ასლან ბჟანია აფხაზეთის პრეზიდენტი გახდა, მისი კონკურენტები ერთობლივი მუშობისთვის მზაობას გამოთქვამენ
ასლან ბჟანია, აფხაზეთის გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, პრეზიდენტი გახდა, 22 მარტს გამართული არჩევნების შედეგებით.
მისი გამარჯვებისთვის ერთი ტური გამოდგა საკმარისი.
ბჟანიას მთავარი კონკურენტი – ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბა ოფიციალურ შედეგებს არ დაელოდა, პირადად მიულოცა გამარჯვება საპრეზიდენტო რბოლაში.
АСЛАН БЖАНИЯ ПОБЕДИЛ НА ВЫБОРАХ ПРЕЗИДЕНТА РЕСПУБЛИКИ АБХАЗИЯ С победой Аслана Бжания поздравил его основной конкурент Адгур Ардзинба
Posted by Медиа-клуб «Аҧсны.иахьа» on კვირა, 22 მარტი, 2020
ასლან ბჟანიამ აშკარა რეზერვით გადალახა 50-პროცენტიანი ბარიერი, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ არჩეულ პრეზიდენტად ჩაითვალოს. წინასწარი მონაცემებით, მან ხმათა 58 პროცენტი დააგროვა.
ადგურ არძინბამ, რომელიც წინა ხელისუფლებას წარმოადგენდა, 35 პროცენტი მიიღო.
რბოლის მესამე მონაწილემ, ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლეონიდ ძიაფშიპამ მხოლოდ 2 პროცენტი მოაგროვა.
- დეტალები აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატების შესახებ
- აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერი საქართველოზე: „მათთვის, ვინც გეოგრაფია არ იცის – ჩვენ მეზობლები ვართ“
22 მარტს, დაახლოებით, საღამოს 11 საათზე, როდესაც ხმების დათვლა ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, ადგურ არძინბამ ოფიციალურად განაცხადა საკუთარი დამარცხებისა და არჩევნებში ასლან ბჟანიას გამარჯვების შესახებ.
ნახევარი საათის შემდეგ, ის ასლან ბჟანიას საარჩევნო შტაბში მივიდა, რათა პირადად მიელოცა მისთვის პრეზიდენტად არჩევა.
„ეს საარჩევნო კამპანია ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე მშვიდი. ვულოცავ ასლან გიორგის ძეს და მის გუნდს გამარჯვებას. ის გამოცდილი პოლიტიკოსია. თუკი განხორციელდება ყველა იდეა, რომელიც გახმოვანდა, ჩვენ მას მხოლოდ დავეხმარებით“, – განაცხადა არძინბამ და ასლან ბჟანიას ჯანმრთელობა და წარმატებები უსურვა.
არძინბამ აღნიშნა, რომ აფხაზეთის წინაშე დაგროვილი პრობლემებისა და ამოცანების გადაწყვეტა კონსოლიდაციის გარეშე შეუძლებელია.
ასლან ბჟანია მოწინააღმდეგის საქციელმა შეძრა. მან ხაზი გაუსვა, რომ მის მახსოვრობაში, კანდიდატებს ერთმანეთისთვის არასოდეს მიულოცავთ.
„ჩვენ არ გვეყოლება დამარცხებულები, რადგან ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს, რომელიც პირთა დიდმა წრემ უნდა გადაჭრას, მით უფრო ისეთმა პირთა წრემ, რომელსაც გარკვეული გამოცდილება გააჩნია. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ, გაერთიანებული ძალებით ბევრი რამე გამოგვივა“, – განაცხადა ბჟანიამ.
აღნიშნული არჩევნები ოფიციალურად განმეორებითად მიიჩნევა. წინა ჯერზე აფხაზეთმა პრეზიდენტი სულ ცოტა ხნის წინ – 2019 წლის სექტემბერში აირჩია.
როგორ გახდა რაულ ხაჯიმბა მეორედ აფხაზეთის პრეზიდენტი და როგორ აიძულეს წასულიყო თანამდებობიდან ექვსი თვის შემდეგ
2019 წლის 8 სექტემბერს, რაულ ხაჯიმბამ აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და მეორე ვადით წავიდა ამ პოსტზე. ოპოზიციამ ეს გააპროტესტა და განაცხადა, რომ ხაჯიმბას არ გაუმარჯვია, რადგან მან ხმათა მხოლოდ 47 პროცენტი დააგროვა იმ დროს, როდესაც კანონის თანახმად, ამისათვის საჭირო იყო კენჭისყრაში მონაწილეთა საერთო რაოდენობის 50%-ს +1 ხმა.
