"პუტინი - ბესლანის ჯალათი"
2004 წელს ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა, რომელსაც 186 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, ისევ რუსული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ამჯერად ბესლანში ამ ბავშვების დედებს აპატიმრებენ და სცემენ.
სიტუაცია მკვეთრად დაიძაბა მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბერს, როდესაც ხუთი ქალი, ორგანიზაცია “გოლოს ბესლანას” (“ბესლანის ხმა”) თავმჯდომარის, ელა კესაევის ხელმძღვანელობით, იმ სპორტდარბაზში შევიდა, რომელშიც 2004 წელს კონფლიქტური კავკასიის ერთ-ერთი ყველაზე საზარელი ტრაგედია დატრიალდა.
მაშინ ტერორისტების ჯგუფმა სკოლა საკუთრივ 1-ლი სექტემბრის საზეიმო ღონისძიების დროს დაიკავა. სწავლის დაწყების საზეიმო ცერემონიაში 1,128 ადამიანი მონაწილეობდა სხვადასხვა სტატუსით. ამის შემდეგ თითქმის ყველა მათგანი მძევლდ აიყვანეს. ისინი ტერორისტებმა სკოლაში დაატყვევეს. მძევლებმა სამი დღე-ღამე წყლისა და საკვების გარეშე გაატარეს. ამის შემდეგ რუსულმა სპეცსამსაცურებმა შტურმი წამოიწყეს. შედეგად 334 ადამიზნი დაიღუპა, მათ შორის – 186 ბავშვი. ამ მოვლენების შედეგად 783 ადამიანი დაშავდა.
“პუტინი – ბესლანის ჯალათი”
2004 წელს ელა კესაევას ქალიშვილი ზარინა იმ სკოლიდან ცოცხალი გამოვიდა. პორტალ “მედუზას” ავტორის, ილია აზარის თქმით, “შესაძლოა, სწორედ ამიტომ ყოფნის კესაევას ძალა და ენერგია საიმისთვისოდ, რომ საზოგადოებრივ ორგანიზაცია “გოლოს ბესლანას” უხელმძღვანელოს.
ა.წ. 1-ელ სექტემბერს იგი ოთხ სხვა ქალთან ერთად სპორტდარბაზში მაშინ შევიდა, როდესაც იქ ტრადიციად ქცეული სამგლოვიარო ღონისძიება იმართებოდა. მათ ქურთუკები გაიხადეს. ქალებს თეთრი მაისურები ეცვათ, რომლებზეც ეწერა – “პუტინი ბესლანის ჯალათია”.
ქალები დააკავეს; ამასთან, ერთ-ერთ მათგანს იმდენად ძლიერდ ჩაარტყეს ზურგში, რომ გული აერია. იმავე დღეს, უფრო სწორად კი 1-2 სექტემბრის ღამით, ხუთივეს განაჩენი გამოუტანეს. მათ საზოგადოებრივი სამუშაოების წარმოება და 20 ათასი რუბლის [დაახლოებით $300] ოდენობის ჯარიმის გადახდა მიუსაჯეს.
იქვე დააკავეს ორი მოსკოველი ჟურნალისტიც – “ნოვაია გაზეტას” კორესპონდენტი ელენა კოსტიუჩენკო და ვებგვერდ “ტაკიე დელას” თანამშრომელი დიანა ხაჩატრიანი. ისინი მალევე გაათავისუფლეს. მაგრამ, ორი დღის შემდეგ მათ “ანტიტერორის” მაისურებში გამოწყობილი ადამიანები დაესხნენ თავს. თავდამსხმელებმა კოსტიუჩენკოს “ბრილიანტის მწვანე”(“ზელიონკა”) გადაასხეს.
“კავკაზსკი უზელის” ვიდეო
ყველა დაკავებული შინ დაბრუნდა, მაგრამ მცირე ხნის წინათ ამ ამბავს გაგრძელება მოჰყვა.
“კავკაზსკი უზელის” მიერ გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, 14 სექტემბერს ელა კესაევას სახლს 3 ავტომობილი მიუახლოვდა. მანქანებიდან პოლიციის ფორმასა და სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი 15 მამაკაცი გადმოვიდა.
