„მაგრამ ბიზნესს მაინც არ დავხურავთ“ - თურქეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა კორონავირუსის გავრცელების ტემპით
✶ ძირითადი წყაროები: The Guardian და BBC
9 აპრილისთვის, თურქეთში, კორონავირუსით დაინფიცირების 38 226 შემთხვევა და გარდაცვალების 812 ფაქტია დარეგისტრირებული.
ინფიცირებულთა რაოდენობით თურქეთი მსოფლიოში მეცხრე ადგილზეა. აქ ოფიციალურად გამოცხადებული დაღუპულთა რიცხვი გაცილებით დაბალია, ვიდრე თანაბრად დაზარალებულ სხვა ქვეყნებში.
მაგრამ დაავადების გავრცელების ტემპით, თურქეთი მსოფლიოში პირველ ადგილზე გადავიდა.
- სიკვდილი, სკამების დემონტაჟი და ხანდაზმულების იძულებითი დეზინფექცია – კორონავირუსი თურქეთში
- როგორ აიძულა კორონავირუსმა ხალხთან საუბარი ბელარუსის ხელისუფლებას
- „გადაწყვიტო, ვინ უნდა იცოცხლოს და ვინ უნდა მოკვდეს – ის არ არის, რასაც მე მასწავლიდნენ“ – ნიუიორკელი ექიმის ისტორია
- კორონავირუსი კავკასიაში. განახლებადი
კორონავირუსმა მიაღწია არა მხოლოდ სტამბოლამდე, არამედ თურქეთის ყველა პროვინციამდე, გამონაკლისის გარეშე, ასეთი კი სულ 81-ია.
სამედიცინო ასოციაციები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პრეზიდენტისგან მკაცრი იზოლაციის რეჟიმის გამოცხადებასა და ბიზნესის მუშაობის შეჩერებას მოითხოვენ. მაგრამ რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამტკიცებს, რომ ყველაზე მთავარია, „ეკონომიკის ბორბლებმა განაგრძონ ბრუნვა“.
ამიტომ, მაღაზიები, ყავახანები, რესტორნები და სახელოსნოები დაკეტილი არ არის, ისევე, როგორც ოფისები. არც პროვინციებსა და არც სტამბოლში, სადაც, დაახლოებით, 17 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და სადაც დაფიქსირდა ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა თითქმის 60 პროცენტი.
სტამბოლის მერმა ექრემ იმამოღლუმ, რომელიც ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერია, შექმნილ ვითარებას „სიგიჟე“ უწოდა.
„მხოლოდ სტამბოლში, დღეში, 1 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ქუჩები კი სავსეა ავტომობილებით“, – აცხადებს ის.
ექსპერტების აზრით, პრეზიდენტის მხრიდან რადიკალური ზომების მიღების სურვილის არქონის მიზეზი არის ის, რომ თურქეთმა ვერ მოასწრო აღდგენა 2018 წლის სავალუტო კრახის შემდეგ.
ხელისუფლებაში მყოფ ეკონომისტებსა და პოლიტიკოსებს, შესაძლოა, კორონავირუსით გამოწვეული რეცესიის უფრო ეშინიათ, ვიდრე თვითონ ეპიდემიის.
ნიღბით და დისტანციის დაცვით – მაგრამ იმუშავე
თურქეთში, ნიღბის ტარება ტრანსპორტში, მაღაზიებსა და საერთოდ, საჯარო ადგილებში – მოთხოვნაა. ამასთან, ნიღბები არ იყიდება, მათ უფასოდ არიგებენ.
პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ მოეწყობა ორი საველე ჰოსპიტალი, რომელთაგან თითოეული 1000-საწოლიანი იქნება. ერთ-ერთი მათგანის გახსნა იგეგმება ყოფილი ათათურქის აეროპორტის ტერიტორიაზე, მეორისა კი -სანჯაქთეფეში, ქალაქის აზიურ ნაწილში.
დაკეტილია სკოლები, აკრძალულია მეჩეთებში ლოცვები, გაუქმებულია საერთაშორისო და შიდა ავიარეისები.
20 წლამდე და 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები, ასევე ისინი, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ – ვალდებული არიან სახლში დარჩნენ.
მაგრამ, ამავდროულად, ღიაა სახელმწიფო დაწესებულებები, მუშაობს მაღაზიები და საწარმოები.
გაათავისუფლებენ პატიმრებს – მაგრამ არა პოლიტიკურებს და ჩასვამენ განსხვავებული აზრის მქონე ჟურნალისტებს
პანდემია გახდა უარყოფითი სტიმული თურქეთში პოლიტიკური უთანხმოების გაღრმავებისთვის.
მოსალოდნელია კანონპროექტის მიღება, რომლითაც გაათავისუფლებენ ციხეში მყოფი პატიმრების, დაახლოებით, მესამედს. ისინი შინაპატიმრობაში იქნებიან ან პირობით სასჯელს მოიხდიან.
მაგრამ, როგორც კანონპროექტის მცოდნე ექსპერტები ამბობენ, ასობით უფლებადამცველი, ჟურნალისტი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომლებიც ახლა თურქეთის ციხეებში იმყოფებიან, იქვე დარჩებიან.
ასევე, ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ განაცხადა, რომ თურქეთში უკვე შვიდი ჟურნალისტი დააპატიმრეს „პანიკის გავრცელების“ ბრალდებით.
სულ ცოტა, 385 ადამიანის შესახებ მიმდინარეობს გამოძიება სოციალურ ქსელებში დაწერილი კრიტიკული პოსტების გამო.
რამდენიმე მედიკოსმა, რომელთაც თურქეთში არსებულ რეალურ ვითარებაზე გადაწყვიტეს საუბარი, საბოლოოდ, საკუთარი განცხადებები უარყვეს.