არ გვინდა პური, სანახაობა იყოს
კავკასიელ პოლიტიკოსებს რომ უსმენ, ასე გგონია, რომ ბავშვობაში ყველა მათგანი არკადი რაიკინობაზე ოცნებობდა.როგორც ჩანს, ასაკის მატებასთან ერთად მიხვდნენ, რომ ფართო მაყურებლამდე პოლიტიკური ტრიბუნიდან უფრო მოკლე გზაა, ვიდრე სცენიდან, და ასე დაადგნენ პოტენციური იუმორისტები პოლიტიკის გზას.
ახალი წელი ალბათ ყველაზე შესაფერისი დროა სერიოზული ამბების ღიმილით გასახსენებლად.
ჩვენ და პოლიტიკოსები მუდამ ერთად ვართ. ყოველ შემთხვევაში, სომხეთში ასეა.
– მე დღეს აქ ვარ, თქვენ გვერდით ვდგავარ. და მიხარია, რომ დღეს აქ ვარ და თქვენ გვერდით ვარ (გაგიკ ცარუკიანი, სომეხი ოლიგარქი მიტინგზე).
გაგიკ ცარუკიანი
თუმცა, ჯობს, თუ არასასურველი კითხვები არ დაისმება. აფხაზ პოლიტიკოსებს ასეთი კითხვები არ უყვართ.
– რატომ სვამ კითხვას, თუ პასუხი წინასწარ არ იცი? (ყოფილი პრემიერმინისტრი ანრი ჯერგენია, რომელიც აჟამად ოპოზიციის ლიდერია).
ანრი ჯერგენია
– რატომ სვამ უხერხულ კითხვებს? (პარლამენტის დეპუტატი სერგეი შამბა, რომელიც ჟურნალისტ იზიდა ჭანიას კითხვებმა დაღალა).
სერგეი შამბა
აზერბაიჯანელ პოლიტიკოსებს, აფხაზი კოლეგების მსგავსად, „ზედმეტი“ კითხვები მაინცდამაინც არ მოსწონთ, თუმცა პასუხებს მაინც სცემენ.
– რა შენი საქმეა? რატომ უნდა იცოდე? ჩემი ფირმაა. ასე დაწერე (ვიცეპრემიერი აბიდ შარიფოვი, რომელსაც ჰკითხეს, თუ ვის ეკუთვნოდა ფირმა, რომელმაც სახლების ფასადები უხარისხოდ მოაპირკეთა).
აბიდ შარიფოვი
რა მნიშვნელობა აქვს, ვისი ფირმა ხეირობს, მთავარია, ზნეობრივი პრინციპები დავიცვათ.
მმართველი კოალიციის, „ქართული ოცნების“ წევრმა, რეჟისორმა და დეპუტატმა, სოსო ჯაჭვლიანმა აბრევიატურა EBRD (რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი) არასწორად გაშიფრა და ბორდელთან გააიგივა. ჯაჭვლიანმა გულწრფელად აღიარა,რომ არასდროს ყოფილა „იბიარდში“ და არც მეძავებთან დაუჭერია საქმე.
სოსო ჯაჭვლიანი
და საერთოდ… ადამიანს ჩაცმულობის მიხედვით ხვდებიან და ამის მიხედვითვე აცილებენ. ჩვენს დროში დრესკოდი პოლიტიკოსებმაც უნდა დაიცვან და ელექტორატმაც.
‘შორტიანი მამაკაცები ქუჩებში უნდა გავაჩეროთ, დავცინოთ,დავუსტვინოთ, ფეხებზე მჟავა შევასხათ, რომ მეორედ შორტის ჩაცმა აღარ გაბედონ’. (ჰაფიზ გაჯიევი, პარტია ‘იენი მუსავათის“ ხელმძღვანალი)
ჰაფიზ გაჯიევი
და თუ ესეც არ იკმარებს, სასჯელი უკიდურესად მკაცრი უნდა იყოს _ აი, მაგალითად, როგორც ერევანში ფიქრობენ:
– მიმაჩნია, რომ სასიკვდილო განაჩენი სამუდამო უნდა იყოს (გალუსტ სააკიანი, პარლამენტის სპიკერი)
გალუსტ სააკიანი
ვაღიაროთ, რომ ამ ბოლო დროს ადამიანებმა ძალიან აიშვეს. ამათ სტალინიც ვეღარ უშველით,მგონი.
