საქართველო პიკს უახლოვდება. მზად არის თუ არა ქვეყანა
კორონავირუსის ეპიდემიის ე.წ. “შეკავების ფაზიდან” საქართველო უკვე შემდგომ, ე.წ. “პიკურ ფაზაზე” გადადის. პიკს ქვეყანაში აპრილის ბოლოს, მაისის პირველ ნახევარში ელოდებიან.
ექსპერტები შიშობენ, რომ შემდეგი ეტაპი, შესაძლოა, ისეთი წარმატებული არ აღმოჩნდეს.
_________________________________
ყოველდღე, დღეში ორჯერ, ზუსტად დილის 10:30-ზე და საღამოს 19:30 საათზე ინფექციური საავადმყოფოს ჭიშკართან შეკრებილ მრავალრიცხოვან ჟურნალისტებთან გამოდის კლინიკის სამედიცინო დირექტორი, ინფექციონისტი მარინა ეზუგბაია და იწყებს ლაპარაკს ისე, რომ კითხვასაც არავინ უსვამს.
ის ჰყვება, კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი ახალი პაციენტი მიიღეს ცენტრში, როგორია მათი მდგომარეობა, რომელიმე პაციენტი ხომ არ გამოჯანმრთელდა ან ხომ არ დამძიმდა.
ეს მოკლე ცნობები, ფრონტის ხაზიდან მოსულ ამბებს დაემსგავსა, რომლებსაც უკვე თითქმის ორი თვეა დილა-საღამოს მოუთმენლად ელიან საკუთარ სახლებში შეყუჟული ადამიანები მთელი საქართველოს მასშტაბით რამდენიმე სხვადასხვა კლინიკიდან.
ექიმებმა და ეპიდემიოლოგებმა, რომელთა არსებობის შესახებ ბევრმა არც იცოდა, საინფორმაციო სივრცეში პოლიტიკოსები ჩაანაცვლეს და ახალ ავტორიტეტებად იქცნენ.
საქართველოს ჯერ არ მიუღწევია კორონავირუსის გავრცელების პიკისთვის, რომელსაც აპრილის ბოლოდან ელოდებიან.
მეტიც, რეგიონში ყველაზე ნაკლები დადასტურებული შემთხვევა და ყველაზე ნაკლები სიკვდილიანობა, სწორედ საქართველოშია.
ხელისუფლების კრიტიკოსებიც კი აღნიშნავენ, რომ პირველ, შეკავების ეტაპზე ქვეყანამ კარგად გაართვა თავი ვითარებას და ინფექციის უკონტროლო გავრცელება არ დაუშვა.
შეკავების ფაზა – დრო, რომელიც საქართველომ მოიგო
რეგიონში საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ აკრძალვების დაწესება დაიწყო.
შეზღუდვები 29 იანვარს დაიწყო, როდესაც საქართველომ შეაჩერა ფრენები ჩინეთთან. შემდეგ 23 თებერვლიდან ირანთან და 6 მარტიდან იტალიასთანაც. 18 მარტისთვის, საქართველოს საზღვრები სრულად დაიკეტა უცხოელებისთვის.
უკვე 2 მარტიდან, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული მხოლოდ სამი შემთხვევა იყო, შეწყდა სასწავლო პროცესი სკოლებსა და ბაღებში. 4 მარტიდან კი უმაღლეს სასწავლებლებში.
16 მარტიდან, როდესაც ქვეყანაში სულ კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევა იყო, დაიკეტა რესტორნები და კაფეები, სავაჭრო ცენტრები და სხვა გასართობი დაწესებულებები. შეიზღუდა მუნიციპალური ტრანსპორტი – მიკროავტობუსები.
21 მარტს კი, როდესაც ინფიცირებულთა რიცხვმა 48-ს მიაღწია, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც დღითი დღე უფრო და უფრო მკაცრდებოდა. გაჩერდა ყველანაირი მუნიციპალური ტრანსპორტი და რკინიგზაც.
კერძო მანქანებსა და ტაქსებში დაშვებულია მხოლოდ სამი ადამიანის ყოფნა; აკრძალულია სამზე მეტი ადამიანის შეკრება.
