აზერბაიჯანი რეფერენდუმისთვის ემზადება
ოპოზიცია და საერთაშორისო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ აგვისტოს შუა რიცხვებიდან, 26 სექტემბერს გასამართი რეფერენდუმის წინა პერიოდში აზერბაიჯანის ხელისუფლებამ პოლიტიკური რეპრესიები განაახლა.
“ჯერჯერობით ვერ ვიღებ შვილთან შეხვედრის, მასთან სატელეფონო საუბრისა და ამანათის გადაცემის ნებართვას. როგორც ყველა სხვა უფლება, ფუადის ეს უფლებებიც უხეშად ირღვევა. უფლისა და მეგობრების შემწეობის იმედი მაქვს.” ასეთი გზავნილი გამოაქვეყნა თავის “ფეისბუკგვერდზე” პარტია “ეროვნული ფრონტის” ახალგაზრდული ფრთის წევრის, ფუად აჰმედლის მამამ, ზაფარ აჰმედოვმა.
იგი მოთავსებულია უშიშროების სახელმწიფო სამსახურის იზოლატორში – მისი ადვოკატი კი ცდილობს, მიაღწიოს, რომ რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმარი გადაიყვანონ №1 საგამოძიებო იზოლატორში, სადაც შედარებით უკეთესი საცხოვრებელი პირობებია.
დაპატიმრებების ახალი ტალღა დაიწყო 12-13 აგვისტოს ღამეს, როდესაც პარტია “რე-ალის” მმართველი ორგანოს წევრს, ნატიკ ჯაფარლის ფინანსური დანაშაულის ჩადენა დასდეს ბრალად და დააკავეს.
13 აგვისტოს მოძრაობა NIDA-ს ახალგაზრდული ფრთის წევრი, ელგიზ გახრამანლი დააკავეს;15 აგვისტოს – ახალგაზრდული ორგანიზაციების აქტივისტები – ელშან ჰასიმოვი და თოღრულ ისმაილოვი. ასევე, დააკავეს და დააჯარიმეს სამოქალაქო აქტივისტი და ყოფილი პოლიტპატიმარი, ბახთიარ გაჯიევი.
19 აგვისტოს დააპატიმრეს პარტია “აზერბაიჯანის ეროვნული ფრონტის” წევრები – მიასულ რზალი და გიადიმ ბაგიროვი.
20 აგვისტოს ოპოზიციურ გაზეთ “აზადლიგის” ფინანსური დირექტორი, ფაიკ ამიროვი დააპატიმრეს და ბრალად რელიგიურ-ექსტრემისტული ლიტერატურის გავრცელება წაუყენეს. ბრალდება ოდნავ განსხვავებლად ჟღერს (რელიგიური შუღლის გაღვივება და ა.შ.), მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩხრეკისას მას ფეთულლაჰ გიულენის შესახებ დაწერილი სამი წიგნი უპოვეს.
28 აგვისტოს დააკავეს ელჩინ შარიფზადე, მეჰმან ჰუსეინოვი და მასუდ ასკერი, რომლებიც იმავე დღეს გაათავისუფლეს.
ოპოზიცია და უფლებადამცველები მრავალი დარღვევის შესახებ საუბრობენ. მაგალითად, ადვოკატი ელჩინ სადიგოვი აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნატიკ ჯაფარლის ნახვას დღემდე ვერ ახერხებს. ამას გარდა, მისი თქმით, გენპროკურატურამ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია, როდესაც ოფიციალურ განცხადებაში ჯაფარლის დამნაშავე უწოდა.
მრავალმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ბაქოში მომხდარი დაპატიმრებებს “რეპრესიების ახალი ტალღა” უწოდა.
“რეფერენდუმის გამართვამდე ექვსი კვირით ადრე აზერბაიჯანის ხელისუფლებამ რეპრესიების ახალი ტალღა ააგორა – კრიტიკული ხმები რომ ჩაახშოს,”- ნათქვამია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების “კოალიციის” განცხადებაში.
“აზერბაიჯანში სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ აგორებული რეპრესიების ტალღა განახლდა. 12 აგვისტოს რამდენიმე ახალგაზრდა აქტივისტი დააკავეს,”- ნათქვამია Human Rights Watch-ის განცხადებაში.
ამას გარდა, Freedom House-მაც აღნიშნა, რომ დაპატიმრებების სერია გასამართ რეფერენდუმთან არის დაკავშირებული.
26 სექტემბერს აზერბაიჯანში გაიმართება რეფერენდუმი, რომელზეც საკონსტუტუციო ცვლილებების მიღების საკითხი გადაწყდება. ამ ახალი რეგულაციების დანერგვის შემთხვევაში, პრეზიდენტის უფლებამოსილებები გაიზრდება.”რე-ალის”,”მუსავათის”, “ეროვნული ფრონტისა” და რამდენიმე სხვა პარტიისა თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციის აქტივისტები მიიჩნევენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ავტორიტარიზმს გააძლიერებს.
ამავდროულად, პარტია “Re-Al”-მა ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან აგიტაციის ნებართვა მიიღო, მაგრამ დაპატიმრებების შემდეგ განაცხადა, რომ კამპანიაში მონაწილეობაზე უარს. პარტიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, პოლიციამ 100 ათასი ფლაერის კონფისკაცია მოახდინა. “რე-ალის” განცხადების მიხედვით, მათ სამართალდამცავების მიერ ამოღებული მასალა საზოგადოების ფართო მასებში უნდა გაევრცელებინათ. პარტიის მმართველი ორგანოს წევრმა, აზერ ჰასიმლის თქმით, ის რეფერენდუმსა და მისი შედეგების ლეგიტიმურობას არ აღიარებს.
მთლიანობაში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ორი საინიციატივო ჯგუფი დაარეგისტრირა: ქვეყნის მუნიციპალიტეტების ჯგუფის მიერ შექმნილი გაერთიანება სახელწოდებით “ბიალიადია” და აზერბაიჯანის პროფკავშირების კონფედერაციის მიერ შექმნილი ჯგუფი, რომელსაც “სამოქალაქო საზოგადოება” ჰქვია.
ისევე როგორც ადრე, უცხოელი კრიტიკოსების პასუხად, ხელისუფლება ახლაც აღნიშნავს, რომ სხვა ქვეყნები სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში ერევიან. “ჩვენი ქვეყანა არ კონტროლდება რომელიმე სახელმწიფოს მიერ და ყოველთვის ასე იქნება,” – სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “აზერთაჯთან” საუბრისას განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელმა, ნოვრუზ მამედოვმა. მისი თქმით, “დასავლური წრეები, საერთაშორისო სტრუქტურები და სახელმწიფოები აზერბაიჯანის მიმართ წინასწარ შექმნილი წარმოდგენებითა და განწყობებით ხელმძღვანელობენ.”
“ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ამგვარი მცდელობები არასდროს მოიტანს შედეგს. არ უნდა დაიშვას ის ორმაგი სტანდარტები, რაც აზერბაიჯანთან მიმართებით გამოიყენება,” – განაცხადა მამედოვმა.
P.S. 9 სექტემბერს ნასიმის სასამართლომ პარტია ReAl-ის აღმასრულებელი მდივანი, ნატიკ ჯაფარლი მოულოდნელად გაათავისუფლა.
გამოქვეყნდა: 10.09.2016