მოსკოვი ცდილობს საქართველოს დაბრუნებას თავის ორბიტაზე, სომხეთზე კი გავლენას კარგავს - აშშ-ის დაზვერვის ანგარიში
გაზიარება
გაზიარება
აშშ-ის დაზვერვის ანგარიში
“მოსკოვი თითქმის დანამდვილებით ცდილობს საქართველოს თავისი გავლენის სფეროში დაბრუნებას და ამ მხრივ უკვე მიაღწია პროგრესს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში,” – ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის დაზვერვის სააგენტოს (DIA) მიერ კონგრესისთვის წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშში.
DIA-ს ანალიტიკოსების შეფასებით, 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ნაყოფიერი ნიადაგი შექმნა რუსული გავლენის ზრდისთვის.
უწყება სომხეთში არსებულ სიტუაციასაც აფასებს და ხაზს უსვამს, გასულ წელს რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები გაუარესდა.
მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშში აზერბაიჯანი თითქმის არ არის ნახსენები, მაშინ როცა სომხეთზე ყურადღებაა გამახვილებული, როგორც მოსკოვთან ურთიერთობების გაუარესების ერთ-ერთი მაგალითზე. რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები, DIA-ს ცნობით, „გასულ წელს გაუარესდა“, როდესაც სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან შესაძლო გასვლის შესახებ განაცხადა, რის საპასუხოდაც რუსეთმა სომხეთის დემოკრატიული კურსისა და პროდასავლური ხელისუფლების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია გააჩაღა.
ამგვარად, პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსული აქტივობის ზრდის თვალსაზრისით, ზოგადი ტენდენცია რადიკალურად შეიცვალა – საქართველო, რომელიც წლების მანძილზე დასავლეთის მთავარ დასაყრენად მიიჩნეოდა რეგიონში, რუსეთი გავლენის ქვეშ ექცება და მის ტრაექტორიაზე ბრუნდება, სომხეთი კი, რომელიც რეგიონში რუსეთის მთავარ მოკავშირედ ითვლებოდა, გეოპოლიტიკური შემობრუნების ზღვარზეა.
აშშ-ის თავდაცვის დაზვერვის სააგენტოს (DIA) საფრთხეების შეფასების ანგარიში ერთ-ერთი მთავარი დოკუმენტია, რომელსაც აშშ-ის დაზვერვა ყოველწლიურად აშშ-ის კონგრესს წარუდგენს. ის ასახავს შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე აქტუალური და გრძელვადიანი საფრთხეების შეფასებას, მათ შორის სამხედრო, კიბერ, ბირთვულ და გეოპოლიტიკურ გამოწვევებს. ანგარიში 140-ზე მეტი ქვეყნის დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით დგება და გამოიყენება არა მხოლოდ შიდა სტრატეგიული დაგეგმვისთვის, არამედ როგორც სიგნალი მოკავშირეებისა და მოწინააღმდეგეებისთვის პენტაგონის პრიორიტეტებისა და შეშფოთების შესახებ. მისი შინაარსი გავლენას ახდენს ბიუჯეტის განაწილებაზე, საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და აშშ-ის თავდაცვის ინიციატივებზე.