31 მარტიდან კი, საღამოს ცხრიდან დილის ექვსამდე მოქმედებს კომენდანტის საათი, რაც იმას ნიშნავს, რომ აკრძალულია გარეთ გასვლა.
23 მარტს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მარნეულის რაიონში კორონავირუსის ერთი შემთხვევის დადასტურება საკმარისი გახდა საიმისოდ, რომ მარნეული და ბოლნისი საკარანტინო სივრცედ გამოეცხადებინათ და გარე სამყაროსგან ჩაეკეტათ.
მთელი ქვეყნის მასშტაბით სახლში გამოკეტილი აღმოჩნდა ასი ათასობით ადამიანი. ქვეყანაში, სადაც უმუშევრობა 11.1 პროცენტია და მოსახლეობის დიდი ნაწილი თვითდასაქმებულია დღიურ სამუშაოზე – ვაჭრობენ, ტაქსის მძღოლებად, დღიურ მუშებად მუშაობენ და ასე შემდეგ, ბევრი საარსებო შემოსავლის გარეშე დარჩა.
თუმცა, ხელისუფლებას ამის გამო ბევრი კრიტიკოსი არ ჰყავდა.
შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანებიც კი ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობდნენ, რომ ესმით იმ მკაცრი ზომების, რომლებსაც ხელისუფლება ვირუსის წინააღმდეგ მიმართავს.
პირველ ხანებში ხელისუფლების მკაცრი კრიტიკისგან თავს იკავებდა ოპოზიციაც, რადგან ხელისუფლების გადაწყვეტილებების კრიტიკა იმ ეპიდემიოლოგების კომპეტენციაში ეჭვის შეტანას ნიშნავდა, რომლებიც პირველ ხანებში მთლიანად ედგნენ სათავეში პროცესს.
პირველი დღეებიდანვე ვირუსთან ბრძოლის სათავეში გამოცდილი პროფესიონალები – დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, მისი მოადგილე პაატა იმნაძე და ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მოექცნენ.
ჯანდაცვის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ პირველი ფაზის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ ის იყო, რომ ხელისუფლებამ უკან დაიხია და ვირუსთან ბრძოლაში მთლიანად ეპიდემიოლოგებისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტების პროფესიონალიზმს ენდო.
ასევე, მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევა ის, რომ განსხვავებით მდიდარი ქვეყნებისგან, რომლებსაც საათივით აწყობილი ჯანდაცვის სისტემები აქვთ, ღარიბმა საქართველომ თავიდანვე სერიოზულად აღიქვა საფრთხე.
იმუშავა ფორმულამ „იტალიაში თუ ასეთები ხდება, ჩვენ რა მოგვივა“ და ამიტომ ქვეყანა იმთავითვე თავდაცვის რეჟიმში გადავიდა.
მესამე ფაქტორი კი, რომელიც დიდ სამსახურს უწევს ქვეყანას კორონავირუსთან ბრძოლაში, ეს არის სამსართულიანი შუშის შენობა თბილისის შემოგარენში – ლუგარის კვლევითი ცენტრი, მიიჩნევენ ექსპერტები.
ლუგარის ლაბორატორიას წლების განმავლობაში უწევდა რუსული პროპაგანდის მოგერიება. კრემლთან დაახლოებული მედია, ქართული პრორუსული რესურსების დახმარებით, ცენტრის წინააღმდეგ ნამდვილ საინფორმაციო ომს აწარმოებდა. დოკუმენტური ფილმებიც კი იქმნებოდა, სადაც ლუგარის ლაბორატორიას საქართველოში საშიში ვირუსების გავრცელებაში ადანაშაულებდნენ.
მსოფლიო პანდემიის დროს კი, სწორედ ლუგარის თანამედროვედ აღჭურვილმა ლაბორატორიამ და მისმა მზაობამ შეასრულა განსაკუთრებული როლი საზოგადოებრივი ჯანდაცვის უსაფრთხოებაში.
ლუგარის ცენტრში კორონავირუსის რეაგენტები მათი შექმნიდან 20 დღის შემდეგ ჩამოიტანეს. ეს იყო 22 დღით ადრე, ვიდრე საქართველოში კორონავირუსით პირველი ინფიცირებული გამოვლინდებოდა.
