ხელოვნური ინტელექტის გეოპოლიტიკა: მეზობლების ამერიკული შეთანხმებები და საქართველოს დაკარგული შესაძლებლობები
ხელოვნური ინტელექტი სამხრეთ კავკასიაში
აშშ-ში მიღწეული რეგიონული სამშვიდობო შეთანხმების პარალელურად, სომხეთი და აზერბაიჯანი ამერიკულ AI ინიციატივებშიც ჩაერთნენ. საქართველო აქაც გეოპოლიტიკური გამყოფი ხაზის გარეთ რჩება და მისთვის მსგავსი სტრატეგიული შესაძლებლობები ჩაკეტილია. ჟურნალისტი გვანცა კვინიკაძე ჰყვება, რა შეთანხმებას მიაღწიეს ვაშინგტონში და რას აკლდება საქართველო
_____________________________________________
8 აგვისტოს, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალისხმევით სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების მიერ ვაშინგტონში სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერამ საქართველოში ბევრს აგრძნობინა თავი ამ უმნიშვნელოვანესი პროცესებიდან გარიყულად.
თუმცა, ეს არ ყოფილა ერთადერთი შეთანხმება, რომელიც ფაშინიანმა და ალიევმა ამერიკის შეერთებულ შტატებში გააფორმეს. ვაშინგტონში დაიდო ასევე კიდევ ერთი შეთანხმერბა, რომელიც საქართველოს მეზობლებს სრულიად განსხვავებულ, მაგრამ უმნიშვნელოვანეს სფეროშიც აწინაურებს. საქმე ეხება აშშ-აზერბაიჯანის და აშშ-სომხეთის ურთიერთგაგების მემორანდუმებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის დარგში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას ითვალისწინებს.
AI, როგორც ახალი გეოპოლიტიკური გამყოფი ხაზი
ვაშინგტონის ისტორიული შეხვედრების დროს საქართველოში ყურადღების ეპიცენტრი სამშვიდობო შეთანხმების დეტალებზე გადავიდა: ე.წ. ზანგეზურის კორიდორი, რეგიონული უსაფრთხოება, სატრანსპორტო კომუნიკაციების და ვაჭრობის განბლოკვით ახალი რეალობის შექმნის პერსპექტივა. ამავე დროს, თითქმის შეუმჩნეველი დარჩა სომხეთსა და აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის ხელოვნური ინტელექტის სფეროში გაფორმებული შეთანხმებები.
და მაინც, სწორედ ხელოვნური ინტელექტია ის ფაქტორი, რომელიც უკვე ცვლის მსოფლიო გეოპოლიტიკას, განსაზღვრავს უმძლავრესი სახელმწიფოების სავაჭრო-სატარიფო პოლიტიკას და ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია უკრაინის ომი, სადაც თუნდაც მხოლოდ დრონების გამოყენებამ აჩვენა AI-ის გარდამტეხი ძალა.
იმ დროს, როცა საქართველოში ეს თემა თითქოს მეორეხარისხოვნად ჩანს, სომხეთი და აზერბაიჯანი სტრატეგიულად სწორ ნაბიჯს დგამენ: აშშ-სთან AI-ს სფეროში თანამშრომლობით ისინი თავს ამკვიდრებენ როგორც რეგიონული ინოვაციის და უსაფრთხოების პროცესების ნაწილი.
მეზობელი ქვეყნები კარგად აცნობიერებენ, რომ ხელოვნური ინტელექტი უდიდეს შესაძლებლობებს ქმნის — უპრეცედენტო ინვესტიციების მოზიდვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, უახლესი ტექნოლოგიების დანერგვისა და ექსპერტული ცოდნის დაგროვების თვალსაზრისით.
