ცხოველს, რომელიც ქუჩაში ცხოვრობს. იმ დღეებში, როდესაც ყველაფერი დაიკეტა და ადამიანები სახლებში არიან შეიყუჟნენ, მათ განსაკუთრებით გაუჭირდათ.
● დაუსრულებელი დაავადებები და ცხოველთა სიკვდილი. თითქმის დეტექტიური ისტორია ერევნის ზოოპარკიდან
● შემზარავი ისტორიები აფხაზეთიდან უსახლკარო ძაღლების შესახებ
ბევრ კაფესა თუ რესტორანს “საკუთარი” ქუჩის ძაღლი ჰყავდა, რომელსაც ყოველდღიურად აჭმევდა. როცა ეს კაფეები დაიკეტა, ცხოველები მშივრები დარჩნენ.
დაიკეტა აგრარული ბაზრებიც, სადაც ცხოველები ნარჩენებს მოიპოვებდნენ.
არც ტურისტები იყვნენ, რომლებსაც თბილისელ ძაღლებთან სელფის გადაღება და მათთვის რამე გემრიელის გადაგდება არ ავიწყდებოდათ.
ფეიკ-ნიუსების წყალობით, გაჩნდა სხვა პრობლემაც – გავრცელებული ცრუ ინფორმაციის გამო, რომ შესაძლოა ახალი კორონავირუსი შინაური ცხოველიდან ადამიანზე გადადიოდეს, ზოგმა უარი თქვა საკუთარ შინაურ ცხოველებზე და ქუჩაში დატოვა იგი.
„ყოველდღიურად არაერთი ზარი შემოდის თავშესაფარში, ოჯახებიდან ძაღლების ჩაბარებას ითხოვენ, იმ მიზეზით, რომ თითქოს, ძაღლია კორონავირუსის გადამტანი,“ – აღნიშნავდა „ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის“ ხელმძღვანელი თამაზ ელიზბარაშვილი, რომელსაც თბილისში ძაღლების თავშესაფარი აქვს.
მისი თქმით, მოქალაქეებს თავშესაფარში ძაღლების მიღებაზე უარს რომ ეუბნება, მათ ქუჩაში ტოვებენ:
„ბოლო პერიოდში სახლიდან გამოგდებული რამდენიმე ძაღლი მივიღეთ“.
ამ ფონზე, ფეისბუკზე გამოჩნდნენ მოხალისეები, რომლებმაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში თვითორგანიზდნენ და ქალაქის ქუჩებში ცხოველებს აპურებდნენ.
ფეისბუკზევე გროვდებოდა თანხა, რომლითაც საკვებს ყიდულობდნენ და თბილისის გარდა, რეგიონებშიც აგზავნიდნენ.
ერთ-ერთმა ზოომაღაზიამ თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხუთი ტონა საკვები გადასცა უსახლკარო ცხოველებისთვის.
* მასალა პირველად გამოქვეყნდა 22.04.2020