ისინი მასპინძლებს არ წარუდგნენ და არც ის უთქვამთ, თუ რისთვის იყვნენ მისულები, თუმცა კატეგორიულად მოითხოვეს, რომ კესაევა გამოსულიყო. მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთ-ერთი მათგანი ვიდეოგადაღებით იყო დაკავებული.
კესაევას ნათესავმა მათ განუცხადა, რომ ელა შინ არ არის, და დაუპატიჟებელ სტუმრებს კარი ცხვირწინ მიუხურა.
ორგანიზაცია “გოლოს ბესლანას” ლიდერი, ელა კესაევა ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში საჩივრის შეტანას აპირებს.
რა სურთ დაღუპული და დაშავებული ბავშვების დედებს
“ჩვენ ბესლანის თემის წამოწევა გვინდოდა, რადგან ეს საკითხი თანდათან დავიწყებას ეძლევა,” – “მედუზასთვის” მიცემულ ინტერვიუში, 1-ლი სექტემბრის აქციის მიზეზებზე საუბრისას განაცხადა დემონსტრაციის ერთ-ერთმა მონაწილემ, სვეტლანა მარგიევამ. 2004 წლის სექტემბერში ის თავის ქალიშვილთან ერთად იმავე სპორტდარბაზში მძევლად ჰყავდათ აყვანილი.
“პუტინმა ძალაუფლება ჩვენი შვილების სისხლით გაიმყარა. მე ქალიშვილი ჩამაკვდა ხელში. სანამ ცოცხალი იყო, მეკითხებოდა, – პუტინი ხომ გადაგვარჩენსო. ამ კითხვას სხვა ბავშვებიც სვამდნენ. ჩვენ პუტინის იმედი გვქონდა, მან კი ხელიც არ გაანძრია, რომ ჩვენი შვილები გადაერჩინა,” – ამბობს მარგიევა.
“ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტი, იგივე უმაღლესი მთავარსარდალი, დამნაშავეა. ჩვენი განცხადებების მიუხედავად, იგი არასდროს დაუკითხავთ. ბესლანის საქმესთან დაკავშირებით იგი კანონგარეშეა,” – დაამატა ელა კესაევამ.
ამ ორგანიზაციის წევრი ქალების აზრით, გარდა იმისა, რომ რუსმა ძალოვანებმა 2004 წლის 1-ლი სექტემბრის ტერაქტის თავიდან ასაცილებლად არაფერი გააკეთეს, ისინი თავადაც დამნაშავენი არიან იმაში, რომ ბავშვები დაიხოცნენ.
მათი დარწმუნებულობა არამხოლოდ მოწმეთა პირად გამოცდილებას, არამედ რამდენიმე დამოუკიდებელი გამოძიების შედეგებსაც ეფუძნება. გარდაცლილების დედები დღემდე ელოდებიან ოფიციალურ სახელმწიფო გამოძიებას – ეს საქმე ოფიციალურად არ დახურულა, მაგრამ უკვე 12 წელია, რაც სახელმწიფო სტრუქტურებში საერთოდ არ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
“გ ოლოს ბესლანა” (“ბესლანის ხმა”) ტერაქტით დაზარალებულებისა და მათი ახლობლების საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, მაგრამ ამ ნიშნით გაერთიანებული ადამიანების სხვა, უფრო მრავალრიცხოვანი ჯგუფიც არსებობს. ამ ორგანიზაციას “ბესლანელი დედები” ჰქვია და მისი წევრებს “გოლოს ბესლანას” წარმომადგენლებთან დაძაბული ურთიერთობა აქვთ.
“გოლოს ბესლანას” აქტივისტები 2004 წლის ტრაგედიაში პირადად ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის ხელმძღვანელობას ადანაშაულებენ. “ბესლანელი დედების” აზრით კი, ხელისუფლების მთავარი დანაშაული ისაა, რომ ტერორისტებს მძევლების აყვანის საშუალება მისცეს.
“უკვე 12 წელია, ობიექტურ გამოძიებას ვითხოვთ. ჩვენ კანონიერი მეთოდებით ვმოქმედებთ,” – სტრუქტურების წარმომადგენლებსა და დეპუტატებთან შეხვედრებს ვმართავთ. ნელ-ნელა [მივიწევთ წინ]. ზღვა კოვზით დაილევაო, – ნათქვამია. ჩვენ ველოდებით, რომ პრეზიდენტი, ან დიპლომატიური კორპუსი სრულად შეაფასებს შექმნილ მდგომარეობას და მიხვდება, რომ გამოცდილების გათვალისწინება და შეცდომების გამოსწორებაზე მუშაობაა საჭირო,” – განუცხადა “მედუზას” “დედების” ლიდერმა, სუსანა დუდიევამ.
