აზერბაიჯანელი უფლებადამცველი მერაბიშვილზე
სტრასბურგის სასამართლომ 14 ივნისს დაადგინა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ევროპული კონვენციის მე-18 მუხლი დაირღვა და საქართველოს ხელისუფლებას მისთვის 12 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
ყოფილი შს მინისტრი და ყოფილი პრემიერი, ვანო მერაბიშვილი, მესამე წელია, დაპატიმრებულია. იგი ხუთწლიან სასჯელს იხდის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი თანამდებობრივი გადაცდომებისთვის.
მერაბიშვილი მხარე აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით, სტრასბურგმა ფაქტობრივად აღიარა, რომ მერაბიშვილი პოლიტმატიმარია.
მერაბიშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ ევროსასამართლოს მიერ ამ მუხლის დარღვევად აღიარების სულ რამდენიმე მაგალითი არსებობს. მათ შორისაა უკრაინელი პოლიტიკოსების – იულია ტიმოშენკოს და იური ლუცენკოს საქმეები. კახიძე ასევე პარალელს ავლებს აზერბაიჯანელი უფლებადამცველის, რასულ ჯაფაროვისა და აზერბაიჯანელი ბლოგერის, ილგარ მამადოვის საქმეებზეც.
“როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – ჯაფაროვი აზერბაიჯანის წინააღმდეგ – კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პატიმარი გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლა,” – აცხადებს კახიძე.
ნიშნავს თუ არა მე-18 მუხლის დარღვევა ავტომატურად პოლიტპატიმრობას და მართლაც არის თუ არა მსგავსება ჯაფაროვისა, მამადოვისა და მერაბიშვილის საქმეებს შორის. ამის შესახებ JAMnews აზერბაიჯანის უფლებადამცველთა ცენტრის ხელმძღვანელი, ელდარ ზეინალოვი ესაუბრა, რომელიც წლებია, მუშაობს აზერბაიჯანელი პოლიტპატიმრების საქმეებზე, მათ შორის ევროსასამართლოშიც.
– არის თუ არა ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარი?
- ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 18-ე და მე-5 მუხლების მიხედვით, სისხლის სამართლის საქმეში დარღვევების არსებობა თავისუფლებააღკვეთილ პირს აუცილებლად პოლიტმატიმრად არ აქცევს. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ თავისუფლების აღკვეთა “სხვა ფარულ მიზანს” ემსახურებოდა; ანუ – ადამიანის დაკავებას ჰქონდა სხვა მიზნებიც. მაგრამ, თუკი დადგინდა, რომ ეს “ფარული მიზანი” ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და მასზე დართულ ოქმებში დადგენილ ერთ-ერთ ფუნდამენტურ გარანტიას ხელყოფდა, კერძოდ კი – აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებას, გამოხტვის, ინფორმაციის მიღების, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას, მაშინ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, კონვენციის მე-18 და მ-5 მუხლების დარღვევის შესახებ, იმის აბსოლუტურად მყარ არგუმენტად გამოდგება, რომ პატიმარი სწორედაც “პოლიტიკურია” – იმ განსაზღვრების მიხედვით, რაც 1900 (2012) რეზოლუციაშია მითითებული.
მაგალითად, აზერბაიჯანელი პოლიტიკური აქტივისტის ილგარ მამედოვის შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მისი დაკავება აზრის გამოხატვის თავისუფლების დარღვევით მოხდა; რასულ ჯაფაროვის დაპატიმრებით კი შეკრების უფლება დაირღვა. და მართალია, ევროსასამართლო თავის გადაწყვეტილებაში მათ პოლიტპატიმრებად არ მოიხსენიებს (ევროსასამართლოს მანდატში ეს არ შედის), ჯაფაროვი იმავე დღეს გაათავისუფლეს, როგორც კი ევროსასამართლომ ეს გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. რაც შეეხება მამედოვს, მის გათავისუფლებაზე ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ევროსაბჭოს რეზოლუციის ბოლო პუნქტი წევრ ქვეყნებს ავალდებულებს, “გადახედონ სავარაუდო პოლიტპატიმრების ნებისმიერ საქმეს ზემოაღნიშნული კრიტერიუმებთან მიმართებაში, და გაათავისუფლონ ან თავიდან გაასამართლონ ისინი, ვისაც ეს კრიტერიუმები მიესადაგება.” 2013 წელს საქართველო ევროსაბჭოს ერთადერთი წევრი ქვეყანა იყო რეგიონში, რომლის მიმართაც მსგავსი კითხვები არ ყოფილა. თუმცა, დღეს საქართველოში უკვე კონკრეტული ადამიანების დიდი სია არსებობს, რომელთა დაპატიმრება კითხვებს აჩენს. მათ შორისაა ვანო მერაბიშვილიც.
