საგანგებო მდგომარეობის მეორე დღე: ეკლესიებში ხალხმრავალი წირვა-ლოცვა ჩატარდა
22 მარტს, დილით, სამების საკათედრო ტაძარში, სადაც საკვირაო წირვა ტარდებოდა, საპატრულო პოლიცია მივიდა. როგორც გაირკვა, პოლიცია ერთ-ერთმა მოქალაქემ მას შემდეგ გამოიძახა, რაც ნახა, რომ ტაძარში შეკრებილ ადამიანებს შორის უსაფრთხო დისტანცია არ იყო დაცული, ბევრ მათგანს არ ეკეთა პირბადე და ზიარება ისევ ერთი, საერთო კოვზით ხდებოდა.
- რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა – რისი უფლება გვაქვს და რისი არა
- საგანგებო მდგომარეობის მეორე დღე: ეკლესიებში ხალხმრავალი წირვა-ლოცვა ჩატარდა
პატრულმა სამების საკათედრო ტაძრის ტერიტირია მალევე დატოვა – შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს, რომლებიც სამების ტაძარში მივიდნენ, დარღვევა არ დაუფიქსირებიათ.
“როდესაც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ 10 ადამიანზე მეტი არ შეიძლება შეიკრიბოს, რას ნიშნავს? ამ ქალაქში მილიონნახევარი ადამიანია. აუცილებლად უნდა დასახელდეს ფართობი ან მოცულობა, რამდენ კუბამეტრ სივრცეში. უნდა იყოს რეგულაციები. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით შევასრულოთ. ასეთი წესრიგი, დღეს რომ იყო სამების ტაძარში. მე არ მახსოვს. გამოვიდა არქიდიაკონი წირვის წინ და მოუწოდა ყველას, გაიწია ხალხი და დადგა ამ დისტანციაზე. ქრისტიანები ვართ კანონმორჩილები. ერთადერთ შემთხვევაში არ დავემორჩილებით კანონს, თუ ეს კანონი მცნების დარღვევისკენ მოგვიწოდებს,” – განაცხადა საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმ, მეუფე ნიკოლოზმა.
ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი კი აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს ტაძარში მყოფი მრევლის გაკონტროლების უფლებას სახელმწიფოს არ მისცემს:
“მოდის ხალხი. რა ვქნათ? პატრული შემოვიყვანოთ მაგის გამო? პატრული მოვიდა და წავიდა, არ არის მისი საქმე აქ. თუ ლოცვაზე მოვა, მოვიდეს. სახელმწიფოს მაგას არ გავაკონტროლებინებ შიგნით.”
საკვირაო წირვას სამების ტაძარში დაესწრო კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორეც. “გეუბნებიან, შორი-შორს დადექითო, ეკლესიის გარეთ დადექითო, ეს ყველაფერი თქვენთვის არის, ეს ყველაფერი იოლი შესასრულებელია, მთავარია, რომ უფალთან ვიყოთ,” – ამ სიტყვებით მიმართა ქადაგებისას მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
გარდა ამისა, პატრიარქმა მრევლს შეახსენა, რომ სახლში ნაკურთხი წყალი იქონიონ: “ყოველდღე უნდა ისხუროთ ნაკურთხი წყალი, თქვენ შვილებს, თქვენ ოჯახს, სახლს, კარ-მიდამოს და ბოროტი სული ვერ მოგეახლებათ თქვენ.“
საკვირაო წირვები საქართველოს სხვა ეკლესიებშიც შესრულდა. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა მორწმუნეებს ურჩია, რომ ერთმანეთთან უსაფრთხო დისტანცია დაიცვან და წირვას ტაძრის ეზოდან მოუსმინონ:
„დაგვიკავშირდით და ჩვენი სამღვდელოება სახლში მოვლენ და იქ გაზიარებენ. არც ისე ხშირად ვეზიარებით ხოლმე ჩვენ, რომ მაინცდამაინც ახლა ყოველდღიურად მოგვინდეს და ყოველ წირვაზე ზიარება. ზოგი მარტო აღდგომაზე მოდის, ზოგი მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე ეზიარება და ჩათვალეთ, რომ ჩვენი მარხვა ის არის, რომ შევასრულოთ ეს კურთხევა, რასაც გეუბნებით.“
მეუფე გრიგოლმა განაცხადა, რომ თუ მორწმუნეები მის თხოვნას არ გაითვალისწინებენ, სამღვდელოება იძულებული გახდება, წირვა ნათლისღების ეკლესიის ეზოში ჩაატაროს, სადაც მხოლოდ 5 ადამიანი ეტევა.
ხალხმრავლობა იყო წირვა-ლოცვებზე სხვა ქალაქებშიც. სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, რომ ეკლესიის შიგნით, მრევლს შორის არ არის დაცული სოციალური დისტანცია. ბევრ ეკლესიაში ამის საშუალება არც არის. წირვა-ლოცვაზე მისული მრევლის ბევრი წარმომადგენელს პირბადე არ უკეთია. დღეს ჩატარებულ წირვა-ლოცვას ესწრებოდნენ როგორც ბავშვები, ისე ასაკოვანი ადამიანები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გავრცელების თვალსაზრისით, რისკჯგუფში არიან.
საქართველოში დღეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან მეორე დღეა. საგანგებო მდგომარეობა ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით გამოაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის შიდა გავრცელების შესაჩერებლად გამოცხადდა და ამავე მიზნით უნდა დაწესებულიყო ათ კაცზე მეტი ადამიანის შეკრების შეზღუდვაც. საგანგებო მდგომარეობის შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოქვეყნებულ დეკრეტში ათ კაცზე მეტი ადამიანის შეკრების შეზღუდვაზე არაფერი წერია.
დეკრეტში წერია: :შეიზღუდოს ნებისმიერი სახის შეკრება, მანიფესტაცია და ადამიანების თავშეყრა, გარდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა.”
ახლა საზოგადოება მთავრობის დადგენილების გამოქვეყნებას ელოდება.
22 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 1966 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 259.
54 პაციენტიდან 3 გამოჯანმრთელდა.