"ვართ მე და ჩემი ბერიკაცი, ხან ნარდს ვთამაშობთ, ხან კარტს," - როგორ ცხოვრობენ ხანდაზმულები იზოლაციაში
უკვე თითქმის თვეა საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო სოციალური დისტანცირება აუცილებელი ზომაა. განსაკუთრებით გარეთ გასვლისგან თავის შეკავებას 65 წელს ზემოთ ადამიანებს ურჩევენ – ისინი რისკ-ჯგუფში არიან.
როგორ გაჰყავთ დრო იზოლაციაში ხანდაზმულებს და ღელავენ თუ არა კორონავირუსზე – JAMnews-მა ხუთი საინტერესო ამბავი მოისმინა.
ციცო ფურცელაძე, 84 წლის, თბილისი
გუგამ, ჩემმა შვილმა, ყვავილები რომ მომიტანა დაბადების დღეზე რამდენიმე დღის წინ, რას მილოცავ-მეთქი, ვუთხარი. შეიძლება ადამიანს მიულოცო რომ ამდენი წელი ემატება?!
ჩემი ფანჯრის წინ ღვინის ქარხნის ბაღია, რომელიც ახლა სულ ცარიელია. ჩემს შვილს და შვილიშვილებს ვეუბნები, რომ კარგად დათბება, დავსხდეთ-მეთქი ბაღში. კიო, დამპირდნენ. ორი მეტრის დისტანციით დავსხდებით.
სიმართლე რომ ვთქვა, დიდად არაფერი შეცვლილა ჩემს ცხოვრებაში ამ იზოლაციით, ისედაც ასე ვცხოვრობდი. ხშირად არც მქონდა გარეთ გასვლის სურვილი. მაგრამ ერთია, როცა შენი ნებით არ გინდა და მეორეა, როცა იცი რომ აკრძალულია. საბოლოო ჯამში, ადამიანი ხომ იმისთვის არსებობს, რომ სხვა ადამიანებთან იურთიერთოს.
ძალიან მძიმე პერიოდია. რა არ გამოგვივლია, ჩემთვის, მაგალითად, 90-იანი წლები ყველაზე მძიმედ გადასატანი იყო. ეს პერიოდი კი, თითქოს აუხსნელია, მაგრამ თან ლოგიკურიცაა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს რაღაცისკენ მიგვანიშნებს. იქნებ დააფიქროს მსოფლიო?
იმას არ ვგულისხმობ, რომ ვიღაცამ დაგვსაჯა, მაგრამ ადამიანის ეს საოცრად სწრაფი განვითარება ხომ ბევრ რამეს ცვლიდა ბუნების ჰარმონიულად აწყობილ წონასწორობაში?
ასაკოვან ადამიანებთან რისკი მეტია და ეს ბუნებრივიცაა. საერთოდ, რაც მეტი წლისა ხარ, შანსიც უფრო მეტია… ამიტომ არ მომწონს წლების მატება. თუმცა, ვთვლი რომ ბრიტანული და ფრანგული მიდგომა, რომ პრიორიტეტი ახალგაზრდების ჯანმრთელობაა, ძალიან სწორია. ახალგაზრდებზე უნდა იყოს პირველ რიგში აქცენტი.
ჩვენი ეს კარჩაკეტილობაც დღეს ხომ ახალგაზრდების კისერზეა? ჩემთვის ეს შემაწუხებელია. იმის მაგივრად, რომ მე წავიდე მაღაზიაში, ჩემი შვილი ან შვილიშვილი მიდის. თავისუფლება ხომ მაშინ კვდება, როცა ვიღაცაზე ხდები დამოკიდებული. ახლა ჩვენ ახალგაზრდებზე ვართ დამოკიდებულები და ის რისკი, რაც ჩვენ შეიძლება შეგვეხოს, ახალგაზრდებზე გადადის.
მათ ვურჩევ, რომ იმედიანად იყვნენ, ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილები და შეეცადონ, როგორც კი ეს ამბავი მორჩება, ძველი ურთიერთობები აღადგინონ და ნაკლებად მოინდომონ ინტერნეტით ურთიერთობა. და იბრძოლონ. რაც მთავარია იბრძოლონ იმისთვის, რაც სწორად მიაჩნიათ.