მარტიდან ეს ლაბორატორია 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და PCR ტესტირების პასუხი აქ 4-5 საათში უკვე მზად არის.
ქართველი მეცნიერი, მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი და მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი ზურაბ გურული ამბობს, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს სასარგებლოდ მისმა მცირერიცხოვნობამაც იმუშავა (2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერით, საქართველოში 3 მილიონ 731 ათასი ადამიანი ცხოვრობს).
„საქართველოს აქვს უპირატესობა იმით, რომ პატარა ქვეყანა ვართ და ამ მცირეროცხოვნობას აქვს დიდი უპირატესობა, მაგალითად, სწრაფად შეიძლება რომელიმე რეგიონის ჩაკეტვა, საზღვრების კონტროლი და მონდომების პირობებში, სხვა ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების ჩატარება,“ – ამბობს ის.
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, დეპუტატი „ევროპული საქართველოდან” ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ შეკავების ფაზაში საქართველომ მართლაც მოახერხა “რამდენიმე ძვირფასი კვირის მოგება”.
„ჩვენ დავხურეთ ქვეყანა უფრო ადრე, ვიდრე ვირუსი მოასწრებდა ქვეყანაში ფართოდ გავრცელებას. შეკავების ფაზა წარმატებული გამოდგა და ქვეყანას სამი-ოთხი კვირა აჩუქა, რათა მომზადებულიყო ჰოსპიტალური სექტორი. მაგრამ რამდენად გამოვიყენეთ ეგ დრო, სხვა საკითხია,“ – ამბობს ის.
ტესტირება – სუსტი რგოლი?
ტესტირება ერთ-ერთი თემა, რომლის გარშემოც ყველაზე ცხარე დისკუსია მიმდინარეობს.
ოპოზიცია ხელისუფლებას სწრაფი ტესტების შემოტანის დაგვიანებაში ადანაშაულებს. პოლიტიკური ოპონენტების გარდა, იგივე კრიტიკით ჯანდაცვის ექსპერტების და ინფექციონისტების ნაწილი გამოდის.
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ თუ ქვეყანა მალე არ გადავა სწრაფი ტესტების გამოყენებაზე, ვირუსის შეკავება გაჭირდება:
„მილიონ მოსახლეზე ჩატარებული ტესტების რაოდენობით საქართველოს ძალიან დაბალი მაჩვენებელი აქვს. უკვე აჩვენა პრაქტიკამ, რომ ტესტირება ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ მაქსიმალურად დროულად გამოვლინდნენ ინფიცირებულები. თუ ჩვენ ვერ ვიპოვით ინფიცირებულებს დროულად, ძალიან გაჭირდება სიტუაციის მართვა,“ – ამბობს ბუწაშვილი.
ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი ამის მიზეზად ბიუროკრატიას მიიჩნევს და ხელისუფლებას სწრაფ ტესტების შემოტანის განზრახ შეფერხებაში ადანაშაულებს:
„ჯანდაცვის სამინისტრო ხელოვნურად აფერხებს კორონავირუსის ტესტების რეგისტრაციას და ლაბორატორიების მიერ მათი შემოტანის პროცესს. ეს არასწორი პოლიტიკა დიდ საფრთხეს უქმნის კორონავირუსთან კლინიკური თვალსაზრისით ბრძოლის ეფექტურობას. ჩვენ ვიმყოფებით ეპიდემიოლოგიური ტალღის დარტყმის პირას და დაუყოვნებლივ გვჭირდება ტესტები. ეს უნდა გაიგონ სამინისტროში მოკალათებულმა ბიუროკრატებმა,“ – წერდა კანდელაკი ფეისბუკზე ჯერ კიდევ 19 მარტს.
მართლაც, თუ გადავხედავთ მსოფლიო რუკას, სადაც კორონავირუსის შესახებ მონაცემები იყრის თავს, ვნახავთ, რომ მეზობლებთან და ასევე ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს მართლაც საკმაოდ ცოტა ადამიანი ჰყავს გამოკვლეული.
