აზერბაიჯანი-რუსეთი: რატომ გაცივდა ურთიერთობა და რას უნდა ველოდოთ შემდეგ
აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობები გაუარესდა
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი 9 მაისს მოსკოვში გამართულ გამარჯვების დღის სამხედრო აღლუმს არ დაესწრო — მიუხედავად იმისა, რომ მან თავდაპირველად აღლუმში მონაწილეობა დაადასტურა.
წითელ მოედანზე ტრადიციულად ჩაიარა მძიმე ტექნიკამ, რუსეთის სატელევიზიო არხებმა კი პარალელურად გააგრძელეს საუბარი უკრაინაში მიმდინარე “სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ შესახებ. თუმცა აზერბაიჯანის პრეზიდენტი სტუმართა სიაში არ აღმოჩნდა.
ალიევის ადმინისტრაციის ოფიციალური ვერსიით, ვიზიტი მოსკოვში გაუქმდა აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის (ამჟამინდელი პრეზიდენტის მამის) დაბადების 102 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების გამო. ჰეიდარ ალიევს ქვეყანაში ეროვნულ ლიდერად მოიხსენიებენ.
თუმცა ანალიტიკოსთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ საქმე უფრო ღრმა პოლიტიკურ უთანხმოებას ეხება და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვის მთავარ მიზეზად 2024 წლის დეკემბერში მომხდარი ავიაკატასტროფა სახელდება.
ცნობილია, რომ აზერბაიჯანული ავიაკომპანია AZAL-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ შეცდომით ჩამოაგდო. დაღუპულია 38 ადამიანი. ბაქო მოსკოვისგან ითხოვს პასუხისმგებლობის აღებას და კომპენსაციის გადახდას.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამ კონკრეტულმა მოვლენამ რადიკალურად შეარყია ორ ქვეყანას შორის წლების განმავლობაში შენარჩუნებული ფრთხილი ბალანსი. სიტუაციას ზოგი აღწერს როგორც “სისტემურ ცვლილებას, რომელიც ერთმა ინციდენტმა გამოიწვია“.
დღეს აშკარად ჩანს, რომ ბაქოსა და კრემლს შორის ურთიერთობის წარსული სითბო გაქრა. ამაზე მიუთითებენ როგორც დამოუკიდებელი ანალიტიკოსები, მაგალითად ზარდუშტ ალიზადე, ისე ხელისუფლებასთან დაახლოებული ექსპერტები, მათ შორის ელხან შახინოღლუ, რომლებიც სხვადასხვა არგუმენტით ამტკიცებენ ურთიერთობის ცვლილებას.
2024 წლის 25 დეკემბერს AZAL-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან გროზნოს მიმართულებით მიფრინავდა, რუსმა დისპეჩერებმა ასტანაში გადაამისამართეს, აქტაუსთან კი რუსეთის საჰაერო თავდაცვამ თვითმფრინავი შეცდომით ჩამოაგდო. ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან 38 დაიღუპა.
მალევე გავრცელდა ცნობები, რომ თვითმფრინავი შეცდომით ჩამოაგდო რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ — კერძოდ, Панцирь-С1-ის კომპლექსმა. ეს ვერსია დადასტურდა როგორც საერთაშორისო ავიაციის სპეციალისტების, ასევე აშშ-ის ოფიციალური პირების მხრიდან.
28 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მომხდარი “ტრაგიკულ ინციდენტად“ შეაფასა და ბოდიშიც მოიხადა, თუმცა პასუხისმგებლობა არ აუღია.
მომდევნო დღეს, 29 დეკემბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საჯაროდ განაცხადა, რომ თვითმფრინავი სწორედ რუსეთის მიერ იყო ჩამოგდებული. მან მოსკოვს მოსთხოვა დამნაშავეების დასჯა და დაღუპულთა ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდა. შემდგომშიც მან არაერთხელ დაადანაშაულა რუსეთი მომხდარის დაფარვის მცდელობაში.
ბოლო მოვლენებმა ბაქოსა და მოსკოვს შორის არსებული ნდობის დონის მკვეთრ ვარდნაზე მიანიშნა. ბევრი ექსპერტი ფიქრობს, რომ ეს კრიზისი შესაძლოა არა დროებითი გაუცხოება, არამედ გრძელვადიანი დიპლომატიური გადაფასების დასაწყისი გახდეს.
- აზერბაიჯანის გეოპოლიტიკური სტრატეგია: ილჰამ ალიევის ძირითადი გზავნილები
- მოსაზრება: ერთი ადამიანი არსად არაფერს – ვინც ქართულ ოცნებას დღემდე აძლევს ხმას, ყველანი არიან “ორჯონიკიძეები“
კომენტარი

ზარდუშტ ალიზადე: “რუსეთი აღარ არის მაგალითი არავისთვის“
აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი ზარდუშტ ალიზადე JAMnews-თან საუბარში ამბობს:
“აზერბაიჯანი არ არის მტრულად განწყობილი რუსეთის მიმართ, მაგრამ ის არ ემორჩილება მას. ოფიციალური ბაქო სულ უფრო აშკარად იცავს ფრთხილ დისტანციას მოსკოვთან ურთიერთობაში“.
მისი თქმით, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ჰეიდარ ალიევის დროიდან აირჩია პრაგმატული საგარეო პოლიტიკა, რომელიც არ ეძებს კონფრონტაციას, არამედ მიზნად ისახავს სტაბილურობას და უსაფრთხოებას.
“ილჰამ ალიევი აგრძელებს ამ პოლიტიკას“, — აღნიშნავს ანალიტიკოსი.