თამაზ აბესაძე, 82 წლის, თბილისი
მე ვფიქრობ, წელს ჩვენი არჩევნები ვერ ჩატარდება. გადაიდება. როგორ უნდა მოასწრონ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება?
ახლა, მთავარია, მალე გამოიგონონ ვაქცინა და დასრულდეს ეს ყველაფერი. პირადად ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებულად არაფერი შეცვლილა სიმართლე რომ ვთქვა. ცოლთან ერთად ვცხოვრობ, რომელიც მანამდე სულ მუშაობდა, ამიტომ მთელი დღის განმავლობაში მარტო ვიყავი სახლში. საბედნიეროდ, შვილებს აქვთ საშუალება, რომ ახლა პროდუქტით მოგვამარაგონ.
მარტოობისას რომ არ მომეწყინა, კულინარიას მივყავი ხელი და სხვათაშორის, საკმაოდ წარმატებულად. ჩემი ცოლი გიჟდება ჩემ გაკეთებულ ლობიოზე. კიდევ სხვა ბევრი რამის კეთებაც შემიძლია.
მაღაზიაში ვყიდულობდი ხოლმე ტყემლით შეზავებულ მოხარშულ ჭარხალს, ძალიან გემრიელი რამეა, მაგრამ ვერასდროს ვერ მივუსწარი იმდენს, რამდენიც მე მინდოდა, ამიტომ ვიფიქრე – რატომ უნდა ვიყო სხვაზე დამოკიდებული? ავდექი და ჩემით გავაკეთე. გაგიჟდა ჩემი ცოლი, ისე მოეწონა. ის არის ჩემი დეგუსტატორი.
თუმცა, ჩემი მთავარი დროის ტარება სულ სხვა რამეა. ალბათ უკვე წელიწადზე მეტია, რაც მე და ჩემმა მეგობარმა, ნიკო მელიქაძემ საერთო საქმეს მივყავით ხელი.
ნიკო არაჩვეულებრივი პროფესიონალია სახელმწიფო მოწყობის დარგში და ახლა ახალ წიგნზე მუშაობს. სამწუხაროდ, მან მხედველობა დაკარგა და ნახეთ რა მოვიფიქრეთ: ის რომ თავისი წიგნისთვის სტატიას ეძებს, მე მეუბნება თემის დასახელებას. შემდეგ მე შევდივარ ინტერნეტში და ამ თემაზე მისთვის სტატიებს ვეძებ, ვუკითხავ და რომელიც მოეწონება, იმას ვინახავ.
ჩვენ გამოთვლითი ტექნიკის პირველი გამოშვება ვართ, 1961 წელს ერთად დავამთავრეთ უმაღლესი. აი ასეთი გასართობი მოვიფიქრეთ და მშვენივრად გაგვყავს დრო.
საერთოდ, ინტერნეტი საოცარი რამეა! ყველაფერი, რაც მჭირდება, ინტერნეტში შემიძლია ვნახო. ჯაზი მიყვარს ძალიან და ინტერნეტი მაძლევს საშუალებას რომ მოვისმინო რაც მინდა.
მახსოვს, ბავშვობაში დღის ორის ნახევარზე BBC -ზე გადაცემა „სიმფოჯაზი“ იწყებოდა ხოლმე და თავქუდმოგლეჯილი მოვრბოდი სკოლიდან, რომ მიმესწრო. საერთოდ, მუსიკალური სასწავლებელი მაქვს დამთავრებული ფორტეპიანოს განხრით და მე თვითონაც ვუკრავ ცოტას.
ინტერნეტით მართლა ძალიან ვერთობი. ღამით მხოლოდ ოთხი საათი მძინავს. მაქვს პლანშეტი, სადაც ძალიან ბევრი წიგნია. ადრე კროსვორდებს ვავსებდი, ძალიან მაგარი ვარ კროსვორდების შევსებაში. ახლა პლანშეტში წიგნებს ვკითხულობ.