მაგრამ საქმე მხოლოდ ეკონომიკას არ ეხება. უკანასკნელ წლებში AI-ის სწრაფმა პროგრესმა არნახულად გაამწვავა აშშ-სა და ჩინეთს შორის კონკურენცია. ეს „გამალებული რბოლა“ უკვე მკვეთრად გეოპოლიტიკურ ხასიათს ატარებს და მსოფლიოში ახალ გამყოფ ხაზებს ავლებს. ისევე, როგორც „ცივი ომის“ პერიოდში, სახელმწიფოები ორ ბანაკად იყოფიან: ერთი მხრივ — აშშ-სთან აფილირებული დემოკრატიული და მდიდარი ქვეყნები (ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაივანი, საუდის არაბეთი და სხვ.), ხოლო მეორე მხარეს — ჩინეთის ირგვლივ შეკრებილი BRICS-ისა და განვითარებადი სახელმწიფოები.
ეს დაყოფა მხოლოდ იდეოლოგიური არაა. ის ეფუძნება ტექნიკურ სტანდარტებს, სახელმწიფო რეგულაციებს, ინფრასტრუქტურასა და მოდელების განსხვავებულ ფილოსოფიას. ტექნოლოგიების გაცვლა ან გადაცემა ნდობასა და უსაფრთხოებას მოითხოვს, რაც ბუნებრივად ნიშნავს, რომ გამყოფი ხაზები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი
ცხადია, რომ დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით, რაც ინვესტიციების განსაკუთრებით დიდი მოცულობის, უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტების და უახლესი ტექნიკური საშუალებების არსებობას გულისხმობს, ეს შეთანხმებები, პირველ რიგში ამერიკულ ტექ-გიგანტებს მოუტანს სარგებელს. აზერბაიჯანს, სომხეთს და, თუ ოდესმე ამის შესაძლებლობა შეიქმნა – საქართველოს, ამ დარგის პროექტებისთვის მხოლოდ მონაცემთა ცენტრების მშენებლობისთვის ტერიტორიის, ინფრასტუქტურის და ნაწილობრივ, კვალიფიციური კადრების შეთავაზება შეეძლებათ.
ეს „მასპინძელი“ ქვეყნებისთვის არც ისე არამიმზიდველი პერსპექტივაა, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს და პრინციპულად განსხვავდება მეოცე საუკუნის ბოლოს გავრცელებული პრაქტიკისგან, როცა მსხვილი დასავლური კომპანიები საწარმოებს განვითარებად ქვეყნებში ხსნიდნენ. დღეს, ყველა დიდი კომპანია: Amazon, Meta, Open AI, Google, Anthropic – ასეთ მონაცემთა ცენტრებს ძირითადად აშშ-შივე აშენებს (მსოფლიოში არსებული AI ცენტრიდან, 51% აშშ-ში, 17% ჩინეთში, 15% – ევროპაში მდებარეობს). ამის მიზეზი კი რამდენიმეა:
- სახელმწიფო რეგულაციები – დღესდღეობით აშშ-ში მოქმედი კანონმდებლობა და რეგულაციები ნაკლებად ზღუდავს AI კომპანიებს და მათთვის მოქნილ საკანონმდებლო სივრცეს ტოვებს;
- ტარიფები – აქ იგულისხმება დაბალი ფასები მიწაზე და იაფი ენერგო-რესურსები. მონაცემთა ცენტრები შენდება ძირითადად იმ შტატებში, რომლებიც ამ სატარიფო პირობებს აკმაყოფილებს.
- ადამიანური და ინტელექტუალური რესურსი – უმაღლესი კვალიფიკაციის ინჟინრები, პროგრამისტები, კვლევითი ცენტრები და ნიჭიერი სტუდენტები – ძირითადად აშშ-ში არიან ბაზირებული.
