არც ნდობა, არც კოალიცია
ოპოზიციის მიერ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით წამოყენებული მოთხოვნის გამო დაწყებული პოლიტიკური დაპირისპირება ეფექტურ შუალედურ მომენტამდე მივიდა – გუშინ, პირველ ივნისს რაულ ხაჯიმბამ გადაწყვეტილება მიიღო და ხელი მოაწერა განკარგულებას რეფერენდუმის 10 ივლისს ჩატარების შესახებ.
თუმცა, მან ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას იღებს, მაგრამ საკუთრივ იდეას არ ეთანხმება.
“როგორც ჩანს, კურსი აღებულია კანონიერი ხელისუფლების ნებისმიერი გზით შეცვლისკენ… ვადამდელი გადადგომის მოთხოვნისათვის საჭირო ერთ ბრალდებასაც კი ვერ წამიყენებენ .”
“შეგვეძლო, შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობა გაგვესაჩივრებინა… და კენჭისყრის ჩატარებაზე უარი განგვეცხადებინა, მაგრამ მე ამას არ გავაკეთებ, რადგანაც კარგად მესმის, რომ რეფერენდუმის ჩატარების მომხრეები მათთვის დადებით შედეგზე კი არ აკეთებენ გათვლას, არამედ ელოდებიან, რომ მე ამ რეფერენდუმის ჩატარებაზე უარს ვიტყვი. მათ იმედი აქვთ, რომ ამ გზით დესტაბილიზაციის მოწყობას შეძლებენ და შიდაპოლიტიკური ვნებათაღელვის გაძლიერებას მოახერხებენ.”
რაულ ხაჯიმბა
პოლიტიკური დაპირისპირები ცხადი გახდა 2 მარტიდან, როდესაც 46 ადამიანისგან შემდგარმა საინიციატივო ჯგუფმა გამართა პრესკონფერენცია, რომელზეც განაცხადა, რომ “რეფერენდუმის ჩატარების აუცილებლობა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის გაუარესებითაა გამოწვეული.” JAMnews-მა უკვე დაწვრილებით გიამბოთ რეფერენდუმის მომხრეების, მოწინააღმდეგეებისა და ამ იდეის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულების მქონეთა არგუმენტების შესახებ.
პარალელურად, აფხაზეთში აქტიურად განიხილება ინიციატივა, რომელიც, პრეზიდენტის მორიგი ვადამდელი გადადგომის ნაცვლად, ხელისუფლების მუშაობის რეჟიმის შეცვლას გულისხმობს. საუბარია სრულიად ახალი, ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნაზე.
ამ იდეის ავტორებად ცენტრისტული მიმართულების ორი ორგანიზაცია მოგვევლინა – მოძრაობა “სამართლიანი აფხაზეთი” და პოლიტიკური პარტია “აფხაზეთის ეროვნული ფრონტი სამართლიანობისა და განვითარებისთვის”.
არავის სჭირდება ახალი თაღლითები
ამ ინიციატივის ავტორებს მიაჩნიათ , რომ საზოგადოებრივ ნდობაზე დაფუძნებული მთავრობა რეალური რეფორმების დაწყებასა და მოქმედ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებული დაპირისპირების განეიტრალებას შეძლებდა.
“ჩვენ ვეწინააღმდეგებით იმას, რომ თაღლითთა ერთი ჯგუფი მეორემ ჩაანაცვლოს. ახალი მთავრობა პროფესიონალური და ეფექტური უნდა იყოს. ყველა ის ადამიანი, ვინც ამ იდეას ეწინააღმდეგება, შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას გაცნობიერებულად ბლოკავს,” – ამტკიცებს “სამართლიანი აფხაზეთის” თანათავმჯდომარე დავიდ აგრბა.