‘მალე სტალინის სურათი საქართველოს ყველა კაბინეტში დაიკიდება, იმიტომ, რომ გენიალური პიროვნება იყო. ამ ადამიანმა უზარმაზარი სიკეთე გააკეთა და მთელი მსოფლო მეოცე საუკუნის დიად ადამიანებს შორის მოიხსენიებს. ის საქართველოს სიმბოლო იყო’, — განაცხადა მმართველი კოალიციის, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გოგი თოფაძემ.
გოგი თოფაძე
[YoutubeVideo_82c2fb4d57014ed3a48dbee60e19f155]
მას შემდეგ, რაც პორტრეტებს დავკიდებთ, შეგვიძლია, ბედნიერ ცხოვრებაზეც ვიოცნებოთ.
‘აფხაზეთში მტკნარი წყლის დიდი საბადო გვაქვს. გვინდა, ყირიმის ტერიტორიაზე ქარხანა ავაშენოთ. ვფიქრობთ, ყირიმში წყალი ტანკერებით ჩამოვიტანოთ, თქვენ კი მას ბოთლებში ჩამოასხამთ და მთელ მსოფლიოში გაყიდით’, — სიმფეროპოლში, ყირიმის მეთაურ სერგეი აკსიონოვთან შეხვედრისას განაცხადა აფხაზეთის პრემიერმინისტრმა ბესლან ბუტბამ.
ბესლან ბუტბა
მისი თქმით, ქარხნის მშენებლობა ყირიმის ბიუჯეტს გადასახადებით დაახლოებით 4 მილიარდ დოლარს მოუტანს ყოველწლიურად, სუფთა მოგება კი 6 მილიარდი დოლარით განისაზღვრება. ბუტბას გაანგარიშებით, პროექტისთვის საჭირო თანხა (სულ რაღაც 10 მილიარდი დოლარი) 9 თვეში დაუბრუნდება ინვესტორს. საგანგებოდ ბუტბასთვის აღვნიშნავთ, რომ აფხაზეთის ბიუჯეტი 200 მილიონ დოლარზე ოდნავ მეტია.
ვიდრე საყოველთაო კეთილდღეობა დამყარდება, კარგი იქნება, თუ პოლიტიკურ სარბიელზე დასაქმებულ ადამიანებს პრემიები დაერიცხებათ; მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ეს სიკეთე თითქმის ზეციური კანცელარიიდან მოდის.
გურჯაანის მუნიციპალური საბჭოს (საკრებულოს) წევრმა ზაქარია ქაჩლიაშვილმა შეკითხვაზე _ თუ რატომ დახარჯეს სოციალურად დაუცველთათვის საახალწლო საჩუქრების შესაძენად მხოლოდ 10 ათასი ლარი ,ხოლო ჩინოვნიკებისა და დეპუტატების პრემიებისთვის 193 ათასი ლარი გამოიყო _ პასუხად თქვა: ‘მორჩით პრემიების თემით აპელირებას. პრემიები ნორმალურია. თავად პატრიარქმა აკურთხა პრემიები.’
ზაქარია ქაჩლიაშვილი
რა დაუნახავები არიან მაინც ადამიანები _ პოლიტიკოსები დღე–ღამეს მათზე ფიქრში ატარებენ, ისინი კი მაინც თავისას „მიერეკებიან“!
– აი, თქვენი აზრით, კიტრიც კი თავდაყირა იზრდება. (სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი სოფლის მოსახლეობასთან საუბრისას)
სერჟ სარგსიანი
მაგრამ, ადგილების გაცვლაც ხომ შეიძლება. სომხეთის პრემიერმინისტრი ოვიკ აბრამიანიც ასე ფიქრობს: ‘პოლიტიკოსობას განსაკუთრებული გონებრივი მონაცემები არ სჭირდება’.
ოვიკ აბრამიანი
და ბოლოს, პატარა ანეკდოტი. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სხდომაზე ერთ-ერთი დეპუტატი იმის გამო გაბრაზდა, რომ კოლეგამ შეკითხვა დაუსვა, და ოპონენტს შეუტია:’პარლამენტი სადისკუსიო ადგილი არ არის!’