მსოფლიოს შიმშილი და მილიონობით ახალი დევნილი ემუქრება. მიზეზი - კალიების უპრეცედენტო შემოსევაა
კალიების უზარმაზარი ლაშქრის შემოსევა, რომლის მსგავსიც მრავალი ათწლეულია არ მომხდარა, 2020 წლის გაზაფხულზე, აფრიკისა და აზიის ბევრ ქვეყანას ემუქრება.
როგორც შედეგი – მსოფლიოს სერიოზული კრიზისი ემუქრება, მის უკან კი შიმშილი და მილიონობით ახალი დევნილის გადაადგილება. ამის შესახებ National Geographic–ი წერს.
ამ მწერის რაოდენობა იზრდება, ისინი აფრიკისა და აზიის უზარმაზარ ტერიტორიაზე ანადგურებენ მოსავალს – ტანზანიიდან, კენიიდან და სომალიდან დაწყებული, პაკისტანით, ინდოეთითა და ჩინეთით დასრულებული, რომელიც ამის გარეშეც ძლივს აკავებს COVID-19-ის ეპიდემიას.
გამოიყენება თვითმფრინავიდან შეწამვლა, მაგრამ კალიებთან გამკლავება ვერ ხერხდება – ისინი ძალიან ბევრი არიან.
როგორც მეცნიერები ამბობენ, კალიების გამოჩენის მიზეზი, მსოფლიოში კლიმატის გლობალური ცვლილებები გახდა.
რას წარმოადგენს კალია
ერთ ჯგუფში, შესაძლოა, 10 მილიარდამდე კალია იყოს, თუმცა, როგორც წესი, დაახლოებით, 500 მილიონია ხოლმე.
მათ ერთ დღეში, 100-200 კილომეტრის დაფარვა შეუძლიათ და გზაში, განურჩევლად ყველა შემხვედრ მცენარეს ანადგურებენ – ბალახს, ბუჩქებს, ხეებს, ჭამენ მათ ფოთლებს, ღეროებს, ყვავილსა და ნაყოფს.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) გვაფრთხილებს, რომ ეს მწერი წარმოუდგენლად სწრაფად მრავლდება.
„თუკი ახლავე არ დავიწყებთ ბრძოლას, მაშინ, სამი თვის შემდეგ, მათი რაოდენობა ახლანდელთან შედარებით 500-ჯერ გაიზრდება“, – ნათქვამია FAO-ს განცხადებაში.
გაეროს მონაცემებით, ბოლო მნიშვნელოვანი მატება – კალიების მკვეთრი გამრავლება – 2003-2005 წლებში, დასავლეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებს 2,5 მილიარდი დოლარი დაუჯდათ.
როდესაც კალიების ჯგუფი თუნდაც ერთ კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიას ფარავს, ის ანადგურებს იმდენივე საკვებს, რასაც დღე-ღამეში მოიხმარს 35 ათასი ადამიანი.
საერთო ჯამში, FAO-ს შეფასებით, კალიების ეს შემოსევა გავლენას მოახდენს დედამიწის ყოველ მეათე მცხოვრებზე.
სწორედ ეს აქცევს მას მსოფლიოში ყველაზე სახიფათო მიგრირებად ორგანიზმად.
ახლანდელი შემოჭრის მიზეზები
მეცნიერები ახლანდელი უბედურების მიზეზს ხედავენ მუდმივ ციკლონებსა და ძლიერ წვიმებში, რამაც წყალდიდობა გამოიწვია მსოფლიოს ცხელ ქვეყნებში 2018-2019 წლებში.
კალიების არსებობის ბუნებრივი არეალია – მშრალი რაიონები, დაახლოებით 30 ქვეყანაში, დასავლეთ აფრიკიდან დაწყებული ინდოეთამდე.
მაგრამ ზედმეტად ნესტიანმა პირობებმა, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ხელსაყრელი პირობები შეუქმნა კალიების ზედიზედ სამი თაობის აგრესიულ განვითარებას. ბოლო დრომდე, ეს შეუმჩნეველი იყო.
მეცნიერები ნაწილს მიაჩნია, რომ დიდწილად ამ ყველაფერში დამნაშავე სწრაფი დათბობა და წყლის დონის მატებაა ინდოეთის ოკეანეში, აღმოსავლეთ აფრიკის სანაპიროსთან, რამაც გასულ წელს დიდი რაოდენობით ძლიერი ტროპიკული ციკლონი გამოიწვია.
შესაძლო შედეგები
როგორც მინიმუმ ქვეყნების ნახევარი, სადაც ახლა კალია ყველაფერს ანადგურებს, რაც იზრდება, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილის ექსპორტიორია – ხორბლის, არაქისისა და ბამბის. ეს მიწოდება შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს ან საერთოდ შეწყდეს.
ამ ქვეყნების მეორე ნახევარი კი უკვე მოიცვა სხვადასხვა საომარმა და სოციალურ-პოლიტიკურმა კონფლიქტებმა. კალიის გამოჩენა ადგილებში, სადაც მოსახლეობის დასახლების სიმჭიდროვე მაღალია და მათი უმეტესობა უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ნიშნავს მასობრივ სიკვდილს, სამხედრო და ჰუმანიტარულ კატასტროფას.