- უსაფრთხოება – უკიდურესად მაღალი შიდა და გარე კონკურენციის გათვალისწინებით, მონაცემთა (მათ შორის, პერსონალური მონაცემების), ინფრასტრუქტურის და სამუშაო პროცესის ფიზიკურ და კიბერ დაცვას, მათ შორის, შპიონაჟისგან, უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
ამ პირობების მიუხედავად, მონაცემთა ცენტრების სხვა ქყვეყნებსა თუ სხვა კონტინენტებზე მშენებლობასაც დიდი სარგებელი აქვს. კერძოდ, ცენტრების გეოგრაფიული „გაშლა“ ტექნიკურად არის მნიშვნელოვანი, რადგან ეს საბოლოო მომხმარებლისთვის სერვისებზე წვდომის დროს ამცირებს.
ბევრი ქვეყანა მოითხოვს, რომ სენსიტიური მონაცემები ქვეყნის ფარგლებშივე დარჩეს, ასე, რომ ამ გზით მონაცემთა სუვერენულობის პრონციპის დაცვაც ხდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სხვა სახელმწიფოში ძვირადღირებული ინფრასტრუქტურის აშენება კომპანიის მხრიდან ქვეყნისადმი (ზოგ შემთხვევაში, რეგიონისადმი) ინტერესის გამოხატულებაა და ადგილობრივ სახელმწიფო თუ კერძო აქტორებთან ნდობის მოპოვებასთან ერთად თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივასაც ქმნის.
მონაცემთა ცენტრები უკვე განიხილება კრიტიკულ ინფრასტრუქტურად, რომელსაც სჭირდება მაღალი დონის უსაფრთხოება. ამრიგად, იმ ფუნქციას, რომელსაც რეგიონული უსაფრთხოებისთვის წარსულში ნავთობ და გაზსადენები ასრულებდა, ხელოვნური ინტელექტის ხანაში, სწორედ ეს ცენტრები შეასრულებენ.
სომხეთი პრაქტიკული პროგრესით, აზერბაიჯანი – სტრატეგიული ხედვით
29 აგვისტოს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა აზერბაიჯანსა და სომხეთთან გაფორმებული მემორანდუმები გამოაქვეყნა. მათი ტექსტებიდან ირკვევა, რომ აზერბაიჯანთან ეს თანამშრომლობა სტრატეგიულ დონეზე იგეგმება, რადგან ვაშინგტონში ხელმოწერილი დოკუმენტი სამუშაო ჯგუფის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც აშშ-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შექმნაზე იმუშავებს.
უკვე განსაზღვრულია აღნიშნული ქარტიის სამი ძირითადი მიმართულება, რომელთაგან ერთი-ერთი იქნება „ეკონომიკური ინვესტირება, ხელოვნური ინტელექტის და ციფრული ინფრასტრუქტურის ჩათვლით“. მეტ კონკტრეტიკას, დაახლოებით ნახევარ წელიწადში უნდა ველოდოთ.
სომხეთთან გაფორმებული მემორანდუმი კი, „ინოვაციური პარტნიორობის შესახებ ხელოვნური ინტელექტის და ნახევარგამტარების სფეროში“ ძალიან კონკრეტული და სრულიად განსხვავებულ დატვირთვის მატარებელია. ის იმდენად მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს, რომ მხოლოდ ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის ფარგლებს სცდება. კერძოდ, დოკუმენტში სომხეთსა და აშშ-ს შორის AI-ის და ნახევარგამტარების სფეროში სრულყოფილი თანამშრომლობის დამყარების გარდა, საექსპორტო კონტროლის მექანიზმების ამოქმედებისკენ მიმართული ნაბიჯებიც არის ხაზგასმული. აშშ იზრუნებს და, თავის მხრივ, სომხეთი ხელს შეუწყობს ნახევარგამტარების საიმედო საექსპორტო მექანიზმების შექმნა-ამოქმედებას, რაც AI-ის სფეროს და მისი პროდუქტების, ასევე მიწოდების სქელის დაცულობას უზრუნველყოფს.
მემორანდუმის კონტექსტი და მნიშვნელობა უფრო გასაგები ხდება, თუკი ივნისში გაკეთრებულ განცხადებას გავიხსენებთ, რომ ამერიკული ტექ-გიგანტი NVIDIA (მსოფლიოს უდიდესი კომპანია ბაზრის კაპიტალიზაციის მიხედვით) და ქლაუდ კომპანია Firebird სომხეთში 500 მილიონ-დოლარიან პროექტს განახორციელებენ.