8 აპრილის მონაცემებით, საქართველოში სულ 3 ათას 271 ტესტი იყო გაკეთებული, რაც მილიონ მოსახლეზე 820 ტესტია (ამავე პერიოდისთვის სომხეთმა მილიონ მოსახლეზე 1840 ტესტი ჩაატარა, აზერბაიჯანმა – 5257).
ამირან გამყრელიძე, თენგიზ ცერცვაძე და პაატა იმნაძე ამ შემთხვევაში ხელისუფლების პოზიციას იზიარებენ და კრიტიკოსებს არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებენ.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველომ ტესტირების განსხვავებული, მიზანმიმართული გზა აირჩია, რომელიც უფრო ეფექტური აღმოჩნდა:
„ჩვენ ტესტირებას სწორი ალგორითმით ვატარებთ. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ თბილისში მილიონ 200 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ყველას კი არ გაუკეთო ტესტირება, არამედ სწორად შერჩეული ალგორითმით და პრინციპით გამოარჩიო ამ მილიონ 200 ათასიდან თუნდაც 10 ათასი ადამიანი, ვისაც შეიძლება ჰქონდეს დაავადება და ის 10 ათასი გატესტო“,- განაცხადა ცერცვაძემ.
ახალი ალგორითმის მიხედვით, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ ტესტირებასთან დაკავშირებით 9 აპრილს შეიმუშავა, საგრძნობლად უნდა გაიზარდოს იმ ადამიანების რიცხვი, რომლესაც ტესტირებას, მათ შორის სწრაფ ტესტებს გაუკეთებენ.
ახალი ალგორითმის ჩამონათვალში მოგზაურობის ისტორიის მქონე და სიმპტომიან პაციენტებთან ერთად მოხვდნენ სხვადასხვა სოციალური ჯგუფებიც (მაგალითად, ჯარისკაცები, ხანდაზმულთა სახლების პერსონალი და ბინადარნი და ფსიქიატრიული კლინიკების პაციენტები, ასევე იმ კლინიკების მედპერსონალი, სადაც ადამიანთა დიდი ნაკადია, და ასევე სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები). ამათ ყველას ანტისხეულებზე სწრაფი ტესტები უნდა ჩაუტარდებათ, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა სიმპტომები.
“ტესტირების არეალი რაც გაფართოვდა, შემთხვევების რაოდენობამ იმატა, რაც ბუნებრივია, და უფრო რეალურ მაჩვენებელს მიუახლოვდა. ეს ტენდენცია გაგრძელდება, ” – ამბობს მაია ბუწაშვილი.
კონკრეტულად რამდენი ადამიანია ტესტირებული, ამ ეტაპზე უცნობია. 8 აპრილის შემდეგ კორონავირუსის შესახებ მსოფლიო რუკაზეც არ განახლებულა საქართველოს მონაცემები ტესტირების შესახებ მაშინ, როდესაც იგივე აზერბაიჯანი და სომხეთი ტესტირების ნაწილში მუდმივად ანახლებს ინფორმაციას.
როგორც ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, საერთო ჯამში, უახლოეს პერიოდში ქვეყანა 200 ათასზე მეტი სწრაფი ტესტის შემოტანას გეგმავს.
უახლოეს ხანში იგეგმება 20 ათასი ანტისხეულებზე სწრაფი ტესტის შემოტანა და ასევე 52 ათასი ანტიგენზე სწრაფი ტესტის შემოტანა, ამბობს მინისტრი:
„მას შემდეგ, რაც სწრაფი ტესტების სანდოობა დადასტურდება, დამატებით 200 ათასი შემოვა ქვეყანაში,” – მინისტრის თქმით, გარდა ამისა, საქართველოს 84 ათასი PCR ტესტი აქვს შეკვეთილი.
რითი ხვდება პიკს ქვეყანა – როგორია ჰოსპიტალური სექტორის მზაობა
ჯერ კიდევ 13 მარტს ჯანდაცვის მინისტრი ამბობდა, რომ სისტემა სამი სცენარისთვის არის მზად. მისი პროგნოზით, ყველაზე მძიმე სცენარით, საქართველოს 400-მდე მძიმე პაციენტი ეყოლება.
