აიღებენ თუ არა ახალ პასპორტებს ადგილობრივი ქართველები?
2016 წელს აფხაზეთში ძველი საბუთების განახლება დაიწყება, რაც ყველასთვის საბუთებთან დაკავშირებული რიგითი პროცედურაა; ყველასთვის გალსა და ტყვარჩელში მცხოვრები ქართველი მოსახლეობის გარდა.
არადა, პასპორტების შეცვლას სწორედ აღმოსავლეთ აფხაზეთში მცხოვრები იმ ქართველების გამო აპირებენ, რომლებმაც აფხაზური პასპორტის მიღების შემდეგ ქართული პასპორტებიც დაიტოვეს. 2015 წელს გალის რაიონის ადმინისტრაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის დროს 18 ათასზე მეტმა გალელმა საკუთარი ნებით განაცხადა, რომ ქართული პასპორტიც აქვს.
ბაზარი გალის რაიონულ ცენტრში
აფხაზეთში მოქმედი კანონმდებლობით, აფხაზეთის მოქალაქეს, არ აქვს უფლება, ერთდროულად იყოს,რუსეთის გარდა, რომელიმე სხვა ქვეყნის, მათ შორის _ საქართველოს,ორმაგი მოქალაქე. ამის გამო აფხაზეთის გენერალურმა პროკურატურამ უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმეები საპასპორტო და სავიზო სამსახურების იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებიც 2009-2014 წლებში აღმოსავლეთი აფხაზეთის ქართულ მოსახლეობას აფხაზურ პასპორტებს ურიგებდნენ. მათ საქართველოს მოქალაქეებისთვის აფხაზეთის მოქალაქის საერთო ეროვნული პასპორტის გადაცემა ედებათ ბრალად.
გალის რაიონში, სადაც ძირითადად ქართველები ცხოვრობენ, მოსახლეობის „პასპორტიზაცია“ 2009 წელს, სერგეი ბაღაფშის პრეზიდენტობის დროს დაიწყო. მაშინდელი დადგენილების მიხედვით, გალის რაიონის (სამურზაყანოს) ყველა მკვიდრს პასპორტის მიღებამდე წერილობით უნდა დაედასტურებინა, რომ საქართველოს მოქალაქე არ იყო. თავიდანვე ცხადი გახდა, რომ აღნიშნული პროცედურა უბრალო ფორმალობას წარმოადგენდა.ჯერ ისევ დაურეგულირებელი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის და სოხუმსა და თბილისს შორის გაწყვეტილი ოფიციალური კონტაქტების გამო, უბრალოდ შეუძლებელია იმის გადამოწმება, თუ სინამდვილეში ვინ თქვა უარი ქართულ პასპორტზე, და ვინ – არა.
ამით ისარგებლეს საპასპორტო განყოფილებების მუშაკებმა, რომლებსაც, ყოველგვარ შემოწმებაზე უარის თქმის სანაცვლოდ, თითოეული მოქალაქისგან 10–დან 30 ათას რუბლამდე [$150-$400] ქრთამის აღება ედებად ბრალად.
პასპორტების საქმეში მხოლოდ წვრილი ჩინოვნიკები როდი სცოდავდნენ. ამ პროცესებზე, მეტი ხმის მიღების იმედით, ცენტრალურმა ხელისუფლებამაც დახუჭა თვალი. გალელები, როგორც წესი, არსებულ ხელისუფლებას უჭერენ ხოლმე მხარს და გარანტირებული ელექტორატის პასპორტების გარეშე დატოვება ხელისუფლებასაც არ აძლევდა ხელს.
ერთადერთი „მოთამაშე“, რომელსაც ეს ვითარება არ მოსწონდა, იყო ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებასთან დებატების დროს მუდმივად წამოჭრიდა ხოლმე პასპორტების საკითხს. ქვეყნის მაშინდელმა მთავარმა ოპოზიციონერმა რაულ ხაჯიმბამ სწორედ პასპორტების თემის ხშირი წამოწევით მოახერხა გეგმაზომიერად შეერყია ალექსანდ ანქვაბის სავარძელი.
