ტრამპის პოლიტიკა საქართველოსთვის ახალ რეალობას ქმნის. რას უნდა ველოდოთ - ექსპერტების მოსაზრებები
საქართველო და ტრამპი
ტრამპის პოლიტიკა, რომელიც ემსახურება ამერიკის ეროვნული ინტერესების გადახედვას და ევროკავშირის დასუსტებას, საქართველოსთვის ახალ გამოწვევებს ქმნის, მიიჩნევენ ქართველი ექსპერტები. თუ ამერიკა უკრაინას რუსეთს „დაუთმობს“, საქართველო შესაძლოა იგივე გზაზე აღმოჩნდეს. თუმცა, სიტუაცია ჯერ კიდევ განვითარებადია და ბევრ რამეს გადაწყვეტს ევროკავშირის ქმედებები, უკრაინის წინააღმდეგობისუნარიანობა და ტრამპის ადმინისტრაციის შიდა წინააღმდეგობები, მიიჩნევენ ისინი.
ჯემნიუსი საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, GIPA-ს პროფესორს თორნიკე შარაშენიძეს, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის მკვლევარს, ბიძინა ლებანიძეს და თსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორანტს, ამერიკათმცოდნე გიორგი ლაბაძეს ესაუბრა.
ტრამპი და უკრაინის ომი
საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის, GIPA-ს პროფესორის თორნიკე შარაშენიძის შეფასებით, ტრამპის პოზიცია უკრაინის ომის მიმართ პროგნოზირებადი იყო ჯერ კიდევ მისი საარჩევნო კამპანიის დროს. მაშინ ის აცხადებდა, რომ ომი თავიდან უნდა აცილებულიყო და რომ ის, როგორც პრეზიდენტი, კონფლიქტს ხელს შეუშლიდა. დღეს კი ის უკვე ღიად უჭერს მხარს მოსკოვთან შეთანხმებას, რათა ჩინეთის წინააღმდეგ ახალი მოკავშირე შეიძინოს. მისი მოთხოვნა უკრაინაში არჩევნების ჩატარების შესახებ, არის ზეწოლა კიევზე, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს პირი, რომელიც დათანხმდება რუსეთთან კომპრომისს.

“როგორც ჩანს, ტრამპს მიაჩნია, რომ ჩინეთის წინააღმდეგ სჭირდება რუსეთი. ამიტომაც ეს ომი უნდა დაასრულოს ნებისმიერ ფასად. მით უმეტეს, რომ ამ ომის გაგრძელება ამერიკისთვის დამატებითი ხარჯია, რადგან მან უნდა მოამარაგოს იარაღით. ფაქტია ის, რომ აპირებს, გაურიგდეს რუსეთს, რათა დალაგდეს ჩინეთთან. ეს რამდენად ჭკვიანურია რუსეთთან გარიგება იმის იმედით, რომ მერე დალაგდები ჩინეთთან, სხვა ამბავია. რამდენად შეიძლება იყოს ის იმის იმედზე, რომ რუსეთი ჩამოშორდება ჩინეთს, ამერიკის გამო, ძალიან საეჭვოა,
მაგრამ ფაქტია, რომ ის ასე ფიქრობს,” – ამბობს შარაშენიძე.
საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის, იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის მკვლევარის, ბიძინა ლებანიძის ზოგადად, ეს ამერიკელი რესპუბლიკელების დიდი ხნის ხედვაა – ურთიერთობების გაუმჯობესება რუსეთთან, რათა ის ჩინეთთან დაპირისპირებაში ამერიკის მხარეს გადაიყვანონ:
“სწორედ ამიტომ აკრიტიკებდნენ ისინი უკრაინის მხარდაჭერას – მათ რუსეთი სჭირდებოდათ მოკავშირედ ჩინეთის წინააღმდეგ. შესაძლოა, ეს ყველაფერი ამ გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილი იყო. ასევე შესაძლებელია, რომ ტრამპის ტრანსნაციონალურ ხედვაში კარგად ჯდება ომების დასრულება, რათა საკუთარი თავი „დიდ ლიდერად“ წარმოაჩინოს. მაგრამ ამ პროცესში, ცხადია, უკრაინა ყველაზე მეტად ზარალდება. როგორც ჩანს, ტრამპისთვის არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რა მოუვა უკრაინას, და ამგვარად უგულებელყოფილია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროკავშირის ინტერესებიც”.
ტრამპი და ევროკავშირი
ტრამპის ადმინისტრაციის ბოლო დღეების განცხადებებსა და ქმედებებსი ევროპასთან დაკავშირებით, რამდენიმე ფაქტორი გამოიკვეთა, მიიჩნევს ბიძინა ლებანიძე. პირველი, მისი აზრით, არის ის, რომ ევროპასა და ამერიკას შორის დღეს იდეოლოგიური განხეთქილება არსებობს, მეორე კი – უკრაინის ომი.
