თურქეთის კრიზისის ექო საქართველოში
ახალი ამბებისათვის თვალის ერთი შევლებაც კმარა იმის მისახვედრად, რომ ახლო აღმოსავლეთი, პრაქტიკულად, არნახული მასშტაბის პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება.
რეგიონის ორი მნიშვნელოვანი ქვეყნის – სირიისა და ერაყის დიდი ნაწილი ტერორისტული ორგანიზაციის მმართველობის ქვეშ მოექცა, რამაც ევროპაში, მეორე მსოფლიო ომის დროიდან მოყოლებული, ყველაზე მასშტაბური ლტოლვილთა კრიზისი გამოიწვია.
ამას ემატება სამოქალაქო ომები იემენსა და ლიბიაში, არცთუ დიდი ხნის წინათ მომხდარი გადატრიალება ეგვიპტეში და ისლამისტური ორგანიზაციების გაძლიერება მთელ რეგიონში.
ბოლო პერიოდში მსოფლიოში საგანგაშოდ მოიმატა ტერორისტულმა საფრთხემ.
ეს ჩვენი რეგიონია.
ასეთ პირობებში სტაბილურობის ყველა კუნძული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, მათ შორის კი ყოველთვის გამორჩეული თურქეთი იყო.
ეს ქვეყანა უშუალოდ ესაზღვრება სირიას, ახლო აღმოსავლეთში ნატო-ს ერთადერთი წევრი სახელმწიფოა, ყველაზე მრავალრიცხოვანი და კარგად მომზადებული ჯარითა და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებით. სწორედ თურქეთის ტერიტორიიდან უტევდნენ ნატო-ს საჰაერო ძალები “ისლამურ სახელმწიფოს” და მანვე მიიღო სირიიდან ყველაზე მეტი დევნილი (რომელთა რაოდნობაც ამჟამად ორ მილიონს აჭარბებს).
აქედან გამომდინარე, თურქეთში სტაბილური ვითარება და სეკულარული, დემოკრატიული წყობის შენარჩუნება საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონის ქვეყნების ისედაც მყიფე უსაფრთხოებისთვის, მათ შორის – საქართველოსთვისაც.
დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული საქართველოს ყველა ხელისუფლებას, თურქეთის სახით, ჰყავდა სტაბილური, ერთგული პოლიტიკური და ეკონომიკური პარტიორი, რომელთან ერთადაც არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა (თუნდაც მხოლოდ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ხსენება რად ღირს).
მიმდინარე წლის იანვარი-მაისის მონაცემებით, თურქეთი 16%-იანი საიმპორტო და 11%-იანი საექსპორტო წილით საქართველოს მთავარი და უმსხვილესი პარტნიორია საგარეო ვაჭრობის კუთხით; ხოლო 2015 წლის მონაცემებით, საქართველოს 1.39 მილიონი თურქი ტურისტი ეწვია.
გარდა ეკონომიკური სარგებლისა, თურქეთი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. საქართველოსთვის საშიშია ყოველგვარი ხანგრძლივი დაპირისპირება და არეულობა, რომელიც თურქეთში შეიძლება მოხდეს. არასტაბილური თურქეთი ტერიროსტულ ორგანიზაციებს კიდევ უფრო გაუხსნის ხელ-ფეხს.
საქართველო იზარალებს იმ შემთხვევაშიც, თუ თურქეთმა განვითარების დემოკრატიულ გზას გადაუხვია.
არსებობს საშიშროება, რომ ერდოღანმა, ამბოხის ჩახშობის სარჩულით, პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებზე იერიში მიიტანოს, რაც უკვე აშკარად სახეზეა – დაპატიმრებულია ათასობით ადამიანი, დაიწყო საუბარი 2004 წელს გაუქმებული სიკვდილით დასჯის აღდგენაზე, ერდოღანი ამერიკისგან მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტის – ფეთჰულა გიულენის ექსტრადირებას მოითხოვს. ეს ყველაფერი თურქეთს მნიშვნელოვნად გაუფუჭებს ურთიერთობას ევროკავშირთან და აშშ-სთან და ბევრმა უკვე დაიწყო საუბარი თურქეთის რუსეთთან დაახლოების საფრთხეზე, რაც საქართველოს და მის ევროატლანტიკურ ინტერესებში კატეგორიულად არ შედის.
გამოითქვა ვარაუდი, რომ თუ თურქეთი დაშორდება დასავლეთს, საქართველოს ხელისუფლებას ეძლევა შანსი, მაქსიმალურად გამოიყენოს რეგიონში ნატო-სა და ევროკავშირის ერთადერთი სტრატეგიული პარტნიორის სტატუსი და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან უფრო აქტიური დაახლოება მოითხოვოს. შესაძლოა, რაღაც ლოგიკა აქ არის, თუმცა რეალურად, ჩვენ ბევრად მეტს წავაგებთ, თუ თურქეთის სახით ალიანსის შიგნით მნიშვნელოვან მოკავშირესა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების უპირობო მხარდამჭერს დავკარგავთ.
იქედან გამომდინარე, რომ თურქეთში განვითარებული მოვლენები საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლების პირველმა, საკმაოდ დაბნეულმა რეაქციამ გაურკვეველი შთაბეჭდილება დატოვა.
პირველივე საათებში ხელისუფლების წარმომადგენლებისგან გაისმა განცხადებები თურქეთთან საზღვრის შესაძლო ჩაკეტვის შესახებ. საბედნიეროდ, საზღვარი არ ჩაკეტილა, თუმცა ამ განცხადებამ ბევრი შეაშფოთა – 16 ივლისის ღამეს სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს თურქეთის მოქალაქეები მიაწყდნენ, რომ სამშობლოში დაბრუნება მოესწროთ.
ამ დაუფიქრებელმა განცხადებამ უკვე ზიანი მიაყენა ქართულ ბიზნესს – აჭარაში ბევრი სასტუმრო და სამორინე დაცარიელდა. ბიზნესის ამ სექტორისთვის თურქეთთან ახლო ურთიერთობას ძალიან დიდი მოგება მოაქვს.
გამოქვეყნებულია 20.07.2016