პარტია “აფხაზეთის ეროვნული ფრონტი სამართლიანობისა და განვითარებისათვის” ლიდერი, ლაშა საქანია უარყოფს საზოგადოებაში გავრცელებულ აზრს იმის შესახებ, რომ იდეის ავტორები უბრალოდ ძალაუფლებისკენ მიილტვიან. “პირადად მე და ჩემი კოლეგები ეროვნული ერთობის მთავრობის წევრებად არ მოვიაზრებთ თავს. მზად ვართ, გვერდით დავუდგეთ პრეზიდენტსა და მის გუნდს და ამ პროცესებში აქტიური მონაწილეობა მივიღოთ, მაგრამ სახელმწიფო-სახელისუფლებო სტრუქტურებში დასაქმების შესაძლებლობებს არ ვეძებთ.”
მძიმეწონიანები ჩრდილიდან გამოდიან
ახალი პოლიტიკური მოთამაშეების (ორივე ორგანიზაცია გასული წლის მიწურულს შეიქმნა) ეს იდეა, შესაძლოა, უყურადღებოდ დარჩენილიყო, რომ არა მძიმეწონიანი პოლიტიკოსის, პარტია “ერთიანი აფხაზეთის” ლიდერის, სერგეი შამბას მხარდაჭერა. მის გაცხადებას არამხოლოდ “ერთიანი აფხაზეთის”, არამედ ექსპრემიერ ბესლან ბუტბას პარტია “ერასა” და ბესლან ეშბას მოძრაობა “აფსადგილის” დადებითი გამოხმაურებაც მოჰყვა.
“2004 წლიდან ორჯერ სასწაულებრივად გადავურჩით უბედურებას და საწუხაროდ ამჯერადაც იმავე გზას ვადგავართ – კომპრომისისკენ ნაბიჯები არ იდგმება”, – განაცხადა სერგეი შამბამ.
მისი თქმით, ეროვნული ერთიანობის მთავრობა შეიძლება განხილონ როგორც ექსპერიმეტი. “დარწმუნებული ვარ, არავის სურს, რომ მოვლენები კონსტიტუციის ფარგლებს გაცდეს, მაგრამ გამოსავალი უნდა გამოინახოს. მიმაჩნია, რომ ყველა ჩვენგანს შეგვიძლია, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიატორის ფუნქცია შევითავსოთ, მოვხსნათ რეფერენდუმის საკითხი დღის წესრიგიდან, ეროვნული ნდობის ერთიან ხელისუფლებაში გავერთიანდეთ და დავაკვირდეთ, თუ როგორ იმუშავებს ქვეყნის ახალი ხელმძღვანელობა.”
სერგეი შამბა
საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ჩვენი სახლი – აფხაზეთის” ლიდერის, რაულ ლოლუას თქმით, ეს ინიციატივა არ შეესაბამება რეალობას, რადგან კოალიციური მთავრობის ფორმირება მხოლოდ საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში შეიძლება.
“ჩვენ მმართველობის საპრეზიდენტო ფორმა გვაქვს და მინისტრთა კაბინეტს მხოლოდ პრეზიდენტი ადგენს და ამტკიცებს; ანუ ჩვენი კანონმდებლობა არ ცნობს ისეთ ფორმებს, როგორიცაა “კოალიციური მთავრობა” და “ეროვნული ნდობის მთავრობა”. და როგორ უნდა მოვთხოვოთ პრეზიდენტს, რომ ასეთი მთავრობა შექმნას?”
რაულ ლოლუა
მაისის შუა რიცხვებში “სამართლიანმა აფხაზეთმა” ფართომასშტაბიანი სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ რესპოდენტთა 66,7% მხარს უჭერს ამ ინიციატივას. თუმცა, გამოკითხულთა ანკეტებში ფიგურირებდა სხვა ფორმულირება – “კოალიციური ხელისუფლება”.
ირაკლი ხინთბამ, რომელიც იმ პერიოდში ჯერ კიდევ იკავებდა პრეზიდენტის თანაშემწის პოსტს, ერთ-ერთ სოციალური ქსელში, საკუთარ გვერდზე ამ ინიციატივასთან დაკავშირებით სარკასტული კომენტარი გააკეთა:
“კოალიციური მთავრობა და სახალხო ნდობის მთავრობა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება.”
პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა შემოთავაზებას არ დაეთანხმა და რეფერენდუმი არჩია.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.
გამოქვეყნებულია:02.05.2016