დეპუტატი სკანდალის ცენტრში
ქალაქ განჯის ახალახან არჩეულმა დეპუტატმა ნაგიფ გამზაევმა აზერბაიჯანის ინტერნეტ-საზოგადოება მორიგი ‘ცხელი’ თემით დაასაჩუქრა.
ჟურნალისტებთან საუბრისას ის მოულოდნელად თავს დაესხა ბრალდებებით აზერბაიჯანის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერს მამედ ემინ რასულზადეს. ყოველ შემთხვევაში, სწორედ ამგვარად გვაწოდებს ამ ინფორმაციას გაზეთ ‘ენი მუსავათის’ ვებგვერდი, მისივე კორესპონდენტის სიტყვებით.
საკითხის არსში ჩასაწვდომად უნდა ვიცოდეთ, რომ დამოუკიდებლობის პირველ წლებში აზერბაიჯანის საზოგადოება კმაყოფილებით იხსენებდა თავის წარსულს – აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკას, რომელიც 1918 წელს შეიქმნა და საბჭოთა წითელი არმიის მიერ ბაქოს აღებამდე იარსება.
მამედ ემინ რასულზადე, რომელმაც თავისი მმართველობის დროს მრავალ წარმატებას მიაღწია, იმდენად პოპულარული იყო, რომ მისი პორტრეტი ათასმანათიან კუპიურას ამშვენებდა. უბრალო ხალხი კი ფულს ‘მამედებით’ ითვლიდა.
მას ერთსულოვნად აღიარებდნენ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის ფუძემდებლად, ეროვნულ გმირად. სკოლებში აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის ყველა შესაძლო წვრილმანს ასწავლიდნენ. მძიმე პოსტსაბჭოთა წლებში კი, როდესაც აზერბაიჯანის ისტორიის სახელმძღვანელოები არ არსებობდა, მასწავლებლები მოსწავლეებს კონსპექტს კარნახობდნენ.
მაგრამ რამდენიმე წლის წინათ რომელიღაც პოლიტიკოსს ასეთი ფორმულა მოუვიდა თავში: ‘ხალხს მხოლოდ ერთი ლიდერი უნდა ჰყავდეს’. ეს იდეა დამკვიდრდა და რასულზადე თანდათან მიივიწყეს.
ოღონდაც, ლამის ხალხის მტრად ის არავის გამოუცხადებია. ამიტომაც, გამონათქვამებმა ‘რასულზადე მოღალატე იყო, მან ჩვენი მიწები გაყიდა’ აღშფოთება და მწარე ქილიკი გამოიწვია. პრო-სამთავრობო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა დუმილი არჩიეს, თითქოს არაფერი მომხდარა. სხვები აღშფოდნენ. გაჩნდა ამგვარი სათაურებიც – ‘ნაგიფ გამზაევი დეპუტატი კი არა, მწერია’.
ვებგვერდ az.azvision.az-ის ჟურნალისტი, რომელიც იმ შეხვედრას ესწრებოდა, ჰყვება, რომ გამზაევი, პირველ რიგში ჟურნალისტებს უგემრიელესი სადილით გაუმასპინძლდა, და თან ხაზი გაუსვა, რომ ის შეხვედრა სრულიად არაოფიციალური იყო და ეს სულაც არ გახლდათ ინტერვიუ. რაც შეეხება კითხვის არსს, ‘ენი მუსავათის’ ჟურნალისტმა მას ჰკითხა, თუ რატომ ახურავს რასულზადეს ძეგლს თავზე ტომარა; ამაზე დეპუტატმა ცხვრის ხორცის ჭამა შეწყვიტა და უპასუხა, რომ ამ ძეგლს, უბრალოდ, რესტავრაცია უტარდება; შემდეგ კი დაამატა, რომ მისთვის მხოლოდ ერთი ეროვნული გმირი არსებობს – ჰეიდარ ალიევი.
facebook-ის მომხმარებლები, რა თქმა უნდა, ამას უპასუხოდ არ დატოვებდნენ.
‘მოსთხოვე ბრიყვს ლოცვა და აუცილებლად შუბლს გაიტეხავს. დღეს ამ დეპუტატმა (აქ მრავალი სხვადასხვა ‘სმაილიკია’) აზერბაიჯანის ისტორიისთვის რასულზადეს პიროვნების მნიშვნელობის მასობრივი შეგნება აღადგინა საზოგადოებაში.’
‘ჩემი აზრით, ამ დეპუტატის სიტყვები დაამახინჯეს. არ მჯერა, ვინმეს ასეთი სისულელის ჩადენა შეეძლოს. და თუ მან მართლა ასე თქვა, ე.ი. ის ინკუბატორის წიწილების საკვებზე ყოფილა გაზრდილი,’
‘რატომ აღაშფოთა ყველა იმან, რომ მეძავი მეძავად დარჩა?’
‘ახლა მას ყველა იცნობს. ნათქვამის უარყოფას დაიწყებს, და ყველაფერს გადააბრალებს ჟურნალისტს, რომელმაც არასწორად ჩაიწერა მისი სიტყვები ერთ ლიდერზე, თუმცა მკაფიოდ გადმოსცა მისი პოზიცია მეორე ლიდერის შესახებ. და ბედნიერი დარჩება.’