ახალი პრეზიდენტი მთიან ყარაბაღში. რას უნდა ველოდოთ მისგან?
ყოფილი პრემიერ-მინისტრი არაიკ არუთუნიანი მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტად აირჩიეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც კორონავირუსის გავრცელების საფრთხის მიუხედავად, 2020 წლის 14 აპრილს გაიმართა.
ფაქტობრივად, ამ არჩევნების შედეგი გახდა ყარაბაღში ხელისუფლების ერთგვარი კონსოლიდაცია, რადგან ახლად არჩეული პრეზიდენტის პარტია, „თავისუფალი სამშობლო“ 31 მარტს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად უკვე გახდა ყველაზე დიდი ფრაქცია პარლამენტში – 33-დან 16 მანდატით.
ამავდროულად, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ყარაბაღის ახალი ხელმძღვანელობა სომხეთის მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ არის განწყობილი.
პრეზიდენტობის მეორე კანდიდატმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მასის მაილიანმა პირველივე ტურის შემდეგ, საკუთარ მომხრეებს ეპიდემიის პირობებში ბოიკოტირებისკენ მოუწოდა და თავადაც არ წავიდა ხმის მისაცემად.
მეორე ტურის გამართვის პერიოდში, ყარაბაღში კორონავირუსით ინფიცირების 6 შემთხვევა უკვე ოფიციალურად იყო დადასტურებული, 12 აპრილიდან კი საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.
თუმცა, ხელისუფლებამ მეორე ტური მაინც არ გადადო და განაცხადა, რომ უზრუნველყოფდა საარჩევნო უბნებზე სანიტარული ნორმების დაცვას.
ამ არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. 2017 წელს, ყარაბაღში ახალი კონსტიტუცია მიიღეს, რომლის თანახმადაც არაღიარებული რესპუბლიკა ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობის ფორმიდან სრულად საპრეზიდენტოზე უნდა გადავიდეს. ასე რომ, ახალ პრეზიდენტს გაცილებით მეტი უფლებამოსილება ექნება, ვიდრე მის წინამორბედებს.
პროტესტი არ იქნება. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც
არცახში, კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გარდა, 1991 წლიდან საომარი მდგომარეობაა.
1997 წლიდან მოქმედებს მისი შეკვეცილი ვარიანტი, ანუ დემოკრატიული უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის გარეშე. ამასთან, ომის მუდმივი საფრთხე ყოველთვის რჩებოდა ყარაბაღელებისთვის პოლიტიკური აქტივობის მთავარ კრიტერიუმად.
როგორც ჩანს, სწორედ ამ პოსტულატიდან გამომდინარე, პოლიტიკურმა ძალებმა მიიღეს გადაწყვეტილება, არ გაემართათ საპროტესტო აქცია და არ მოეხდინათ მეორე ტურის შემდეგ დესტაბილიზაციის პროვოცირება.
ამავდროულად, აქ საპროტესტო პოტენციალი არსებობს. ამაზე შეგვიძლია კენჭისყრის მონაცემებითაც ვიმსჯელოთ – მეორე ტურში, გამარჯვებულმა არაიკ არუთუნიანმა უფრო ნაკლები ხმა მიიღო, ვიდრე პირველ ტურში.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მეორე ტურში მონაწილეობა მიიღო 47 165-მა ადამიანმა ანუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 44.9%-მა. პირველ ტურში – 76 712-მა ადამიანმა ანუ 73.5%-მა. მაშინ 14 კანდიდატი იყო.
არაიკ არუთუნიანს მეორე ტურში ხმა 39 860-მა ადამიანმა მისცა, მასის მაილიანს – 5 428-მ. პირველ ტურში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: არუთუნიანი – 36 076 (49.26%) და მაილიანი – 19 360 (26.4%).
მეორე ტურში ამომრჩეველთა დაბალი პროცენტი, იმის მიუხედავად, რომ 14 კანდიდატიდან მხოლოდ 2 დარჩა, იმაზე მეტყველებს, რომ პირველ ტურში სხვა კანდიდატების მხარდამჭერებმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს და თავიანთი ხმა არაიკ არუთუნიანს არ მისცეს.
სწორედ ეს არის პოტენციური საპროტესტო კონტინგენტი.
პირველსა და მეორე ტურებს შორის ორი მიტინგი გაიმართა, რომელსაც ორგანიზება „არცახის რევოლუციურმა პარტიამ“ და მასის მაილიანის მხარდამჭერმა ბლოკმა, „ახალმა არცახმა“ გაუწია.