8 აპრილს გაკეთებულ განცხადებაში ჯანდაცვის მინისტრი აცხადებდა, რომ ჰოსპიტალური სექტორი პიკისთვის სრულად მზადაა. 15 აპრილს კი მან თქვა, რომ ქვეყანას სპეციალისტები აკლია და ეს არის სისტემის “ყველაზე დიდი დრამა და ხარვეზი, რომელიც არის მოცემულობა და ფაქტი”.
მისი თქმით, ქვეყანაში ამ ეტაპზე მობილიზებულია 3500 საწოლი სტაციონარებში და ასევე 1700 სასუნთქი აპარატი.
“რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ერთი თვის განმავლობაში შეძლებს დღეში ასეულობით ინფიცირებულის მიღებას შეუფერხებლად,” – აღნიშნა მან.
გარდა ამისა, ტიკარაძის თქმით, 5-10 ათას პაციენტამდე ქვეყანას შეუძლია მიიღოს საკარანტინო ზონებში – ეს იქნებიან შედარებით მსუბუქი პაციენტები, რომლებსაც ოჯახის ექიმები მართავენ.
სულ კი, ჯამში საქართველოს სტაციონარებში არის 15 ათასამდე საწოლი და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, კიდევ უფრო მეტი საწოლის დატვირთვა კოვიდინფიცირებული პაციენტებით.
თუმცა, აქ სხვა, ბევრად დიდი პრობლემაა:
15 აპრილს გაკეთებულ განცხადებაში ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ მხოლოდ საწოლების რაოდენობა და სასუნთქი აპარატები არ არის საკმარისი Covid-19-ის სამართავად და მთავარი პრობლემა შეზღუდული რაოდენობის სამედიცინო პერსონალშია.
ტიკარაძის თქმით, ქვეყანას ჰყავს სულ 488 რეანიმატოლოგი, რომელთაც შეუძლიათ დღიურ რეჟიმში მხოლოდ 1200 პაციენტს მოუარონ;
და 256 ინფექციონისტი, რომლებსაც შეუძლიათ დღიურ რეჟიმში მხოლოდ 853 ინფექციურ პაციენტს მიხედონ.
“როცა ამ რიცხვებს აანალიზებ, ხვდები, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გადადგა ძალიან მკაცრი ნაბიჯები და იყო ძალიან ფრთხილი“ – განაცხადა ტიკარაძემ TV იმედზე, გადაცემა „ღია ეთერში“.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყანაში სიტუაცია უკონტროლოდ მაშინ ჩაითვლება, თუ ინფიცირებულთა რიცხვი დღეში 400-500-ით გაიზრდება.
“დღეში 50 ინფიცირებულის მართვის საშუალება დღესდღეობით ჩვენს სამედიცინო სფეროს გააჩნია”.
პიკის პერიოდში სიტუაციის მართვის გეგმა ასეთია – მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტები მაქსიმალურად დარჩებიან სახლში და მათზე პასუხისმგებლობას ოჯახის ექიმები აიღებენ.
ოჯახის ექიმი დისტანციურად გაესაუბრება პაციენტს და მიიღებს გადაწყვეტილებას ის სახლში უნდა დარჩეს, კლინიკაში თუ საკარანტინე სივრცეში. საკარანტინე სივრცეში გადაიყვანენ მსუბუქ პაციენტებს, რომლებსაც არ აქვთ სახლში იზოლირების საშუალება ან ჰყავთ რისკ-ჯგუფში მყოფი ოჯახის წევრები.
მსუბუქი პაციენტებისთვის უკვე შემუშავებულია შინ მკურნალობის პროტოკოლი.
სახლში მკურნალობაში შედის ტემპერატურის კონტროლი, მაღალი სიცხის შემთხვევაში პარაცეტამოლის მიღება და ბევრი სითხე, რომ შარდის გამჭვირვალე ფერი შენარჩუნდეს.
ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი ვახტანგ კალოაინი ამბობს, რომ შემუშავებული პროტოკოლი მაღალი კლასის დოკუმენტია, თუმცა პრობლემა იქმნება მისი აღსრულება.
განსაკუთრებით პრობლემურად მას ლაბორატორიები და ჰოსპიტალური სექტორი მიაჩნია.