ალიზადეს თქმით, როდესაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს რუსეთთან თანამშრომლობას, ბაქო ამას აკეთებს. ამის მაგალითია სატრანსპორტო პროექტი “ჩრდილოეთ–სამხრეთის დერეფანი“ (რომელიც ინდოეთსა და შრი-ლანკას ირანის, კასპიის ზღვისა და რუსეთის გავლით აკავშირებს და მოიცავს 11 ქვეყანას), ასევე ბუნებრივი გაზის ტრანზიტი.
“მაგრამ არავინ შედის ილჰამ ალიევის ‘პირად ბაღში’. ის მკაფიოდ აჩვენებს, რომ ამ სივრცეში პუტინი მხოლოდ სტუმარია, მაშინ როცა მასპინძელი თავადაა“, — ამბობს ალიზადე.
მისი თქმით, ალიევის მიერ 9 მაისის აღლუმზე არდასწრება სწორედ ამ პრაგმატული მიდგომის გაგრძელებაა.
„აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობა დაფუძნებულია საფრთხის ‘ნეიტრალიზაციაზე’. წითელი ხაზები არ ირღვევა. არც ერთ უცხო ძალას — არც რუსეთს, არც დასავლეთს და არც თურქეთს — არ ეძლევა უფლება, გავლენა მოახდინოს აზერბაიჯანზე.
და მაინც, ილჰამ ალიევის ქმედებები ყოველთვის რაციონალურია. აღლუმის შემთხვევაშიც ეს ნათლად გამოჩნდა: პრეზიდენტმა არ თქვა პირდაპირი ‘არა’, მაგრამ არჩია, თავი შორს დაეჭირა — დაადგა გზას, რომელსაც სულ უფრო მეტი ქვეყანა ირჩევს.
არ არის საჭირო რუსეთთან მეგობრობა ძალდატანებით. მაგრამ არც იძულებითი მეგობრობა არსებობს. რუსეთი დღეს აღარ არის მაგალითი არავისთვის“. – ამბობს ექსპერტი.
ელხან შაჰინოღლუ: “გეორგიევსკის ლენტი რუსული აგრესიის სიმბოლოა“

აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი ელხან შახინოღლუ Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ ილჰამ ალიევის მხრიდან 9 მაისის მოსკოვის აღლუმზე არდასწრება “სწორი და გააზრებული სტრატეგიული გადაწყვეტილება“ იყო. მისი თქმით, ამისთვის მინიმუმ ორი მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს.
“პირველ რიგში, აღლუმზე დამსწრე სტუმართა უმეტესობას გეორგიევის ლენტი ეკეთა. სწორედ ამ სიმბოლოს ატარებდნენ რუსი შოვინისტები, როდესაც მათ ქართული ტერიტორიები დაიკავეს. იმავე ლენტებით მონაწილეობენ ისინი უკრაინაში მიმდინარე აგრესიულ ომშიც.
პრეზიდენტი, რომელიც მხარს უჭერს როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ოკუპანტის სიმბოლოს არ აკეთებს.
მეორე მიზეზია ის, თუ როგორ გაჟღერდა აღლუმის დროს წამყვანის ტექსტი. წითელ მოედანზე სამხედრო ტექნიკის ჩავლას თან ერთვოდა განმარტება: “ეს ტექნიკა გამოიყენება სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში.”
ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ კრემლი 9 მაისის აღლუმს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს“, — აღნიშნავს შახინოღლუ.
მისი შეფასებით, აღლუმი გადაიქცა იდეოლოგიურ პლატფორმად, სადაც დღის მთავარი მიზანი არა მხოლოდ ისტორიის აღნიშვნა, არამედ “სპეცოპერაციისადმი“ მხარდაჭერის დემონსტრირებაა.
“დღეს რუსეთისთვის გამარჯვების დღე აღარ არის უბრალოდ ისტორიული თარიღი — ის გადაიქცა მექანიზმად, რომლითაც სახელმწიფოს პოლიტიკურ მესიჯებს ავრცელებენ. ეს კი წინააღმდეგობაში მოდის აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკური ხაზის პრინციპებთან“, — წერს შახინოღლუ.
რუსეთის მკვეთრი რეაქცია და ბაქოს მზადყოფნა რეაგირებისთვის
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მხრიდან 9 მაისის სამხედრო აღლუმზე არდასწრება მკვეთრი რეაქციის საგანი გახდა რუსეთის მმართველი წრეებში. პროსახელისუფლებო გამოცემებმა გადაწყვეტილება ვაშინგტონის მითითებების შესრულებად წარმოაჩინეს.
თუმცა ბაქო აქამდეც არაერთხელ მიუთითებდა მოსკოვთან ურთიერთობაში არსებულ პრობლემებზე:
- 2024 წლის დეკემბერში ჩამოგდებული სამგზავრო თვითმფრინავის საქმის გამოძიების არარსებობა,
- აზერბაიჯანული მედიასაშუალებების წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევები,
- ბოლოდროინდელი დაძაბულობის კიდევ ერთი მაგალითი — 2025 წლის 5 მაისს რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში არ შეუშვა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატი აზერ ბადამოვი, რომელიც ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდა.
“ალიევის ამ გადაწყვეტილებას მოსკოვმა შესაძლოა ახალი ზეწოლის ფორმებით უპასუხოს, თუმცა ბაქოში კარგად აცნობიერებენ შეცვლილ გეოპოლიტიკურ რეალობას“, — აცხადებს ანალიტიკოსი ელხან შახინოღლუ.