კიდევ ჭადრაკს და პრეფერანსს ვთამაშობ ინტერნეტში. სპორტი მიყვარს ძალიან და გული მწყდება რომ ამ ვირუსის გამო სპორტული გადაცემები შემცირდა, ჩოგბურთის ჩემპიონატები გადაიდო. ახალგაზრდობაში ჩოგბურთს ვთამაშობდი, საქართველოს აკადემიურ ნიჩბოსანთა ნაკრებშიც ვიყავი.
საინტერესო ცხოვრება გავიარე და არ ვარ მოწყენილი. ინტერესებზეა ყველაფერი დამოკიდებული. არ უნდა გეგონოს, რომ ყველაფერი იცი და ყველაფერი ნახე. ბოლო დროს იდეა მქონდა გამომეკვლია თვითრეგულირებადი იერარქიული სტრუქტურების საკითხები, ანუ როგორ შეიძლება დავაკავშიროთ სახელმწიფოს მართვის სტრუქტურა ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირებასთან, მაგრამ ახლა ამისათვის ენერგია აღარ მყოფნის. ისეთი ჯანი მქონდა, ისეთი… სად წავიდა ეს ჩემი ჯანი, ვფიქრობ ხოლმე ჩემთვის.
დარეჯან და სერგო მაჭარაშვილები, 69 და 79 წლის. საჩხერე, სოფელი კორბოული
დარეჯანი: სტუმრიანობა არა გვაქვს.
კარგად ვართ, იმიტომ რომ მომარაგებული გვაქვს საჭმელ-სასმელის მარაგი, ქათმები, ძროხაც მყავს, ბოსტანი და რა ვიცი…
შვილიშვილები ყურადღებას გვაქცევენ. მოდიან, გვირეკავენ, გვაკითხავენ, ოღონდ თქვენ არ გამოხვიდეთო. ჩემმა გიორგიმ, შვილიშვილმა, სურსათი მოგვიტანა რაიონიდან, ბებია-ბაბუა სახლში იყავითო, არ გამოხვიდეთო. მოგვიტანა და წავიდა.
ჯერჯერობით მშვიდად ვართ. აპარატი აქვს ჩემს ქმარს ჩადგმული გულზე, მაგრამ კარგი ექიმები არიან აქა. ახლა უწევს კონტროლი და როგორმე წავა ამ თვეში. ტრანსპორტი არაფერი დადის, მაგრამ ალბათ გავახერხებთ რაღაცას. საჩხერეში უნდა ჩავიდეს.
სერგო: ვართ ბაბუა სახლში, თავდაცულად, გარეთ ჩვენ არ გამოვდივართ. წამლებს ვსვამ და ვარ ჩემთვის. სტენტირება მაქვს სამი გაკეთებული და ვერიდები ძალიან სახლიდან გასვლას, საფრთხილოა.
დარეჯანი: ცოტა კი მოვიწყინეთ. გვენატრება ნათესაობა და ხალხი.
ვართ მე და ჩემი ბერიკაცი ასე, ხან ნარდს ვთამაშობთ, ხან კარტს და ვერთობით როგორც შეგვიძლია.
ამას ომი ჯობია. ომი როა, ხედავ იარაღიან კაცს და იცი რომ უნდა დაემალო. ეს კიდევ უჩინარი მტერია. რაღაცა ეშმაკი შემოვიდა, რა არის ესა. სოფელში მაინც უფრო დაცულად ვგრძნობთ თავს. ჩვენ იმის იმედი მაინც გვაქვს, რომ პენსიას ავიღებთ და რავარც იქნება, ისე ვიკმარებთ. მაგრამ ზოგს, ახალგაზრდებს, არც ის პენსია რომ არა აქვს და არც სამუშაო, იმან რა ქნას? ისინი უფრო მეცოდებიან მე. ისინი უარეს გაჭირვებაში არიან.
სერგო: ეს მდგომაროება ყველაზე მეტად საფრთხილოა, იმიტომ რომ ძალიან გაჭირვებაშია ხალხი. მუშაობა აღარ არის, მაგრამ სხვა რა გზაა, როგორც ეუბნებიან ისე უნდა გააკეთონ. დაიბანონ ხელ-პირი, გარეთ არ გამოვიდნენ, ნუ შეიკრიბებიან. მალე გადაივლის ეს ამბავი და დავლიოთ მერე ვახტანგურები.