კრიზისი გამწვავდა, როდესაც ნოემბერში, სოხუმის ცენტრში, პოპულარულ რესტორანში, შუადღისას გახმაურებული სამმაგი მკვლელობა მოხდა. გარკვეული დროის შემდეგ აღმოჩნდა, რომ თავდასხმაში მონაწილეთაგან ერთ-ერთი, რაულ ხაჯიმბას დაცვის წევრი იყო.
2020 წლის 9 იანვარს, მოკლულების ახლობლებმა და მეგობრებმა, ათასამდე ადამიანმა შტურმით აიღეს პრეზიდენტის სასახლე და მისი გადადგომა მოითხოვეს. იმავე დღის მეორე ნახევარში, უზენაესმა სასამართლომ არჩევნების შედეგები არასწორად გამოაცხადა.
უკვე 12 იანვარს, რაულ ხაჯიმბამ გადადგომის შესახებ განაცხადა.
ახალი საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს დაინიშნა, მანამდე, პრეზიდენტის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი, პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა გახდა.
კორონავირუსი – უსაფრთხოების რა ზომები მიიღეს არჩევნების დროს
მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა, აფხაზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაწყვიტა, რომ არჩევნები არ გადაედო და ის დათქმულ დროს ჩაეტარებინა. მით უფრო, რომ ჯერ კიდევ არ დაფიქსირებულა ინფიცირების არც ერთი შემთხვევა.
მიიღეს გარკვეული უსაფრთხოების ზომები – უბნებზე, საარჩევნო კომისიის წევრები მუშაობდნენ დამცავი ნიღბებითა და ხელთათმანებით, ამომრჩეველს ხმის მიცემამდე ხელებს სადეზინფექციო ხსნარით უმუშავებდნენ, ბიულეტენში სასურველი კანდიდატის შემოხაზვა კი მხოლოდ საკუთარი კალმით იყო დაშვებული.
აქტივობა, მიუხედავად შიშისა, რომ ამომრჩეველი არ გარისკავდა და სახლში დარჩებოდა, მაღალი გამოდგა – 60 პროცენტზე მეტი.
ვინ არის ასლან ბჟანია
აფხაზეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი ასლან ბჟანია 57 წლისაა.
წარმოშობით ის აფხაზეთიდან, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშიდანაა, სადაც არის კიდეც ამ დრომდე ჩაწერილი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხანია სოხუმში ცხოვრობს.
მისი მამა სკოლის მასწავლებელი იყო, მისი ბაბუა აშხანგერ ბჟანია კი – აფხაზეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი ადამიანი. მან 147 წელი იცხოვრა.
აშხანგერ ბჟანიას შესახებ აღფრთოვანებული წერდა ცნობილი ინგლისელი მწერალი, ჯონ პრისტლი, რომელმაც მე-20 საუკუნის შუაში მოინახულა აფხაზეთი.
ასლან ბჟანია – სპეცსამსახურების პროფესიონალი თანამშრომელია. ჯერ სერგეი ბაღაფშის, შემდეგ კი ალექსანდრ ანქვაბის პრეზიდენტობისას ის აფხაზეთის უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურს ხელმძღვანელობდა (2009-2014 წლებში).
ის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო წინა არჩევნებზეც, 2019 წელს, თუმცა, საპრეზიდენტო რბოლის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, 2019 წლის აპრილის შუაში, მძიმე მეტალებით მოწამლეს. ბჟანია მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში, კრიტიკულ მდგომარეობაში მოათავსეს. ორი კვირის შემდეგ კი ბერლინში გადაიყვანეს, სადაც წლის ბოლომდე მკურნალობდა.
მის ნაცვლად ოპოზიციის კანდიდატი, პარტია „ამცახარას“ ლიდერი, ალხას კვიცინია გახდა, რომელიც რაულ ხაჯიმბასთან დამარცხდა.
ვინ მონაწილეობდა ბჟანიას მოწამვლაში, ჯერ კიდევ უცნობია. ის თავად დაჟინებით არ ითხოვს ამ დანაშაულის გამოძიებას. ამბობს, რომ არ სურს ამის გახსენება და პატიობს დამნაშავეებს.
არჩევნებზე ბჟანია, ისევე, როგორც მისი კონკურენტები, სრულმასშტაბიანი რეფორმის იდეით გამოვიდა ეკონომიკის, სამართალდამცავი ორგანოებისა და, საერთოდ, მმართველობის სისტემის მიმართულებით. დანაშაულსა და კორუფციასთან ბრძოლა გამოყოფილი იყო, როგორც უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტები.