სომხეთი ევროინტეგრაციაზე უარს არ ამბობს
ევროკავშირთან შეთანხმებაზე ხელმოწერის პროცესის განახლებით სომხეთს კიდევ ერთხელ ეძლევა შანსი, ევროინტეგრაციის გზას დაადგეს. 2015 წლის ბოლოს ევროკავშირმა და სომხეთმა განაცხადეს, რომ ორმხრივი ჩარჩო-ხელშეკრულების დადების მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია, რომელ სფეროებს მოიცავს აღნიშნული დოკუმენტი, თუმცა წინასწარ გაცხადდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ასოცირების ძველი შეთანხმებისგან განსხვავებით, ახალი დოკუმენტის ტექსტში არ იქნება დებულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
უნდა ითქვას, რომ ახალ შეთანხმებას „ასოცირების ხელშეკრულებას“ არც უწოდებენ. ეს სამართლებრივი დოკუმენტია, რომელიც პოლიტიკურ საკითხებს, სავიზო რეჟიმს, ადამიანის უფლებებსა და სომხეთის დემოკრატიზაციას ეხება.
როგორც ჩანს, ამ დოკუმენტში არ შევა ის პუნქტები, რომლებიც საბაჟო და ეკონომიკურ ურთიერთობებს ეხება, რადგან ასეთი შეთანხმებები ევრაზიულ კავშირთან უკვე არსებულ ხელშეკრულებას არ შეესაბამება. სომხეთმა საბაჟო ტარიფების დაწესების უფლებამოსილება ევრაზიულ კავშირს გადასცა, და ამიტომ ახალი შეთანხმება ევროკავშირთან სავაჭრო რეჟიმის უპირატესობას ვერ გაითვალისწინებს.
და მაინც, სომხეთი ევროკავშირისთვის მიმზიდველ ქვეყნად რჩება. ევროკრავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის, პეტრ სვიტალსკის თქმით, „ევროკავშირი სომხეთს ევროპული პარტნიორობის ზონაში მნიშვნელოვან მოკავშირედ აღიქვამს’, მეტიც, ‘თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით განხორციელდა და სირთულეები არ წარმოიქმნა, შესაძლოა, მოლაპარაკებები 2016 წლის ბოლოსთვის დასრულდეს“.
სვიტალსკიმ არ დააზუსტა, თუ რა გართულებები შეიძლება წარმოიშვას, თუმცა აშკარაა, რომ ლაპარაკია იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც სომხეთმა 2013 წელს მიიღო. მაშინ ქვეყნის ხელისუფლებამ უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე და, ამის ნაცვლად, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდა.
2015 წლის იანვარში სომხეთი საბაჟო კავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდა. მაშინ ორგანიზაციაში რუსეთი, ყაზახეთი და ბელარუსი შედიოდა. ამ გადაწყვეტილებას სომხეთში მოქალაქეების საპროტესტო ტალღა მოჰყვა. ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ეკონომიკური პრობლემები წარმოიშვებოდა. ანალიტიკოსები ხაზს უსვამდნენ იმას, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური მოსაზრებებით იყო ნაკარნახევი.
წარწერა პლაკატზე: ‘ევროკავშირი 27 დემოკრატიული სახელმწიფოა, საბაჟო კავშირი კი – 3 დიქტარორული სახელმწიფო’
ევრაზიული კავშირის მოწინააღმდეგეები მიიჩნევდნენ, რომ სომხეთი სერიოზული სირთულეების წინაშე დადგებოდა _ პირველ რიგში, კავშირის წევრ სახელმწიფოებთან საერთო საზღვრების უქონლობის გამო.
წარწერა პლაკატზე: ‘ ჩვენ საბაჟო კავშირის წინაარმდეგ ვართ. ევროკავშირი: 60 წელი – რეალობა. საბაჟო კავშირი : 0 წელი – ექსპერიმენტი’
ერთადერთი სახმელეთო გზა, რომელიც სომხეთს მთავარ სავაჭრო პარტნიორთან, რუსეთთან აკავშირებს, საქართველოზე გადის. სომხური ეკონომიკისთვის ამ გზას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, თუმცა, რთული გეოგრაფიული მდებარეობისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი, რომელიც რუსეთ-საქართველოს საზღვარზეა, წელიწადში 4-5 თვით იკეტება ხოლმე. შედეგად, ის ტვირთები, რომლებიც რუსეთიდან უნდა ჩაეტანათ, სომხეთში ბრუნდება და _ პირიქით.
რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი სხვა გზები, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე გადის, დაკეტილია იმის გამო, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობები უკიდურესად დაძაბულია.