ნათელა ცერცვაძე, 80 წლის, თბილისი. მოხუცებულთა პანსიონატი “ჩემი ოჯახი“
მეცოდება ჩემი ქვეყანა, ასეთ დღეში რომ ჩავარდა. მეცოდება ხალხი.
ჩემი თავი ჯანდაბას, მე მოხუცი ვარ, მაგრამ ახალგაზრდობა ძალიან მეცოდება.
აქ დღეში სამჯერ გვაჭმევენ, კარგად გავსუქდი, მოვიმატე კარგად. ხელს გვიწყობენ და ძალიან კარგი ოჯახია.
მე ომიც კი მახსოვს ცოტა. მაშინ კიდევ უფრო გაჭირვებულები ვიყავით. მამა არ მინახავს, ომში დაიკარგა. ახლა რა მიჭირს, ახლა პური მაინც გვაქვს.
ახალგაზრდები მიყვარს და მინდა კარგად იყვნენ. მშვიდობა მინდა იყოს ჩვენს ქვეყანაში.
ეს რა უბედურებაა, ეს რა დაემართა ჩვენს ქვეყანას.
მანანა ბარათაშვილი, 96 წლის, თბილისი
მეათე ოპერაცია გავიკეთე ახლახანს, ამჯერად გულზე. ზუსტად სანამ ეს ამბავი დაიწყებოდა, მანამდე. მოვასწარი.
ძალიან ვღელავ. ხალხი მიდის… მიდის იმ ცხოვრებაში. ათასობით ადამიანი იღუპება. მიხარია რომ ჩვენთან არ არის ძალიან მძიმე მდგომაროება და იმედია ყველა კარგად იქნება, ვინც ახლა კლინიკებშია.
მთავარია, ყველა ჩამოიყვანონ, ვინც საზღვარგარეთაა, ვინც მუშაობდა და ჩარჩა. ძალიან მოქმედებს ეს ჩემზე – შენ ზიხარ სახლში, კარგად ხარ და ვიღაც ადამიანი სადღაც შორსაა და ვერ ჩამოდის.
იტალიაში და ჩინეთში რაც დატრიალდა, ეს საშინელებაა. ჩვენი სამღვდელოებაც არ არის მაღალ დონეზე. ახლა რომ ერთი კოვზით ადამიანს აჭმევ?! ისე, მე მაგალითად არც დედაჩემის კოვზი მინდოდა და არც მამაჩემის.
მე მარტო ვცხოვრობ და მიყვარს მარტო ცხოვრება. მართალია, უკვე ისე ვეღარ ვხედავ, მაგრამ მაინც ვკითხულობ ცოტას და ძირითადად ტელევიზორით ვერთობი. საჭმელი ახლობლებს მოაქვთ. ჩემს გვერდით მეზობელი ცხოვრობს, ძალიან კარგი ადამიანი, რომელსაც ყველაფერი შემიძლია ვთხოვო. 55 წლისაა და მას შეუძლია გარეთ გასვლა. საერთოდ, ფაფები მიყვარს.
შემართებით ვარ, სხვა გზა არ არის. ჩემი ბიძაშვილის შვილი, თამრიკო ამბობს ხოლმე, შენ კარგად იქნები, 150 წელი იცხოვრებო, მაგრამ ჩვენ რომ აღარ ვიქნებით მერე რა გეშველება, ვინ მოგივლისო? ჩემი ნათლულიც ეთანხმება.
ისე, რა იყო ჩვენი ცხოვრება? სულ ტყუილი, ტყუილი. ტყუილში გავატარეთ 70 წელი. 1937 წელს მამაჩემი რომ წაიყვანეს და დახვრიტეს, იქ მორჩა ჩემი ცხოვრება. ხომ სულ სხვანაირად ვიცხოვრებდი, ეს რომ არ მომხდარიყო?
გამოვძვრებით აქედანაც. უნდა გამოვძვრეთ. ძალიან კარგი ექიმები გვყოლია და მიხარია, რომ ეს მთელმა მსოფლიომ დაინახა.
ახალგაზრდებს ვურჩევ, ბევრი იკითხონ, განათლებულები იყვნენ და ცოტა ჭკუაზე მოვიდნენ.