ქართველები ევროპაში უვიზოდ იმოგზაურებენ
ევროპასთან ვიზები მართლა გაუქმდება? – ამ კითხვას საქართველოში ხშირად და ყველგან გაიგონებთ – ქუჩაში, ტრანსპორტში, მეგობრის დაბადების დღეზე, სპორტულ დარბაზსა თუ სილამაზის სალონში. პასუხი ორიოდე თვეში გახდება ცნობილი, როდესაც 15 დეკემბერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ტექნიკურ ანგარიშს გამოაქვეყნებს.
მანამდე კი, ევროპელი დამკვირვებლები სკურპულოზურად ამოწმებენ, რამდენად გაითვალისწინა საქართველომ ის რეკომენდაციები, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით იყო გაწერილი.
პროცედურები ასეთია – თუ ტექნიკური დასკვნა დადებითი იქნება, ამის შემდგომ ევროპას და მის ლიდერებს უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ – სურთ თუ არა საქართველოსთვის ევროპის კარის გამოღება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დადებითი პასუხის შემთხვევაში, 2016 წლის დასაწყისიდან საქართველოს მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში უკვე უვიზოდ იმოგზაურებენ. ასეთ შემთხვევაში, საქართველო პირველი სამხრეთკავკასიული ქვეყანა იქნება, რომელმაც ევროპასთან ვიზალიბერალიზაციას მიაღწია.
ოფიციალური თბილისი დარწმუნებულია, რომ დასკვნა დადებითი იქნება.
“ევროკავშირის მხრიდან ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია და მხოლოდ ტექნიკური პროცედურების დასრულებაა საჭირო. საქართველომ მაქსიმუმი გააკეთა, ჩვენ ყველა დავალება შევასრულეთ,”- ამბობს პრემიერი ღარიბაშვილი.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის თქმით კი, “საქართველომ ვიზალიბერალიზაციის უმეტესი ნაწილი უკვე შეასრულა და არ არსებობს მიზეზი, ვიფიქროთ, რომ არ შეუძლია დარჩენილი მოთხოვნების შესრულებაც.”
ტელევიზიით უკვე გამოჩნდა სპეციალური ვიდეორგოლი, რომელიც მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესებს აცნობს:
თუმცა, არიან სკეპტიკოსებიც, რომლებიც რამდენიმე ხელისშემშლელ ფაქტორს ასახელებენ:
1.მიგრანტების კრიზისი. მაშინ როცა მიგრანტების ტალღას ვერ აუდის, ევროპა ახალი ქვეყნისთვის საზღვრების გახსნას მოერიდება, – ფიქრობს ზოგიერთი ექსპერტი;
2.ხელისშემშლელ ფაქტორად სახელდება ისიც, რომ შენგენის ქვეყნებში თავშესაფარს საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე ითხოვს. მხოლოდ 2013 წელს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანას თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს 9 110-მა მოქალაქემ მიმართა, რაც ევროპელების აზრით, იმას ნიშნავს, რომ საქართველო ვერ უქმნის თავის მოქალაქეებს ღირსეული ცხოვრების პირობებს. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად და ევროკავშირის დაჟინებული რეკომენდაციით, საქართველომ გასულ წელს ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო, რომელიც ნებისმიერი ნიშნით ადამიანების დისკრიმინაციას და დევნას კრძალავს. ახლა მთავარია, ამ კანონის აღსრულება მოხდეს;
ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველომ ათეულობით კანონი შეცვალა – ეს ეხება პირადი მონაცემების დაცვის შესახებ კანონს, ასევე ტრეფიკინგის, კორუფციისა და სხვა საკითხებზე კანონმდებლობას;
ევროპასთან უვიზო მიმოსვლით საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ისარგებლებს, რომელსაც ბიომეტრიული პასპორტი ექნება. ბიომეტრიული პასპორტის აღება 10 სამუშაო დღის ვადაში შეიძლება და იგი 100 ლარი (42 დოლარი) ღირს;
საქართველო ამ პრივილეგიებით სარგებლობას კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასაც სთავაზობს: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ “ვიზალიბერალიზაცია უფრო აფხაზეთისა და ოსებისთვის გვჭირდება, რადგან ეს ხალხი საქართველოს სიკეთეებით უფრო მეტად დაინტერესდება.”
- ოფიციალური ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებში გასამგზავრებელი ვიზის აღება საქართველოს მოქალაქეებს უფრო უჭირთ, ვიდრე მეზობელი ქვეყნების – რუსეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის მაცხოვრებლებს. ევროკავშირის ვიზის გაცემაზე საქართველოში 2013 წელს უარი უთხრეს აპლიკანტთა 12 პროცენტს, 2012 წელს 13,3 პროცენტს, 2011 წელს – 14,8 პროცენტს. ევროკავშირი ქვეყანასთან სავიზო ურთიერთობებში უსაფრთხო, ანუ დასაშვები რისკის მარჟად ვიზაზე უარის 3%-ს განიხილავს. გასული წლების მონაცემებით, ევროკავშირის ვიზაზე უარის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი რუსეთს და ბელარუსს აქვს – 1,2 და 0,9 პროცენტი.
ვინ და როგორ ისარგებლებს უვიზო მიმოსვლით:
- საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შენგენის ზონაში (და ასევე ამ ზონაში შესვლის ოთხ კანდიდატ ქვეყანაში – რუმინეთი, ბულგარეთი, კვიპროსი, ხორვატია) 180 დღეში 90 დღის განმავლობაში უვიზოდ ყოფნის უფლება და ასევე შეეძლებათ შენგენის ზონის ერთი ქვეყნიდან მეორეში მოგზაურობა;
- იმ შემთხვევაში, თუ 90 დღეზე მეტხანს დარჩება, საქართველოს მოქალაქეს შენგენის ზონიდან გამოაძევებენ. ჯერ დააკავებენ, შემდეგ კი საქართველოში დააბრუნებენ, რის შემდეგაც ის 5 წლის განმავლობაში სავიზო ლიბერალიზაციის ბენეფიტებით ვეღარ ისარგებლებს;
- იმისთვის, რომ უვიზო მიმოსვლით ისარგებლოს, საქართველოს მოქალაქეს დასჭირდება ბიომეტრიული პასპორტი, ფინანსური უზრუნველყოფის დოკუმენტი, უკან დასაბრუნებელი ბილეთი და სასტუმროს ჯავშანი. ყველა ამ დოკუმენტს საქართველოს მოქალაქე წარადგენს საზღვარზე და არა საკონსულოში;
- ვიზალიბერალიზაცია არ ეხება სამუშაო ან გრძელვადიან სასწავლო ვიზებს. ასეთი ვიზების მისაღებად საქართველოს მოქალაქეებმა საკონსულოებს უნდა მიმართონ.