„საკარანტინო რეჟიმის დასრულების შემდეგ, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას კორუმპირებული რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენს ქვეყანაში იყო კორუმპირებული, კრიმინალურ-ოლიგარქიული სისტემა და გასულმა არჩევნებმა სწორედ მის განმტკიცებას შეუწყო ხელი. ჩვენ იქამდე ვიბრძოლებთ, სანამ ამ რეჟიმს არ ჩამოვაგდებთ“, – განაცხადა ტიგრან პეტროსიანმა, „ახალი არცახის“ ბლოკში შემავალი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარემ.
ამასთან, „არცახის რევოლუციური პარტიის“ თავმჯდომარემ, არტურ ოსიპიანმა ხაზი გაუსვა, რომ ქუჩის აქციებისა და აქტიური ქმედებების შეჩერების მიუხედავად, საპროტესტო მოძრაობის წარმომადგენლები ხელისუფლების გადადგომას და მათ მიერ კანონის წინაშე პასუხისგებას ითხოვენ.
არჩევანი ფინანსისტს, დიპლომატსა და სამხედროს შორის
ადგილობრივი ბლოგერი, დავიდ სიმონიანი ამბობს, რომ ყარაბაღში არჩევანი იყო ფინანსისტს (არაიკ არუთუნიანს, დიპლომატსა (მასის მაილიანს) და სამხედროს (გენერალ ვიტალი ბალასანიანს) შორის. ის წერს, რომ ადამიანებმა ფული აირჩიეს.
უსაფრთხოების საკითხების ექსპერტს, რაჩია არზუმანიანს მიაჩნია, რომ ყარაბაღში, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ჩამოყალიბდა ხელისუფლება, რომელიც ოფიციალური ერევნის მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ არის განწყობილი – და ის შესაძლოა პრაქტიკული მოქმედებისთვის გამოიყენონ.
„არცახში დამონტაჟებულია ბერკეტი, რომელიც სომხეთის გადატრიალებისა და მისი პოსტსაბჭოთა სივრცეში დაბრუნების საშუალებას იძლევა, რომელსაც თავი დააღწია“, – მიაჩნია არზუმანიანს.
საერთაშორისო რეაქცია არჩევნებზე
საერთაშორისო თანამეგობრობამ „არჩევნები მხედველობაში მიიღო“, მაგრამ არ ჰგონიათ, რომ ის აისახება ჯერჯერობით არც ერთი სახელმწიფოს მიერ არ აღიარებული ყარაბაღის სტატუსზე.
ასეთი შეფასებით გამოვიდნენ მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები, ეუთო, ევროკავშირი, რუსეთი, ირანი და სხვა სახელმწიფოები 31 მარტს, ყარაბაღში ჩატარებული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
14 აპრილს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი კრიტიკული სიტყვით გამოვიდა ევროსაბჭოს მისამართით, რომელმაც არ დაგმო ყარაბაღის არჩევნები.
როდის განახლდება ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, ჯერჯერობით უცნობია. როგორც ჩანს, უფრო ადრე არა, ვიდრე კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია არ გაუმჯობესდება.
სომხური მხარე მოლაპარაკებების პროცესში მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლების მონაწილეობას მოითხოვს, აზერბაიჯანი ამის კატეგორიული წინააღმდეგია.
სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არსებობს, როგორც დე ფაქტო დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც არ არის აღიარებული მსოფლიოს არც ერთი სახელმწიფოს მიერ, მათ შორის, სომხეთის.
1991-1994 წლებში, აზერბაიჯანის ყოფილ მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქსა და მის მიმდებარე რაიონებში ომი მიმდინარეობდა. ის ზავით დასრულდა, მაგრამ სროლები პერიოდულად კვლავ გრძელდება. კონფლიქტის საომარი ფაზის შემდეგ, ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა ყარაბაღი დატოვეს. აზერბაიჯანს ყარაბაღი და მის გარშემო ტერიტორიები, რომელიც ომის დროს დაკარგეს, ოკუპირებულად მიაჩნია და მათ დაბრუნებას მოითხოვს.
საერთაშორისო შუამდგომლობით, კონფლიქტის დარეგულირების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებებს ამ დრომდე არ მოჰყოლია შედეგი. უკანასკნელი სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები – ე.წ. აპრილის ომი ან „ოთხდღიანი ომი“, 2016 წლის აპრილში მოხდა. ამის შედეგად, ორივე მხრიდან ათობით ადამიანი დაიღუპა.