პაველ ჰერჩინსკი: პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა არ არის ევროპული გზა
პაველ ჰერჩინსკის კომენტარი
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი “ქართული ოცნების” ერთპარტიული პარლამენტის მიერ პარტიების ამკრძალავი საკანონმდებლო პაკეტის დამტკიცებას ეხმაურება და ამბობს, რომ “ეს არ არის ევროპული გზა”.
ელჩის თქმით, ევროპული გზა არის დიალოგი, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არსებობს განსხვავებები.
ჰერჩინსკიმ ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად საკითხზე ერთსულოვნების არარსებობისა, უფრო და უფრო მეტი წევრი ქვეყანა აწესებს ინდივიდუალურ სანქციებს ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ.
რას ამბობს ევროკავშირის ელჩი
“ჩვენ ძალიან აქტიურად ვაკვირდებით, რა ხდება საქართველოში. როგორც უკვე ვთქვი, ევროკავშირი ეფუძნება ძალიან მკაფიო პრინციპებს, ერთ-ერთი ასეთი პრინციპია დემოკრატია, რომელიც გულისხმობს მრავალპარტიულ სისტემას. ეს ნიშნავს მოქალაქეების შესაძლებლობას, შექმნან პოლიტიკური პარტიები, რათა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და წარმოდგენილი იყვნენ პარლამენტში.
პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა არ არის ევროპული გზა. ევროპული გზა არის დიალოგი, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არსებობს განსხვავებები, რაც მოსალოდნელია – არის დიალოგი. ადამიანები აკეთებენ დათმობებს და ქმნიან საერთო პოზიციას, რომელიც ეფუძნება გაგებას, ტოლერანტობას, ევროკავშირისკენ სვლას და სამწუხაროდ, ეს არ არის ის, რაც საქართველოში ხდება.
მას შემდეგ, რაც საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ქმედებები და გადაწყვეტილებები, კანონები იქნა მიღებული, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს და ამის შესახებ არა ერთხელ ითქვა ლიდერების მხრიდან. ჩვენ ვთხოვეთ საქართველოს, ნუ გააკეთებთ ამას, დაგვიახლოვდით და ნუ დაგვშორდებით. სამწუხაროდ, ჩვენი მოწოდებების იგნორირება მოახდინეს, უარესი ვნახეთ – დაშინება, ძალადობა, სისასტიკე და დაუსჯელობა იმ ადამიანების, რომლებმაც სცემეს ხალხს ქუჩაში.
სწორედ ამიტომ, ევროკავშირი ცდილობს სანქციების დაწესებას იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ძალადობაზე, თუმცა, სანქციების დასაწესებლად ევროკავშირის დონეზე გვჭირდება 27-ვე წევრის თანხმობა. ამ ეტაპზე, არ გვაქვს ეს ერთსულოვნება. არიან ქვეყნები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან. სწორედ ამიტომ, წევრებმა გადაწყვიტეს ორმხრივი სანქციები და უფრო და უფრო მეტი ქვეყანა აწესებს სანქციებს ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ.” – თქვა ჰერჩინსკიმ.
“ქართული ოცნების” პარლამენტმა პარტიების ამკრძალავ საკანონმდებლო პაკეტს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი და დაამტკიცა.
ოცნების მიერ ინიციირებული კანონპროექტის მიხედვით, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის 36-ე მუხლს მე-2 პუნქტი დაემატება, რომლის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და შემადგენლობა “არსებითად იმეორებს” სასამართლოს მიერ აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას.
საქართველოს კანონმდებლობით, პარტიის აკრძალვა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება. “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” მოქმედი კანონის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.