ჯერაც უსახლკაროები
აპრილში დაბომბვებით დაზარალებული ფროპნტისპირა სოფლები ყურადღების ცენტრში მოექცა.როგორ ცხოვრობენ ისინი ახლა, როდესაც ეს თემა თანდათანობით მოიხსნა დღის წესრიგიდან?
სარიჯალი
აგდამის რაიონის სოფელ სარიჯალიში, მწვანეში ჩაფლულ ეზოში ერთი ოჯახის კუთვნილი სამი საცხოვრებელია განლაგებული – ორი სახლი და ერთი კარავი; თუმცა, საცხოვრებლის პრობლემა აქაურობის მეპატრონე ლალაევების ოჯახისთვის მაინც გადაუჭრელია.
1993 წელს, ყარაბაღის კონფლიქტის სამხედრო ფაზის მიწურულს, ლალაევების სახლს ჭურვი დაეცა და საცხოვრებლად სრულიად უვარგისი გახდა. ახლის აშენება უფრო ადვილი იყო, ვიდრე ძველის აღდგენა. ამიტომ, ლალაევებმა ახალი სახლი აიშენეს.
2016 წლის 2 აპრილს ეს სახლიც ჭურვმა დაანგრია. ახლა ოჯახი 5 კვადრატული მეტრის ფართობის კარავს აფარებს თავს – ეს მათი მესამე სახლია. აქ გადმოიტანეს საყოფაცხოვრებო და ყოველდღიური მოხმარების ნივთები, კარავი პირდაპირ მიწაზე გაშალეს და ახლა ოჯახს სინესტესთან, სიცივესთან და ელემენტარული პირობების არარსებობასთან უწევს შეგუება.
რაისა ლალაევა მეუღლესთან, ილგარ ლალაევთან ერთად ბაღჩიდან დაბრუნდა. მათი მიწის ნაკვეთი საზღვრიდან 10 მეტრში მდებარეობს. “ცოტა ხნის წინ პომიდვრის ჩითილების კვლებს ვმარგლავდით ნაკვეთზე, რომელიც უშუალოდ სომხური პოსტის პირდაპირ მდებარეობს. სულ არ გვეშინია, უკვე შევეჩვიეთ სროლის ხმას,” – ამბობს რაისა ხანუმი.
საბედნიეროდ, ამ სახლს ჭურვი მას შემდეგ მოხვდა, როდესაც ბავშვები აქაურობას გაარიდეს და საკმაოდ შორს წაიყვანეს. “მინდა, შვილები გვერდით მყავდეს და ეს ყველაფერი დასრულდეს. მინდა, რომ მიწები დავიბრუნოთ და მშვიდად ვიცხოვროთ,” – დაამატა რაისა ხანუმმა
სოფელ სარიჯალისა და სოფელ შუქრანლის მუნიციპალიტეტების წარმომადგენელი, გაბილ აბიშევი ამბობს, რომ ნაღმმტყორცნებით დაბომბვების შედეგად საზღვრისპირა სოფლებში ყველა სახნავ-სათესი სამუშაო ერთი თვით დაყოვნდა.
აზად ყარაყოიუნლუ
3 აპრილს სოფელ აზად ყარაყოიუნლუში ორ მეზობელ სახლს ჭურვი დაეცა. ორივე სახლი ძალიან დაზიანდა.
აგდამიდან იძულებით გადმოსახლებული კიფაიათ მამედოვა მსგავს შემთხვევას უკვე მეორედ აწყდება. მან ორჯერ დაკარგა სახლი – ერთხელ აგდამში, როდესაც რაიონის დატოვება მოუწია, მეორედ კი ახლა, 23 წლის შემდეგ. მის სახლთან ერთად მისი მეზობლის, მირზა რაჰიმოვის სახლიც დაინგრა.
მოსახლეობა ამბობს, რომ დანგრეული სახლები უკვე აღდგენილია. სოფელ აზად ყარაყოიუნლუს მცხოვრების, მირზა რაჰიმოვის თქმით, სახლის ფასადი უკვე მზადაა, ამჟამად სარემონტო სამოუშაოები სახლის შიდა ნაწილში გრძელდება.
ბევრ ფრონტისპირა სოფელში სარემონტო სამუშაოებისთვის ფინანსური სახსრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა გამოყო. მაგალითად, ომის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, აპრილის დასაწყისში პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა ხელი მოეწერა განკარგულებას აგდამისა და ტერტერის რაიონებისათვის 3-3 მილიონი მანათის (სულ 6 მილიონი მანათის) გამოყოფის შესახებ.
• აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღის გამო დაწყებული დაპირისპირება 1991-1994 წლებში მიმდინარეობდა. ზავის დადების შემდეგ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არსებობს, როგორც დეფაქტო დამოუკიდებელი სახელწიფო, რომელსაც მსოფლიოს სუვერენული სახელმწიფოები (მ.შ. სომხეთი) არ აღიარებენ. აზერბაიჯანი ყარაბაღსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს (რომლებიც ომის დროის დაიკავეს სომხებმა) საკუთარ მიწებად მიიჩნევს და მათ დაბრუნებას ითხოვს.
• 2016 წელს კონფლიქტის ესკალაცია 2 აპრილიდან 5 აპრილამდე გრძელდებოდა. 5 აპრილს მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ სროლები მცირე მასშტაბით მაინც გრძელდება. აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.
•ინფორმაცია, რომელიც კონფლიქტის მონაწილეების ოფიციალური წყაროები ავრცელებდნენ, ურთიერთგამომრიცხავი იყო და არ იძლეოდა იმის გარკვევის საშუალებას, თუ ვინ დაიწყო სამხედრო მოქმედებები და ვინ უპასუხა მტრის მიერ გახსნილ ცეცხლს. ამ შეკითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არც საერთაშორისო ორგანიზაციებს აქვთ.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია ავტორის პოზიციას გამოხატავს, რასაც, შესაძლოა, რედაქცია არ იზიარებდეს.
გამოქვეყნდა 31.05.2016