მიუხედავად ამისა, ევრაზიული კავშირის მომხრეები ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი. პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა საბაჟო კავშირის მიმართ დადებითად განწყობილი ადამიანები დაარწმუნა, რომ საერთო საზღვრების არარსებობა „სომხეთს ერთიან სატრანსპორტო, მარეგულირებელ, ენერგეტიკულ, სატელეკომუნიკაციო და საფინანსო სისტემებთან ინტეგრაციაში ხელს არ შეუშლის“.
ევრაზიულ კავშირში შესვლა საბაჟო კავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე საქონლის, მომსახურებებისა და სამუშაო ძალის თავისუფლად გადაადგილების იმედს იძლეოდა; ასევე პერსპექტიულად გამოიყურებოდა კავშირის 170–მილიონიანი ბაზარზე სომხური საქონლის შესვლა და წევრ ქვეყნებთან გამარტივებული სავაჭრო მექანიზმები.
წარწერა პლაკატზე: ‘არა საბაჟო კავშირს. არა სერჟ სარგსიანს. გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ სომხეთს’
სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს ვაჭრობისა და ბაზრის რეგულირების სამსახურის ხელმძღვანელის, გაგიკ ქოჩარანის აზრით, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მთავარი სარგებელი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობა იყო.
იგი დარწმუნებული იყო, რომ ევრაზიული კავშირის წევრობა საბაჟო კავშირის წევრი ქვეყნებიდან ინვესტორებს მოიზიდავდა, რადგან სომხეთს ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, კანადასა და იაპონიასთან ვაჭრობის პრეფერენციული რეჟიმი აქვს დამყარებული.
სომხეთის ევრაზიულ კავშირში შესვლის შემდეგ ერთი წელი გავიდა. სომეხი ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში სერიოზული პრობლემები წარმოიშვა. მათი მოსაზრებით, ევრაზიული კავშირის წევრობას დადებითი შედეგი არ მოაქვს სომხეთისთვის და მის განვითარებას აფერხებს. ბევრი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ქვეყანამ აუცილებლად უნდა დატოვოს ევრაზიული კავშირი და ევროკავშირთან ასოცირების საკითხს დაუბრუნდეს.
საზოგადოებრივმა ორგანიზაცია „ინფორმირებული მოქალაქეების კავშირმა“ ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც, სომხეთის ევრაზიულ კავშირში შესვლის შემდეგ ქვეყნის მდგომრეობა ყველა სფეროში გაუარესდა.
კვლევის შედეგები ცხადყოფს,რომ 2014-2015 წლებში სომხეთის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი 20%-ით შემცირდა, ქვეყნის საგარეო რეზერვები კი 2,5მილიარდი დოლარიდან 1,5 მილიარდამდე შეიკვეცა. მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის 10%-ით დაცემაც კი აღინიშნა. 2014 წელს სომხეთის მშპ 10,3 მილიარდ დოლარს შეადგენდა, 2015 წელს კი ეს მაჩვენებელი 9,3 მილიარდამდე შემცირდა.
ეკონომისტი აშოტ ეღიაზარიანიც მიიჩნევს, რომ სომხეთი ევრაზიული კავშირის ფარგლებში ვერ განვითარდება. ეკონომიკის განვითარების გეგმის შემუშავებაც კი საღ აზრს მოკლებულია, რადგან სომხეთის დამოკიდებულება ევრაზიული კავშირის მთავარ მოთამაშეზე, რუსეთზე იმდენად დიდია, რომ განვითარებაზე საუბარიც ზედმეტია. ამასთან, ევრაზიული კავშირი, როგორც სტრუქტურა, ინგრევა და, შესაბამისად, რუსეთიც თავის მნიშვნელობას კარგავს.
‘სომხეთი ევრაზიული კავშირის ნანგრევებში მოჰყვა.ის დრო, რაც ამ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გავიდა, უბრალოდ დაიკარგა და შედეგად დიდი ზარალი მივიღეთ’.
ეღიაზარიანის აზრით, სომხეთი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას უნდა დაუბრუნდეს, რაც ქვეყნის განვითარების შანსს წარმოადგენს. „ამდენად, ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ პოლიტიკურ სტუქტურას შევუერთდებით, რაც უსაფრთხოების გარანტი იქნება და, ამავდროულად, ეს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საშუალება გახდება“.
რა შედეგებს გამოიღებს მოლაპარაკებები ევროპასთან და რა რეაქცია ექნება ამ ნაბიჯზე ევრაზიულ კავშირს (კერძოდ კი რუსეთს), დრო გვიჩვენებს. 2013 წელს სერჟ სარგსიანმა უარი თქვა ასოცირების ხელშეკრულებაზე, რომელზეც ევროპელები სამი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. ამდენად, ევროკავშირის წარმომადგენლები იძულებულები არიან, რეგიონში სომხეთის მერყევი მდგომარეობა გაითვალისწინონ და მისთვის მოსალოდნელი რისკების შემცირებაზე იზრუნონ.