“აქამდე მათ საერთო ღირებულებები აკავშირებდათ, დღეს კი ისე ჩანს, რომ ამერიკას და ევროპას საერთო ღირებულებები აღარ აქვს და უფრო მეტიც – ამ მხრივ ერთმანეთს კონკურენტებად აღიქვამენ. ამის მაგალითია ტრამპის მხრიდან გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), ლობირება,” – აცხადებს ლებანიძე.

ექსპერტის აზრით, ევროპისთვის სახიფათო სცენარია, თუ რუსეთი და ამერიკა ომის დასრულებაზე მოლაპარაკებას უკრაინის ნების წინააღმდეგ მიაღწევენ.
ლებანიძის თქმით, ევროკავშირში უკვე განიხილავენ რუსეთის პოტენციურ აგრესიას, თუკი უკრაინა საბოლოოდ აღმოჩნდება რუსეთის გავლენის სფეროში. ასეთ შემთხვევაში, რუსეთის მორიგი სამიზნე შესაძლოა ბალტიისპირეთი ან მოლდოვა გახდეს:
“ამ სცენარს ევროპაში უაღრესად სახიფათოდ მიიჩნევენ. ექსპერტული წრეებისა და ევროკავშირის უშიშროების სამსახურის პროგნოზით, თუ რუსეთი უკრაინას გავლენის სფეროში მოაქცევს, მისი ძალაუფლება კიდევ უფრო გაძლიერდება და დიდი ალბათობით, მცირე დროში ახალ სამხედრო პროვოკაციას დაიწყებს, უკვე ევროკავშირის ან ნატოს რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ,” – ამბობს ლებანიძე.
ამ პირობებში, ევროკავშირს მოუწევს სამხედრო გაძლიერება, სამხედრო რეფორმა და რუსეთთან გარკვეული ძალთა ბალანსის შექმნა, აღნიშნავს ექსპერტი:
“გასაგებია, რომ რუსეთი პირდაპირ გერმანიას არ დაუწყებს ომს, მაგრამ შესაძლოა, ბალტიისპირეთის რომელიმე ქვეყანა მოსინჯოს და თუ იქ გაუვა, მაშინ რა შეუშლის ხელს უფრო ფართომასშტაბიან ქმედებაში?”
ლებანიძის თქმით, ევროკავშირს აქვს გარკვეული ბერკეტები, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს – მაგალითად, რუსეთს ევროკავშირის ქვეყნებში გაყინული აქვს 260 მილიარდი დოლარის აქტივები, მაგრამ ამ დრომდე ვერ ჩამოყალიბდნენ, უნდა გადასცენ თუ არა ეს თანხა უკრაინას.
“ასევე, ევროპას შეუძლია, ჩაანაცვლოს იმ შეიარაღების დიდი ნაწილი, რასაც უკრაინას ამერიკა აწვდიდა, მაგრამ აქაც პოლიტიკური ნების ნაკლებობა ჩანს. ჯერჯერობით ეს ყველაფერი მხოლოდ საუბრის და დისკუსიის დონეზე რჩება. სწორედ ეს ხდება ევროკავშირის კრიტიკის ერთ-ერთი საფუძველი – ისინი იწვევენ კონფერენციებს, ბევრს საუბრობენ, მაგრამ რეალურ ნაბიჯებს არ დგამენ”.
რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის და რა გავლენას იქონიებს საპროტესტო გამოსვლებზე?
თორნიკე შარაშენიძე ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს მმართველმა პარტიამ ბოლო წლებში ფსონი ტრამპზე დადო, რაც მათთვის შეიძლება მომგებიანი აღმოჩნდეს, თუ ტრამპი საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს. ოპოზიციისთვის კი, ეს მძიმე დარტყმა იქნება, რადგან მათი სტრატეგია დასავლური მხარდაჭერის იმედზე იყო აწყობილი.
“თუ ტრამპი არ დაადებს სანქციებს, და ამის ნიშნებიც კი არ ჩანს, „ოცნება“ ჩვეულებრივად გამოძვრება ამ სიტუაციიდან. „ოცნებაში“ ჯერ კიდევ სამი წლის წინ გადაწყვიტეს, რომ უკრაინის ომში რუსეთი მოიგებდა, რაც განაპირობებდა მათ პასიურობას უკრაინის მხარდასაჭერად. შარშან კი ფსონი ტრამპზე დადგეს, რაც ოპოზიციას გაურთულებს დასავლეთზე დაყრდნობით მოქმედებას,” – ამბობს შარასენიძე.
მისი თქმით, ქართული ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ისინი მუდმივად სანქციების იმედზე არიან და ალტერნატიულ გეგმას არ ამუშავებენ.