პროექტის ფარგლებში ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის რეგიონული სუპერგამოთვლითი ცენტრი აშენდება. მისი სიმძლავრე 100 მგვატი (!) იქნება და რეგიონში ინოვაციას, AI კვლევებს, განათლებას და ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს. ნახევარგამტარებს (GPU), რომლებიც NVIDIA-ს ცენტრში იქნება გამოყენებული, გარდა იმისა, რომ უახლესი ტექნოლოგიების პროდუქტია, ორმაგი დანიშნულებაც აქვს, ანუ მისი სამხედრო სფეროში გამოყენებაც შესაძლებელია – კომერციულთან ერთად, ამ ფაქტორითაც შეიძლება აიხსნას მემორანდუმში საექსპორტო კონტროლის აქცენტირება.
AI ცენტრი სომხეთში 2026 წელს უნდა გაიხსნას და ის სამხრეთ კავკასიაში ტექნოლოგიურ სფეროში განხორციელებული უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი იქნება. სომხეთის ხელისუფლება ელექტროენერგიით უწყვეტად მომარაგების გარანტიებს უკვე აძლევს ინვესტორს და ახლა საგადასახადო შეღავათების დაწესების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს.
სომხეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმება ოდნავ დააგვიანდა ჩინეთს. ორ ქვეყანას შორის დოკუმენტს ხელი 31 აგვისტოს, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში მოეწერა. ამ შეთანხმებაშიც საუბარია თანამშრომლობაზე AI-ის, ტექნოლოგიური პარკებისა და ერთობლივი კვლევითი ცენტრების შექმნის სფეროში, თუმცა აშშ-თან გაფორმებული მემორანდუმის კონკრეტიკასთან შედარებით, მას უფრო დეკლარაციის სახე აქვს
საქართველო სად არის?
ამ მოვლენების ფონზე, საქართველო მეტად არაკონკურენტუნარიანად გამოიყურება.
სტრატეგიული თანამშრომლობა აშშ-სა და ევროკავშირთან შეჩერებულია: სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია საქართველომ აშშ-სთან 2009 წელს გააფორმა, თუმცა მისი მოქმედება აშშ-მ შარშან შეაჩერა ქართული ოცნების ანტი-დასავლური პოლიტიკის საპასუხოდ.
ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, დიდ ბრიტანეთთან და სხვა დასავლურ დემოკრატიულ ქვეყნებთან თანამშრომლობის ჩარჩო-შეთანხმებები დაპაუზებული ან შეკვეცილი – ისევ და ისევ, ქართული ოცნების დემოკრატიული უკუსვლის გამო.
ეს მდგომარეობა დიდ დასავლურ კომპანიებს გეოპოლიტიკური და ეკონომიკური რისკების არსებობაზე მიანიშნებს და საქართველოს მიმზიდველობას ამცირებს. განვითარებადი, ან თუნდაც განვითარებული ქვეყნები, რომელთაც რესურსი არ ჰყოფნით საკუთარი AI სისტემების შექმნისთვის, ეშურებიან ტექ-გიგანტებისთვის განსაკუთრებული და მიმზიდველი პირობების შეთავაზებას, რაც გულისხმობს შეღავათიან საგადასახადო რეჟიმს, რეგულაციების და ნებართვების გაცემის გამარტივებას, იაფ ენერგო-რესურსებსა და ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობებს.