– რას ცვლის მერაბიშვილის საქმეში პრაქტიკული თვალსაზრისით ევროსასამართლოს ეს გადაწყვეტილება?
– ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პროცედურების მიხედვით, ეს გადაწყვეტილება ჯერ არ შესულა კანონიერ ძალაში და ამიტომ, ამ წუთას მთავრობას მის მიმართ არავითარი ვალდებულება არ აქვს. სამი თვის განმავლობაში მხარეთაგან ერთ-ერთს (თავად მომჩივანი ან მთავრობა) შეუძლია დიდ პალატაში გაასაჩივროს გადაწყვეტილება. რამდენადაც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ უკვე განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
– რა პერსპექტივა აქვს ამ საჩივარს?
– თუკი 5 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია ამ საჩივარს მისაღებად მიიჩნევს, მაშინ ევროსასამართლოს გადაწყვეტილების ამოქმედება შეჩერდება, და საბოლოო გადაწყვეტილებას დიდი პალატა მიიღებს. თუმცა, ეს ევროსასამართლოს პრაქტიკაში უიშვიათესი მოვლენაა, და ამგვარი საჩივრები მხოლოდ მაშინ მიიღება, როდესაც ჩვეულებრივი პალატის 7 მოსამართლეს შორის აზრი მკვეთრად იყოფა (მაგალითად, ასეთი შეფარდებით – 3:4).
მაგრამ, მერაბიშვილის შემთხვევაში, ასე არ მომხდარა. ეს გადაწყვეტილება ერთსულოვანი იყო, და ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოს ხელისუფლების საჩივარი მიიღონ. ამგვარად, უკვე წლის ბოლომდე გადაწყვეტილება მერაბიშვილის საქმეზე კანონიერ ძალაში შევა. საქართველოს უზენაესი სასამართლო ვალდებული იქნება შეუდგეს მის აღსრულებას და ამ საქმეზე ეროვნული სასამართლოების ყველა ის გადაწყვეტილება გააუქმოს, რომლებიც მე-18 და მე-5 მუხლებს ექვემდებარება – ანუ ეს შეეხება საქმის არსებით გადაწყვეტასაც და აღმკვეთი ღონისძიების არჩევასაც. იმ ეტაპზე მის ადვოკატს უკვე შეეძლება, 1900 (2012) წლის რეზოლუციაზე დაყრდნობით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლება მოითხოვოს.
თუმცა, თუკი მერაბიშვილის საქმეში ფინანსური ბოროტმოქმედების ნიშნები მართლაც არის, ხელისუფლებას შეუძლია სხვა გზითაც წავიდეს, და ახალი სასამართლო პროცესი წამოიწყოს. მაგრამ, სასამართლოს მოუწევს, თავიდან დაამტკიცოს არგუმენტირებულად მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში აყვანის აუცილებლობა. ასევე, ანგარიში გაუწიოს იმ გარემოებას, რომ საქმეში ისეთი ახალი საბუთები და მტკიცებულებები გაჩნდება, რაც სამი წლის წინათ არ ყოფილა. ამიტომ, ხელისუფლების სახის შესანარჩუნებლად უმჯობესი იქნება, რომ მომჩივანი გაათავისუფლოს და კომპენსაცია გადაუხადოს.
ელდარ ზეინალოვი, აზერბაიჯანელი უფლებადამცველი
ფოტო ყდაზე: ვანო მერაბიშვილი, REUTERS. წყარო: რადიო თავისუფლება
16.06.2016