“ჩემი აზრით, ამ ყველაფერში ოპოზიციის ბრალი ის არის, რომ სულ არიან გარედან სანქციების იმედად და საკუთარი თავისთვის კითხვა არ დაუსვიათ, ეს სანქციები თუ არ მოვა, რას ვშვრებით. ბოლო ორი-სამი თვეა, სულ ეს მესმის და ამ მოლოდინით მოსახლეობასაც ღლიან. რაც უფრო დრო გავა, ეს ხომ დამატებით იმედგაცრუებას გამოიწვევს?”
შარაშენიძის თქმით, მით უმეტეს არაადეკვატური იყო სანქციების მოლოდინი ევროკავშირისგან.
“ჩემი აზრით, ეს იყო ფუჭი იმედების გაჩენა და ამაში დიდი როლი ითამაშა სალომე ზურაბიშვილმაც. ჩათვალეს, რომ ტრამპს რომ დაელაპარაკება, ყველაფერი მოგვარებული იქნებოდა, მაგრამ ასე მარტივად არ არის, ხომ?”
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას არ უნდა ეთქვა უარი იმ სახელმწიფო დაფინანსებაზე, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახულ ოპოზიციას კანონით ეკუთვნის.
“კაცმა არ იცის, რას აპირებენ, დაკარგეს დაფინანსება და რა მიიღეს? ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოდის და დაფინანსების გარეშეც რას იზამენ? არადა, თბილისი რომ მოეგოთ, რაც თითქმის გარანტირებული ჰქონდათ, ცვლილებები დაიწყებოდა”.
საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდება რუსეთს?
გადამწყვეტი კითხვაა, მოექცევა თუ არა საქართველო სრულად რუსეთის გავლენის ქვეშ. ივანიშვილს, სავარაუდოდ, ურჩევნია, ქვეყანა მის კონტროლქვეშ დარჩეს და არა რუსეთის პირდაპირი გავლენის ქვეშ, მიიჩნევს თორნიკე შარაშენიძე.
ბიძინა ლებანიძე ამბობს, რომ საქართველო არ არის დღეს ყურადღების ცენტრში და მისი ბედი ისევ უკრაინაზეა ჩამოკიდებული – თუ უკრაინა „გაიჭყლიტება“, იგივე ბედი, სავარაუდოდ, საქართველოსაც ელის. თუკი აშშ და რუსეთი ომზე შეთანხმდებიან ისე, რომ რუსეთს რეგიონი გავლენის სფეროდ დაუთმონ, საქართველო ამ დათმობების ნაწილად განიხილება.
რუსეთის მოთხოვნები ცნობილია – ის ითხოვს, რომ ნატომ უკან გაიწვიოს უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების პირობა და რომ ეს ქვეყნები მის გავლენის სფეროში დარჩნენ, დასავლეთის ჩარევის გარეშე.
“ამასთან, ჯერჯერობით არაფერი დასრულებულა – ამბობს ექსპერტი, – შესაძლოა, უკრაინაც არ დათანხმდეს ყველანაირ შეთანხმებას. თუმცა, ტრამპისთვისაც პრესტიჟის საკითხია, რომ უკრაინამ საბოლოოდ არ უარყოს მის მიერ შემოთავაზებული შეთანხმება, ამიტომ, ალბათ, ყველას მოუწევს გარკვეულ დათმობებზე წასვლა”.
თსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორანტის, ამერიკათმცოდნე გიორგი ლაბაძის აზრით, საქართველოსთვის მთავარი საფრთხე არის ტრამპის სურვილი, რომ რუსეთთან დაახლოება გამოიყენოს ჩინეთის წინააღმდეგ. თუ ამერიკა მიიჩნევს, რომ უკრაინის საკითხის „გადაჭრა“ აუცილებელია მოსკოვთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, მაშინ საქართველო შეიძლება აღმოჩნდეს კიდევ უფრო დაუცველი.

” ერთი თვეა, რაც ეს ადმინისტრაცია მოვიდა, მაგრამ არანაირი ძვრა არ არის, რა შეიძლება, რომ უნდოდეთ ჩვენგან. ეს ბუნებრივიცაა, რადგან გასაგებია, რომ გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები აქვთ გადასაწყვეტი. თუმცა, ადრე თუ გვიან, გამოჩნდება, რა უნდათ ჩვენგან და ამის მიხედვით გადაწყდება. თუკი უკრაინაში გამოჩნდა, რომ იქ წიაღისეული უნდათ, აქაც გამოჩნდება ისეთი რამ, რაც აქ ამერიკული ფაქტორის დატოვებას და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების გადაჭრას უკავშირდება,” – მიიჩნევს ლაბაძე.