“ყველაზე კარგად გადამზადებულები არიან ოჯახის ექიმები. იგივეს ვერ ვიტყვი ჰოსპიტალურ სექტორზე. სახელმწიფომ არ იზრუნა თავის დროზე ამ სექტორზე და თითოეული ჰოსპიტლის პასუხისმგებლობაში დატოვა მათი გადამზადება… ეს არის იგივე ჰოსპიტალური სექტორი, რომელიც აქამდე გვქონდა – უფრო მობილიზებული, მაგრამ იგივე პრობლემებით,” – ამბობს ის.
პიკი აღდგომის შემდეგ იქნება
პიკს საქართველოში აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში ელიან.
ეპიდემიოლოგთა პროგნოზით, ყველაზე რეალისტურია, რომ აპრილის ბოლოს ათასი – ათას 200-ის ფარგლებში იყოს ინფიცირებულთა რიცხვი.
თუმცა, ეს იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები სოციალური დისტანცირების წესს დაიცავენ.
საქართველოში, სადაც ლამის ყოველი მეორე ადამიანი თვითდასაქმებულია და თავს ყოველდღიურად გამომუშავებული ფულით ირჩენს – ვაჭრობს, ტაქსის მართავს, მცირე ბიზნესი აქვს, ფიზიკურ სამუშაოს ასრულებს და ა.შ. სახლში დარჩენა ბევრისთვის შემოსავლის გარეშე დარჩენას ნიშნავს, თუმცა ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობის შემოღებით ქვეყანაში ნებისმიერი ბიზნეს-აქტივობა შეაჩერა.
ეკლესია აღმოჩნდა ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და საგანგებო წესრიგის მიღმა აღმოჩნდა.
დღემდე ქართულ ეკლესიებში ხალხმრავლობაა – წირვა-ლოცვა არ გაჩერებულა, ზიარებაც საერთო ჭურჭლიდან მიდის.
რეალური საფრთხის მიუხედავად არ აპირებს საპატრიარქოზე ზეწოლას არც ხელისუფლება.
სასულიერო პირები უკვე ჩამოყალიბდნენ საკმაოდ მრავალრიცხოვან რისკ-ჯგუფად ქვეყანაში. პირველი შემთხვევა უკვე არის მღვდლის კორონავირუსით ინფიცირების – ეს მღვდელი ხარების დღესასწაულზე ღვთისმსახურებას ატარებდა და ახლა ვირუსის პოტენციური მატარებლები შეიძლება იყონ ყველანი, ვინც იმ დღეს ეკლესიაში იყო.
მანამდე თბილისის ერთ-ერთი ტაძრის სტიქაროსანს, რომელიც წინა დღით ხალხმრავალ ღვთისმსახურებას ესწრებოდა, გასულ კვირას უკვე დაუდგინდა ვირუსი.
19 აპრილს მართლმადიდებლები აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავენ. როგორც საპატრიარქოში ამბობენ, საშიში ვირუსის გავრცელების საფრთხის მიუხედავად, სააღდგომო ლიტანიობა წელსაც ჩვეულებრივად ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მასშტაბით ათასობით ეკლესიაში უამრავი ადამიანი მოიყრის თავს.
ის რომ ხელისუფლება ეკლესიის გადაწყვეტილების წინააღმდეგ არ მიდის, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ფიქრობენ ექსპერტები.
2020 წლის შემოდგომაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია და ხელისუფლება კორონავირუსთან ბრძოლის პარალელურად ფაქტობრივად წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს
„მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის რეიტინგი ეცემა, ის მაინც რჩება გავლენიან ძალად, რომელთან უთანხმოებაც არავის უნდა. მით უმეტეს „ქართულ ოცნებას“, რომელიც 2012 წელს დიდწილად სწორედ ეკლესიის მხარდაჭერით მოვიდა ხელისუფლებაში. სახელისუფლებო სტრატეგები დარწმუნებულები არიან, რომ მომავალ არჩევნებს ვერ მოიგებენ, თუ ეს კავშირი ვერ შეინარჩუნეს,“ – ამბობს პოლიტოლოგი გია ნოდია.