2014 წელს, ოპოზიციონერი დეპუტატების ინიციატივით, შეიქმნა სპეციალური საპარლამენტო კომისია, რომელმაც სიტუაცია შეისწავლა და არსებული კანონმდებლობის დარღვევის უამრავი ის შეთხვევა გამოავლინა, რასაც მანამდე პრეზიდენტი ანქვაბი იგნორირებას უკეთებდა. ერთი თვის შემდეგ კი ოპოზიციამ სოხუმრში მრავალათასიანი მიტინგი მოაწყო და აიძულა ანქვაბი, გადამდგარიყო. მაშინ აფხაზური პასპორტი აფხაზეთის სამ რაიონში (გალში, ტყვარჩელისა და ოჩამჩირეში) მცხოვრებ 27 ათას ეთნიკურ ქართველს გაუუქმდა. დღეს ამ საბუთს მხოლოდ პირადობის დამადასტურებელ მოწმობად იყენებენ. სხვათა შორის, ერთადერთი უფლება,რაც გალელებს ამ ახალი სტატუსით ჩამოერთვათ, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაა.
2015 წლის დასაწყისში ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრმა ამ საკითხის მასშტაბური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.ცენტრის მოხსენებაში ნათქვამია, რომ „ აფხაზეთის აღმოსავლეთ რაიონებში მცხოვრები ადამიანების სტატუსის შესახებ გამართულ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საჯარო დისკუსიებს ხშირად ხისტი და არაკონსტრუქციული ხასიათი ჰქონდა. ამ დისკუსიებში თავად აღმოსავლეთის რაიონის მოსახლეობის მოსაზრებები არ ისმოდა. პასპორტების ჩამორთმევის პროცესში ქართული წარმოშობის მოალაქეები პანიკამ მოიცვა“.
ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრმა შემდეგი რეკომენდაციები გასცა (ქვეყნდება შემოკლებული ვერსია. სრული ტექსტი რუსულ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ აქ
აუცილებელია, უმოკლეს დროში შემუშავდეს ცხოვრების ნებართვის სათანადო ფორმა და გადაეცეს აღმოსავლეთი აფხაზეთის მოსახლეობას. ამ ადამიანებს ან ცხოვრების ნებართვა უნდა გადაეცეთ, ან მიღონ აფხაზეთის მოქალაქეობა, იმ მოთხოვნებზე დაყრდნობით, რასაც აფხაზეთის კანონმდებლობა მოქალაქეობის მიღების ყველა მსურველს უყენებს.
– აუცილებელია ფორმალური და არაფორმალური შეხვედრების ჩატარება. პოლიტიკურმა პარტიებმა, საზოგადო მოღვაწეებმა და დეპუტატებმა აღმოსავლეთის რაიონების მოსახლეობასთან უნდა ისაუბრონ , რათა დაძაბულობა მოიხსნას, მეტი ნდობისა და ურთიერთგაგების ატმოსფერო შეიქმნას.
– საჭიროა რეგიონის მოსახლეების აფხაზურ საზოგადოებაში ინტეგრაცია, რაც რაიონის ეკონომიკური განვითარებით, განათლების სისტემის დახვეწითა და აფხაზური ენის სწავლებით უნდა მოხერხდეს. ამ რაიონის მოსახლეობა საერთო აფხაზურ საქმეში უნდა იყოს ჩართული. მათთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალების შექმნაც მნიშვნელოვანია.
აფხაზი ექსპერტების უმრავლესობას მიჩნია, რომ პასპორტების შეცვლის შემდეგ 27 ათასი გალელიდან მოქალაქეობის შენარჩუნებას ხუთი ათასზე მეტი ვერ შეძლებს
- გალის რაიონი – აფხაზეთის ადმინისტრაციული ერთეული, რომელშიც, 2011 წლის მონაცემებით, მოსახლეობის 98,21 პროცენტს ქართველები შეადგენენ. უშუალოდ ესაზღვრება მდინარე ენგურს (იგივე ინგურს), რომელიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტში პირობით სასაზღვრო-გამყოფ ზოლად ითვლება. გალის რაიონში მდებარეობს „ენგურჰესი“ – აფხაზეთის უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული საწარმო.