სამწუხაროდ, ზემოხსენებული პოლიტიკური მიზეზების გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლებას მსგავსი პაკეტის შეთავაზება ერთადერთი შემორჩენილი სტრატეგიული პარტნიორისთვის – ჩინეთისთვის შეუძლია. ჩინეთი თითქმის 10 წელია „სარტყელი და გზის“ პროექტის პარალელურ, „ციფრული აბრეშუმის გზის“ სტრატეგიულ ინიციატივას აქტიურად ანვითარებს და საქართველო ამ მარშრუტზე ნამდვილად მონიშნული ჰყავს, როგორც „შუა დერეფნის“ საკვანძო მონაკვეთი. ჩინეთის წარმომადგენლებსაც არაერთხელ დაუფიქსირებიათ, რომ საკუთარ AI ეკოსისტემაში საქართველოს ჩართვა მათი მიზანია.
როგორც ქართული ოცნების ჩინეთის პარტიულ და კომუნიკაციების სფეროს კორპორატიულ ლიდერებთან ხშირი შეხვედრებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ასეთი შეთავაზებები ქართული მხრიდან უკვე გაკეთებულია.
განსაკუთრებით ხშირია Huawei-ისთან შეხვედრები, რომელსაც ჩინეთის სახელმწიფო პოლიტიკის მიხედვით „ციფრული აბრეშუმის გზის“ გასწვრივ 5G ქსელების და მონაცემთა ცენტრების მშენებლობის ფუნქცია აკისრია. სხვათა შორის, 2021 წელს საქართველოს აშშ-თან ხელმოწერილი აქვს ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ქვეყანაში ჩინურ კომპანიებთან 5G ქსელებზე თანამშრომლობას გამორიცხავდა. იმის მიზეზი, რომ აშშ-ს და თითქმის ყველა განვითარებულ დემოკრატიულ სახელმწიფოს Huawei-სთან თანამშრომლობა აკრძალული აქვს, აღნიშნული ქსელების და აპარატურის უსაფრთხოების, ასევე მონაცემთა დაცულობის მიმართ არსებული სერიოზული ეჭვებია. მიუხედავად ამისა, Huawei-ს წარმომადგენლების განცხადებით, საქართველოში ქსელების 75%-მდე სწორედ მათი შექმნილია.
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი შარშან აცხადებდა, რომ Huawei-ის გამოცდილება მონაცემთა ცენტრების და AI-ის ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციაში „იდეალურად ემთხვევა საქართველოს ხედვას, გახდეს ციფრული ტრანსფორმაციის რეგიონული ცენტრი.“
ორიოდე თვის წინ კი, საქართველოს ამჟამინდელმა ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა Huawei-ის რეგიონულ პრეზიდენტს თანამშრომლობის განვითარებისთვის ქუთაისის ტექ ჰაბის პროექტი წარუდგინა, სადაც ჩინეთს AI-ის ლაბორატორიის, მონაცემთა ცენტრის, საერთაშორისო IT ფაკულტეტის, სტარტაპ-აქსელერატორების და სხვა პროექტებში თანამშრომლობა შესთავაზა.
გაზრდილი რეგიონული კონკურენცია, კერძოდ კი, სომხეთსა და აზერბაიჯანში დაანონსებული და მოსალოდნელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა, საქართველოს ხელისუფლებას, სავარაუდოდ, აიძულებს ჩინეთთან თანამშრომლობის მიმართულებით უფრო გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას და კონკრეტული პროექტების შესრულება დაიწყოს.
ეს მათგან განსაკუთრებულ ძალიასხმევას წესით არ უნდა მოითხოვდეს, რადგან უკანსაკნელი წლების ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული კონტრაქტი ჩინურ კომპანიებთან გაფორმდა. ამგვარად, ხელოვნური ინტელექტი კიდევ ერთი, მორიგი სფერო იქნება, სადაც იმ ბანაკში არ ვიქნებით, რომელზეც საქართველოში თაობები ოცნებობდნენ. რიტორიკულად ქცეული კითხვის, „ჩვენ სად ვართ“ დასმას კი, აზრიც აღარ ექნება, რადგან უკვე ლოგიკური ადგილი გვექნება მიჩენილი გეოპოლიტიკური გამყოფი ხაზის არასწორ მხარეს.