“ბესლანის დედებმა” “გოლოს ბესლანას” წევრი ქალების აქცია დაგმეს და აღნიშნეს, რომ შესაძლოა, კესაევის ჯგუფს პოლიტიკური მოტივები ამოძრავებს.
“ეს გლოვის ადგილია და კვნესისა და ტკივილის ყვირილით გადაფარვა უნამუსობაა, – განუცხადა “მედუზას” დუდიევამ, – ამ შენობის პერიმეტრის იქით ნებისმიერი მოსაზრების გამოთქმა შეიძლება – ისე, რომ ამ სკოლის აურა არ დაირღვეს.”
“… ეს მეთოდი რუსულ და საზღვარგარეთულ ოპოზიციას აძლევს ხელს. სადღაც მოსკოვში, ამერიკასა და ევროპაში ამ ამბავმა ყველა გაახარა. ბევრმა ხელებიდ ფშვნეტით თქვა, ძალიანაც კარგი, მეტის ღირსიაო,” – მიაჩნია დუდიევას.
აქციის მონაწილეები კი კატეგორიულად უარყოფენ, რომ პოლიტიკური მოტივები ამოძრავებთ. ისინი არ ეთანხმებიან მოსაზრებას, თითქოს ეს აქცია მომავალ საპარლამენტო არჩევნებთანაა კავშირში.
დუდიევას ჯგუფის პოზიციას კი ასე ხსნიან: “იმის გათვალისწინებით, რომ “ბესლანელ დედების” ყველა წევრი სხვადასხვა სამინისტროშია დასაქმებული, მათ დასაკარგი ნამდვილად აქვთ” (“მედუზა”).
რას ფიქრობენ მომხდართან დაკავშირებით ბესლანელები?
“მედუზას” კორესპინდენტმა ბესლანში რამდენიმე მოხელე გამოკითხა და გაავრცელა მასალა, სადაც აღნიშნულია, რომ მაისურები წარწერით “პუტინი ბესლანის ჯალათია” ყველამ “უადგილო პროვოკაციად” შეაფასა. ისინი დაღუპული ბავშვების დედების მიერ რუსეთის ხელისუფლების მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს არ ეთანხმენიან.
“მედუზას” მიერ ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს, რომ მოქალაქეთა დიდი ნაწილიც იმავე აზრს იზიარებს. ისინი ფიქრობენ, რომ ამ აქციას პოლიტიკყრი მოტივები აქვს და მავანი ოპოზიციონერების მიერაა დაფინანსებული.
ელა კესაევამ “მედუზას” განუცხადა, რომ ამ მოსაზრებას ადამიანები იმიტომ გამოთქვამენ, რომ გულახდილობის ეშინიათ და, ამასთან, პროპაგანდის გავლენას განიცდიან.
“სკოლაში ბავშვებს ეუბნებიან, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წევრები გმირები არიან, – განუცხადა მან “მედუზას”, მაგრამ სინამდვილეში იმ დღეს ბავშვები მაისურებში გამოწყობილმა უბრალო მამაკაცებმა გადაარჩინეს, მათ მიმართ კი საერთოდ არ იჩენენ ყურადღებას.”
“გოლოს ბესლანას” წევრი ქალები დარწმუნებულნი არიან, რომ სინამდვილეში მათ ბევრი თანამოაზრე ჰყავთ ქალაქში მაგრამ ეს ადამიანები საჯარო გამოსვლებისთვის ჯერჯერობით მზად არ არიან.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, სვეტლანა მარგიევამ “მედუზასთან” საუბრისას განაცხადა: “1-ელ სექტემბერს ბევრ ადამიანს ჩვენი დაცვა სურდა, მაგრამ მათ ჩვენამდე არ უშვებდნენ. სამაგიეროდ გვესმოდა, როგორ ყვიროდნენ ისინი, – ხალხი გამოუშვით, ძალოვანები ხართ, თუ ტერორისტები, როგორ იქცევითო.”
გამოქვეყნდა: 17.09.2016